ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"რეტულიტი", მაკა ლდოკონენი-კალამუნები

"რეტულიტი", მაკა ლდოკონენი-კალამუნები
24 მარტი, 2020
კალამუნები


დიდი ხნის წინანდელ ამბავს ჰგავს ჩემი სტუდენტობა, თუმცა იმ დროს ორი ათეული წელიც არ მაშორებს. თითქოს, სხვას გადახდა, მე კი ცვლილებებით გაბრუებული, განზე ვიდექი, ვაკვირდებოდი და ველოდი.
გამიმართლდა მოლოდინი თუ მოლოდინად დარჩა? იქნებ, ცხოვრება ახალ ქარგაზე რომ გამოიხაზა, ძველი ტანსაცმელივით მოვიშორე და უცნობ კონტურებს იმედით გავყევი, იმ იმედით, ფრთხილად თუ გავჭრიდი, შეცდომებს თავიდან ავიცილებდი. მხოლოდ მე არა - ცარცუნეცა, დავითი, არაბუშკა, ცანცრიკა, კაწკა, ანდაზისტი, ტუტე... მთელი ჩვენი ქალაქი... ყველა ქალაქი!
ჩემი სტუდენტობის დროს მიტინგები, სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები ყოველდღიური ყოფის განუყოფელ ნაწილად ქცეულიყო. ტრანსპორტი კანტი-კუნტად დადიოდა, ერთმანეთთან დაკავშირება გართულდა: სახლის ტელეფონები გაუმართავად მუშაობდა, ქუჩაში სატელეფონო ჯიხურები გაქრა. აუდიტორიებში, ისევე როგორც მთელ ქალაქში, შუქი და გათბობა გაითიშა. მეტ დროს უნივერსიტეტის ეზოში ან კორპუსიდან კორპუსამდე ხეტიალსა და მეგობრების მონახულებაში ვატარებდით. გოგონებმა ერთმანეთისთვის წერილების წერა წამოვიწყეთ. მალე ეს ჩვენს საუკეთესო გასართობად იქცა: ღამე დავწერდით, დღე გავცვლიდით, მერე უნივერსიტეტის ეზოში ან აუდიტორიაში წავიკითხავდით. უფრო ხშირად კი სანთლის შუქზე გასატარებელი საღამოს გასაყვანად გადავინახავდით. ეს დროსა და სივრცეში გაწელილი ჩეთივით იყო. 
ყველაზე მეტი წერილი არაბუშკასგან შემომრჩა. არაბუშკას სინამდვილეში ლეილა ერქვა. სკოლიდან ვმეგობრობდით. მე ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, იმან აღმოსავლეთმცოდნეობაზე. ბიჭებმა ზეპირად იცოდნენ ჩემი დღის განრიგი, ლექცია გაცდებოდა თუარა, შეთქმულებივით დავადგებოდით გზას პირველი ან მეორე კორპუსიდან მეხუთესკენ. 
გზაში პათოსით სავსე სიტყვებით გამოვდიოდით: ვოცნებობდით, როდის გაიტანდნენ ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე საკუთარ დროშას და სსრკ ნაცვლად ქვეყნის აღმნიშვნელ დაფაზე საქართველოს დააწერდნენ. ლამის ვიფიცებდით, რომ საქართველოს ისტორიის სამარცხვინო სახელმძღვანელოდან, ოთხწლიან სასწავლო პროგრამაზე გათვლილი ერთი პატარა წიგნიდან, აღარასდროს ისწავლიდნენ ჩვენი შვილები. ვამბობდით, რომ ქართული ლიტერატურის წიგნზე მშობლიური ლიტერატურის დაწერა თუ გვსურდა, არავისთვის არ უნდა გვეკითხა...
მიზნები და ოცნებები სწრაფად იცვლებოდა: ბიჭები ომში წასვლაზე ფიქრობდნენ, მიდიოდნენ კიდეც, ზოგიერთი სამხედრო სამსახურიდან თავის დაძვრენას ცდილობდა. თანდათან საზღვარგარეთ მუშაობის ან სწავლის გაგრძელების სურვილმა იჩინა თავი. გოგონებიდან მხოლოდ ძალზე გაბედულები თუ აჰყვებოდნენ ბიჭებს ამ წამოწყებაში. ოჯახებიც იქმნებოდა, თუმცა, ჭკუათმყოფელისთვის რომ გეკითხა, სულაც არ იყო ამის დრო. შვილის გაჩენა ხომ გმირობის ტოლფასი გახდა. ჩვენ ბევრ რამ არ გვესმოდა მაშინ, იმ ყოფით წინადადებებსაც არ ვუღრმავდებოდით, რომლებიც ჩვენს ყოველდღურობას პოლიტიკურად კი არ აფასებდა, უბრალოდ აღწერდა.
ოცნებებში სტუდენტობა საუკეთესო ხანად წარმომედგინა _ ფერწერული ხელოვნების ნიმუშივით ვხატავდი და ვაფერადებდი მომავალს. ახლა, სტუდენტობის ამსახველ კადრებს მეხსიერების თვალს რომ გადავავლებ, იმ ნეგატივს ვამსგავსებ, პოზიტივად გადაქცევა რომ არ დასცალდა _ გაუმჟღავნებელი დარჩა მოგონებებში. 
"ჩემი" უნივერსიტეტი მერე გახდა, იქ მუშაობა რომ დავიწყე, სხვადასხვა პროექტში ჩავერთე. თითქოს, უძღები შვილივით დავუბრუნდი და თუ უძღები შვილის გზა საკუთარი თავის ძიებაში გავლილი გზის ტოლფასია, უნივერსიტეტში ხელახლა მოსვლა მეც დამეხმარა, ის დღეები და ადამიანები დამებრუნებინა, ჩემს განუყოფელ ნაწილს რომ შეადგენდნენ წარსულში. 
აქ, კორპუსებსა თუ მის შემოგარენში ბევრი ძეგლი დგას, მრავალი სახელი და გვარია ამოტვიფრული და დღესაც არაერთი ცნობილი პიროვნება დააბიჯებს ამ შენობებში. თუმცა, მუდამ ვიქნებით ისეთებიც, უნივერსიტეტს მხოლოდ რამდენიმე სასწავლო წლით რომ დავუკავშირებთ ცხოვრებას, ჩვენი თავგადასვლები კი დაუწერელი რვეულებივით გადაგვეშლება თვალწინ ყოველთვის, აქ რომ გავივლით. 

