ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"რეტულიტი", გაგა ნახუცრიშვილი-"მილიონრები"

"რეტულიტი", გაგა ნახუცრიშვილი-"მილიონრები"
3 აპრილი, 2020
მილიონრები

ბავშობაში სტალინისტი არ ვყოფილვარ. ბონაპარტისტი ვიყავი. სათამაშო ჯარისკაცებსაც ერთმანეთთან ვაომებდი. მითოლოგიაც მიყვარდა და ამიტომაც ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. იქ არქეოლოგიამ მიმიზიდა. ამიტომაც უნივერსიტეტზე თხრობას, ამ პატარა ჩანახატით დავიწყებ.
ამ ბოლო დროსაც, რატომღაც ჩემი ფიქრები წარსულისკენ, მოგონებებისკენ უფრო მიემართება. არა, ზედმეტად სენტიმენტალურიც ნამდვილად არ გავხდი. რა თქმა უნდა, ჯერ არც ცხოვრების დამთავრებას ვაპირებ. თითქოს, მომავლისაც არ მეშინია. მაგრამ, მეჩვენება რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც დამთავრდა, ახალი კი არ დაწყებულა. ეს ყბადაღებული ღირებულებების გადაფასების დროც, 90-იანებს გადაჰყვა. თუმცა დღევანდელობა მოსაწყენია, რაღაცნაირი ბანალურობით აგრესიული, სიყალბით გაჟღენთილი და უტვინო ამბიციურობით გატენილი!.. ალბათ, ამიტომაც ეს ჩემი მოგონებები სიზმარივითაა. სიზმარივით, რომელიც ნამდვილად არსებობდა. იქ ყველაფერი ტკბილი და ფერადი არაა. ტკივილიც ბევრია და იმედგაცრუებაც. მაგრამ, ჩემთვის უფრო გულრწფელია და ნამდვილი. მხოლოდ ერთი რამით ვამაყობ... თურმე ვიცხოვრე.
ეს წარსული, ძვირფასი ხალხით არის დასახლებული. თითქოს სხვა სამყაროა, ოღონდაც ჩემი, ძალიან ჩემი. იქ ვმოგზაურობ და ხშირად ისევ ვურთიერთობ  საყვარელ ადამიანებთან, რომელნიც ამქვეყნად აღარ არიან.
სტუდენტობა. უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ეჰ, არ დადგა ჩემგან არქეოლოგი. „წერამ“ ამიტანა და ლიტერატორად მაქცია. თუმცა ეს სხვა თემაა. ახლა ადამიანზე მინდა გიამბოთ. ჩემს არქეოლოგიის ლექტორზე და მეგობარზე, ზალიკო ქიქოძეზე.
ივნისის თვე იდგა. საკურსოზე ვმუშაობდი და ჩემი ხელმძღვანელი ზალიკო იყო. ვმუშაობდი, მაგრამ თან არ ვმუშაობდი. ასე ვიყავით ბიჭები. სად გვეჩქარებოდა. საჯარო ბიბლიოთეკაში კი აუცილებლად შევივლიდით ხოლმე. ეს ერთგვარი რიტუალივით გვქონდა. მერე უხარისხო, მაგრამ ცივი ლუდი. და დროის მოკვლა, ისე, უბრალოდ, არხეინად... ესეც საქმეა.
ბიჭები უნივერსიტეტის ბაღთან ვიკრიბებით. სამუშაოდ მივდივართ. უეცრად ზალიკო გვხვდება. 
- ჰა, ბიჭებო, როგორ არის საქმე? _ გვეკითხება კეთილგანწყობილი, ოდნავ ირონიული ღიმილით.
- საჯაროში მივდივართ, ზალიკო, _ მივუგე ამაყად.
- ჰოო, ეგ უკვე კარგი საქმეა. სტუდენტობისას, საჯაროში ერთ უცნაურ კაცს გადავეყარე. იჯდა ჩაფიქრებული. ყველა მხრიდან აურაცხელი წიგნი ელაგა. მგონი, მთელი ბიბლიოთეკის საცავი გამოეზიდა. ედო წინ პატარა წიგნაკი და ჩაჰკირკიტებდა. დამაინტერესა რაზე მუშაობდა, მაგრამ მისვლა მომერიდა. მერე ცოტა ხნით სადღაც გავიდა. დრო ვიხელთე და წიგნაკში ჩავიხედე - „ციყუნია თუ ციყვუნია“ - ამას იკვლევდა ჯიგარი. 

