ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"შემოდგომის ლეგენდა", ხატია იათაშვილი - "რკინის ჭიქა"

"შემოდგომის ლეგენდა", ხატია იათაშვილი - "რკინის ჭიქა"
26 მარტი, 2020
 ხატია იათაშვილი

რკინის ჭიქა

ელის და მის უმცროს დას წითელი, თეთრკოპლებიანი რკინის ჭიქები ჰქონდათ - ორივეს ერთნაირი. იმ დილას, ისევე როგორც ყოველთვის, ტელევიზორის წინ ისხდნენ და წიწიბურას ჭამდნენ. სწორედ ამ დროს შემოვიდა ოთახში დედა და ელის ლამაზად შეფუთული დაბადების დღის საჩუქარი გაუწოდა - ფერად ქაღალდში გახვეული ახალი ჭიქა. ჩვეულებრივი და სადა, ზუსტად ისეთი, როგორიც უფროსებს ჰქონდათ.
შემდეგ წელს შევიდა ელი სკოლაში. დედამ კარადის სულ ზედა თაროდან ჩამოაძვრინა მტვრიანი ზურგჩანთა და რამდენჯერმე დაფერთხა, არც ისე ძლიერად. საშინლად ცხელოდა, ელი კი მაინცდამაინც ფანჯარასთან დასვეს, ზუსტად იქ, სადაც მზე ყველაზე მეტად აჭერდა. მასწავლებელმა რაღაც თქვა და ელიმაც ჩანთა გახსნა, ფანქრის მოსაძებნად. ჩანთის შიდა, საიდუმლო ჯიბეში კი ფანქრის მაგივრად ძველი ნაძვის ხის სათამაშო აღმოაჩინა. 
რამდენიმე კვირის შემდეგ პირველი საკონტროლო უნდა ეწერა. ძალიან ნერვიულობდა და გაბრაზდა, როდესაც დედამ შაქრის მოტანა სთხოვა მაღაზიიდან. გაკვეთილზე აგვიანდებოდა, ამიტომ, მძიმე პარკით ხელში მირბოდა ელი. სადარბაზოსთან თხელი ცელოფნის პარკი გაწყდა და მთელი შაქარი ძირს დაიყარა. სახლში აღარ აბრუნებულა, პარკი ნაგვის ურნაში ჩააგდო და გაკვეთილზე გაიქცა. შუადღით, უკან დაბრუნებულმა კი დაინახა, რომ მზე ზუსტად იმ ადგილს ეცემოდა, სადაც შაქარი ეყარა. პატარა ნაფშხვენების გროვანელ-ნელა დნებოდა და მზის შუქზე საოცრად ბრწყინავდა.
მთელი ბავშვობა, ყოველ ორშაბათ და ხუთშაბათ დღეს ელის კარზე მემაწვნე ქალი რეკავდა ზარს. ყოველთვის მწვანე, გახუნებულ ფეხსაწმენდზე იდგა და სახლში არასდროს შედიოდა. მძიმე ჩანთიდან მაწვნით სავსე ქილებს იღებდა და ელის ბებიას ცარიელ ქილებში უცვლიდა.  ერთ დღეს, ბევრი ქუჩის მოშორებით, გაჭეჭყილი ავტობუსის ფანჯრიდან ელიმ იმ მემაწვნე ქალს მოჰკრა თვალი - გაჩერებაზე იდგა, ქუჩის ასფალტზე და არა მწვანე, ადგილ-ადგილ დაფლეთილ ფეხსაწმენდზე. მხარზე კი თხელი ნაჭრის ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული.
იმ სახლიდან მალევე გადავიდნენ. მუშებმა ბევრი წვალების შემდეგ ძლივძლივობით დაძრეს ადგილიდან ჭერამდე ასული ხის კარადა. ელის მძიმე პარკები ეჭირა ხელში და ბოლო, რასაც მან სახლიდან გასვლის წინ შეხედა, ღია მწვანე, საღებავაქერცლილი და ჩამოშლილი მართკუთხედი იყო სუფთა, კრემისფერ კედელზე.