ჩემი რვეული არაბული დავთარია

ჩემი ქალაქი ქარავანს მაგონებს, დრო ძაღლივით რომ უყეფს და ვერ აფრთხობს. ხშირად ვფიქრობ, ჩვენს დაყოფილ-დანაწილებულ დროს სინამდვილეში ვინ რწყავს, რა საზომით ზომავს? იქნებ, დღე-ღამის მონაცვლეობა ძილ-ღვიძილს სულაც არ გულისხმობს, არც თვეების დანიშნულებაა წელიწადის შეკვრა-გამართვა და წლებსაც ტყუილად ვიმატებთ! 
ერთი დანამდვილებით ვიცი, დრო ყველას საკუთარ ამბავს უწერს, უმზადებს და სწორედ ისტორიაა ის ავი ძაღლი, ჩემს ქალაქს რომ ჩასაფრებია და მოსვენებას არ აძლევს _ სამყაროს ორომტრიალში ჩაბმულს თავის წილ ოღრო-ჩოღროებზეც თვადაუზოგავად დაატარებს. 
ქარავანი ზოგჯერ საპალნედატვირთული, ამაყად მიიწევს წინ. ნაპატივებ აქლემებს ჯორკიდებულები თუ ჩაუდგნენ კვალში, გზა იწელება _ აქლემი და ჯორი თანაბარი ნაბიჯით ხომ ვერ ივლის?! სარფიანი დღეებიც გამოერევა: ივაჭრებს, ტვირთისგან გათავისუფლდება, ოაზისში იკლავს წყურვილს და უდარდელად გასცქერის წარსულს. ზოგჯერ ხელმოცარული პილიგრიმი აედევნება, მეგზურობას დაიჩემებს და თავგზას აურევს. 
არის დღეები... ჭრელი დღეები...  
სანამ აქ მოხვდებოდა, ჩემმა გენმა ბევრი იმოგზაურა. დედას და მამას დავთრებში ყველაფერი წვრილად აქვთ აღწერილი. ამ დავთრებით მუდამ ვამაყობდი: მაშინ... მერე... და ახლაც, აქლემის წიხლი რომ მომხვდა, ჩემს ქარავანს დამაშორა და გადამხვეწა. 
ქალაქი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ქარავანს არ ჰგავს. ეს ქალაქი ტბასავითაა _ დღე ლურჯი ცა, მზე, ღამე კი ვარსკვლავები და მთვარე ირეკლება მის ზედაპირზე. მიუხედავად ამისა, მაინც არ დაგაფიქრებს დღე-ღამის მონაცვლეობაზე, თვეებსა და წლებზე. აქ დრო არ ყეფს, ის მზის სხივებში მონებივრე კატასავით კრუტუნებს. 
ჩემი ქალაქი კი კვლავ ქარავანს მაგონებს - წლებმა ვერ დააბინავა. ტელეეკრანზე მის ქუჩებსა და შენობებს თვალს რომ მოვკრავ, ცრემლები მახრჩობს. რამდენჯერმე  მეხუთე კორპუსიც გამოჩნდა, ნაცნობი ფასადით და შემოგარენით. ჩემი უნივერსიტეტი – ჩემი ახდენილი ოცნებების ნავსაყუდელი, იძულებით რომ მივატოვე. 
ერთ დღეს მამამ უბრალოდ თქვა, აქ ვეღარ ვიმუშავებთ, ვიღაცის ახირების გამო ჩვენ გვარზე უარს არ ვიტყვიო და ყველაფერი მარტივად მოხდა: ჩავლაგდით და გამოვემგზავრეთ. 
დასამშვიდობებლად ვინ არ მოვიდა. კაწკას და მაკრუშას ბევრი ვკოცნე. კაწკაც რამდენიმე დღეში დატოვებდა ქალაქს, თუმცა, ჩვენი გამგზავრების მიზეზზე კრინტს არ ვძრავდით, მეგობრები უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩაგვეგდო. არ დაგვიჩივლია, ხმამაღალი ნათქვამი ხმალივით კვეთდა ჰაერს და მოურჩენელ ჭრილობებს აყენებდა გარშემომყოფებს. შუადღის ძილის მერე გაღვიძებულებივით, ტკბილი გემო გავიყოლეთ უმძრახი პირით.
საუკეთესო დღეები დავტოვე უნივერსიტეტში _ საუკეთესო ადამიანების სახსოვარი დღეები. უბრალოდ მიყვარდა ყველა - უბრალოდ! ერთს კი გამორჩეული ალაგი დავუდე გულში - ტუტეს. წარმოვიდგენდი, როგორ მოვიდოდა და მეტყოდა, კაწკასთან ვერთობი, სინამდვილეში ის მიყვარს, რასაც შენში ვაკვირდები და ვხედავო!.. მეტყოდა, დარჩიო, მერე თავის ბაიკზე დამისვამდა... მომიტაცებდა და ვერავინ მომაგნებდა... მშობლები უჩემოდ გაემგზავრებოდნენ უცნობ ქალაქში... მე გვარს გადავიკეთებდი და ქართველ ბავშვებს გავაჩენდი... დიდხანს ვიოცნებე ეს ოცნება, ქარავანს მოშორებულმაც... ლამის დაოჯახებამდე. 
მჯეროდა, რომ ტუტეს ვუყვარდი. ჩვენ დრო არ გვეყო გრძნობების დასადუღებლად. აკი გითხარით, ცხოვრება აქლემის წიხლივითაა: ზეცაში აგაფრენს, ან ჯოჯოხეთში ჩაგაგდებს. ეს არაბული ანდაზაა ასეთი, მე არ მომოგონებია. 


მე - მთავარი რვეული 
მე კაწკა მიყვარდა. კაწკა მე ზედაც არ მიყურებდა. არც კალამუნები გიჟდებოდნენ ჩემზე, მაგრამ მაგათთან კონტაქტი მაინც შემეძლო. კაწკასთან ვერ ვქაჩავდი, ეგ ტუტესთან ერთად რომ დაქროდა, მაგრად ვიბოღმებოდი. ტუტე კიდევ დიდი უტიფარი იყო. იუმორის გრძნობა ნულოვანი ჰქონდა, მაგრამ ქალების სიბრიყვე ხომ ცით? ტუტეს სისულელეც რომ ეთქვა, ახორხოცდებოდნენ. ჩემ დახვეწილ იუმორს კიდევ ცალყბად ხვდებოდნენ (მაგარია ქართული ენა, არა?!). 
მე ვიყავი ნიუდაჩნიკი. ახლა რომ იტყვიან, ლუზერი! მაგრამ მე ვიყავი ნიუდაჩნიკი სხვების თვალში. სინამდვილეში მე მაგრად ვისწავლე სკოლაში, ღირსეულად ვატარე ბებოს არჩეული სათვალე ხუთკილოიანი ჩარჩოთი, მერე ჩემით ჩავაბარე ფიზიკურზე. ზოგიერთი მათხოვარივით კი არ ჩამრიცხეს სამადლოდ, ყველა სტუდენტი რომ გახდა იმ წელს! ჰო, ეგრე იყო: ზაფხულის ერთ მხურვალე დღეს, ჩვენმა დიადმა მთავრობამ თვალისდახამხამებაში ყველა სტუდენტად აქცია, ჩაჭრილებიც კი!
იცინეთ ახლა, რამდენიც გენებოთ!
