ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"შემოდგომის ლეგენდა", თამარ ჯიბუტი, "გაუჩინარება"

"შემოდგომის ლეგენდა", თამარ ჯიბუტი, "გაუჩინარება"
14 აპრილი, 2020
გაუჩინარება

ყველაფერი დაიწყო ოთხი წლის წინ, როცა ახალგაღვიძებულს მაცივრიდან რძის გამოტანისას თავში გამიელვა: „დღეს რომ მოვკვდე, ხალხი როგორ გამიხსენებს?“ მივხვდი, რომ გასახსენებელი არც არაფერი ექნებოდათ. სურათებსაც კი არ ვიღებდი. იტყოდნენ, რომ სამწუხაროა ასეთ ახალგაზრდა ასაკში სიკვდილი, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ძაან უფერული ადამიანი ვიყავი, ყოვლად ჩვეულებრივი. ოჯახი ცოტა ხანი მიგლოვებდა და მერე შეეჩვეოდნენ... ამ ყველაფრის წარმოდგენისას გული ჩამწყდა რაღაცნაირად...
სარკეში ჩემს მოღუშულ სახეს ავხედე და გადავწყვიტე ადამიანებისთვის უფრო ხშირად გამეღიმა. შიგადაშიგ კომპლიმენტებსაც ვეტყოდი.
კომპლიმენტებს აქვთ ასეთი თვისება: რაც უფრო ხშირად ამბობ, მით უფრო ადვილი ხდება მათი მოფიქრება. მე ძალიან მარტივით დავიწყე: მეზობელ მაგიდასთან მჯდომ თანამშრომელს კაბა შევუქე. მერე მივხვდი, რომ ყველაფერი შეიძლება „ლამაზი“ იყოს: ახალი საფულე, საყურე, ჩაის თერმოსი. თანდათან ჩემი კომპლიმენტები უფრო დავიწროვდა: თვალის ფერი, კოჭის ზომა, შუბლზე ჩამოგდებული კულული, სათვალის ჩასადები. ვაქებდი ქალებსა და კაცებს, მოხუცებსა და ბავშვებს (განსაკუთრებით მოხუცებს), მეზობლებსა და თანამშრომლებს, ხანდახან ოჯახის წევრებსაც. ვაქებდი ყველაფრის გამო: გარეგნობისა და პიროვნული სილამაზის, შინაგანი სიძლიერის, ახალი სახლის... ვეხვეოდი და ვულოცავდი, ვიწონებდი და ვუწონებდი, ზურგსუკან და თვალებში ჩახედვისას.
სადღაც ორი თვის შემდეგ ჩემი კარის მეზობელი უკვე მესალმებოდა და თანამშრომლები ღიმილზე ღიმილით მპასუხობდნენ.
ერთ შუადღეს მე და ძველი მეგობარი შესვენებაზე საჭმელად გავედით. მეგობრები რა, ორივე ერთნაირად მოსაწყენი ვიყავით და სხვა არავინ გვეკარებოდა. ასეთები ერთმანეთს მალევე ვპოულობთ. ჩვენი ტრადიცია იყო ოთხშაბათობით ერთად ჭამა. თან მოფილოსოფოსო საუბრებს ვაბამდით. ჰოდა, აი, სრულიად მოულოდნელად, ჩემდაუნებურად წამომცდა, რომ შვილი არასოდეს მეყოლებოდა, რადგან ამ სამყაროში დასაბადებლად ვერავის გავწირავდი.
და მაშინ მივხვდი ორ რამეს: პირველი, მინდოდა სიკვდილი მაინც ამერჩია საკუთარი ნებით და მეორე, მინდოდა გავლენა მქონოდა იმაზე, ადამიანები სიკვდილის შემდეგ როგორ გამიხსენებდნენ. 
სახლის კარი სულ ცქმუტვა-ცქმუტვითა და ღიღინ-ღიღინით გავაღე. როცა იქვე დაგდებულ ამოუცნობ ბინძურ ობიექტზე ამისრიალდა ფეხი, მივხვდი, რომ ცხოვრების დალაგება სახლის დალაგებით უნდა დამეწყო. თითქმის ყველაფერი უნიტაზის ხეხვისას, თეფშების რეცხვისა და აბლაბუდების ჩამოხსნისას მოვიფიქრე. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი თავგადასავალი იწყებოდა.
ნაბიჯი პირველი: ჩაიცვით ფერადად. ადამიანთა უმეტესობამ ისიც კი არ იცის, რომ ლურჯი და ყვითელი ერთმანეთს უხდება (ცისთვის მაინც აეხედათ). არადა, ფერების შეხამებას, თუ ოდნავ დაკვირვებული ხარ, ბევრი წვალება არ სჭირდება და ქუჩაში უცნობ გამვლელებსაც კი დაამახსოვრდებით. ხალხი გეტყვით, რომ ძალიან კარგი სტილი გაქვთ, თქვენ კი უპასუხებთ, რომ საკუთარ თავს გამოხატავთ ასე.
თვითგამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ნიშა გახდა ფერადი ტანსაცმელი, ინდიფილმები და მუდამ ღიმილი. გულწრფელად გაღიმება არც ისე ძნელია. განსაკუთრებით, თუ კბილებს გაითეთრებთ და თქვენი ღიმილი სარკეში თვითონვე მოგეწონებათ. ღიმილი იქცევა ერთგვარ რეფლექსადაც. მე უკვე ქუჩაში მარტო სიარულის დროსაც ჩემდაუნებურად ვიღიმი. 