ახალი სახლიდან სულ რაღაც ნახევარ კილომეტრში იყო ის ადგილი, სადაც ელი პირველად მიდიოდა გასაუბრებაზე. ფეხით რომ გაჰყოლოდა გზას, რამდენიმე წუთზე მეტი არ დასჭირდებოდა, თუმცა მაინც ავიდა ავტობუსში, რომელიც ზუსტად მის წინ გაჩერდა. მძღოლს კარის დაკეტვა დაავიწყდა და ერთი გაჩერება - სახლიდან სამსახურამდე - ელიმ ნახევრად ცარიელ ავტობუსში ღია კარით იმგზავრა.
წლების შემდეგ, ფოტოკონკურსში იღებდა მონაწილეობას ელი. კისერზე აპარატი ჩამოეკიდებინა და საინტერესო კადრების მოსაძებნად ქუჩა-ქუჩა დადიოდა. ბევრი ფოტო გადაიღო და ფირიც მალევე დაუმთავრდა, თუმცა მაინც არ შეუწყვეტია სიარული. გვიან ღამით დაბრუნდა სახლში. კადრების ნაწილი ფირზე ჰქონდა შენახული, ნაწილი კი გონებაში - პატარა, წითელქურთუკიანი ბავშვი გაჩერებაზე, რომელიც ჯიბეში გირჩის ჩადებას ცდილობს, თუმცა არ გამოსდის. კაცი, რომელსაც ტუჩები თეთრი ნაყინით აქვს დასვრილი და ქუჩაში მიმავალ ქალს დავარდნილ ხურდას აწვდის. მოხუცი ქალი, რომელიც კიბეებს რეცხავს, ბავშვი კი იქვე დარბის და ასფალტზე ნაფეხურებს ტოვებს. კაცი, რომელიც ცელოფნის პარკიდან სენდვიჩს იღებს, ქარი კი პარკს ხელიდან სტაცებს. შუქნიშანზე გაჩერებულ ავტობუსში მჯდარი მოხუცი, რომელიც გადაშლილ წიგნს სახეზე იფარებს, როდესაც ხედავს, რომ უღებენ. 
რამდენიმე თვეში ოპერაში დაიწყო ელიმ მუშაობა. უფრო სწორად, იმ გარდერობში, სადაც ოპერაში მოსული სტუმრები თავიანთ პალტოებს, ჩანთებს, ქოლგებსა და ქუდებს ტოვებდნენ. ელი მათ სხვადასხვა საკიდზე ანაწილებდა და სანაცვლოდ პატარა, ხის ოთხკუთხა ნაჭერზე ამოკაწრულ რიცხვს უბრუნებდა პატრონს. იმ დღეს ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა და განსაკუთრებით ბევრი ხალხი მოაწყდა ელის. გვიან ღამით, როდესაც მაყურებლები ნელ-ნელა დაიშალნენ, ერთადერთი პალტო შემორჩა საკიდს. ყავისფერ ველვეტის პალტოს ღილები არასწორად ჰქონდა შეკრული, მარცხენა ჯიბე გამობერვოდა და ცალი სახელოდან ფერად ზოლიან კაშნეს გამოეყო თავი.
ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ. თვითმფრინავი ნელ-ნელა დაშვებას იწყებდა. ელის გაახსენდა, რომ ჯიბეში ფერად ქაღალდში გახვეული შოკოლადი ედო, რომელიც აეროპორტში იპოვა სკამის ქვეშ დაგდებული. გზაში შოკოლადი მთლიანად გამდნარიყო და როდესაც თვითმფრინავიდან ჩავიდნენ, ელიმ ის სკამის სახელურზე დატოვა.
რამდენიმე თვის შემდეგ, ელის შვილს დაბადების დღე ჰქონდა და ისიც საჩუქრის საყიდლად დარბოდა ქუჩებში. ერთ-ერთ მაღაზიაში, გამყიდველი ქალი მტვერს წმენდდა თაროებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფრთხილობდა, როგორც კი ელიმ ნახევრად ღია კარში შეაბიჯა, რკინის მძიმე ყუთი გადმოუყირავდა და უამრავი პატარა მძივი რაკარუკით დაცვივდა ძირს.