მოკლედ, ფიზიკურზე რომ ჩავაბარე, მაშინ მიწია ჩინურმა წყევლამ და დაიწყო ცვლილებები. დაგეგმილი ცხოვრება ამერია, მოშნად დავიბენი: ჟურნალისტების კორპუსში მოვხვდი და ჟურნალისტობა მომინდა, კალამუნებს გადავეყარე და წერამ ამიტანა (შავი იუმორით ნაზავ მოთხრობებს ვწერდი და, მინდა გითხრათ, ეგ დიდი ნოვაცია იყო იმ მყაყე 90-იანებში, თუმცა, ვის ესმოდა?!.) მე ზოგადად რუსეთს მივტიროდი, წესით, იქ უნდა გამეგრძელებინა სწავლა, იმიტომ რომ ფიზიკას აქ მომავალი არ ჰქონდა და თან, ჩემი იუმორის პატრონი, სულ ცოტა მასლიაკოვთან უნდა მოხვედრილიყო "კავეენში" მერე ჩავაბარე მეორად ფაკულტეტზე, კინოთმცოდნეობაზე, ცოტა ხანში გაზეთი დავაარსე: იუმორი თავისთავად ჩავრთე, დავამატე კარიკატურა და ცოტა ეროტიკაც გვურიე (ამ უნახავი საზოგადოების გამოსაცოცხლებლად). 
მოკლედ რომ აგიხსნათ, მე ვიყავი ჩემი არეული ეპოქის სარკე, მაგრამ დაბურული და გბინძურებული კი არა _ გალაპლაპებული, ყველაფერს რომ ირეკლავდა. 
თუმცა, ვინ გაცლის საკუთარ თავზე ლაპარაკს, გავივლი თუ არა პირველი კორპუსის ეზოში, რატომღაც სულ ის დღე მახსენდება, კალამუნები "კალამუნები" რომ გახდნენ:
ლეილა და მაკრუშა პირველი კორპუსის ეზოში სხედან, ერთმანეთის წერილებს კითხულობენ. რა უაზრო ჩვევა აქვთ _ გამუდმებით წერილების წერა და კითხვა! წარმომიდგენია, თავიანთ აბზაცებში როგორ მაძვრენენ ნემსის ყუნწში. არ ვევასები მაგათ, ვიცი, მაგრამ ვერც მთმობენ  - მდედრები არიან რა!  
ტუტე ცალი თვალით იჭყიტება მაკრუშას წერილში, ის მთელი ტანით ეფარება ფურცელს. ცარცუნეცაც იქვეა, ტუტე-შერხანის შაკალი ეგა! ტუტე ცუნგუშობს: მე მომხედეთ რა, გოგონებო, მოვიწყინე, რამე, ეგეთებს ბაზრობს, თავს აცოდებს ვითომ. მერე ლეილას სწვდება ხელით, კაშნეზე ქაჩავს:
- არაბუშკ, არაბული მასწავლე მაინც, ეგ წერილი სახლში წაიკითხე რა!
- დღეს მოიწყინე, ტუტე, კატუშა არ მოვიდა?.. რა ჭირს?
- აბა, რა ვიცი... შენს ანაბარა ვარ.
- შენი სამყოფი არაბული ისედაც იცი შენ!
- ანუ, დევუშკა, რას გულისხმობთ?
- ანუ ბევრი არაბული სიტყვაა ქართულში, ტუტევ!
- მაგალითად?
- საათუნ!
- ანუ?
- საათი, ადამიანოოო!.. კიდევ მაგიდათუნ – მაგიდა!.. ვარდათუნ...
- ვარდი!
- ყოჩაღ, ცარცუნეც!.. კიდევ დაფთარუნ რვეული, სურათუნ, მოგეხსენება რაც, კალამუნ...
- რუჩკა, ვეჩნი, პასტა!
- ვეჩნი, ჰო, ტუტევ, აბა რა, ვეჩნი!
- კალამუნ!.. მაგარია!.. აი თქვე კალამუნებოოო თქვენააა, დავხევ ახლა თქვენს დავთარუნეეებს!
ტუტე დგება, უნდა დაერიოს კალამუნებს, მაგრამ ცარცუნეცა ეძახის:
- ტუტე, კაწკა მოდის!
მე ვწითლდები. მე გამუდმებით ვმუშაობ საკუთარ თავზე, კაწკას დანახვაზე რომ არ გავწითლდე. სარკესთან საათობით ვზივარ და წარმოვიდგენ ან ვიძახი: კაწკაკაწკაკაწკაკაწკაკაწკაკაწკაკაწკაკაწკაკაწკაკაწკაკაწკაკაწკაკაწკა!.. და არ ვწითლდები, მიუხედავად იმისა, რომ შეშის ფეჩი ხრჩოლავს ჩემს სახლში და ოთახსაც  იშვიათად ვანიავებ. ამ საგანმანათლებო სივრცეში, ლაჟვარდი ცის ქვეშ, კამკამა ჰაერზე კიდევ რა მემართება?! კაწკა ამჩნევს (მაგის ჩიტია?) და ტუტეს ყურისძირში რომ კოცნის, გადმომხედავს (ჰო, გადმომხედავს, მე დაბალი ვარ, ნუუუ... ახლა მთალად მაგის ბარძაყის ხელაც არ ვარ, თავად როგორც ამბობს, მაგრამ საშუალო სიმაღლის მამაკაცი მეთქმის) და მისი ლურჯი თვალები მეუბნება: შე საბრალო, დაუბანელო, ცინგლიანო!
არ მადარდებს! მე ვიცი, რომ გენიოსი ვარ! მე ვიცი, რომ წლების შემდეგ, როდესაც მე შევცვლი ამ მათხოვარ ქვეყანას, ყველას უკან ჩავიხევ!.. კაროჩე, მე არ ვარ ამათი მეგობარი, შიგადაშიგ ვიჩითები ამ სასტავში. მე ნაგლობით გატანის მომხრე ვარ, უზრდელიც ვარ და ვამაყობ ამით. 
- კაწკა, ამაღამ რას აკეთებ? – ვეკითხები ამიტომ ტუტეზე ჩამოკიდებულ ლურჯთვალა და წითელთმიან ქალს, _ ჰეჰეეეე! – შევცინი კიდეც.
ტუტეს ერთგული შაკალისგან პანღური მხვდება. არ ვიმჩნევ. ნესტოებში ჩამოსულ ცინგლებს ღრმად ვისუნთქავ. 
-თქვე მათხოვრებო, კიდევ კარგი, პატიაშვილმა ჩაგრიცხათ, თორემ აქ რა უნდა თქვენისთანა უწიგნურებს! აქ, ამ ეზოში დააბიჯებდა იცით ვინ?..
ალიყური მხვდება ტუტეს მეორე შაკალისგან, ანდაზისტიც მოსულა.  ნარკამანი დავითაც მოყლამუნობს. კალამუნები გაკვირვებულები მიყურებენ. ნუუუ, ამათ არ ეხება ახლა რაც ვთქვი და ბევრსაც, თავისით გაქაჩეს, მაგრამ მე ზოგადად ვამბობ რა, არ მადარდებს!..
მე თქვენ დაგიქირავებთ! – ვეუბნები და მივდივარ.
მე გავიჩითები ამაღამ კალამუნების წერილებში, მე ისტორიის ნაწილად ვიქცევი.
მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ახლა მთავარი თავის გატანაა და მე ვიცი, როგორ გავიტანო თავი (მაგარია ქართული ენა, არა?!)


