ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"რეტულიტი", ირმა არჩუაშვილი-"18 ნოემბერი"

"რეტულიტი", ირმა არჩუაშვილი-"18 ნოემბერი"
13 აპრილი, 2020
18 ნოემბერი


 “შუაღამიანის” ლოცვის შემდეგ ძილი ვეღარ შეიბრუნა დედა ელისაბედმა. თვალს მოხუჭავდა თუ არა, მოსვენებას არ აძლევდა იმ ხალისიანი, სიცოცხლით სავსე გოგოს გამოცხადება, რომელზეც წლების წინ საკუთარი ნებით თქვა უარი; მიატოვა ის თავის საყვარელ წიგნებთან, საქმესთან, ადამიანებთან, სულ ახლად ჩასახულ ცინცხალ გრძნობასთან და სამუდამოდ დაგმანა მასთან მისასვლელი ყველა კარი. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, თავისი უეცარი სტუმრობით ეფემიას სხვა დროსაც აუფორიაქებია მონაზვნის გული. მაშინაც ასე პირდაპირ, დაუკითხავად მისულა _ თავქარიანი, ჯიუტი, უკომპრომისო _ თვალი თვალში გაუყრია და უსაყვედურია ნაჩქარევი, მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილების გამო, მაგრამ მისი არსებობა ასე ხელშესახები არასოდეს ყოფილა. 
ცხადად, სულ ახლოდან ხედავდა უნივერსიტეტის ეზოში მდგარ ბიჭურად თმაშეკრეჭილ, ჯინსის შარვლიან, ერთ ჩვეულებრივ, მაგრამ თანატოლებისგან მაინც რაღაცით გამორჩეულ გაკნაჭულ გოგოს, რომელსაც მხარზე გვერდულად გადაეკიდებინა წიგნებით გაბერილი, ტყვიასავით მძიმე ჩანთა და ახალგაზრდობის ჭახჭახა შუქით გასხივოსნებულს, გულიანად მოსაუბრესა და მოცინარს, საერთოდ დავიწყებოდა მისი სიმძიმე. 
“_ ვისზე ფიქრობ, დედაო? წავიდა, გაქრა, აღარ არსებობს ეფემია; შენ ახლა სხვა შუქს მიჰყვები, სხვა მანათობელს _ ყველაზე ნამდვილს, ყველაზე კაშკაშას, რომელსაც გულს სტკენ შენი ამგვარი საქციელით, შენი ფიქრით, შენი სიშორით...” _ შემოუძახა თავს ტკბილი, აკრძალული ზმანებიდან უეცრად გამორკვეულმა, დანაშაულის შეგრძნებისგან სახეალანძულმა დედა ელისაბედმა. სასწრაფოდ გადაიძრო საბანი, თავის უბრალო, მონაზვნურ საწოლშივე დაიჩოქა და ცრემლიანი ჩურჩულით ზეპირად ჩაიკითხა ცოდვათა შენდობისა და სინანულის ჟამს სათქმელი ფსალმუნი: “...უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი, და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად...” მერე სიბნელეში ხელი მოაფათურა, თავთან მიდგმული დაბალი სკამიდან სკვნილი აიღო და შეუსვენებლად, თავიდან ბოლომდე, ვინ იცის, მერამდენედ ჩამომარცვლა “იესოს ლოცვა”. ბოლოს, როდის-როდის, ისევ მოადგა თვალზე რული და დაქანცულმა,  ვერც გაიგო, ისე ჩაცურდა და ჩაიკრიფა ლოგინში.
გარეთ ნოემბრის სუსხიანი, მაგრამ უჩვეულოდ კაშკაშა ღამე იდგა. მონასტრის ეზოს სიჩუმეს შიგადაშიგ მხოლოდ მონასტრის მცველი ძაღლის, დედების გაზრდილი ბუთას, უბოროტო წამოღრენები არღვევდა. საგზალაკიდებული, გვერდელა მთვარე დინჯად მიცურავდა ცაზე და გზადაგზა, ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული სენაკების სარკმლებში, უფლის წყალობასავით უშურველად არიგებდა ქარვისფერ შუქს. ძალიან შორიდან მამალის ხრინწიანი ყივილი ისმოდა. სადაც იყო ირიჟრაჟებდა, დედა ელისაბედი კი ახლაღა შედიოდა ღრმა ძილში და მშვიდ, ხორბლისფერ სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა. 
