ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

"ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი" ქართველი სტუდენტებისთვის

23 მაისი, 2013
სახელმძღვანელო “ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი”  სულ რამდენიმე თვეა რაც გამოიცა, თუმცა უკვე საკმაო რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებრივ წრეებსა და საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში, სადაც კი ლიტერატურისმცოდნეობა ისწავლება. როგორც მისი ავტორები აცხადებენ,  წიგნისადმი ინტერესი იმდენად დიდია, რომ 2013 წლისთვის მისი ახალი ტირაჟით გამოცემაა დაგეგმილი.
წიგნი - “ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი” - სამეც­ნი­ერო საგრანტო პროექტის - `ლიტერატურისმცოდნეობითი დის­კურსი. თანამედროვე კვლევები~ - ფარგლებში (დონორი ორგანიზაცია - რუს­თა­ველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) მომზადდა. პროექტი 2007-2010 წლებში თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების პროფესორების მონაწილებით განხორციელდა.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი და წიგნის რედაქტორი ირმა რატიანი განმარტავს: “პროექტზე მუშაობის დაწყება, ძირითადად, იმით იყო განპირობებული, რომ საბჭოთა ეპოქაში გამოცემული სახელმძღვანე­ლო­ები, საბჭოთა იდეოლოგიისა და პოეტიკის კა­ნო­ნების ზეგავლენას განიცდიდნენ და თანამედროვე მო­თხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდნენ. ამასთან, ლიტერატურისმცოდნეობის დარგმა მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ცვლილებები გა­ნი­ცა­და, რომელთა ასახვაც ძველი ტიპის სახელმძღვანელოებში შეუძლებელი იყო. სახელმძღვანელო მო­იცავს საბაზისო ლიტერატურისმცოდნეობითი ცნებების ანალიზს, ახალი მეთოდოლოგიებისა და კონცეფციების გათვალისწინებით. ლიტე­რა­ტურული ტექსტის მნიშვნელოვანი სტრუქტურული ელე­მენ­ტე­ბი მასში თანამედროვე ფილოლოგიური სტან­დარ­ტების მიხედვითაა გააზრებული, ხოლო რთული პრობლემები გადმოცემულია მაქ­სიმალური სიცხადით”.
სახელმძღვანელოში გამოყენებულია როგორც კლასიკური, ისე _ თანამედროვე ლიტერატურისმცოდნეობითი შრომები. წიგნში შესულია შემდეგი ნარკვევები: ლიტერატურისმცოდნეობა და მისი შემადგენელი დისციპლინები; ავტორი და ტექსტი; ფორმა და შინაარსი; თემა და მხატვრული იდეა; ფაბულა და სიუჟეტი; მოტივი; პორტრეტი; მხატვრული სახე; თხრობა; ენის პოეტური ფუნქციის შესახებ; პოეტური ლექსიკა; პოეტური სემანტიკა. ტროპები; პოეტური ტექსტის სინტაქსი; ლექსის ფონიკა; კომპოზიცია; სტილი; ლექსწყობის სისტემები; ლიტერატურული გვარები და ჟანრები.
გამოყენებულია ისეთ ავტორთა შრომები, როგორებიც არიან: რომან იაკობსონი, ანტუან კომპანიონი, იური ლოტმანი, ჟერარ ჟენეტი, ჯონათან ქალერი, ცვეტან ტოდოროვი, მიხაილ ბახტინი, ჰანს-გეორგ გადამერი, ვიქტორ შკლოვსკი, რომან ინგარდენი, ბორის ეიხენბაუმი, ალექსანდრ ვესელოვსკი, ალექსეი ლოსევი, ელიაზარ მელეტინსკი,  ბორის ტომაშევსკი, ვლადიმირ პროპი, იოჰან ჰაიზინგა და მრავალი სხვა.
”წიგნის ავტორები _ დარგის ქართველი სპეციალისტები, თა­ნა­მედროვე მოსაზრებებსა და თეორიულ მიდგომებზე დაყ­რდნო­ბით, შეუძღვებიან მკითხველს ლიტერატურული ტექსტის რთულ­სა და მრავალწახნაგოვან სამყაროში. აღნიშნული წიგნის გამო­ყენე­ბა მიზანშეწონილია როგორც ფილოლოგიური, ისე, ზო­გადად, ჰუ­მა­ნიტარული პროფილის სტუდენტებთან სწავლების ყველა სა­ფეხურზე: ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში” – აცხადებს ირმა რატიანი.
წიგნის დიდი ნაწილი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ მომზადდა  და შეივსო თსუ პროფესორ­თა სალექციო კურსებისა  და სემინარული მუშაობის მრავალ­წლი­ანი გამოცდილების გათვალისწინებით. კვლევაში ჩართულნი იყვნენ ცნობილი ქართველი მკვლევრები, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორები: ირმა რატიანი, თენგიზ კიკაჩეიშვილი, რამაზ ჭილაია, თეიმურაზ დოიაშვილი, გაგა ლომიძე, ლევან ბრეგაძე, თამარ ლომიძე, რუსუდან ცანავა, სოლომონ ტაბუცაძე, ვენერა კავთიაშვილი, თამარ ბარბაქაძე, მაია ნაჭყებია, ნინო პოპიაშვილი, თინათინ ბოლქვაძე.
“ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი”  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ მრავალ სახელმძღვანელოთა შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცემაა.

სხვა სტატიები »