რვეულიდან ამოხეული ბოლო გვერდი ვარ

მე არ მევასება ის ტიპები, ჩემზე რომ ჰკითხავენ, რამ მოკლაო და უპასუხებენ გულითო, ცოტა ხანში კი უცნაურად დამანჭავენ სახეს და ჩუმად დაამატებენ, კაიფში გაიპარაო! არაკაცური ნათქვამია, მაგრამ, ეგ სულ სხვა საქმეა. მთავარი სიმართლეა, ბიჭებო და გოგონებო, თუმცა, მაგას აქ რომ ამოხვალთ მერე გაშიფრავთ, მანამდე კი ბევრი დროა! 
მე მაგრად გამიმართლა, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღემდე უფრო მეტ კარგ ადამიანს გადავეყარე, ვიდრე ახვარს: ბაბო რომ არ მყოლოდა, ტუტეს ვერ გავიცნობდი. ტუტეს კიდევ პირველ ადგილზე ვასახელებ, იმიტომ რომ ეგეთი ერთგული მეგობარი არ მყოლია და ეგ ახლაც მაგრად მპატრონობს. ტუტეს მოჰყვა ცარცუნეცა, ანდაზისტი, კალამუნები, კაწკა თავისთავად, რა ხალხი, ტოოო... არც ცანცრიკა იყო ცუდი ტიპი, ერთი ნაკლი ჰქონდა, მაგრობას ცდილობდა და არ გამოსდოდა. მე ყველა მომწონდა, ოღონდ სულით კომკავშირელი არ ყოფილიყო.  
ბაბო დეიდას სოლოლაკზე ყველა ქალბატონოთი მიმართავდა, მარტო მე შემეძლო ბაბო დამეძახა და ამავე დროს მაგრად გამემწარებინა. ბებია რომ გარდამეცვალა, აღარავინ დამრჩა, ბაბომ ჩამიბარა და ჩემთვის დატოვებულ ქონებაზე აპეკუნობაც აიღო. ქონება კიდევ დიდი მერგო. არ დავიწყებ ახლა წარმომავლობაზე ბაზარს, უბრალოდ, მაგარი ოჯახის შვილი ვიყავი. თუმცა, ხომ გაგიგიათ, ერთი რუსული ანდაზაა, ოჯახი მახინჯის გარეშე არ არსებობსო და ჩემი ოჯახში მაგ პონტში მე გავიჩითე. 
ბაბო და ბებიაჩემი მაგარი დაქალები და თან კარის მეზობლები იყვნენ. სოლოლაკში კიდევ კარის მეზობლობა მაგარი ვეშჩია. ბებიაჩემის ქელეხიდან რომ დავბრუნდით, მე და ბაბომ თვალზე მომდგარი არისტოკრატიული ცრემლებით კუზნეცოვას სერვიზი გავშალეთ და ჩაი პრიკუსკით მივირთვით. ჰოდა, ჩვენს სიმშვიდესაც მად დაესვა წერტილი:
მეთერთმეტე კლასი ტანჯვით დამამთავრებინა, მერე მეხვეწა, საბუთები უმაღლესში შეიტანეო. ვეუბნებოდი, ვერ გავქაჩავ, ამხელა ქონება მაქვს, აგერ, იმდენი ნივთია, მთელ ჩემს შთამომავლობას აცხოვრებსმეთი. აპპპაპაპააა, ეგ არ გამაგონოო, იტყოდა და ეგრევე ფერს დაკარგავდა. ყოველ საღამოს ვკამათობდით და ბოლოს, როგორც იქნა დამითანხმა, საბუთები ქიმიურზე შემეტანა. მერე ჩემი შვილი მოგხედავსო, დამაიმედა. ბევრი ვიცინე, მე და ქიმიური?! მაგრამ ამდენი "აპპპაპაპააა, ეგ არ გამაგონოს" მოსმენის თავი აღარ მქონდა. 
პირველივე გამოცდაზე ამოვისუნთქე – ჩავიჭერი! ისეთი სიზმარი მქონდა ნანახი, უნდა გაგმართლებოდაო, გული დაწყდა ბაბოს, თუმცა, სიზმარი მაინც აუხდა: ბათუმში მეგობრებთან ერთად ვისვენებდი, როცა მთელ საქართველოს მოედო ახალი ამბავი, ვინც წელს აბარებდა, ყველა სტუდენტი გახდა, მათ შორის ჩაჭრილებიცო!
თბილისში დავბრუნდი თუ არა, ბაბომ მითხრა, მოწესრიგდი და სიონში წავიდეთო. ფეხით ჩავიარეთ ლესელიძის ქუჩა. გზაში მომიყვა, დავითი იმიტომ დაგარქვეს, რომ რვა თებერვალს გაჩნდი, რვა თებერვალი კიდევ მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეაო. გარდა ამისა, უნივერსიტეტიც რვა თებერვალს დაარსდა, ამის გამო კი დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია და მოწიწებაც გმართებსო. ეს სიტყვები სხვისგან და სხვა დროს რომ მომესმინა, ჩავბჟირდებოდი, მაგრამ იმ დღეს... რა გითხრათ, იმ დღეს ღირსეულ ადამიანად ვგრძნობდი თავს, ეგეთ პონტში კიდევ იშვიათად ვიჩითებოდი. 
სიონში სანთლები დავანთეთ. სანამ ბაბო ლოცვებს კითხულობდა, მე პირობა დავდე შანსი ხელიდან არ გამეშვა და შევცვლილიყავი. 
შევიცვალე?
არა! – პასუხი მოკლე და კონკრეტულია. უნებისყოფო აღმოვჩნდი. სიტუაციაც ხელს მიწყობდა: ლექციები ხშირად ცდებოდა, ქალაქში კიდევ ბლომად მოსაწევი დაიყარა. უფულობას არ ვუჩიოდი, მშრალ ხიდზე საკუთარი კანალი მქონდა გაჭრილი, ძველებური ღილები, მედლები, ორდენები, მონეტები ჩამქონდა. ეგეთი წვრილმანებისგან აღებული თანხა სავსებით მყოფნიდა, სანამ მოთხოვნილება არ გამეზარდა და წამალზე არ შევჯექი. მერე სერიოზული ნივთების გაყიდვა დავიწყე და საწყალი ბაბოსაც შევიწირავდი, რომ არ გამესწრო.  
თუმცა, წამალსა და წამალს შორის გამონათებებიც მქონდა: ტუტეს სასტავში ყოფნა, უნივერსიტეტის ეზოში კალამუნებთან მასახრაობა და კორპუსიდან კორპუსამდე ხეტიალი, აჩკარიკა ცანცრიკას გამოხტომებზე ღადაობა და მისი გაპანღურება, მელიქიშვილზე კაფე "გირჩაში" ჯდომა და კაკლუჭებით პირის ჩატკბარუნება. ასეთ წუთებში მეგობრებისგან სიყვარულს ვგრძნობდი, მათ თვალებში თანაგრძნობას ვხედავდი და სანამ რამეს მეტყოდნენ, ყველას ვაფრთხილებდი, ოღონდ ახლა არ მისაყვედუროთ და ამ სისულელეს მალე ბოლოს მოვუღებმეთქი. 
მართლა, დავით, იცოდე, მართლა ბოლოს მოუღებ, - მთხოვდნენ კალამუნები. მე მათ ვუღიმოდი და გამოგონილი არაბული სიტყვებით ვუწყებდი ლაპარაკს, თავს ვეღარ იკავებდნენ და სიცილი უტყდებოდათ. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც ვინმეს გავაცინებდი. ამას ისინიც გრძნობდნენ და მეფერებოდნენ. ტუტე მხარზე ხელს მადებდა და ეს ისეთი შეხება იყო, რაც მე წესით ბაბუასგან, ბიძასგან და მამაჩემისგან უნდა მეგრძნო, მაგრამ მსგავსი არაფერი მახსოვდა. 
მარტო ტუტეს შეეძლო ამოეცნო როდის მეწყებოდა ლომკა და გავერიდებინე კალამუნების და კაწკას თვალისგან, შეეძლო ეთხოვებინა თავისი ბაიკი და ფეხზე ეკიდა თუ დავუმტვრევდი, შეეძლო მოეთმინა და ბოლომდე ესმინა ჩემი უთავბოლო ლაყბობისთვის კაიფის დროს. ტუტე ცხოვრობდა ომისა და გაჭირვების მიუხედავად და ცდილობდა ჩემთვისაც მაგალითი ეჩვენებინა. მე ტუტესაც ვპირდებოდი, ოღონდ ქართული, კაცური სიტყვებით, რომ ბოლოს მოვუღებდი ამ სისულელეს. ტუტეს სჯეროდა ჩემი და მეც მეგონა, რომ ოდესმე დადგებოდა ისეთი დღე, წამალზე უარს რომ ვიტყოდი. 
ბაბოსთან ერთად სიონში დანთებული სანთლებიც არ მავიწყდებოდა. სიონში დადებული პირობა ვერ შევასრულე, მაგრამ უნივერსიტეტის წინაშე მოწიწება არ დამიკარგავს და მისი კედლებისთვის შეურაცხჰყოფა არ მიმიყენებია. ჩემისთანა ხელიდან წასულები მაშინ აუდიტორიებშიც კადრულობდნენ რაღაცეებს. ეგეთებთან მაგრად ვჩხუბობდი: აქ ადრე სამლოცველო იყო, ტოოო, და აქ ვაჟა გარდაიცვალა, და აქ ილია და ჯავახიშვილი დადიოდნენ, და, და, და!.. ტუტე მეუბნებოდა, რომ აზრი არ ჰქონდა მაგაზე ლაპარაკს, ჩემი უბადრუკი ბრძოლის ველიდან მიმათრევდა და ასეთ წუთებში ვხვდებოდი, რომ არც ჩემთან საუბარს ჰქონდა აზრი, იმიტომ რომ მეც წყალწაღებული ვიყავი. მახინჯი მარტო ჩემს ოჯახში კი არ ვიჩითებოდი, ტუტეს სასტავში, უნივერსიტეტში, უბანში და ქალაქშიც - მე ყელგან მახინჯი ვიყავი!
ასეთ ფიქრებს ტუტესთან არ ვამხელდი, მეშინოდა, მაგასაც არ ჩაექნია ხელი. ყოველთვის მქონდა იმედი, რომ გადამარჩენდა. იმედი მქონდა, რომ ტუტეს დახმარებით შევეშვებოდი ძველ ცხოვრებას. 
შევეშვი?
ვერა! – ეს პასუხიც მოკლე და კონკრეტულია. დრო არ მეყო, ნებისყოფაზე რომ არაფერი ვთქვა. დღე უეცრად გაქრა - გაქრა ერთი თესლი კამსამოლას გამო. არ დაიჯეროთ, ბიჭებო და გოგონებო, რომ კომკავშირელი მანდატებთან და სამკერდე ნიშნებთან ერთად გადაშენდა. კომკავშირელი სარეველა ბალახია: ოთხმოცდაათიანებშიც იყვნენ ჩვენს შორის, მერეც და ახლაც ბლომად არიან. იშვიათი ხალხია, პარტიული წესდების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ თავიანთი გაინაღდონ და თან საკუთარი უპირატესობა გვაგრძნობინონ ჩვენ, სამყაროს ჭიაღუებს და მატლებს (გვიმრებს, შვიტებს და ლიკოპოდიუმებს, ანდაზისტი ხომ ასე იტყოდა!)
დღეს თქვენ შორისაც ბევრია ეგეთი წარმატებული. ერთ-ერთი მათგანი პირადად მე დავაფინანსე. ჰო, ეგრე გამოვიდა, ფირმაში მაგისი გამგზავრება და სწავლა ჩემების სახსოვარი, წამალში გადაცვლილი კუზნეცოვას სერვიზით გადავიხადე. მაგ ინექციამ მომიღო ბოლო. რა და როგორ მოხდა, მერე გავარჩიოთ, ყველა აქ რომ შევიკრიბებით, მანამადე უბრალოდ გჯეროდეთ, რომ დავითა არ გაპარულა!