<< >>
_ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფართო, ნათელ დერეფანში “ახალი ქართული ლიტერატურის კაბინეტის” წინ ჩუმი ღიღინით მიმოდიოდა ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ეფემია ირემაშვილი. წეღან, “ძველი ქართული ენის” გაცდენილ ლექციაზე, აუდიტორიაში რამდენიმე ჯგუფელ გოგოსთან ერთად სახელდახელოდ ხმაშეწყობილი ხალხური სიმღერის, “ზამთარიას” მეორე ხმაში ვარჯიშობდა, თან ბატონ თემოს ელოდებოდა _ თავის მასწავლებელსა და ლექტორს, მწერალ თეიმურაზ მაღლაფერიძეს, რომელთანაც ჯერ კიდევ აბიტურიენტობიდან მეგობრობდა. ორი საათისთვის სწორედ აქ, მის კაბინეტთან, დათქვეს შეხვედრა. გამოსასვლელი ზარი ათი რომ აკლდა, მაშინ დაირეკა. ახლა სამის ნახევარი ხდებოდა და, თითქოს ეფემიას ჯიბრზე, ბატონი თემო ლექციის დასრულებას ჯერ არ აპირებდა. ეფემიას კი ეჩქარებოდა: ამას წინათ, უნივერსიტეტიდან რუსთაველისკენ ფეხით სეირნობისას, ნიკო სამადაშვილზე საუბრობდნენ და ბატონი თემო დაჰპირდა, თამაზ ჩხენკელს გაგაცნობო; ადამიანს, რომელიც ნიკო სამადაშვილთან მეგობრობდა და მის შემოქმედებას სიკვდილის შემდეგაც უპატრონაო, _ ჰო, სწორედ ეს სიტყვა თქვა ბატონმა თემომ. ეფემიამაც იცოდა რაღაც-რაღაცები თამაზ ჩხენკელის შესახებ: წაკითხული ჰქონდა მისი თარგმნილი რაბინდრანათ თაგორის `გიტანჯალი”, წერილები ვაჟა-ფშაველაზე, ლამის ზეპირად იცოდა მისი ესე ნიკო სამადაშვილზე _ “კაცი და პოეტი”; ასევე იცნობდა სხვა აღმოსავლელი პოეტებისა და ჩინელი პოეტის, ბო ძიუ ის მისეულ თარგმანებსაც, რომელიც, სულ ეგონა, რომ თარგმანები კი არა, თავად მისი ლექსები იყო. 
თამაზ ჩხენკელი ერთადერთხელ ჰყავდა ნანახი. ამ გაზაფხულზე მეორე კორპუსში მიმავალ მას და ლადო წერეთელს შემოხვდათ გზად. დინჯად მიდიოდა, ზურგზე ხელებგადაჯვარედინებული, ძალიან მომხიბვლელი და ლამაზიც კი; ქუჩაში მოსიარულე სხვა კაცებისგან სრულიად გამორჩეული. ისე მოუნდა მაშინ ეფემიას, მისულიყო  და უბრალოდ მისალმებოდა, მაგრამ ვერ გაბედა. ჰოდა... ახლა როგორ არ შეეყრებოდა მოუსვენრობა, როცა ამხელა ბედნიერება ეწვია და სახლში მიდიოდა თამაზ ჩხენკელთან სტუმრად? _ ეს სტუდენტები თუ ასპირანტები კიდევ ამ ბედნიერი დროის წუთებს კი არა, ლამის უკვე საათსაც სტაცებდნენ. 
ძლივს, როგორც იქნა, გაიღო მაღალი, ყავისფერი კარი და ოთახიდან ჟრიამულით გარეთ გამოსულ ათამდე გოგო-ბიჭს უკან ბატონი თემოც მოჰყვა აწითლებული, დაღლილი სახით. ზღურბლთან დადგა და თვალებით ეფემიას დაუწყო ძებნა. სათვალე არ ეკეთა, მაგრამ მაინც მალევე შეამჩნია თავადაც მისკენ დაძრული ეფემია. გაუღიმა, გულში ჩაიკრა და უხმოდ გაუწოდა ქურთუკი და ბერეტი, რომ კაბინეტი დაეკეტა.
მთავარი შესასვლელი კარიდან გამოვიდნენ და პანდუსით ჩავიდნენ ეზოში. ბატონმა თემომ ნაბიჯი შეანელა და სულ რამდენიმე წამის წინ  თავზე დაფარებული ბერეტი ისევ მოიძრო. მერე ჯერ მარცხნივ შებრუნდა, სავარძელში მჯდომი ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო ცხვედაძის ქანდაკებებს დაუკრა თავი; ახლა მარჯვნივ მოტრიალდა და ასევე თავის დაკვრით სათითოოდ გამოემშვიდობა ვაჟას, ილიას და აკაკის. ეს მისი რიტუალი იყო, რომლის შესრულებაც არასოდეს ავიწყდებოდა შინ მიმავალს. ასეთ დროს როგორ უნდოდა ეფემიასაც რაიმე ღირსეული საქციელი ჩაედინა, თანაც ისე, რომ ბატონ თემოს დაენახა, მაგრამ თავში არასოდეს არაფერი მოსდიოდა აზრად, გარდა იმისა, რომ წინ გამსხლტარიყო და, სწყუროდა თუ არა, იქვე მოწანწკარე ფანტანს დასწაფებოდა.  
