ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი საქმიანობას იწყებს

თსუ სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი საქმიანობას იწყებს
23 მაისი, 2013
8-12 მაისს თსუ სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი ცენტრის თანამშრომლებისთვის თემაზე „სასჯელის აღსრულების სფეროში კვლევითი საქმიანობის წარმოების მეთოდოლოგია“; პროექტის მხარდამჭერია დანიის საქართველოს პროგრამა `სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა~. ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ აქტივობებისა, რომელსაც სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი ახორციელებს.

ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიერ 2012 წლის დეკემბერში დაფუძნდა.  იგი აერთიანებს მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს, რომლებიც მუშაობენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში.
ცენტრის მიზნებია: პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა; არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის კვლევა; დამნაშავის პიროვნების შესწავლა; სამეცნიერო კვლევის და სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე სასჯელაღსრულების სისტემის სამართლიანად, ჰუმანურად, ეკონომიკურად და საერთაშორისო სტანდარტებით მართვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა სამინისტროსათვის; ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა.
ცენტრის ამოცანებია სამეცნიერო კვლევების ჩატარება; მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების მიცემა სასჯელთა აღსრულების პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობის მიზნით; სასჯელთა აღსრულების საერთაშორისო სტანდარტებისა და უცხოური გამოცდილების შესწავლა და საქართველოში იმპლემენტირების ხელშეწყობა; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში პრაქტიკული ხასიათის ლექცია-სემინარების და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება; პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა; სამეცნიერო კონფერენციებისა და ლექცია-სემინარების ჩატარება; სტუდენტების ჩართვა ცენტრის საქმიანობაში;
უცხო სახელმწიფოების შესაბამის ორგანიზაციებთან ერთობლივი კვლევის განხორციელება.
ამჟამად ცენტრი თანამშრომლობს მაასტრიხტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის დეპარტამენტთან (ჰოლანდია) გლობალურ პროექტზე, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო კვლევითი ქსელის დაფუძნებას, საერთაშორისო კვლევითი პროექტების განსახორციელებლად.
ასევე, ახლო მომავალში დადეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრის კლინიკის ჩამოყალიბება, რომელიც იფუნქციონირებს, როგორც სამაგისტრო სწავლების ერთ-ერთი პრაქტიკული კომპონენტი.

სხვა სტატიები »