ჩემი რვეული შენსას სჯობს

აუდიტორიებში და უნივერსიტეტის წინ სურათებს ვიღებდი და ბებიებს ვუგზავნიდი. რა ბედნიერი ვიყავიიი!.. ვინ იფიქრებდა, სტუდენტი ასე იოლად თუ გავხდებოდიიი!.. სკოლაში სამიანზე მაღალი ნიშანი არ მიმიღია. გაახარებს ღმერთი, ვინც ეს მოიფიქრა და ყველა ჩაგვრიცხააა!.. კიდევ კარგი საბუთები ჟურნალისტიკაზე შევიტანე! ალალ-ბედზე გავედი გამოცდებზე, მამამ მირჩია, თავი გამოცადე, მერე დაჯექი და ერთი წელი მოემზადეო. 
და რა?
- კატუშ, სტუდენტი ხა-არ, დოჩკა! – დედაჩემი მირეკავს გაგრაში.
უუუ!.. ეს რა იყოოო!.. ჰაჰააა!
ოთხმოცდაცხრაში, ჩვენს ეზოში სამმა დავამთავრეთ სკოლა: მე, დავითამ და არაბუშკამ. ნუუუ... არაბუშკა რომ სტუდენტი გახდებოდა, ყველამ იცოდა. მე და დავითა?.. ორი წყალწაღებული?.. ვინ იფიქრებდააა! 
პირველ სექტემბერს, დილით სამივე ერთად დავიძარით უნივერსიტეტისკენ. მე და დავითა პირველ კორპუსთან, გაჩერებაზე ჩამოვედით. გაჩისტულ-გაზმანულები ვიყავით, ტანში სულ ჟრუანტელი მივლიდა, ბევრს ვიცინოდით, ძალიან მაგარი დღე იყო! დავითა იძახდა, ახალ ცხოვრებას ვიწყებო. მეც ვეუბნებოდი, მაგარი ფოტოგრაფი უნდა გავხდე, ცხელ წერტილებში ვიარო და რეპორტაჟები მოვამზადომეთქი. იმან კიდევ საკაიფო "ზენიტს" გაჩუქებ და ყველაფერს, რაც ფირების გასამჟღავნებლად დაგჭირდება. დღესვე ამოდი და წაიღეო.
ეგ ბიჭი ნაღდი ბაჯაღლო იყო. სკოლაში ავარდნილის ერთი იყო, მაგრამ მაინც  ყველას უყვარდა. დავითას წინაპრებს და მშობლებს უბანში ბევრი იცნობდა, ამიტომ ობლად რომ დარჩა, ყველა ეფერებოდა და ანებივრებდა. თვითონ სულ გაიძახოდა, მახინჯი ვარ, მახინჯი, არადა მაგარი აბაიაშკა იყო. პროსტა ჩემს გემოვნებაში არ იჯდა, თორემ, ანდაზისტისთვს რომ გეკითხათ, კაწკას მასტი დავითააო, გეტყოდათ. არა რააა, სად შემეძლო დედა ტერეზობა. დავითამ ჯერ ძველობისკენ დაიწყო გადახრა, მოსაწევს დაეჩვია, მერე წამალზე შეჯდა და წავიდააა!.. მაგის გარდაცვალებას მე ვერ შევესწარი, თბილისში აღარ ვცხოვრობდი. ერთმანეთს რომ შეხვდით, ორივეს მაგრად გაგვიკვირდა, მაგრამ არაფერი გვითქვამს, წინ ბევრი დრო გვქონდა და სალაპარაკოდ ყოველთვის მოვიცლიდით. უბრალოდ დავსხედით და სურათები დავათვალიერეთ...
რა მინდოდა ცხვრებისგან? მშობლები "ჩაიცვი-დაიხურე ქალს" მეძახდნენ. ვაღიარებ, არ ვიყავი სწავლისთვის გაჩენილი. მერე რა?! ახალი ვარცხნილობა, თმის ექსტრავაგანტური ფერი, გამომწვევი მაკიაჟი, ფირმა ზმანები _ ეგ იყო ჩემი კრედო. დარწმუნებული ვიყავი, მთელი უნივერსიტეტი მიცნობდა, ყველა მაფიქსირებდა, ნაცრისფერ მასაში გამომარჩევდნენ. თმა წითლად მქონდა შეღებილი, მწვან-ყვითელ-იისფერი ძაფებით ნაქსოვი უგრძელესი კაშნეთი, უზარმაზარი მზის სათვალეებით, მოხარშული ჯინსებით და კაზაჩოკებით დავდიოდი.   
ტუტე და მაგის სასტავი ბაიკებზე პირველად რომ ვნახე, ჭკუიდან ავიწიე. ტუტეზე გავითიშე! იმ დღეს გოგოებთან ერთად კაფე "გირჩაში" მოვჯექი, ვიღაცამ "ამარეტო" მოიტანა, გადავკარით და მეოთხე ჭიქაზე დავიფიცე, ამ კვირაში ტუტეს ბაიკზე გავიჩითებიმეთქი. გოგოებმა დამცინეს. არაბუშკამ მითხრა, ტუტე სულ სხვა ტიპიაო. მიყვარდა ეგ გოგო, თორემ სხვას რომ იგივე ეთქვა, არ ვიცი რას ვუზამდი, ჰაჰააა!
სწავლა ახალი დაწყებული იყო და დავითა ჯერ კარგად არ იცნობდა ტუტეს სასტავს, მაგრამ ინფორმაცია მომაწოდა, გოჩა აბულაძის ლექციაზე ადიან, ნაღდად ვიციო. ეგრევე ჯავახიშვილის სხდომათა დარბაზში გავიჩითე, გოჩას ლექციებზე დასწრება ყველას შეეძლო. იმ დღეს აპოკალიფსზე საუბრობდა, იოანეს გამოცხადებას განმარტავდა. მე ბერვი არაფერი მესმოდა, მაგისთვის საკმარისი განათლება არ მქონდა და თან ტუტეზე ვიყავი ჩასაფრებული. აბულაძის საუბრიდან მარტო ის დავასკვენი, რომ მეორედ მოსვლა ახლოვდებოდა. ლექცია დასრულდა თუარა, კარებთან დავდექი, ტუტე რომ გამისწორდა, გოგოებს გადავძახე: მაინც მალე ვკვდები და უნდა დავიმხო თავზემეთქი!.. წამოდი, ერთად ვქნათ ეგ საქმეო, - ტუტემ მითხრა დააა!.. აუუუ!.. მულწიკი "სიზმარა" გახსოვთ? იქ სიზმარას დანახვაზე პრინცესა ამბოს: "გული მიმდის, თვალებში მიბნელდება, ფეხები მეკეცებააა!" აი, ზუსტად ეგ დამემართა. ყველაფერს გეფიცებით, არ მახსოვს როგორ ჩავედი უნის ეზოში, როგორ მოვუჯექი ტუტეს  ბაიკზე და კუს ტბაზე აღმოვჩნდი. 
მაგარი დღეები დაიწყო, რა ვიცოდი ჩემი ცხოვრების საუკეთესო ხანა თუ იდგა: ერთად დავდიოდით ბაიკებით მე, ტუტე, ცარცუნეცა, ანდაზისტი და მაკრუშა. არაბუშკას ეშინოდა და იშვიათად მოგვყვებოდა, ვატყობდი, არც ანსაზისტთან ერთად ჯდომა სიამოვნებდა დიდად და რამდენჯერმე ტუტე დავუთმე, ჰაჰააა!.. ტუტე ხომ ჩემი საკუთრება იყო პირდაპირ!.. მიყვარდა? არა, ზუსტად ვიცი, რომ არ მიყვარდა. არც იმას აბოდებდა ჩემზე, უბრალოდ ვუსწორებდით ერთმანეთს, კარგად ვერთობოდით. მე ჩემი მდგომარეობა მომწონდა: ნაცრისფერი მასისგან ისევ გამოვირჩეოდი, ყველა მაფიქსირებდა, ბევრი მიცნობდა ან მცნობდა. სხვა რა მინდოდა?! 
იმასაც ვგრძნობდი, არაბუშკას ტუტე რომ ევასებოდა, კარგად ვხვდებოდი, მე რომ მაგათ სასტავში არ გამოვჩენილიყავი, ტუტეც შეიყვარებდა არაბუშკას. საბოლოოდ ვაპირებდი კიდეც სხვაზე გადართვას, ღირსეული კანდიდატი თუ გამოჩნდებოდა, მაგრამ უცნაურად დატრიალდა ყველაფერი.
ერთ დღეს, სახლში დავბრუნდი, ჩემები მოსკოველ ნათესავებს ელაპარაკებოდნენ, ბილეთების საქმეს აგვარებდნენ. ჩავთვალე, ახლობლებს ეხმარებიანმეთქი, ბევრი გარბოდა მაშინ თბილისიდან. 
დედა, ახალი ჯინსი მჭირდება და ებრაელებში გადავალმეთქი და არა, დოჩკა, ჯინსს "ცუმში" ან "გუმში" იყიდი ორ-სამ კვირაშიო.  
მომდევნო დღეები სიზმარში გავატარე: მექანიკურად დავდიოდი, საბუთების საქმეებს ვაგვარებდი, ტუტე დამყვებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. მალე არაბუშკამ დატოვა ქალაქი, ვტიროდი, თვალებში ვერ ვუყურებდი. უნდა მეთქვა მაშინ ტუტესთვის, არ გაუშვა ეგ გოგო, არ დათმო, მაგრამ ვერ მოვახერხე, თითქოს დამეზარა, თითქოს ყველა ფერი გახუნდა, თითქოს მე "მე" აღარ ვიყავი, თითქოს გამოვიფიტე, თითქოს გავბრუვდი. 
ნოემბრის დასაწყისში თოვლი მოვიდა, აცივდა, შუქს იშვიათად რთავდნენ, ქალაქი ჩაბნელდა, რამდენიმე დღეში გაზიც გაითიშა, ლექციებზე აღარ დავდიოდით, ოთახში საათობით მარტო ვიჯექი, ათასში ერთხელ დავითა შემოივლიდა, ფერი არ ედო, უაზროდ ლაპარაკობდა, ტუტეც აღარ ჩანდა. თანდათან მივხვდი, რომ ტყუილად ვდარდობდი, ვინაიდან სწორედ აქედან გაღწევა იყო ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი, ჩემნაირი ქალის ადგილი აქ აღარ იყო, უნდა წავსულიყავი, მე სხვა ცხოვრება მელოდა, სხვა ადამიანებს უნდა გავეცანი!
გამოვცოცხლდი, ენთუზიაზმით შევუდექი ბარგის ჩალაგებას, ჩემები გაკვირვებულები შემომცქეროდნენ.  ერთი სული მქონდა, როდის მოვშორდებოდი თბილისს, თუმცა, იოლად ვერ გავაღწიეთ, ვინაიდან ბილეთებზე მოთხოვნილება გაზრდილიყო. საბოლოოდ მატარებლითაც ძლივს გავემგზავრეთ. მხოლოდ დავითას და მაკრუშას დავემშვიდობე. ტუტესტან, ანდაზისტთან, ცანცრიკასთან და ცარცუნეცასთან დაკავშირება არ მომინდა. მხოლოდ წინ ვიხედებოდი, დარდისა და სინანულისთვის დროის ხარჯვა უაზრობად მივიჩნიე. მჯეროდა, რომ ზუსტად იქ მივდიოდი, სადაც ჩემი ადგილი იყო, რომ დიდი წარმატება მელოდა და მოსკოვში ჩემგან უძლიერესი ჟურნალისტი დადგებოდა. 
საქმეს მატარებელშივე შევუდექი: დავითას ნაჩუქარი აპარატი ამოვიღე და სურათების გადაღება დავიწყე. ასეთ ცხელ მასალას კიდევ სად ჩავიგდებდი ხელში?! 
ყველაფერს ვაფიქსირებდი: გაპარტახებულ და ჩაბნელებულ სადგურებს, სოფლებს, დაბებს, ქალაქებს, ნახევრად ჩამოხეულ საბჭოეთისდროინდელ პლაკატებს, ძეგლებს, გაუბედურებულ, თავგზაარეულ ადამიანებს. სარკინიგზო ხაზზე სრული განუკითხაობა სუფევდა და ამას მაშინ არავინ აშუქებდა. გამცილებლებისგან და მგზავრებისგან რა არ მოვისმინე: თურმე, მატარებლებს გზადაგზა შეიარაღებული ბანდები ესხმოდა თავს, მგზავრებს აწიოკებდნენ, ძარცვავდნენ, ქალებს ყურებიდან საყურეებს ახევდნენ, გოგონებს აუპტიურებდნენ და როგორც გავარკვიე, მსგავსი საფრთხისგან არც ჩვენ ვიყავით დაზღვეულები,  არ ვიცოდით წინ რა გველდა. თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. უძლიერეს ფოტო-რეპორტაჟს ვაცხობდი!
მეორე დღეს, შუადღეზე ერთ დაღესტნურ დაბაში გავჩერდით. ფანჯრიდან გავიხედე, ჩემები კუპეში არ იყვნენნ და ერთ სოფლელ ტიპს გავეკეკლუცე, ფოტოც გადავუღე. თვალის დახამხამებაში ჩემთან გაჩნდა, სამი ძმაკაცი ახლდა, რომ გავიღვიძე, ყელზე ფოტოაპარატი მეკიდა, ქვასავით მაგარ საწოლზე ვიწექი, ცხვრის სუნი მცემდა და ცხვრის ბღავილი მესმოდა!
არა, რააა!.. გახსენება არ მინდა.
ჩემები?.. ჩემებს ჯერ საპირფარეშოში გასული ვეგონე. მერე იფიქრეს, ფოტოებს იღებსო... ცოტა ხანში აფორიაქდნენ, გამცილებელს მიაკითხეს და ვაგონში დამიწყეს ძებნა, მალე მთელი მატარებელი ფეხზე დააყენეს... დღემდე დამეძებენ.
რამდენიმე წელიწადში დავითს შევხვდი. არაფერი მომიყოლია, თუმცა, ისედაც ყველაფერი იცის. ჩემი ტკივილი იქ დავტოვე, სადაც მომაყენეს, მხოლოდ საუკეთესო კადრები გამოვიყოლე. შავ-თეთრებია, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე ფერად და დაუვიწყარ დღეებს მახსენებს - ჩემი უნივერსიტეტისდროინდელ დღეებს. 


