ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"შემოდგომის ლეგენდა", ალექსანდრე კალმახელიძე -"შობა ბერლინში"

"შემოდგომის ლეგენდა",  ალექსანდრე კალმახელიძე -"შობა ბერლინში"
4 აპრილი, 2020
შობა ბერლინში
ალექსანდრე კალმახელიძე

უცნაური რამეა ცხოვრება, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვების ყველაზე შეუსაბამო დროს დასმა სჩვევია. აი, მეც ვზივარ ლევანის არჩეული, იაფფასიანი ჰოსტელის უგემურ საუზმეზე დაგვიანებული, ვიყურები სარკისკენ და ისევ ვერ ვიზიარებ ჩემი ფსიქოლოგის აზრს, რომ იმ ერთადერთ ადამიანს ვხედავ, რომელიც ჩემი ბედნიერების ხარისხზეა პასუხისმგებელი. 
და მაინც, რა არის საუკეთესო გრძნობა, რომელიც შეიძლება ოდესმე ცხოვრებაში დაგეუფლოს? პასუხი მარტივია - გამარჯვება საკუთარ თავზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ვიცით ადამიანი არ უნდა გვიყვარდეს და ის მართლა აღარ გვიყვარს. აი ასე, მარტივად. როდესაც უარს ვამბობთ იმაზე, რის გარეშეც ოდესღაც ცხოვრება ვერც კი წარმოგვედგინა, სრულად ვაანალიზებთ, რომ ცხოვრება არავის და არაფრის გამო არ ჩერდება. როდესაც გარშემო აღარ არიან ნაცნობები, ნათესავები, მეგობრები, ადამიანები, რომელთათვისაც თავის მოწონებას ვცდილობთ, ჩვენც ვრჩებით საკუთარ თავთან მარტო, მერე კი წყნარად, გაცნობიერებულად და რაც ყველაზე მთავარია გულწრფელად, ვამბობთ რომ აღარ გვიყვარს. 
ჩემი ისტორიის სევდიანი მხარე ის არის, რომ მე ეს ვერ შევძელი. ყველაფერი არგენტინული სოკოების ბრალია...
არ ვიცი ვიბრაციაზე რომ ვტოვებ ამის ბრალია მაღვიძარა რომ არ რეკავს, თუ ტელეფონი მაქვს გადასაგდები. ასეა თუ ისე, დღევანდელმა ლექციამაც უჩემოდ ჩაიარა. მესამე წელია ბოლო კურსზე ვარ. სანაცნობოში იციან რომ კომისარიატის გამო, არადა მართლა ვერ მოვაბი თავი, თორემ, ბრტყელტერფიანიც ვარ, ტატუებიანიც, დედისერთაც, ნასამართლევიც და ეგეც თუ არ ეყოთ, რგოლი რომელ მხარესაა გახსნილი, ისიც აუცილებლად შემეშლება.
დღე ნინაზე ფიქრით იწყება ხოლმე, ცხოვრებიდან მარტივად გავუშვი, ფიქრებიდან ვერაფრით. ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დავშორდით, მაგრამ კარის მეზობლობა ურთიერთობის ბოლომდე დასრულების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენთან, დოლიძის ქუჩაზე, წლების წინ გადმოვიდა. მაშინ ნინა მარტოხელა დედის წარუმატებელ სტატუსს ებრძოდა, მე გარდატეხის ასაკის წითელ წერტილებს სახეზე. შესაბამისად, ორივემ ვიცოდით რა გვინდოდა ერთმანეთისგან და ურთიერთობაც რამდენიმე საფეხურის გამოტოვებით დავიწყეთ. 
ნინას ყველაფერზე უყვარდა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება და ერთნაირი გატაცებით შეეძლო ესაუბრა, როგორც, ჩვენი მეზობლის შვილის ლურჯად შეღებილ თმაზე, ისე უწყვეტი ისლამიზაციის ფონზე წარმოჩენილი ლიბერალიზმის მინუსებზე, დასავლეთ ევროპის დღევანდელ რეალობაში. უნდა ვაღიარო - ჩემი საყვარელი ჰობი, მაინც, მის თაფლისფერ თვალებში იმის წაკითხვა იყო, რასაც ნინა თავისთვის იტოვებდა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო კრახისთვის, რადგან ის პრინციპულად არასწორ საფუძველზე დაშენდა. ურთიერთობის სტარტზევე გვქონდა გაცნობიერებული, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში დროებითი ადამიანები ვიყავით, დროებით ადამიანებს კი მუდმივი გრძნობები არ უნდა მივანიჭოთ. 