ელი ხის გრძელ სკამზე იჯდა და ვიღაცას ელოდებოდა, თან ქუჩის კუთხეში მდგარ შენობაზე გაშტერებოდა თვალი. მაღალი, გამხდარი კაცი ფანჯრებს წმენდდა. ცალ ხელში ტილო ეჭირა, მეორეში კი სითხით სავსე პლასტმასის ბოთლი. შუშას მარჯვენა ქვედა კუთხეში პატარა ლაქა შერჩენოდა. დიდი მონდომებით აპრიალებდა ფანჯარას კაცი. გულმოდგინედ უსვამდა ტილოს ყველა მიმართულებით, თუმცა მუშაობა ისე დაასრულა, რომ ის პატარა ლაქა ერთხელაც არ შეუმჩნევია. 
რამდენიმე დღის შემდეგ, დაკრძალვაზე მიდიოდა ელი ქალაქის მეორე ბოლოში და შავები ეცვა, ისევე, როგორც ყველას, ვინც იქ დახვდებოდა. შუქნიშანზე გადასვლისას დაინახა, როგორ ჩაამსხვრიეს მუშებმა მაღაზიის დიდი ვიტრინა გრძელი ჯოხით. უამრავი პატარა კრისტალისგან შემდგარი გროვა დახვავებულიყო მაღაზიის წინ და სანამ მოგვიდნენ, ელიმ მოასწრო ერთ-ერთი მათგანის აღება.
მეწაღის პატარა ჯიხურში, მორყეულ სკამზე იჯდა ელი და ძალიან ეძინებოდა. მოხუც კაცს ხელსაწყოებით, ფეხსაცმელებითა და საღებავებით სავსე თაროზე კიტრის მწნილის რამდენიმე ქილაც ჩაეკვეხებინა. უეცრად, ჯიხურის სარკმელზე შუახნის კაცმა მოაკაკუნა. იღლიაში შავი ტყავის ფეხსაცმელები ჰქონდა ამოჩრილი და იცინოდა. მეწაღემ მაგიდის უჯრიდან თასმები ამოაძვრინა, სარკმელი გამოაღო და გარეთ მდგარ კაცს გაუწოდა. მანაც მადლობა გადაუხადა, თასმები შარვლის უკანა ჯიბეში შეინახა, თითები რამდენჯერმე მსუბუქად მიიკაკუნა საფეთქელზე, ჩაიღიმა და წავიდა. 
ელი სკოლის ეზოში იჯდა და ელოდებოდა, როდის დაუმთავრდებოდა თავის შვილს გაკვეთილი. იქვე, ეზოში, პატარა შენობა იდგა - პინგ-პონგის ოთახი, რომელსაც მხოლოდ ერთი ფანჯარა ჰქონდა. ელი დიდხანს უყურებდა, როგორ ეთამაშებოდა ახალგაზრდა ბიჭი პინგ-პონგს ვიღაც უცნობს. ბიჭი დროდადრო ჩერდებოდა და რაღაცას ემოციურად ამბობდა ან ხელში ჩოგანს ათამაშებდა და უსმენდა, როგორ ლაპარაკობდა ის ვიღაც - უცნობი, რომელსაც ელი ვერ ხედავდა.
რაღაცას აღნიშნავდნენ და სტუმრებით იყო სავსე სახლი. ელი პროდუქტების საყიდლად ჩავიდა მაღაზიაში. სხვა უამრავ ნივთთან ერთად, ასანთის კოლოფიც იყიდა. კოლოფი წუნდებული აღმოჩნდა და შიგნით მხოლოდ წვრილი ხის ჩხირები ეწყო, გოგირდის თავების გარეშე.
კიდევ გავიდა დრო და საქორწინო საჩუქარი იყიდა ელიმ - მძიმე მუყაოს ყუთი, რომლისთვისაც მყარად შემოეჭდო ორივე ხელი. იმ ქუჩას მიუყვებოდა, რომელიც ძველი, ანტიკვარული ნივთებით იყო სავსე. მოულოდნელად, სხვადასხვა ჭურჭელსა და ნივთს შორის ჩაგდებულ რკინის ჭიქას მოჰკრა თვალი. ჭიქა წითელი იყო და თეთრკოპლებიანი. პირი კი აქერცლილი და ჩამოტეხილი ჰქონდა.

სხვა სტატიები »