ჩემი რვეული უჯრედებიანია

მთავარი ციფრებია. ყველა ჩემსავით რომ თვლიდეს და ითვლიდეს, ეს ქვეყანა საათივით იქნებოდა აწყობილი, მაგრამ ადამიანებს, როგორც წესი, წესრიგი არ უყვართ.  
ტუტე მეუბნებოდა, მოკიდე იმ გოგოს ხელი, არ გაუშვაო. დავუჯერე და მაკრუშა ცოლად შევირთე. ქვეყანა ინგრეოდა, ომი ოყო, მაგრამ შევირთე. ახლა რომ ვუკვირდები, ბევრი ბიჭი უნდა მოქცეულიყო ჩემსავით და აღარ დარჩებოდა ჩვენი თაობის ამდენი გოგო დაუოჯახებელი. კაცებიც უფრო თვდაჯერებულები იქნებოდნენ. 
აფექტური, პარადოქსებით სავსე სტუდენტობა გვქონდა. მე და მაკრუშამ პირველი ბავშვი დავკარგეთ, გვეგონა თავზე ჩამოგვენგრეოდა  ცხოვრება, მაგრამ გამოიდარა. მეორე გვეყოლა, მაკრუშა მეცხრე თვეში იყო დიპლომები რომ ავიღეთ. არაფერი არ გვქონდა: არც გათბობა, არც შუქი, არც სარეცხი მანქანა, არც პამპერსები და ხელოვნური კვება ბავშვისთვის. ვსწავლობდით, ვმუშაობდით და წინ მივიწევდით. დღემდე ასე ვართ. მე ვითვლი და მაკრუშა მყვება, ის გათვლის და მე ვენდობოდი. 
ჩემი პროგნოზით, ტუტეს ლეილა უნდა შეერთო ცოლად - არც ხელიდან გაეშვა და არც ქალაქიდან. მაგრამ ტუტემ არ დამიჯერა და დღემდე მარტოა. კაწკას დავითასთვის უნდა მიეხედა - ბიჭსაც გადაარჩენდა და ქონებასაც. სად არის ახლა ან ერთ ან მეორე, კაცმა არ იცის!
კარგად გათვალა ცანცრიკამ. ეგ ჩალიჩა რომ იყო, თავიდანვე ეტყობოდა, მერე რა, რომ სულ ცხვირმოუხოცავი დადიოდა და ვაპანღურებდით. თავისი სიტყვა მაინც თქვა ცხოვრებაში. ეგ არის, რომ არ დაღვინდა, თუმცა, ჯერ დრო აქვს.
ძალინ ბევრი გათვალეს კამსამოლა ტიპებმა და ეგენი ჩემს სათვალავში არ არიან, არც ანდაზისტთან და არც ტუტესტან აქვთ ადგილი. ეჭვი მაქვს, ხოტბა და ქება არც კალამუნების დავთრებში ექნებათ შესხმული. 
ჩვენ ისევ ერთად ვართ, გვყავს ბაიკები და ბაიკები ჩვენთვის ტატუებს, ბუინძურ ტყავის ტანსაცმელს და სექსუალურ თანამგზავრ ქალებს არ ნიშნავს, ბაიკები ჩვენთვის ბიზნესი, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესია. 
კიდევ რა? 
ჩვენ მოგვწონს, როდესაც კაცი კაცს გავს, ქალი ქალს და არ გვეშინია ამის ხმამაღლა თქმა. ისიც მოგვწონს, ადამიანს თავი საკუთარი ერის ღირსეულ წარმომადგენლად როცა მიაჩნია  და გლობალური სამყაროს მიკროელემენტად ყოფნას არ ამჯობინებს. არ გვეთაკილება საკუთარი ტრდიციებს დაცვა და რელიგიური მრწამსის დაფიქსირება. ჩვენ ის სამოცდაათიანელები ვართ ოთხმოცდაათიანებში რომ გამოვიბრძმედეთ. 
ჩვენ სტუდენტობა კალამუნების დავთრებშია აღწერილი. ერთ დღეს ჩემს ცოლს ვთხოვ წამაკითხოს, ვიცი, ბევრ სიახლეს აღმოვაჩენ, თუმცა, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ. 
მაკრუშამ და არაბუშკამ ვრტუალურ სივრცეში ერთმანეთი მოძებნეს და ისევ განაახლეს მიმოწერა. ასე რომ, კალამუნები ისევ კალამუნობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კუთვნილი ისტორია გრძელდება.
მე კი ბევრი წერა არ შემიძლია. მე რაც არ უნდა დავწერო, მაინც ანგარიში გამომდის.