მახსოვს ჩვენი ერთად ყოფნის იდეალური წამები. ჩამოვაფარებდით საგულდაგულოდ შერჩეულ, შინდისფერ ფარდებს გარესამყაროს, შევატოვებდით მას საკუთარ უინტერესო დილემებს და არათუ ურთიერთობის პროცესში, აბსოლუტურ სიჩუმეშიც კი განუსაზღვრელად დიდ კომფორტს ვპოულობდით. ტრაგიკული სანახავი იყო ამ ყველაფრის სადარბაზოს ლიფტთან მოულოდნელ შეფეთებებში და უხერხულ ღიმილებში გადაზრდა. 
- “ბასტი, საღამოს ჩემთან გელოდები, სალაპარაკო გვაქვს.” - გაისმა უცნობი სიცივის მატარებელი, ნაცნობი ხმა ტელეფონში. 
სიტყვათა საშინელი კომბინაციაა “სალაპარაკო გვაქვს”- 10 წლის ასაკში ამ ფრაზას დედა გეუბნება, რომელიც ახლახან დაბრუნდა მშობელთა კრებიდან; 15 წლის ასაკში ფეხბურთის მწვრთნელი, რომელმაც ეს-ესაა დაინახა შენ მიერ აცილებული ბურთი მეტოქე გუნდის ცარიელ კარში; 23 წლის ასაკში კი, ამ ფრაზას, შეყვარებული გიმეორებს, რომელსაც ფარულად მოახსენეს, რომ კურსელ გოგოსთან გქონდა სექსი. შენი შეცდომების შესაბამისად, დასჯის ხარისხიც იზრდება. პირველ შემთხვევაში ეზოში არ გიშვებენ, მეორე შემთხვევაში, გეუბნებიან, რომ შენგან ფეხბურთელი არ გამოვა და გუნდიდან გრიცხავენ, მესამე შემთხვევაში კი, ცხოვრების სიყვარულს კარგავ და პირდაპირ თავით ეშვები დიდ, ხანგრძლივ და ღრმა სიცარიელეში.
დეტალებში მახსოვს ის საღამო... ყავა როგორი მარტივი თემაა, არა?! აადუღე წყალი, ჩაყარე ყავის მარცვლები, მერე შაქარი გემოვნებით და ყავაა უკვე. მაგრამ ნინას მოდუღებული ყავა, ყოველთვის ყველაზე გემრიელი იყო ხოლმე.
- გისმენ-მეთქი.
- ბასტი, როგორც მივხვდი, ჩემთან მოიწყინე. ცხოვრებაში ისედაც ზედმეტად ბევრი რამაა მოსაწყენი იმისთვის, რომ სიყვარულიც ერთ-ერთ მათგანად აქციო. მოდი, აქვე მშვიდად დავასრულოთ ყველაფერიო.
ნინას ამ წყნარ და გადამწყვეტ ტონში ისეთი დამაჯერებლობა იგრძნობოდა, როგორიც ჩვენს არცერთ ხმის ჩახლეჩამდე ყვირილს არ ღირსებია. რეალურად ცხოვრებაში ასეა, დასასრული მაშინ არ მოდის, როდესაც ერთმანეთს უყვირით, ეჩხუბებით, ტირით, განიცდით... ყველაფერი მაშინ მთავრდება, როცა შენ და შენი საყვარელი ადამიანი ჩუმად ხართ, რადგან გულწრფელად აღარაფერი გაქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი.
ის იყო, ნინასგან წამოსვლას ვაპირებდი, რომ ოთახში ნიკო შემოვიდა. როცა დამინახა, “ვა, ბასტიო” შეჰყვირა, ჩემკენ გამოიქცა და ჩამეხუტა. ნინას თვალები აუცრემლიანდა. დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა, არც ნათესავებთან ჰქონდათ ახლო ურთიერთობა და ნიკოსაც, ნინას მერე, ყველაზე მეტად მე ვუყვარდი. 
