ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ახალი ფიზიკური და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკები

ახალი ფიზიკური და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკები
23 მაისი, 2013
გეოგრაფია იმ მეცნიერებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის  სასწავლო პროცესში დამხმარე თვალსაჩინო მასალებს იყენებენ. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა გეოგრაფიულ რუკებს ენიჭება, რომელთა შექმნის დიდი გამოცდილებაც თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტს ნამდვილად აქვს.  დაახლოებით ნახევარი წლის წინ ამ ინსტიტუტის მეცნიერთა ძალისხმევით საქართველოს ეროვნული ატლასი გამოიცა, რომელიც სამეცნიერო-საცნობარო ხასიათის კომპლექსური გეოგრაფიულ-კარტოგრაფიული ნაკრებია.
სულ ახლახანს კი საზოგადოებას საქართველოს ახალი ფიზიკური და პოლიტიკურ ადმინისტრაციული რუკების ხილვის და შეძენის საშუალება მიეცა, რომელიც თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტში უახლეს კომპიუტერულ პროგრამებში თანამედროვე მონაცემების დამუშავების საფუძველზე შეიქმნა, რაც მათ მეცნიერულ ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის. რუკების შესაქმნელად მუშაობა  ბოლო რამდენიმე  წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისინი ფართო აუდიტორისთვისაა განკუთვნილი და ილუსტრირებულია ფერადი ფოტოსურათებით, რაც მომხმარებლებს  მათი შინაარსის უკეთ გაგებაში ეხმარება. რუკების ავტორები არიან:  რამინ გობეჯიშვილი - გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, ალექსანდრე ჯავახიშვილი _ გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. ლევან ტიელიძე - გეოგრაფიის მაგისტრი, დოქტორანტი.
“აქამდე სამომხმარებლო ბაზარზე არსებობდა სხვადასხვა შინაარსის რუკები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არაპროფესიონალი სპეციალისტების მიერ არის შედგენილი და შესაბამისად სერიოზული შეცდომებით და ხარვეზებით ხასიათდება. ჩვენს მიერ შექმნილი ახალი რუკები მათგან  შინაარსით, ინფორმაციის მიწოდების სტილით და დიზაინით განსხვავდება. ამ შემთხვევაში ავტორები მაქსიმალურად ცდილობენ მოზარდი თაობისთვის  და არა მარტო მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს შესახებ”,A_ აცხადებს რუკის ერთ-ერთი ავტორი ლევან ტიელიძე.
უახლოეს მომავალში ამავე მეცნიერ-გეოგრაფთა მიერ იგეგმება სხვადასხვა თემატიკის ორენოვანი რუკათა სერიის _ (ქართული და ინგლისური) გაკეთება. როგორც მათ მიაჩნიათ,  საქართველოთი ბევრი უცხოელია დაინტერესებული და შესაძლებელია, ამ რუკებმა ერთგვარი ,,სავიზიტო ბარათი“-ს როლიც კი ითამაშოს, ჩვენი ქვეყნის მათთვის უკეთესად გასაცნობად. ამავე დროს, მათი აზრით, შინაარსიანმა, ვიზუალურად მიმზიდველმა რუკებმა  ფართო საზოგადოების, და პირველ რიგში, სკოლის მოსწავლეებისათვის თავად გეოგრაფიისადმი ინტერესის მეტად გაღვივებას უნდა შეუწყოს ხელი.
 უახლოეს მომავალში  რუკების კიდევ ორი ვარიანტი, ტიპოლოგიური (პოლიგრაფიული) და ელექტრონული, მომზადდება რომელიც მალე თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე განთავსდება.

სხვა სტატიები »