ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"შემოდგომის ლეგენდა", გურამ გეგუჩაძე, "თავი"

"შემოდგომის ლეგენდა", გურამ გეგუჩაძე, "თავი"
10 აპრილი, 2020
  გურამ გეგუჩაძე

თავი

  აღმოჩნდა, რომ შემიძლია სხვადასხვა ადამიანი გავხდე. ბავშვობაში მეც ხშირად მეკითხებოდნენ, რა გინდა გამოხვიდეო. ერთხელ მკითხეს, ვინ გინდა რო გამოხვიდეო და მაშინ აღმოვაჩინე, რომ შეიძლება ვინმე გამოვიდე და არა რამე. პირველად მაშინ ვიგრძენი ჩემი „ნიჭი“.
  პირველად როდის გამოვიყენე ეს „ნიჭი“ და გავხდი სხვა ადამიანი, არ მახსოვს, რადგან ძალიან ადრეულ ასაკში უნდა ყოფილიყო. მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი ჩემი „ნიჭის“ შესახებ, ვერც ვაკონტროლებდი მას და ძალაუნებურად ვხდებოდი სხვა ადამიანები.
  უკვე მოზრდილი რომ ვიყავი, ტელევიზიით რაღაც თოჯინას რეკლამა ვნახე. ამ თოჯინას შეეძლო ტირილი, პირის დაღება, ხვანცალი, ცრემიც სდიოდა და იფსამდა კიდეც. მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე ადრეულ ასაკში ეს თოჯინა გავმხდარვარ. ოღონდ მე მისი საგანგებო გამოშვება ვიყავი, რომელიც ჩემი მშობლების პატარაობის სურათების მიხედვით იყო დამზადებული.
პირველად შეგნებულად სხვა პიროვნება საბავშვო ბაღის წლებში გავხდი. ვიყავი დიუკ ფლიდი - არამიწიერი წარმოშობის ადამიანის მსგავსი არსება. ყოველ დილას, დაახლოებით 8 საათზე ჩემს დიდ საბრძოლო რობოტში ვჯდებოდი და უცხოპლანეტური წარმოშობის დამნაშავეებს ვებრძოდი. რთული საქმე იყო, მაგრამ მე ადვილად გამომდიოდა. მოგვიანებით თანამებრძოლებიც შემომიერთდნენ, მაგრამ ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ მათი სახელები აღარ მახსოვს. დიუკ ფლიდად ყოფნა შუა გზაში შევწყვიტე.
სანამ დიუკფლიდობას შევწყვეტდი, მანამდეც და იმის მერეც შიგადაშიგ ვხდებოდი ვიღაც-ვიღაცები. მაგალითად, ერთხელ ერთი ჩემი მეზობელი გავხდი. იმ კაცს გარაჟში ძალიან ბევრი თუთიყუში ყავდა და ამიტომ მეგონა, რომ ეს კაცი ბევრს მოგზაურობდა, მაგრამ შევცდი და მალევე დავანებე თავი იმად ყოფნას.
როცა სკოლაში სწავლას იწყებ, იქმნება შთაბეჭდილება თითქოს მასწავლებელმა იცის ყველაფერი და ის განსაზღვრავს ყველაფერს. ერთმა უფროსკლასელმა ისიც მითხრა, ეგენი ტუალეტში არ დადიანო. გავხდი მასწავლებელი. ტუალეტშიც დავდიოდი და არც ყოვლისმცოდნე ვიყავი. საკუთარი თავის მასწავლებლად ყოფნა იმდენად ცუდი აღმოჩნდა, რომ მივხვდი, ასე ძალიან რატო ვეზიზღებოდით ბავშვები მასწავლებელს. როცა ისევ საკუთარი თავი გავხდი, სიბრალულიც კი გამიჩნდა მასწავლებლის მიმართ. მაგრამ მაშინ ვერ გამოვხატავდი ამ სიბრალულს, რადგან ზოგიერთ ჩემს კლასელად ყოფნაც გამოცდილი მქონდა და ვიცოდი, სიბრალულის გამოხატვა დაცინვად დამიჯდებოდა.
დაწყებით კლასებშიც და ხანდახან შემდეგშიც საკმაოდ ხშირი იყო როცა სხვადასხვა დროს რომელიმე მეგობართან განსაკუთრებულად ვმეგობრობდი. ამ პერიოდებში მე ჩემი მეგობარი ვხდებოდი და ის ხდებოდა ჩემი თავი. მემგონი კიდე ვერ გამოვედი მაქედან და ახლაც შემორჩენილი მაქვს ზოგი ჩემი მეგობრის რაიმე ნარჩენი.
როცა ეს გავაცნობიერე, მივხვდი, რომ მხოლოდ მეგობრების შემთხვევაში არ ხდებოდა ასე. ნებისმიერისგან შეიძლებოდა რაღაც შემომრჩენობა და ვერც მივმხვდარიყავი. გამოდის, რომ როცა მე ისევ მე ვხდებოდი, ეს ჩემი თავი უკვე აღარ იყო ის, რომელიც სხვა ადამიანად გახდომამდე იყო.
ამის მერე უფრო დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოვეკიდე ჩემს უნარს. ახლა უკვე ვცდილობდი მხოლოდ მიზანმიმართულად გავმხდარიყავი სხვა ადამიანი და რაღაც შემთხვევებისა და დამთხვევებისთვის აღარ მიმენდო ეს პროცესი.