- ბასტი, დავალებას დღესაც ხო დამაწერინებო?
მე აღარ ვიცოდი, რისი პასუხის უფლება მქონდა და ამიტომ ნინას გავხედე, რომელმაც ცრემლიანი თვალები ამარიდა. “აბა, რას ვიზამ-მეთქი” და ჯიბიდან კალამი ამოვიღე, რაზეც ნიკოს სიცილი აუტყდა.
- ბასტი, წინაზეც გითხარი, რომ ჩვენ დავალებებს ფანქრით ვწერთ. მანანა მასწავლებელმა მითხრა, დიდი ბიჭი რომ გახდები, კალმით მერე დაწერ ხოლმეო.
ვხვდებოდი, რომ ეს ბოლო დავალება იყო, რომელსაც მე და ნიკო ერთად ვწერდით. ნინა აცრემლებულ თვალებს შიგადაშიგ გამოაპარებდა ხოლმე ჩვენკენ, აი, მე კი, მხოლოდ მანანა მასწავლებელზე მეფიქრებოდა. რატომ გვაძლევენ ბავშვობაში მხოლოდ ფანქრებით წერის უფლებას და რატომ გვავალდებულებენ დიდობაში აუცილებლად საწერ-კალმის გამოყენებას? ალბათ იმიტომ, რომ მივხვდეთ - დიდი ბიჭების შეცდომები, ძველებურად მარტივად აღარ იშლება.
მომდევნო დღეები ერთმანეთს დაემსგავსა. ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი იგივენაირად იყო, უბრალოდ, ჩემი აღქმის რაკურსი შეიცვალა. გარშემო არსებული ხალხის მასა, რომელიც აქამდე ჩემი ბედნიერი ცხოვრების დამატებითი და არცთუ საჭირო ელემენტი იყო,  ნელ-ნელა ინდივიდთა ერთობად გადაიქცა, რომელთაგანაც შველას ველოდი, მაგრამ ვერსად ვღებულობდი მას, შესაბამისად, მეც ასოციალური ცხოვრება დავიწყე.
ორი სახის ტკივილი არსებობს: არსებობს ტკივილი, რომელიც დაგსვამს, დაგაფიქრებს, გაგზრდის, მოვლენების გადაფასებაში და მათ გაუმჯობესებაში დაგეხმარება. ის, შეიძლება, აქციო პოზიტიურ გამოცდილებად, გარდასახო ინსპირაციად და ხელოვნების ნიმუში შექმნა, ან სულაც აქციო მოტივაციად და სავარჯიშო დარბაზში ტანი მაინც დაიყენო.
ნინასთან დაშორება მეორე სახის, “გამოუყენებელი ტკივილი” იყო, რადგან ზუსტად ვიცი, რომ აღარასოდეს მექნება ურთიერთობა ამ კონტექსტში. ტკივილი, რომელიც მუდამ თან დაგყვება, ტკივილი, რომელსაც ვერაფერს უხერხებ და ვერაფერში გადაზრდი, უფასო საგზური ნაცრისფერი დღეებისკენ.
დაშორებიდან 1 კვირაში, 18 დეკემბრის დილას, ლევანმა დამირეკა.
- ბიჭო, მაგარი შემოთავაზება მაქვს შენთან.
- ვიცი, ლევან, მელაპარაკა უკვე სანდრო, ვერ წამოვალ.
- რატომ? სახლში უნდა დალპე მაინცდამაინც?
- არა, უბრალოდ ზედმეტად ბევრი მიზეზი მაქვს უარისთვის. ისე კი, გულწრფელად დიდი მადლობა, რომ ზრუნავ ჩემზე.
- აბა მიზეზები?...
- პირველ რიგში, არავინ მყავს, ვინც კარავს მათხოვებს. მეორე რიგში, კომფორტის კაცი ვარ, შესაბამისად, შენთან და სანდროსთან ერთად კარავში ძილის პერსპექტივაც არ მხიბლავს. და საერთოდაც, სულაც არ ვფიქრობ,  რომ თავისუფლება მთებში, მითუმეტეს, მხოლოდ ჯუთას მთებშია.