მზით გაჩახჩახებული უნივერსიტეტის ეზოში უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ვიღაცას მთელი შემოდგომის მზე ამ ეზოში მოეგროვებინა გაყინული აუდიტორიებიდან გამოსული სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების, ახლომახლო სახლების მცხოვრებლებისა თუ აქ შემთხვევით შემოხეტებულების გასათბობად; ყველა კარგ ხასიათზე იყო, ყველას ნათელი გადასდიოდა სახეზე. მხოლოდ დროდადრო, სუსხიანი ქარის უცაბედი წამობერვისას, უნივერსიტეტის თეთრი შენობის თავზე შეკრული ცაცხვისა და წიფლის ფოთლების ყვითელი კამარა თუ დაარღვევდა ხოლმე ამ იდილიას. 
საშუალო, ზომიერი ნაბიჯით დაეშვნენ ვარაზისხევზე. იმ პერიოდში გულმა სერიოზულად შეაწუხა ბატონი თემო და  მისთვის გადაღლა არ შეიძლებოდა. ამიტომაც, ეფემიას დაჟინებული თხოვნით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ჩერდებოდნენ და ბატონი თემო ხან ხეზე მიყრდნობილი, ხანაც ეფემიას მხარზე ხელგადადებული ისვენებდა. თუმცა ხილიანს რომ აუყვნენ, მაინც დასჭირდა ბატონ თემოს “ნიტროგლიცერინის” ენის ქვეშ დადება, რომელსაც ბოლო დროს სულ ჯიბით ატარებდა. თან წამალს წუწნიდა ფერდაკარგული, თან ეფემიას ეხუმრებოდა, რომ მოვკვდები, გამოსამშვიდობებელ წერილს ხომ დაწერ ჩემზე, იცოდე, შენს იმედად ვარო. ეფემია კი არაფერს არ ეუბნებოდა. მარტო უღიმოდა და ელოდებოდა, როდის მოითქვამდა ბატონი თემო სულს, რომ გზა გაეგრძელებინათ. სიმართლე ითქვას, ჩუმად იმიტომაც იყო, რომ არ იცოდა, რა ეთქვა; ვერ წარმოედგინა ოცი წლის გოგოს, რომ ასეთ ამინდში, ასეთ ხალისიან დღეს, სიკვდილზე ლაპარაკი შეიძლება სერიოზული ყოფილიყო, მით უმეტეს, როცა ეს ბატონ თემოს შეეხებოდა. 
თამაზ ჩხენკელის სადარბაზოსთან კიდევ ერთხელ შეჩერდნენ. ბატონი თემო წინ გადაიხარა, ხელებით მუხლებს დაეყრდნო და ორი-სამი წუთი ასე გაუნძრევლად იდგა. წელში რომ გაიშალა, ღრმად ამოისუნთქა და თავისთვის თქვა: “უუფ, მგონი გაიარა, ამჯერადაც გადავრჩი!” მერე ეფემიასკენ შებრუნდა, თვალი ეშმაკურად ჩაუკრა და უთხრა: 
_ ჯერჯერობით აღარ მოგიწევთ წერილის დაწერა, პატარა ქალბატონო! _ და იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად კარგად იყო, გამოძახებულ ლიფტში აღარ ჩაჯდა. ეფემიას თავისი რბილი, ფაფუკი ხელი ჩასჭიდა და ფეხით წაიყვანა კიბისკენ. მეხუთე სართულზე შეჩერდნენ, უბრალო ხის კართან; ზარი დარეკეს და მაპინძელს დაელოდნენ. 
 _ შუადღე მშვიდობისა, ოსტატო! _ ისეთი მოკრძალებითა და თან ბავშვური აღტაცებით შესძახა ბატონმა თემომ თამაზ ჩხენკელის დანახვაზე, რომ ეფემიას უცებ გული ყელში მოებჯინა. 
_ ვახ, თემო, ბიჭო, გენაცვალე, როგორ გამახარე, რომ იცოდე. ასე უნდა დაკარგვა, ბიჭო? _ არც ბატონი თამაზი ჩამორჩა “შეგირდს” მოფერებაში. ეფემია კი მანამდე ვერ მიესალმა, სანამ ის თავისი ძლიერი მკლავებიდან არ გაათავისუფლა ბატონმა თემომ. 
_ ეს ქალბატონი? _ ამის შემდეგღა ჰკითხა ბატონმა თამაზმა თეთრი თმისა და შავი, ჩაღილული პულოვერის სწორებით მეგობარს და ნუშისებრი, დაკვირვებული თვალები მიაპყრო ეფემიას.
_ ეს პატარა ქალბატონი ეფემია ირემაშვილია, ოსტატო, ჩვენი გოგო, იმედის მომცემი ფილოლოგი, ნიკო სამადაშვილზე შეყვარებული და აქ შენს გასაცნობად მოვიყვანე. 
_ ეფემია! _ “როგორც თოვლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი...” _ აი, ასე გალაკტიონისებურად ვხედავ თქვენს სახელს, _ არტისტულად  უთხრა ბატონმა თამაზმა მორცხვად მდგარ ეფემიას, ხელზე ეამბორა და სტუმრები შინ შეიპატიჟა.