მაგრად ვიცინეთ. იმ საღამოს კი ბიჭებმა მართლა ვიმუშავეთ. 
საკურსოს ვიცავ. ჭკვიანური სახით, უტიფრად რაღაცას ვბუტბუტებ.
- ეგ კაცი გაცილებით კარგად წერს, ვიდრე ლაპარაკობს, _ გამომესარჩლა ზალიკო. 
უბრალოდ სჯეროდა ჩვენი. და როგორ მაკლია ადამიანებს შორის ასეთი დამოკიდებულება. მას საერთოდ ადამიანების სჯეროდა. პირველი მიდიოდა ყველას დასახმარებლად - სტიქიური უბედურებებისა თუ ომის დროს. უბრალო ხალხი უყვარდა განსაკუთრებით. ყოველდღიურ ყოფაშიც ვის არ დახმარებია, რითაც შეეძლო. მე კი ერთი პირობა ვერ შევუსრულე...
უშბაზე აპირებდა ასვლას. ცოტა ხნით ადრე შევხვდი და მითხრა.
- რაღაც ამ ბოლო დროს უძილობა დამჩემდა. კარგი სასმელი მაქვს და ღამით ცოტ-ცოტას ვწრუპავ.
- ეეჰ, სულ უძილობა არ მჭირს? _ „წავიტრაბახე“ მე.
- მერე დამირეკე, გამოდი და კარგ რამეს დაგალევინებ. ისე, ვიცი რომ ეგ საქმე არ გიყვარს, _ მითხრა, გამიღიმა და გზა განაგრძო.
აღარ დამირეკავს. ზალიკო აღარ დაბრუნებულა უშბიდან...

ჩვენ მილიონრებიც ვიყავით... სტუდენტობისას, კუპონების დროს. კათხა ლუდზე და რამდენიმე ხინკალზე გვყოფნიდა ჩვენი მილიონები.
სტიპენდიის დღე იყო. დავაგვიანე, თუმცა კუპონებს სულზე მაინც მივუსწარი. ბიჭები კი უკვე წასულიყვნენ...
“საჩებურეკესკენ” დავიძარი. სასტუმრო “ივერიის” ქვეშ მდებარეობდა. მხნედ მივაბიჯებდი. სტიპენდიის დღეს ხშირად იქ ჩავდიოდით. ნაღდად დამხვდებიან-მეთქი, ვიფიქრე.
შევცდი. არ დამხვდნენ. სადღაც სხვაგან გადაუხვიეს. ეჰ, სად იყო მაშინ მობილური ტელეფონები.
კათხა ლუდი და ერთი ჩებურეკი შევუკვეთე. მალე მამართვეს. დიდ პატივს მცემდნენ, როგორც უღალატო კლიენტს. ფეხზე ვიდექი მარტოხელა მწყურვალე ცხენივით. “საჩებურეკეში” ხომ სკამები არ იდგა. ლუდი მოვსვი. თავში რაღაც რიტმმა გამიელვა. ხელსახოცი მოვიმარჯვე, რომელზეც წერა გაცილებით იოლი იყო ვიდრე დანიშნულებისამებრ გამოყენება. ჯიბეები მოვიჩხრიკე, კალმისტარიც აღმომაჩნდა და:

„ვარ ნაპოლეონი!..
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ,
ვიწამე ლუდხანის და ვიღაც ავარას,
ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედართმთავარად...“

ძალიან სწრაფად, ერთი ხელის მოსმით დავწერე. არადა იქამდე თავი ვინიპუხივით ცარიელი და ნახერხით გამოტენილი მქონდა. მხოლოდ კათხა ლუდის დალევასა და მეგობრებთან შეხვედრას ვლამობდი.
ისე, ლექსსაც ეტყობა, რომ ცარიელი თავით არის დაწერილი. მე ხომ მარტო რიტმმა გამიყოლა.

ეს ამბავიც უნივერსიტეტის წლებმა მომაგონა, როცა სტუდენტი ვიყავი. როცა ომი დაიწყო. როცა მეგობრები დაგვეღუპნენ. როცა გამოსავალი არ ჩანდა. იმედგაცრუებასაც ხომ ერთად გადავურჩით იმ დროს. ეს ყველაფერი ხომ უნივერსიტეტმაც გადაიტანა და ჩვენ კი უბრალოდ ერთად ვიყავით.
 
გაგა ნახუცრიშვილი
"რეტულიტი"
სხვა სტატიები »