ნაბიჯი ორი: მეგობრობა შეიძლება ყველანაირ ადამიანთან. თქვენ იმაზე უფრო მრავალფეროვანი ხართ, ვიდრე გგონიათ. განსხვავებულ ადამიანებთან შეძლებთ თქვენი პიროვნების სხვადასხვა შრეები გამოიკვლიოთ. გამოიყენეთ მთელი ადამიანური რესურსი: ყოფილი კლასელები, კურსელები, შორეული ბიძაშვილები, თანამშრომლების დაქალები და ყოფილი შეყვარებულის ყოფილი შეყვარებულები. გაჰყევით ერთს ღამის კლუბში საცეკვაოდ და მეორეს საჭორაოდ ჩაის სახლში, წადით ლაშქრობაზე და ოპერის თეატრში, ცურვის სასწავლად და თხილამურებზე სასრიალოდ. გადაიღეთ ბევრი ფოტო და აჩვენეთ ყველას თქვენ გარშემო. მოყევით გაბუქებული ისტორიები. მოყევით ისე, რომ ამბის მონაწილეებიც დააჯეროთ, რა არაჩვეულებრივი და ჯადოსნური დრო გაატარეთ ერთად. 
შესვენება აუცილებელია. სოციალური ცხოვრება დიდ ენერგიას მოითხოვს. ერთი დღე საკუთარი თავისთვისაც გჭირდებათ. დარჩით სახლში, გამორთეთ ტელეფონი, ჭამეთ და დაიძინეთ. მეორე დილით სამსახურში შეგიძლიათ მოჰყვეთ, რომ სახლთან ახლოს ახალი სპა-სალონი იპოვეთ.
ნუ აწყენინებთ ოჯახის წევრებს. ახალი წლის საერთო შეკრებას რამდენიმე საათის გამო არ დააკლდეთ. არასოდეს დაგავიწყდეთ დაბადების დღეების მილოცვა. გამოიყენეთ სოციალური ქსელები, შექმენით სახალისო ვიდეოები, მოაწყვეთ ყველაზე კლიშე და გოიმური სიურპრიზები.
კარიერა სოციალურ კავშირებზე დააშენეთ. მცირე დავალებებიც კი დიდი გულისხმიერებით შეასრულეთ. ილაპარაკეთ ცოტა და მოუსმინეთ ბევრი. ადამიანები თავად გაჩვენებენ, წარმატებისთვის რა გჭირდებათ.
დაბოლოს, აარჩიეთ ყველაზე სიმპატიური და ნარცისი ბიჭი, ვისაც კი იცნობთ და თავი მოაწონეთ. ხასიათს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ერთმანეთს უხდებოდეთ. არაფერი უჩუყებს ხალხს გულს იმაზე მეტად, ვიდრე ლამაზი წყვილი, რომელთაგან ერთ-ერთი მოკვდა. თქვენი სიკვდილის შემდეგ ეს ბიჭი ექვსი თვით მაინც დაიჯერებს, რომ მართლა უყვარდით. თქვენს სახელზე ხესაც კი დარგავს და რაც უფრო სევდიანი იქნება, მით უფრო მიმზიდველი გახდება გარშემომყოფთათვის.
ოთხი წლის შემდეგ თითქმის ყველაფერი მზად მაქვს. მოსაფიქრებელია მხოლოდ სიკვდილის ფორმა. გაზის გაჟონვა, ვიცი, არცთუ ისე პოეტურია, მაგრამ ძილის წამალთან ტანდემში ყველაზე იოლ და მოსახერხებელ გზად მეჩვენება. თან უკვე ვახსენე რამდენიმესთან, ამ ბოლო დროს გამათბობელი ურევს-მეთქი. როგორ გამიხსენებენ სიკვდილის შემდეგ? როგორც გოგოს, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, სიცოცხლით სავსეს და მუდამ მზას დახმარებისთვის, ერთდროულად ლამაზსა და ჭკვიანს, თავმდაბალსა და მიზანსწრაფულს, გოგოს, რომელსაც ცხოვრება უყვარდა და გამოსდიოდა და რაოდენ, რაოდენ სამწუხაროა, რომ ეს სიცოცხლე 27 წლის ასაკში შეწყდა, როცა ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ იყო, რომ ეს სამყარო მაინცდამაინც ყველაზე ლამაზებს, ჭკვიანებსა და მამაცებს სწირავს, რომ ანგელოზებს ანგელოზები ზეცაში თავისთან მიჰყავთ...
ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრჯერ მიფიქრია დანებებაზე, ვინმესთვის ყველაფრის მოყოლაზე, მაგრამ როგორ უნდა გაგიგონ ადამიანებმა, როცა საკუთარი თავი შენ თვითონაც ვერ შეგიცნია?! თან ეს ამბავი ერთადერთია, რაც მაქვს. ამბავი, რომლის მოსმენის ღირსიც არავინაა, რომელსაც თან წავიღებ და აქ სანაცვლოდ ჩემ მიერვე შექმნილ ტყუილებს დავტოვებ. 
მე ამ ამბისთვის ვიბრძოლე. ვიბრძოლე, რომ გაუჩინარების უფლება მომეპოვებინა. 

სხვა სტატიები »