უბრალო, გაურემონტებელ ბინაში ცხოვრობდა თამაზ ჩხენკელი. მისაღებ ოთახში მხოლოდ მაგიდა, სკამები და წიგნებით სავსე კარადები იდგა. იატაკზეც უამრავი წიგნი ეწყო. გახუნებული ცისფერი კედლები თითქმის მთლიანად ნახატებით იყო დაფარული. ცოტა ხანს მისაღებ ოთახში ილაპარაკეს მეგობრებმა, _ მშვენიერ ამინდზე, ჯანმრთელობაზე, ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე, მერე კი ბატონმა თამაზმა სამზარეულოში “ინდურ ჩაიზე” მიიწვია სტუმრები და იქ გააგრძელეს საუბარი. როგორი ხიბლი აქვს, როგორი დახვეწილი მანერები... უცნაური, ხავერდოვანი ხმა; თან თითქოს, ერთი შეხედვით, ცივი ადამიანია, თავშეკავებული, მაგრამ დაგელაპარაკება თუ არა, მაშინვე გულში სითბო გეღვრება. რომ არა ბატონი თემო, მის გაცნობასა და აქ ყოფნაზე ხომ  ვერასოდეს ვიოცნებებდი, _ ფიქრობდა თავისთვის გაყურსული, ბედნიერი ეფემია. ოღონდ ეგ იყო, რაღაცნაირი უხერხულობის განცდა მაინც ჰქონდა, როცა სპორტულ შარვალში და ჩუსტებში ფეხებწაყოფილს ხედავდა ბატონ თამაზს. ასე ეგონა, თითქოს რაღაც აკრძალულს გადააბიჯა, ისეთი რამ ნახა, რისი ნახვის უფლებაც არ ჰქონდა.
_ რა გვარის ბრძანდება ჩვენი ქალბატონი? _ ფიქრიდან ბატონი თამაზის მომხიბვლელმა  ხმამ გამოაფხიზლა ეფემია. 
_ ირემაშვილი, _ სხივიანი თვალები შეანათა ეფემიამ.
_ აქაური ხართ, საიდან ბრძანდებით წარმოშობით? 
_ არა, ქართლელი ვარ, სოფელ კავთისხევიდან.
_ მაშ, უნივერსიტეტის სტუდენტი და კავთისხეველი, არა? _ გაიმეორა ბატონმა თამაზმა და რამდენიმე წამს მზერა კედელზე დაკიდებულ საათს გაუსწორა. 
_ თქვენ იცით, ძვირფასო ეფემია, გვისმენ, ხო, თემო? _ მეგობრის ყურადღებაც მოითხოვა თამაზ ჩხენკელმა. სამზარეულოს მაგიდაზე გადაშლილი “ლიტერატურული საქართველოს” ახალი ნომრიდან თავი მაშინვე ასწია ბატონმა თემომ. 
_ ბრძანეთ, ოსტატო! _ რიხით, მაგრამ ბოდიშივით გაისმა მისი ხმა. _ თქვენ თუ იცით, ეფემია, რომ ახლა რომელ უნივერსიტეტშიც სწავლობთ, _ სწორედ მაგ უნივერსიტეტის აშენებაში დიდი წვლილი მიუძღვით თქვენს თანასოფლელებს? ან იქნებ, სულაც თქვენს წინაპრებს... ასე არ არის, თემო?
 _ არ ვიცი, რას გულისხმობ, ოსტატო, _ გაიკვირვა ბატონმა თემომ.
_ მე ვიცი, დიახ, ვიცი, _ ლამის ყვირილით წამოიძახა ეფემიამ და ხელი ისე ემოციურად გაიქნია, კინაღამ ჩაის ფინჯანი გადააყირავა, _ კავთისხეველ მეურმეებზე ამბობთ, არა? _ ყოველი შემთხვევისთვის მაინც დააზუსტა უკვე შედარებით მშვიდი ხმით. 
_ ყოჩაღ, გამიხარდა, რომ გცოდნიათ, _ შეაქო თამაზ ჩხენკელმა. 
_ იცით, დიდი ხანი არ არის ოღონდ, რაც გავიგე.  ამას წინათ მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი. ისიც ფილოლოგია, მეხუთეკურსელი. იქ ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი იყო თამადა და იმან დალია “კავთისხეველი მეურმეების” სადღეგრძელო. 
_ აბა ერთი მეც გამაგებინეთ კარგად, რაზე საუბრობთ, მე რატომ არასოდეს მომისმენია ვახუშტისგან? _ თითქოს ნაწყენი ხმით თქვა ბატონმა თემომ. სკამი გვერდულად შეაბრუნა და ჯერ ეფემიას შეხედა, მერე _ ბატონ თამაზს. 