დარწმუნებული არ ვიყავი, ზუსტად „ვინობა“ მინდოდა და ამიტომ მოზარდობისას ექსპერიმენტები დავიწყე.
სულ მეგონა, რომ ისეთ ადამიანად ყოფნა, რომელმაც ბევრი ტკივილი გადაიტანა, უფრო საინტერესო იქნებოდა. მე ისეთ დროს და ისეთ ადგილას ვიზრდებოდი, რომ ირგვლივ ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრნი იყვნენ. მეც გავხდი ერთ-ერთი მათგანი. როცა ასეთი ადამიანი ვიყავი, გადატანილი ტკივილი მეც მახსენდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოგონება ჩემი არ იყო. ეს სულაც არ მომწონდა და მივხვდი, რომ საინტერესო არ ნიშნავს სასიამოვნოს. გარდა ამისა, რაც უფრო მეტი აქვს გამოვლილი ადამიანს, უფრო რთულია აღმოაჩინოს მან რამე ახალი და მისთვის საინტერესო. აქ დავასკვენი, რომ საინტერესოობაც სხვადასხვანაირი ყოფილა.
როცა რომელიმე პიროვნებად ყოფნას ვწყვეტ, მისი მოგონებები ისევე მომყვება, როგორც სიზმარი მოგვყვება გაღვიძების შემდეგ. თუ ძალიან მომინდა, დავიმახსოვრებ, მაგრამ ბევრტკივილგადატანილი ადამიანის მოგონებების შენარჩუნება ნამდვილად არ მინდოდა და ამიტომ დამავიწყდა ისინი მას მერე, რაც ასეთ ადამიანად ყოფნა შევწყვიტე.
ექსპერიმენტების პერიოდი მერეც გაგრძელდა. ვიფიქრე, უკვე ისტორიის ნაწილად ქცეულ პერსონაჟად გადავიქცევი-მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში საშიშროება იყო, ბევრტკივილგამოვლილი ადამიანის შემთხვევა განმეორებულიყო. ამიტომ გულმოდგინედ ავირჩიე ის ეპოქა, რომელიც მაშინ ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
დავიწყე ცხოვრება XX საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში. ბოჰემური მხატვარი გავხდი და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიმეღო ცხოვრებისგან. მალევე აღმოვაჩინე, რომ არც მთლად ასეთი მარტივი ყოფილა ბოჰემა, რადგან სიამოვნებას ბევრი ნერვიულობა და დაძაბულობა ახლდა. თითქოს მანამდეც ვიცოდი და ველოდი კიდეც ამას, მაგრამ ამომივიდა ყელში და XX საუკუნის მხატვრის ბოჰემური ცხოვრება შევწყვიტე.
ამ გამოცდილებამ უფრო პრაგმატულობისკენ მიბიძგა და დავიწყე ისეთი ადამიანის ძებნა, რომელიც სტაბილურად კარგ მდგომარეობაში იქნებოდა. რახან ჩემი საყვარელი ეპოქაც კი არ აღმოჩნდა საკმარისად კარგი, ისტორიისადმი ინტერესი დავკარგე და გადავწყვიტე, ისევ თანამედროვეობაში მეძებნა კანდიდატი.
ჩემი ერთი ნათესავის ვიღაცის მეგობრის რაღაცა იყო ერთი შუა ასაკის კაცი. ლიმონათისა და სიგარეტის პატარა ბიზნესები ჰქონდა და საკმაო შემოსავალსაც იღებდა მათგან. უკვე თვლიდა, რომ საკმარისს მიაღწია და ამიტომ შრომით თავს არ იკლავდა და მთელ თავის დროს „გულაობას“ უთმობდა. ეს კაცი ერთხელ ვნახე (არ მახსოვს ქორწილში თუ პანაშვიდზე) და ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. გავხდი ეს კაცი და სანამ ის ვიყავი კარგ დროსაც ვატარებდი, მაგრამ ცოტა ხანში გულმა დამარტყა და მოვკვდი.
მკვდრად ყოფნაში უსიამოვნო არაფერი იყო, მაგრამ არც სასიამოვნო და საინტერესო იყო რამე. ამიტომ რამე უნდა მომეფიქრებინა და შევეშვი მკვდრად ყოფნას.
ამის მერე კიდევ ბევრი რამე მოხდა. იყო პატარ-პატარა ამბები, მაგრამ ერთხელ, როცა საკუთარ თავს დავუბრუნდი, მივხვდი, რომ ჩემი „ნიჭი“ უნდა დამემუხრუჭებინა, რადგან საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი.
ახლა ვცდილობ, საკუთარ თავზე გიამბოთ, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ სულ სხვა ადამიანი ვარ და სულ სხვაზე გიყვებით. ახლა ვცდილობ, გამოვიყენო „ნიჭი“ და გავხდე ის სხვა ადამიანი, რომელიც წარსულში იყო ჩემს ადგილას, რათა უკეთ მოგიყვეთ სრული ამბავი. 

სხვა სტატიები »