- ვაახ, შენ “რიკაშეტი” ტიპი ხარ... კაი, მეორე შემოთავაზებაც მაქვს. 
- გისმენ...
- ჩემი კურსელები რომ არიან, ხო იცი, ანკა და ნინჩო, მაგათ დეიდას აქვს ტურისტული, ხოდა, ამ საშობაოდ, ბერლინში მიდიან. წამო, რა, გავყვეთ, ეგენი ცოტა ძვირიან სასტუმროს კი იღებენ, მაგრამ, იქვე, იაფიანი, ნორმალური ჰოსტელია, ნომრები სუფთა აქვთ, ერთი საუზმეა ცოტა უგემური, ქალაქში კიდე სულ ერთად ვიქნებით, ოღონდ არ გაგიტყდეს, მაგრამ ნინჩო ჩემია.
- ორივე შენი იყოს, მე მეზარება წამოსვლა. 
- კარგი, კარგი... ეხლა შენთან ამოვალ და, მაქსიმუმ ერთ საათში, დადებითი პასუხით გამოვბრუნდები.
შეიძლება ლევანს ცხოვრებაში ბევრი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ სიტყვის კაცობაში და განსაკუთრებით ტვინის ბურღვაში, არაფერი ეშლებოდა. საღამოს უკვე ქუთაისი-ბერლინის ბილეთები გვეპყრა ხელთ. 
გაფრენის საღამოც მალე მოვიდა. პატარა ზურგჩანთაში ჩავატიე ყველაფერი და მიუხედავად იმისა, რომ ბერლინისგან განსაკუთრებულ ფოიერვერკს არ ველოდებოდი, მაინც მშვენიერ განწყობაზე მყოფმა გამოვიხურე სახლის კარი.
რას შეეძლო ყველაფერი გაეფუჭებინა? მართალია, სადარბაზოს ლიფტთან შემთხვევით შეფეთებულ ნინას. ამჯერად, უხერხული ღიმილით არ შემოვიფარგლე და ვკითხე, კისერზე ჩამოკიდებული ფოტოაპარატი და ხელში დაჭერილი ალბომი რას უკავშირდებოდა.
- იცი, ახალი ჰობი მაქვს. მშრალ ხიდზე “ზენიტი” ვიყიდე და ვერთობი. გუშინ მთელი თბილისი ფეხით მოვიარე და რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქალაქში ბედნიერებას მანიჭებს, ყველაფერს ფოტო გადავუღე, დღეს კი სურათები გავამჟღავნე და ალბომიც მზად არის.
ალბათ, აღნიშვნადაც არ ღირს, რომ ნინას ალბომში ჩემი ფოტოსთვის პატარა ადილიც კი აღარ იყო დარჩენილი. 
ანკასთან, ნინჩოსთან და ლევანთან ერთად ჯერ ქუთაისამდე, შემდეგ კი ბერლინამდე არსებული გზის ნახევარზე მეტი, ძილში გავატარე. ბოლო პერიოდია სულ მძინავს, ან მეძინება. ნინასთან დაშორების მერე ფსიქოლოგთანაც მივედი, მან მითხრა, რომ ძილის მუდმივი მოთხოვნილება, ეს ჩემი ორგანიზმის პასუხია იმ სტრესულ მდგომარეობაზე, რომელშიც მუდმივად ვამყოფებ საკუთარ თავს.
- ალექსანდერპლაცი  ბერლინის რიგითი, წყნარი უბანი იყო, ახლა კი აქ სირიელი და აფრიკელი მიგრანტების ტევა არაა, შესაბამისად, იმატა კრიმინალმა, ქუჩურმა გარჩევებმა და ნარკორეალიზაციამ, მაგრამ მერკელმა ეს საკუთარ თავს დააბრალოს! - ამაყად განგვიცხადა ვითარებაში გარკვეულმა ლევანმა. 
- ლევან, მსგავსი ტიპის გეოპოლიტიკურ ნარატივზე, თბილისელ ტაქსისტებს აქვთ ექსკლუზივი, ძალიან გთხოვ, მათ პრეროგატივაში ნუ შეიჭრები-მეთქი.