_ რაზე, თემო და, ცხონებული ნიკო ცხვედაძე, ამ ჩვენს უნივერსიტეტს რომ აშენებდა, _ ნიკოც ხომ კავთისხევიდან იყო? _ ჩაეკითხა ბატონი თემო, _ ჰოდა, კავთისხეველი რომ იყო, ამიტომაც, კავთისხეველი გლეხებისთვის გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, დახმარება უთხოვია _ თუ არ ვცდები, ურმებით კირის ჩამოტანა. მერე კი, _ ხომ იცი, როგორ წვალებით, სულ შემოწირულობებით შენდებოდა ეს დალოცვილი, ვეღარ მიუცია შეპირებული ფული გლეხებისთვის ბოლომდე და დანაშაულის გამოსასყიდად შენობის გახსნაზე დაუპატიჟიებია. ჩამოსულან ესენიც _ არ არის საოცრება? _ და იქ გამომსვლელების სიტყვები რომ მოუსმენიათ უნივერსიტეტსა და მის მესვეურებზე, მისულან ნიკოსთან და უთქვამთ: შენ ისეთი რამე აგიშენებია ქვეყნისთვის, ალალი იყოს ჩვენი ნაშრომი  და იცოდე,  დღეიდან შენ ჩვენი აღარაფერი გმართებს. ის, რაც გავაკეთეთ, ამ საქმეში ჩვენი წვლილი იყოსო. აი, ასე ყოფილა ამ კავთისხეველი გლეხების მშვენიერი ისტორია, რომელიც მერე ნიჭიერმა კოტეტიშვილებმა სადღეგრძელოდ აქციეს. 
_ სოფელში რომ წავედი, _ ეფემიამ ახლა უკვე ცოტა გათამამებულმა გააგრძელა ლაპარაკი, _  პაპაჩემს ვკითხე და, ილა პაპამ მითხრა, ჩემი პაპაა, _ ამ დაზუსტებაზე ბატონმა თემომ და ბატონმა თამაზმა კეთილად გაუღიმეს ეფემიას, _ რომ მამამისი, ჩემი დიდი პაპა, შიოც, იქა ყოფილა მაშინ, იმ მეურმეებთან, და კიდევ ერთი ჩვენი მეზობელი, ქსოვრელაშვილები არიან ისინი. 
_ თემო, ბიჭო, ხედავ, ჩვენ ვსხედვართ, ჩაისა ვსვამთ და აქ კიდევ თურმე ასეთი სახელოვანი ქალბატონი გვიზის. ვფიქრობ, ამ ამბავს ჩაიზე მეტად ღვინო მოუხდება, _ თქვა ბატონმა თამაზმა და ნათქვამი დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ აივანზე გავიდა. უკან მალევე შემობრუნდა საფერავის ბოთლით ხელში. მერე კარადიდან ფუჟერები, ერთ დიდ თეფშზე აქეთ-იქიდან დაწყობილი თხლად დაჭრილი პური და რამდენიმე ნაჭერი კიდეებშემომხმარი ყველიც გამოიღო, _ სულ ეს მაქვსო, _ მოიბოდიშა და მაგიდაზე დადგა.
_ მართლაც დაუჯერებელი ამბავია, ოსტატო, ნამდვილად ღვინით აღსანიშნავი, _ კვერს უკრავდა თამაზ ჩხენკელს ჩაიდან ღვინოზე გადასვლით გახალისებული ბატონი თემო და სქელ, კუპრივით შავ სითხეს უკვე ჭიქებში ასხამდა. _ რადგან ასე განვითარდა მოვლენები, ნება მიბოძეთ, ერთი ამბავი მეც გაუწყოთ: უცნაურია და ესეც უნივერსიტეტს უკავშირდება. გზაში ეფემიასთვის ვაპირებდი თქმას, მაგრამ გადამავიწყდა. თუმცა ახლა მიხარია, რომ ასე მოხდა. მერწმუნეთ,  ეს ამბავიც უდავოდ იმსახურებს სადღეგრძელოს და, ამიტომ, თქვენის ნებართვით, პირდაპირ სადღეგრძელოდვე ვიტყვი. ამ სიტყვებზე  ბატონი თემო ფეხზე წამოდგა. მარცხენა ხელი არც ისე დიდი ხნის წინ მოშვებულ თეთრ წვერზე ჩამოისვა, რომელიც ძალიან შვენოდა, მარჯვენით კი ღვინით სავსე ჭიქა აიღო, _ `ამ სადღეგრძელოს ეფემიასთვის ვამბობ,  ჩვენი მომავალი თაობებისთვის. დღეს არის სამწუხარო, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ეფემიასთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ნახევარ საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ, თვრამეტ ნოემბერს, გარდაიცვალა ჩვენი უნივერსიტეტის დამაარსებელი, დიდი ივანე ჯავახიშვილი; უფრო სწორად, კი არ გარდაიცვალა, მოკლეს კაცი, გული გაუხეთქეს ჯალათმა კომუნისტებმა...  _ აქ პაუზა გააკეთა და შუბლშეჭმუხნილმა მარცხენა ხელი ახლა გულზე მიიჭრა, _ თორემ ის კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. რამდენი დამცირება გადაიტანა, რამდენი შეურაცხყოფა... თავისი დაარსებული უნივერსიტეტიდან გააგდეს კაცი... _ ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და ყველა ის ძვირფასი, ჩვენი საამაყო ადამიანი, კავთისხეველი მეურმეების ჩათვლით, რომელმაც ეს დიდებული ტაძარი თავისი ფიზიკური და სულიერი მუშაკობითა და ოფლის ღვრით ჩვენამდე მოიტანა!
