ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმის ახალი ექსპონატები

თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმის ახალი ექსპონატები
23 მაისი, 2013
თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმს კიდევ ორი ემიგრანტის პირადი არქივი შეემატა.  არქივის ექსპონატების გამოფენა 2013 წლის მაისში მსოფლიო მუზეუმების კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ამავე თარიღს ემთხვევა ქართული ემიგრაციის მუზეუმის ოცი წლის იუბილეც.
ტელეკომპანია მე-9-ე არხის ამერიკის ბიუროს დირექტორმა რუსუდან წერეთელმა თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმს ცნობილი ემიგრანტი შემოქმედის ჯორჯ პაპაშვილის და ამერიკელი ქართველი მრეწველის ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძის) პირადი მასალები უსახსოვრა. ხოლო გურამ შარაძის მეუღლემ სვეტლანა გახარიამ და ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ მუზეუმს გადმოსცეს გურამ შარაძის პირად არქივში დაცული ჯორჯ პაპაშვილის მასალები, მათ შორის ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების პირადი წერილები და თავად გურამ შარაძის ნაშრომი ხელნაწერის სახით ჯორჯ პაპაშვილზე. ცალკეული მასალები ორივე ემიგრანტზე დაცული იყო მუზეუმში დაარსების დღიდან, ახლა კი ამ ექსპონატების შევსება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ემიგრანტის გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილის  წიგნი “Aნყტჰინგ ჩან Hაპპენ” – „ყველაფერი შეიძლება მოხდეს,“ 1945 წელს უოლტ უიტმენის, მარკ ტვენის, იულიამ ფოლკნერის, ერნესტ ჰემინგუეის და სხვა გამოჩენილი ადამიანების წიგნების გვერდით ამერიკის რჩეულთა ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა. ერთ წელიწადში წიგნი ბესთსელერად იქცა და ნახევარმილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მეორე მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც გიორგი პაპაშვილის სახელს უკავშირდება, მისი მოქანდაკეობაა. ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილის გვარ-სახელი შეტანილი იყო ისეთ სერიოზულ გამოცემებში, როგორებიცაა: ჭჰო’ს ჭჰო ინ Aმერიცან Aრტს  ასევე, ჭჰო’ს ჭჰო ინ Aმერიცან Lიტერატურე ოფ ტჰე 20ტჰ  ცენტურყ.
მუზეუმს საჩუქრად ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების სწორედ ეს წიგნი: „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ და ასევე წიგნი „შინ და კვლავ შინ“ გადმოეცა. ეს წიგნები ავტობიოგრაფიული ხასიათისაა .როგორც ცნობილია, ჯორჯი წიგნის შინაარსს კარნახობდა მეუღლეს და ის იწერდა.
მუზეუმს ასევე გადმოეცა გრანიტის ქვის ნატეხი, რომელისგანაც იქმნებოდა   ემიგრანტის ცნობილი ქანდაკებები; მისი ცხოვრების ამსახველი ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალა.
ჯორჯ პაპაშვილის არქივს ქალბატონმა სვეტლანა გახარიამ და რუსუდან შარაძემ შემოამატეს გურამ შარაძის პირად არქივში დაცული ემიგრანტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები, ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების პირადი წერილები, ფოტომასალა, ამონარიდები ამერიკაში გამოცემული გაზეთებიდან. არის ასევე მასალა რომელიც ჯერ არ არის დამუშავებული.
მუზეუმის მესვეურთა ინფორმაციით, კოლექცია მცირეა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქ დაცულია როგორ აღვნიშნეთ ჯორჯ პაპაშვილის ავტოგრაფებიც.
საყურადღებოა ის ფაქტიც რომ ემიგრანტი მეუღლესთან ერთად 1961 წელს იმყოფებოდა საქართველოში და ისინი იმყოფებოდნენ სტუმრად უნივერსიტეტში, შეხვდნენ დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის პროფესსორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.
მეორე მნიშვნელოვანი შენაძენი არის ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძის) არქივის შევსება. იგი მსოფლიოში სახელგანთქმული მინის მრეწველი იყო.  ჯორჯ კობის წარმოების საქონელბრუნვა 1929 წლისთვის 15 მილიონ დოლარს აღწევდა, სუფთა შემოსავალი კი _ 4 მილიონს. იმავე 9-ე არხის ამერიკის ბიუროს წარმომადგენელმა რუსუდან წერეთელმა თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმს გადასცა ჯორჯ კობის მიერ შექმნილი ნაძვის ხის სათამაშოები, რომელის წარმოებაც 1940-იანი წლებიდან დაიწყო ამერიკაში „კობი კლასის“ სახელწოდებით. პირველ სათამაშოზე რომელიც დაამზადა გამოსახული იყო ვაზის ფოთოლი. მის საწარმოში მზადდებოდა ქართველი ემიგრანტის გიორგი (პრინც) მაჩაბელის სუნამოებისთვის ფლაკონები.
მუზეუმში დაცული მასალების საფუძველზე შეიქმნა არაერთი პუბლიცისტური ნაშრომი და წიგნი.

სხვა სტატიები »