ჩემი რვეული ზღაპრების გუდაა

ბიჭებმა ანდაზისტი დამარქვეს. მიყვარს ზღაპრების, იგავების, ანდაზების და აფორიზმების საუბარში ჩართვა. განა ამაში ცუდია რამე? არ იფიქროთ ბიჭები დამცინიან ამის გამო. არა, ჩვენ შორის ეგეთები არ მოსულა! 
მე რაიონში გაზრდილი კაცი ვარ. თექვსმეტი წლისა უპატრონოდ დავრჩი და ბიძამ მიშვილა. ბიცოლაჩემი მაფრთხილებდა, წიგნებს ტვინს თუ არ დაასხამ, თერჯოლის გადასახვევს ვერ გაცდებიო. ოთხმოცდაცხრაში პირველად ჩამოვედი თბილისში, უნივერსიტეტში, ქიმიურზე გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ უმაღლეს შეფასებამდე ორი ქულა დამაკლდა. ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვიყავი, მონდომება არ დამიკლია, ამიტომაც შემეწია ღმერთი, დედ-მამის ლოცვა და მაინც ჩავირიცხე.
იმაშიც გამიმართლა, რომ ბინა ტუტეს და ცარცუნეცას მეზობლად დავიქირავე, უნივერსიტეტშიც მაგათ ჯგუფში აღმოვჩნდი. საღამოობით სახლის ქვეშ, ავტოფარეხში ბაიკებს აწყობდნენ, რამდენჯერმე დავეხმარე, ავტო-საქმეში ბადალი არ მყავდა. რამდენიმე თვეში ჩემი ნავაროტებიანი "იჟიც" ჩამოვიყვანე და დაიწყო გნიასი: ქალაქში ტრანსპორტი კანტი-კუნტად დადიოდა, ჩვენი იყო ბურთი და მოედანი. თავი კაცად ვიგრძენი! მაშინ დავრწმუნდი, იმ წელს რომ არ ჩამებარებინა, უსათუოდ ამიხდებოდა ბიცოლაჩემის მუქარა და ვინ იცის, ახლა სად ვიქნებოდი?  
ტუტე და მისი მეგობრები ნაღდი თბილისელი ბიჭები იყვნენ, მაგრამ ზემოდან არ მიყურებდნენ. მაგათ არ მოსწონდათ კაცი თავის ვინაობას რომ მალავდა, თავისი სოფლის სახელის გამჟღავნება რომ ეთაკილებოდა. გოგოებიც კარგები ჰყავდათ: კაწკა ჯიგარი და ამყოლი იყო, მაკრუშა ჩვენი ძმის შეყვარებული გახდა და დასავით ვექცეოდით, არაბუშკა ცოტა არ იყოს ქედმაღლობდა, ბაიკზე ჩემთან დაჯდომა ეთაკილებოდა. მე მგონი, მაგას მართლა ტუტე მოსწონდა, თუმცა, შეიძლება ვცდები - დიაგნოზების დასმაში ცარცუნეცა იყო მაგარი.
ყოველთვის მიკვირდა, დავითას ზედმეტი სახელი რომ არ ჰქონდა. ეგეთ ტიპებს, როგორც წესი, საკუთარი სახელებით არ იცნობენ ხოლმე. დავითა ეკლესიას ისე არ გაუვლიდა, რომ არ შესულიყო და აღმაშენებლის ხატთან სანთელი არ დაენთო. გვეუბნებოდა, რვა თებერვალი უმაგრესი დღეა და არ დაივიწყოთო!
თავიდან დავითა ტუტეს ნათესავი მეგონა - ერთმანეთს გავდნენ, გარდა ამისა, ტუტე დავითაზე ზრუნავდა და გამუდმებით უკან დასდევდა. დავითა ტუტესავით თბილი და გულიანი ადამიანი იყო. "გირჩაში" გვერდით დამისვამდა ხოლმე, ხელს გადამხვევდა და პატარა ბავშვივით მთხოვდა, ო ჰენრის ახალი მოთხრობა მომიყევიო. ზოგჯერ რაღაც სიტუაციას დამიხატავდა და შემეკითხებოდა, ამ ამბავს რა ანდაზა მოუხდებოდაო?
ერთხელ ბიჭები ჰემინგუეის დამკვიდრებულ ტერმინზე - "დაკარგულ თაობაზე" ვსაუბრობდით, ჩვენს ყოფას, ჩვენი "ბრძოლის ველს" და ფსიქოლოგიურ პერიპეტიებს ვაანალიზებდით. მე დავაბრეხვე: ჩვენ გადაშენების პირას მდგარი მცენარეები - შვიტები, გვიმრები და ლიკოპოდიუმები ვართ, ვცდილობთ შეგუებულობა გამოვიმუშავოთ ახალ გარემოში, მაგრამ მხოლოდ გვიმრებს უწერიათ გადარჩენამეთქი. დავითა იმ უძველესი მცენარეებით მოიხიბლა და დიდხანს იზეპირებდა მათ სახელებს. გამომძახებდა ხოლმე: ანდაზისტ, როგორ არის გვიმერები და რა?.. ჰო, ჰო, გვიმრები და…შვიტები!.. გვიმრები, შვიტები და ლიკო-რა?.. ლიკოპოდიუმები, ჰო!.. მე შვიტა ვარ ანდაზისტო, და გავქაჩავ, როგორ ფიქრობ?! 
ახლა, რვა თებერვალს ბიჭები ეკლესიაში რომ შევალთ და დავითასთვის სანთლებს დავანთებთ, რატომღაც ლოცვის ნაცვლად გულში ვიმეორებ: შვიტები, გვიმრები, ლიკოპოდოუმები, შვიტები, გვიმრები, ლიკოპოდოუმები... გული მწყდება დავითას გამო, ყველა შვიტაზე და ლიკოპოდიუმზე მწყდება გული.
ოთხმოცდაცამეტში ბევრი რამ შეიცვალა - ჩვენი თაობისთვის არავის ეცალა და ლექციები ხშირად ცდებოდა. დასახული მიზნებისკენ მიმავალ გზაზე წარმოქმნილ წინააღმდებგობებს ბევრმა ვერ გაუძლო. ახალგაზრდები არჩეულ პროფესიაზე იძულებით თუ საკუთარი სურვილით ხშირად ვამბობდით უარს. იმის კეთება დავიწყეთ, რაც უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა, რაც ცხოვრებაში თავს გაგვატანინებდა. 
ჩვენ ბაიკებს დავუბრუნდით, სერიოზულად ჩავუჯექით მათი აწყობა-გაყიდვის საქმს, შეკვეთებსაც ვიღებდით. მალე ქართულ ბაზარზე უცხოური ბაიკები გამოჩნდა, ვყიდულობდით, ვაწყობდით, კონცეპტუალურ მოდელებს ვქმნიდით. დროთა განმავლობაში სერიოზული კომპანია ჩამოვაყალიბეთ და საზღვარგარეთაც გავითქვით სახელი. ჩვენი წარმატება ტუტეს დამსახურება იყო, ოპტიმისტი კაცი გამოდგა. ცარცუნეცას დამსახურებაც იყო, აზრიანი თავი აღმოაჩნდა. მოკლედ რომ ვთქვა, გაგვიმართლა - ჩვენმა მატარებელმა სახიფათო რელსებზე მშვიდობით გაიარა, ჩვენმა სნთელ-საკმეველმა გზა არ დაკარგა. 


ჩემი რვეული?