_ უჰ, ბიჭო, _ ფეხზე წამოდგა ბატონი თამაზიც, _ ეს რა სადღეგრძელო თქვი, თემო, ჩემო ძმაო, ეს რა დღე ყოფილა და არ ვიცოდი! _ ამინ იყოს, ჩემო თემო, დიდი ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისა იყოს  და ყველა იმ ადამიანისა, რომელმაც უნივერსიტეტი ტაძრად და ცოდნის კერად აქცია! მერე რამდენი არიან, ბიჭო, როგორი სახელოვანი ხალხი, ჩამოთვლა რომ დაიწყო, დღეს ვერ მორჩები: პეტრე მელიქიშვილი _ ჩვენი პირველი რექტორი, ექვთიმე თაყაიშვილი, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, კონსტანტინე აფხაზი, კორნელი კეკელიძე... 
_ ჩვენი დიდი პატრიარქის, კირიონ საძაგლიშვილიც უნდა ვახსენოთ, ოსტატო, რომელმაც აკურთხა უნივერსიტეტი... არც ნიკო ცხვედაძე გვითქვამს, _ წამოეშველა ბატონი თემო.
_ შენი პაპა შიოს სული გაანათლოს, პატარა ქალბატონო... და აქეთ და აქეთ კიდევ რამდენი არიან, ბიჭო, რამდენი წავიდა... _ სინანულით გაიქნია თავი ბატონმა თამაზმა. მერე ორივემ ღვინოში ჩაწობილი პურის ლუკმა შეჭამა და ისე მიაყოლა ზედ ღვინო. 
_ ხსოვნა იყოს, _ მორიდებით თქვა ეფემიამაც და ჭიქაში დასხმული ღვინო ნახევრამდე მოსვა. 
_ თუ ნამდვილი უნივერსიტეტელი ხარ, დაიმახსოვრე ეს დღე, ეფემია, და არასოდეს დაივიწყო! _ უთხრა ბატონმა თემომ დაჯდომისას ეფემიას და მაშინვე ისევ ღვინის ბოთლისკენ წაიღო ხელი დასასხმელად. მეორე სადღეგრძელო ახალგაზრდა თაობისა დალიეს და ეფემიას წარმატებები უსურვეს; მერე სამშობლოსი და ქართველობისა თქვეს და, ბოლოს, “ხანმოკლე ქეიფი” ილორის წმინდა გიორგის, სვეტიცხოვლისა და ალავერდის თამადობით ნათქვამი ქართული სალოცავების სადღეგრძელოთი დაასრულეს.
ამის შემდეგ ოდნავ შემთვრალმა თამაზ ჩხენკელმა ეფემიას ხელი მოჰკიდა, ოთახში კედელზე ჩამოკიდებულ ერთ ნახატთან მიიყვანა და უთხრა: ქალბატონო ეფემია,  თუ თქვენ მეტყვით ახლა, ეს რომელი ტაძარია, საჩუქარი ჩემზე იქნება! _ შეკრთა ეფემია, გულმა ბაგაბუგი დაუწყო. არ მოელოდა აქ თუ გამოცდას მოუწყობდნენ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ღვინისა და ნერვიულობისგან ლოყებშეფაკლულმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია და შორიდან შეხედა ნახატს. თითქმის დარწმუნებით იცოდა, რომ ალავერდი იყო, მაგრამ ისეთ უცნაურ, რძისფერ ნისლში იდგა ტაძარი, რომ ის მაღალი, ყარყარა ყელი, რომელიც ასე გამოარჩევდა ალავერდს სხვა ტაძრებისგან, კარგად არ იკვეთებოდა. არადა, როგორ არ უნდოდა ეფემიას, შერცხვენილიყო! 
_…არ იჩქარო, _ გულშემატკივრობდა ეფემიას სამზარეულოდან გამოსული ბატონი თემო.
_ მხოლოდ ერთი ვერსია მაქვს, ამიტომ ახლავე ვიტყვი, თუმცა, არ ვიცი, შეიძლება ვცდები, _ “ალავერდია!”. _ თქვა უცებ ძლივს გასაგონად ეფემიამ და თვალებზე ხელები აიფარა. მერე ნელ-ნელა ჩამოაცურა ქვემოთ და გაღიმებული მეგობრებისკენ გაიხედა. 
_ ხომ გითხარი, ჩვენი გოგოა-მეთქი, _ გაბადრული სახით უთხრა ბატონმა თემომ თამაზ ჩხენკელს და ეფემიას შუბლზე აკოცა. ბატონი თამაზი კი ისევ ხელზე ეამბორა და შეპირებული საჩუქრის მოსატანად გავიდა.