- კარგი, ჩუმად ვარ. თან ეგ სირიელი ბარიგები აუცილებლად დაგვჭირდებიან, 4 ბილეთი ვიყიდე ბერლინის საუკეთესო ანდერგრაუნდ კლუბში და დღეს ღამით საუკეთესოდ უნდა გავერთოთ, ბოლოს და ბოლოს, შობაა.
გულწრფელი რომ ვიყო, ოდნავ სუსტად მეჩვენებოდა ლევანის არგუმენტები იმაზე, თუ რა გარდაუვალ კორელაციაში იმყოფებოდა 2017 წლის წინ, ბეთლემში, მაცხოვრის დაბადება ბერლინის ანდერგრაუნდ კლუბში ჩვენს დაექსტაზებასთან, მაგრამ,  აშკარა იყო, რომ საღამო ჩემი დეპრესიული რუტინისგან განსხვავებულ პერსპექტივებს მპირდებოდა.
- ეს ცხოველის ენერგიაზე მოგიყვანთ, ეს - უპირობოდ გაგაბედნიერებთ, ეს - მოგთენთავთ და გაგთიშავთ. - ახასიათებდა პარკებში დაფასოებულ ტაბლეტებს და ფხვნილს ულვაშებიანი სირიელი, რომელიც მუჰამედის სახელით გაგვეცნო.
- აი ის რა არის, სულ ბოლოში რომ დევს? - იკითხა აშკარად აჟიტირებულმა ანკამ.
- არა, მაგას არ გირჩევთ, არგენტინული სოკოებია, ჰალუცინოგენის ეფექტით, ჯერ არც გამისინჯავს და არც გამიყიდია, თუ მაინცდამაინც მაგის ყიდვა გინდათ, მე ყველა პასუხისმგებლობას ვიხსნი. - გვითხრა სირიელმა და ისეთი გულწრფელი გამომეტყველებით შემოგვხედა, თითქოს, მის ფხვნილს ან ტაბლეტებს რომ მოვეკალით, პირდაპირ დამასკოდან გადმოაფრენდა მესაფლავეებს.
ნაყიდი სოკოები ოთხად გავყავით. ქართველი ტურისტები, ბერლინში, არგენტინულ ჰალუცინოგენს, სირიელი მიგრანტისგან რომ ყიდულობთ, აი ეგ არის გლობალიზაცია. 
ნინჩო, ლევანი და ანკა პირდაპირ კლუბისკენ დააწვნენ, მე ჰოსტელში დავბრუნდი, საიდანაც ნომერში დარჩენილი საფულე უნდა წამომეღო. ვიფიქრე, სანამ ეს კლუბამდე “გამიხსნის”, ბარემ ნომერშივე დავლევ და იქ უკვე “კარგად” ვიქნები-მეთქი. ამ მომენტიდან ოდნავ ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი: კლუბში ყველას ნინჩოს და ანკას სახე ჰქონდა, მარტო ერთი გოგო იდგა განცალკევებით და ჩემზე უფრო მოუხერხებელ, მოუხეშავ მოძრაობებს აყოლებდა მუსიკას. ძალიან დიდხანს ვეცეკვე, მერე კი, ისეთი ადგილი მოვძებნეთ, სადაც ერთმანეთისთვის ხმის გაგონებას შევძლებდით. აღმოჩნდა, რომ ბუდაპეშტიდან იყო და მილა ერქვა, შეყვარებულს დაშორდა, დეპრესია ჰქონდა და დაქალებმა ძალით წამოიყვანეს შობას ბერლინში, მაგრამ ეს ვერ შველიდა.
მეც შენ დღეში ვარ-მეთქი და მოკლედ მოვუყევი ნინაზე. მილამ ისე ჩაიცინა, რომ დაახლოებით მივხვდი, რა მომენტში შეუყვარდა ყოფილ შეყვარებულს. 
- ნინა დემონი იყო?
გამეცინა.
-არა, არც კუდი ჰქონდა, არც წვეტიანი რქები და, შენ წარმოიდგინე, არც წითელი მოსასხამი-მეთქი.
- შენ ვერ გამიგე, მთავარი დემონები არც წვეტიანი რქებით შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში და არც წითელი მოსასხამით, ისინი შემოდიან შემკულები იმ ყველაფრით, რისკენაც ოდესმე მივისწრაფოდით.