იქნებ, სულაც არ ვარსებობ და მგობრებმა შექმნეს მითი ჩემს შესახებ... იქნებ, სტუდენტობა სიზმარი იყო... იქნებ, დაკარგულ ადამიანებს ტყულილად მივტირი და მე გამოვიგონე მათი ამბები?! 
დრო ისე სწრაფად ცვლიდა დეკორეციებს, შესაბამისი გრიმისა და კოსტიუმის მორგებას ვერ ვასწრებდი. ჩემი ცხოვრების ალბომი კონტრასტული ფოტოებით აივსო, თვალის ერთი გადავლებით მისი დათვალიერება წარმოუდგენელი გახდა. 
ტუტე იმიტომ დამარქვეს, რომ სიმჟავე და ცუდი ხასიათი ჩემთვის უცხო მცნებებია. სინამდვილეში ჩემში უამრავი ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს, თუმცა, მეგობრები მხოლოდ ტუტეს იღებენ. ყველას ოპტიმისტი ვგონივარ და ბოლო დროს ვცდილობ ადამიანებს იმედები აღარ გავუცრუო. წარსულში ისედაც საკმარისი შეცდომები დავუშვი: დავითას ვერ მივხედე, ოთხმოცდაცამეტის ზამთარში ყურადღება მოვაკელი და დავკარგე. არაბუშკას უძირო და მეოცნებე თვალებს მზერა მოვარიდე და საბოლოოდ დავემშვიდობე. კაწკაც იოლად დავთმე, ვიდექი სადგურის ბნელ კუთხეში და მშვიდად ვუყურებდი როგორ ავიდა ვაგონში, კუპეში ფანჯარასთან მოკალათდა და დავითას ფოტოაპარატი მაგიდაზე დადო.
ბაბუა ხშირად მიმეორებს: შენ რომ უნდა შეირთო, ის გოგო აწი აღარ დაიბადება, ისღა დაგრჩენია, თვალები გაახილო და მოძებნოო. უცნაურია, მაგრამ მაკრუშას სტილის ქალს დავეძებ. ვერ ვიტყვი, რომ მაკრუშა ძალიან ლამაზი, ექსტრავაგანტური ან უზომოდ განათლებულია. უბრალოდ, სამაგალითო ოჯახი შექმნა და ეს მხიბლავს მასში. როგორც ვატყობ, ჩვენს ასაკში სტაბილურობას განსაკუთრებულად აფასებს ადამიანი.  
ცარცუნეცა, რაც თავი მახსოვს ჩვენი ავტოფარეხის კედელზე ცარცით ხაზავს და თვლის ყველაფერს: ბაიკის კონსტრუქციებს, ქვეყნის ისტორიას, ჩვენს მომავალს: არაბუშკა+ტუტე; ცარცუნეცა+მაკრუშა; კაწკა+დავითა; ზოგჯერ მგონია, ამ წარწერებმა დამაპროგრამა, დამაშინა ან პირიქით, პროტესტის გრძნობა გამიჩინა. 
ერთი დანამდვილებით ვიცი: ჩემი სტიქია ქუჩის მტვერია. ახლა, მართალია ოცდამერთე საუკუნეა, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები მუზარადებით დავქრივართ ქალაქში. როდესაც ქრომირებულ მაყუჩებში მზე ირეკლება და მოსახვევში ორმოცდახუთ გრადუსიან კუთხეზე გადაწოლილი ბაიკით ვეწერები, ვგრძნობ, რომ ვცხოვრობ!  ვგრძნობ, რომ ჩემი საჯდომი იქ დევს, სადაც მისი ადგილია. 
პირველი ბაიკი ოთხმოციანებში მიყიდეს. ლიტერატორების ოჯახში ვიზრდებოდი და ყველა გააკვირვა ჩემების გადაწყვეტილებამ. უბრალოდ კარგად ვსწავლობდი და უარი ვერ მითხრეს. რას წარმოიდგენდნენ, ტექნოკრატი თუ ვიყავი და მათ ჰუმანიტურულ გეგმებს საფრთხე ემუქრებდა.
სკოლა რომ დავამთავრე, ჩვენს ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა დაიწყო. დაწყობილი ქვეყანა აირია თუ არეულის დაწყობა გადწყვიტეს, ჯერაც ვერ გამიგია. გამოცდების წინ ჩემებს გამოვუცხადე, ქიმიურზე ვაბარებმეთქი. ბეწვზე გადარჩნენ ინფარქტს. ჩავირიცხე. თუმცა, ოთხმოცდაცხრაში უმაღლესში მოწყობა დიდ ვაჟკაცობად არ ითვლებოდა. 
პირველი ორი წელი ასე თუ ისე ვსწავლობდით, მაგრამ მეტ დროს მაინც უნუვერსიტეტის ეზოში ვატარებდით, კალამუნებს წინ და უკან დავყვებოდით, გოჩა აბულაძის ლექცებს ვესწრებოდით. რიჟა კაწკას მად გადავეყარე, კარებში იდგა და მგონი იძახდა: მეორედ მოსვლა ახლოვდება და რომელ წყალში გადავვარდეო?! დახმარება შევთავაზე. ეგრევე წამომყვა. უკომპლექსო გოგო იყო, ყველაფერში აგყვებოდა.
ერთხელ, ჩემს სახლთან ახლოს ბაიკი გადაგვიყირავდა და კაწკა ჩემებთან ავიყვანე. ქალები აფორიაქდნენ: მაგ ბაიკს დაგიწვავთ, გოგოს რამე რომ მოსვლოდა, რას ფიქრობდიო! ზედმიწევნით მიხედეს, ნაკაწრები დაუმუშავეს, დამამშვიდებლები აყლაპეს. ბებიაჩემმა "დეტსკი კრემი" გადასცა: ფსიქპთერაპევტ კაშპიროვსკის ტელესეანსებზე ტელევიზორის წინ მედო და ყველაფერს არჩენსო. რა დრო იდგა, ხალხი ჭკუიდან შეშალეს, ბებიაც კი გადამირიეს!
კაწკას ძალიან მოეწონა ჩემები. ჩაიზე დარჩა, თუმცა, წიგნებზე რომ ჩამოვარდა საუბარი, დიდ გამჭრიახობა ვერ გამოიჩინა, მოკლედ რომ ვთქვა, დედაჩემის, ბაბუაჩემის და ჩემი დის ტესტები ვერ გაიარა. მაგის მაგივრად მე ვინერვიულე. ბოდიშიც მოვუხადე. არ მადარდებსო, - გამომიცხადა. მართლა არ ადარდებდა!  
სახლში რომ დავბრუნდი, ჩემმა მაწაკმა დამ წამკბინა: ასტრიდ ლინდგრენით თუ დააწყებინებ, სიბერეში "აივენჰოს" გაქაჩავსო. დედაჩემმა მომიჭრა: საშენო გოგო არ არისო. საღამოს, ტელევიზორის ყურების დროს ბაბუამ მხრებზე ხელი მომითათუნა და ჩუმად ჩამჩურჩულა: გიყვარს ბაბუ?.. ძილი მერეოდა და არ მახსოვს რა ვუპასუხე. უბრალოდ, მას მერე კაწკაზე არაფერი უკითხავთ. შემატყვეს, გული რომ ამიცრუვდა და დამშვიდდნენ.  
რამდენიმე დღის წინ მე და ანდაზისტი ცარცუნეცასთან ავდით. კალამუნები სკაიპით საუბრობდნენ და ჩვენც ჩავერთეთ, არაბუშკას ოჯახი გავიცანით. უცნაური იყო, თითქოს ოთხმოცდაათიანებში დავბრუნდი და ლეილას ისევ ვერ გავუსწორე თვალები. 
იმ დღეს გვიანობამდე დავრჩით ცარცუნეცასთან, ვსაუბრობდით, ვიხსენებდით. თურმე მაკრუშა ჩვენზე წიგნს წერს, ქმარმა გაყიდა, წიგნი ასე იწყება: "წინ ტუტეა, ჩვენ უკან მივყვებითო..."
მაკრუშა ვითომ გაიბუტა და თვალი ჩამიკრა. ყველა კარგ ხასიათზე დავდექით, თითქოს ფილმში გვიპირებდნენ გადაღებას. ვიგრძენთ, რომ სწორედ ახლა დამდგარიყო საუკეთესო დრო იქ დასაბრუნებლად, სადაც ერთმანთს დავუკავშირდით. 
დარწმუნებული ვარ, საინტერესო მოგზაურობა გველის. მაკრუშას ტყუილად კი არ მივანიჭე კალამუნის წოდება, ვიცი, გაქაჩავს! დროა, გაიხსენოთ ჩვენი თაობა, ყველამ შეიტყოს გადარჩენილი გვიმრების და დაკარგული შვიტებისა თუ ლიკოპოდიუმების შესახებ!
ყველა მოგონებას თავისი ადგილი, დრო და მუღამი აქვს. 

მაკა ლდოკონენი
"რეტულიტი"
2013წ

სხვა სტატიები »