ამის შემდეგ დიდხანს აღარ დარჩენილან ეფემია და თემო მაღალაფერიძე დიდებულ მასპინძელთან. ქურთუკები შემოიცვეს, სიყვარულით დაემშვიდობნენ თამაზ ჩხენკელს და ისევ ფეხით დაუყვნენ ხილიანს. ბატონ თემოს რუსთაველის მეტროსთან დაშორდა ეფემია. მადლობა გადაუხადა საყვარელ ლექტორსა და მეგობარს დაუვიწყარი დღისთვის და გაბრწყინებული სახით შედგა ესკალატორზე. უკვე გვარიანად იყო შეღამებული, მეტროდან რომ ამოვიდა და თავისი ნაქირავები ბინისკენ მიმავალ მოკირწყლულ ქუჩას დაადგა. უშიშრად, სრულიად მარტო მიაბიჯებდა ბნელში კავთისხეველი პატარა გოგო და, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს თითქმის ცარიელი ჰქონდა ფოსტალიონივით გვერდულად გადაკიდებული ჩანთა, მაინც გულში ჩახუტებული მიჰქონდა თამაზ ჩხენკელის ნაჩუქარი ძვირფასი წიგნები: “მარიოტა” _ ავტოგრაფით, და დიდი ხნის ნაოცნებარი, ნიკო სამადაშვილის ლექსების პატარა კრებული გულში ჩამწვდომი წარწერით: “ჩემი ბატონი ნიკოს ლექსები შენ, რათა იწამო წამებაი!...” 
_ არა, ეს დღე როგორ უნდა დამავიწყდეს, ეს ხომ წარმოუდგენელია?! _ ამ ფიქრით შეაღო ეფემიამ თავისი მყუდრო, ერთი ციცქნა ოთახის კარი.
<< >>
დილით ტრაპეზზე დაგვიანებით ჩასულმა დედა ელისაბედმა ასკილის ჩაის ხელისგულისოდენა გახუხული პური მიაყოლა. არც ამას შეჭამდა, მაგრამ ზედმეტად აღარ  უნდოდა დედა ბარბარეს ყურადღების მიქცევა. მიუხედავად ამისა, მისი უგუნებობა და ტირილისგან შეშუპებული ქუთუთოები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ არც დაკვირვებულ, გამოცდილ ტაძრის წინამძღვარს და არც სხვა დედებს. თუმცა ამაში უჩვეულო და მოულოდნელი არავის არაფერი დაუნახავს. ასეთი რამ ყველა მათგანის თავს ყოფილა და იცოდნენ, რომ ლოცვით, მარხვით, მონანიე გულითა და ღვთის შეწევნით, ყველა ადამიანური სისუსტე დაიძლეოდა; სულ მალე ტკივილი უკან დაიხევდა და მონაზვნის გულის ხმა, მისი გონება და  სული, ისევ ერთისკენ, იმ უმთავრესისკენ იქნებოდა მიპყრობილი, რომლის გამოც საამქვეყნო ცხოვრებაზე უარი თქვა თითოეულმა მათგანმა. 
ტრაპეზის შემდეგ თავისი ყოველდღიური მორჩილების შესრულებას შეუდგა დედა ელისაბედი. მთელი ნოემბრის თვე, ყოველდღიურად, მონასტრის მოზრდილი ეზო უნდა დაესუფთავებინათ მას და დედა ანთისას. მდუმარედ, შეთანხმებულებივით მოჰყვებოდნენ თავ-ბოლოდან დედები ეზოს და შუაში, ყვითელი ფოთლების უზარმაზარ მთასთან ხვდებოდნენ ერთმანეთს ღიმილითა და ცოცხებით ხელში. უგუნებოდ გვიდა დედა ელისაბედი, ისევ ეფემიას წუხანდელ გამოცხადებასა და სიზმარზე ფიქრობდა. `სხვა დროსაც ხომ მოსულა, მაგრამ მალევე გაჰქცევია მის ზმანებას. წუხანდელი მოსვლა კი სხვა მოსვლა იყო, ხვანაირი, ძალიან ცხადი და ნამდვილი... თან ეს სიზმარიც... სულ აერია თავგზა დედა ელისაბედს. ` _ გეყო, საკმარისია! _ შემოუძახა თავს მონაზონმა მკაცრი ხმით, ცოცხი უფრო მონდომებით მოუსვა ფოთლებს და მღელვარების დასაცხრომად 30-ე ფსალმუნის კითხვა დაიწყო: “...და გამომიყვანო მე საფრხისა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. და ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი; მიხსენ მე,  უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო. ...შენ ხარ ღმერთი ჩემი. და ხელთა შენთა შინა არს მკვიდრობაი ჩემი...”. “მორჩილებას შევასრულებ თუ არა, ჯერ დედა წინამძღვარს დაველაპარაკები, მერე ტაძარში ჩავალ და მამა შალვას აღსარებას ჩავაბარებ”, _ გადაწყვეტილება მიიღო დედა ელისაბედმა და ამით თითქოს ოდნავ დაიმშვიდა აფორიაქებული სული. მაგრამ უცებ, იმავე წამს, წუხანდელი სიზმრიდან ისე ცხადად შემოესმა ბატონი თემოს რიხიანი ხმა, რომ კინაღამ  იქვე ჩაიკეცა: “ამ სადღეგრძელოს ეფემიასთვის ვამბობ,  ჩვენი მომავალი თაობებისთვის;… ...თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, თვრამეტ ნოემბერს, გარდაიცვალა ჩვენი უნივერსიტეტის დამაარსებელი, დიდი ივანე ჯავახიშვილი!... თუ ნამდვილი უნივერსიტეტელი ხარ, დაიმახსოვრე ეს დღე, ეფემია, და არასოდეს დაივიწყო!”. “ღმერთო, რა რიცხვია დღეს, თვრამეტი ნოემბერი?” _ დედა ელისაბედმა ძალა მოიკრიბა და მოკლე, სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა დედა ანთისასკენ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა უსიტყვოდ დადებულ პირობას არღვევდა და კვეთდა “დადგენილ საზღვარს”. ამიტომაც გაუკვირდა დედა ანთისას მისკენ მიმავალი დედა ელისაბედის დანახვა. 