- მაშინ ნინა ყველაზე დიდი დემონი იყო დემონთა შორის, რომელთან ერთადაც ძალიან დიდი დრო გავატარე.
- თუ ფიქრობ, რომ ეს არასწორი ურთიერთობა იყო, დროის პერიოდს მნიშვნელობა არ აქვს, არ უნდა ჩაებღაუჭო შეცდომას მხოლოდ იმის გამო, რომ მის დაშვებაში დიდი დრო დახარჯე.
- ნინასთან ურთიერთობას შეცდომად არ აღვიქვამ, უბრალოდ, წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, აუცილებლად შევცვლიდი ბევრ რამეს და ახლა ბევრად უკეთესად ვიგრძნობდი თავს.
- ბასტი, ჩვენ არ შეგვიძლია, დავბრუნდეთ წარსულში და შევცვალოთ დასაწყისი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ მომენტს დავარქვათ დასაწყისი და შევცვალოთ დასასრული. მგონი, დღეს იდეალური შანსი გაქვს ამისთვის, შობაა და, ალბათ, შენშიც შეიძლება იშვას ახალი ადამიანი, რომელიც ზუსტად ამ მომენტს დაარქმევს დასაწყისს. - მითხრა მილამ და ისე გაიღიმა, რომ მივხვდი, მეც მისი ყოფილი შეყვარებულის ბედი გავიზიარე. 
- ახლა კი ბოლო რჩევა: ახალი დასაწყისისთვის საკუთარ თავს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაუსვა: “და, მაინც, რა არის საუკეთესო გრძნობა, რომელიც შეიძლება, ოდესმე ცხოვრებაში დაგეუფლოს?”.
თავში ხელის მსუბუქი წამორტყმა ვიგრძენი.
- ვახ, ბიჭო, შენ რა რიკაშეტი ტიპი ხარ, ნომერშივე გადაყლაპე სოკოები? - მკითხა ლევანმა და ისე გაიკრიჭა, რომ ოცდათორმეტივე კბილი გამოუჩნდა.
- მილა სად არის?
- ვინ მილა? ნომერში მოსულხარ, სოკოები გადაგიყლაპავს და აღარც გამოსულხარ აქედან, მე რომ მოვედი, უკვე ჩაძინებული დამხვდი, წამო, ეხლა, მალე, თორემ საუზმეზეც აუცილებლად დააგვიანებ.
- ვახ... კაი, კაი, ჩადი და ჩამოვალ.
უცნაური რამეა ცხოვრება, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვების ყველაზე შეუსაბამო დროს დასმა სჩვევია. აი მეც ვზივარ ლევანის არჩეული, იაფფასიანი ჰოსტელის უგემურ საუზმეზე დაგვიანებული, ვიყურები სარკისკენ და ისევ ვერ ვიზიარებ ჩემი ფსიქოლოგის აზრს, რომ იმ ერთადერთ ადამიანს ვხედავ, რომელიც ჩემი ბედნიერების ხარისხზეა პასუხისმგებელი. 
და მაინც, რა არის საუკეთესო გრძნობა, რომელიც შეიძლება ოდესმე ცხოვრებაში დაგეუფლოს? პასუხი მარტივია - გამარჯვება საკუთარ თავზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ვიცით ადამიანი არ უნდა გვიყვარდეს და ის მართლა აღარ გვიყვარს. აი ასე, მარტივად. როდესაც უარს ვამბობთ იმაზე, რის გარეშეც ოდესღაც ცხოვრება ვერც კი წარმოგვედგინა, სრულად ვაანალიზებთ, რომ ცხოვრება არავის და არაფრის გამო არ ჩერდება. როდესაც გარშემო აღარ არიან ნაცნობები, ნათესავები, მეგობრები, ადამიანები, რომელთათვისაც თავის მოწონებას ვცდილობთ, ჩვენც ვრჩებით საკუთარ თავთან მარტო, მერე კი წყნარად, გაცნობიერებულად და რაც ყველაზე მთავარია გულწრფელად, ვამბობთ რომ აღარ გვიყვარს. 
ჩემი ისტორიის სევდიანი მხარე ის არის, რომ მე ეს ვერ შევძელი. ყველაფერი არგენტინული სოკოების ბრალია...

სხვა სტატიები »