_ დედაო,  რა რიცხვია დღეს, თუ გახსოვთ, დედაო? _ ჰკითხა გაფითრებულმა დედა ელისაბედმა. 
_ გიორგობისთვის თვრამეტია, თვრამეტი ნოემბერი, დედაო, მაგრამ სახეზე ფერი არ გადევთ, ხომ კარგად ხართ?
 _ კარგად, დედაო, არაფერი მიჭირს, მადლობა! _ თითქოს მძიმე ლოდი მოხსნესო გულიდან, ერთდროულად ისეთი დაღლილი და შვების მომგვრელი ხმით მიუგო დედა ელისაბედმა, თავდახრილი სასწრაფოდ გაბრუნდა უკან და დაგვა განაგრძო. მორჩილება რომ დაასრულა, დედა ბარბარესგან ტაძარში გადასვლის კურთხევა აიღო და ცოტა ხნით თავის სენაკში განმარტოვდა. მუხლებზე დაცემულმა ჯერ აღსარებისწინა ლოცვა წაიკითხა, მერე კი პატარა, სუფთა ფურცელზე პანაშვიდზე მოსახსენიებელ მიცვალებულთა სახელები ჩამოწერა. ლოცვას რომ მორჩა, თავზე ლეჩაქი შეისწორა, მანტია მოისხა და სკვნილით ხელში ტაძრისკენ გაეშურა. 
დიდხანს ცახცხებდა მუდამ აუღელვებელი და გონიერი მამა შალვას მეწამული ოლარის ქვეშ ბარტყივით შეყუჟული, გულწრფელი ცრემლებით მონანიე დედა ელისაბედი. აღსარება რომ ჩაიბარა, მამა შალვამ საცეცხლურში ნახშირი გააღვივა, ზედ ფიჭვის საკმევლის პატარა, ყვითელი ბალიშები დაადო და ჯვარცმიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგომმა, ჩვეული ლბილი, სევდიანი ხმით დაიწყო პანაშვიდის გადახდა:
 “_ კურთხეულ აარს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!”. 
_ ამიინ! _ ერთად გაიმორეს მედავითნემ და აღსარების ტვირთჩამოხსნილმა, ტაძარში ახლა უკვე სულ სხვანაირი, გაცისკროვნებული სახით მდგომმა დედა ელისაბედმა, რომელსაც ორივე ხელი მაგრად შემოეჭდო თაფლის სანთლისგან ჩამოქნილი მძიმე კელაპტრისთვის და მის მოციაგე, აქეთ-იქით მხტომარე ალს ზემოდან დასცქეროდა. 
_” ... შენ, უფალო, განუსუენე სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: 
ივანეს,
თეიმურაზს,
ვახუშტის,
თამაზს, 
კავთისხეველ მეურმეებს...
და ყოველთა აქა მოხსენებულთათა, ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასუენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა. ...სულმან მათმან კეთილთა შინა განისუენოს, და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქუეყანა...” _ მტრედის ღუღუნივით ისმოდა ცარიელ ტაძარში მამა შალვას ხმა. მაღალი გუმბათისკენ კი ზანტად, ბოლქვებად მიიზლაზნებოდა ფიჭვის საკმევლის ნაზსურნელოვანი კვამლი და ზეცაში მიჰქონდა მონაზონ ელისაბედის, ერობაში ერთი პატარა, კავთისხეველი ფილოლოგი გოგოს, ეფემია ირემაშვილის, შეწირული ლოცვა. 

ირმა არჩუაშვილი
"რეტულიტი"

სხვა სტატიები »