ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გერმანული ენის გრამატიკის ოთხტომეული - ქართველი ავტორისგან

გერმანული ენის გრამატიკის ოთხტომეული - ქართველი ავტორისგან
23 მაისი, 2013
„გერმანული ენის გრამატიკის” ოთხტომეული არის თანამედროვე გერმანული ენის პირველი ფუნდამენტური, აკადემიური გრა­მა­ტი­კა, განკუთვნილი ქართულენოვან შემსწავლელთათვის. წიგნი ენის პრაქტიკულ გამოყენებაზეა ორიენტირებული და მიზნად ისა­ხავს: სალიტერატურო გერმანული ენის სისტემისა და მისი ფუნქციონირების სრულყოფილ აღწერას როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ პლანში; ზოგად კანონზომიერებათა და სრულყოფილ ენობრივ ფორმათა გვერდით ასევე ენის ელიფსური ფორმების, პერიფერიული მოვლენების, გამო­ნაკლისი შემთხვევებისა და გადახრა-ანომალიების წარმოჩენას; ენობრივ ფენომენთა ანალიზს წერილობითი წყაროებიდან და ზეპირი მეტყველებიდან შერჩეულ ნიმუშებზე დაყრდნობით, უპირველესად საკუთრივ ლინგვისტური, მაგრამ ასევე ლინგვოპრაგმატული პოზიციებიდან, მათი საკომუნიკაციო დატვირთულობის, ტექსტში ფუნქციონირების, სტილური შეფერილობისა და სოციალური მარკირებულობის გათვალისწინებით.” – ვკითხულობთ წიგნის შესავალში და უკვე გარკვეული წარმოდგენა გვექმნება ნაშრომის განაცხადზე, მის კონდიციებსა და პარამეტრებზე (მოცულობა 1850 გვ.). ნაშრომის ავტორი არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დასავლეთევროპული ფილოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი, დოქტორი მარინა (მარიკა) ანდრაზაშვილი.

წიგნის პირველი გამოცემა მზადდებოდა 1992–2003 წლებში, როცა მარიკა ანდრაზაშვილი შემოქმედებითი მივლინებით იმყოფებოდა ბერლინის თავისუფალი უნი­ვერსი­ტეტის გერმანული და ნიდერლანდური ენათმეცნიერების მიმართულებაზე.  მეორე, სრულიად გადამუშავებული და გავრცობილი ვერსია მომზადდა ასევე გერმანიაში, ავტორის შემოქმედებითი მივლინების ფარგლებში 2007–2009 წლებში მანჰაიმის გერმანული ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ნაშრომის ორივე გამოცემის შექმნასთან დაკავშირებული თანხები მთლიანად თავის თავზე აიღო გერმანულმა მხარემ. კერძოდ, გოეთე-ინსტიტუტმა უზრუნველყო პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები; მის ხორცშესხმას კი აფინანსებდნენ: გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური, გერმანიის კათოლიკური აკადემიური გაცვლის სამსახური და ფრიც თიუსენის სახელობის ფონ­დები. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი – და ეს ალბათ ნაშრომისთვის ყველაზე პირუთვნელი შეფასებაა – რომ ზემოხსენებული ოთხტომეული პირველი წიგნია საქართველოდან, რომელიც (გერმანულენოვანი მანუსკრიპტითურთ) შეტანილია მანჰაიმის გერმანული ენის ინტიტუტის ბიბლიოთეკის მუდმივ ფონდში და განთავსებულია ონლაინკატალოგში.
“გერმანული ენის გრამატიკის” პირველი ტომი (მორფოლოგია I) გვაცნობს ნაშრომის თეორიულ პრესუპოზიციებს, მეთოდოლოგიურ საფუძვლებს, ამოსავალ პრინციპებს, მიზანსა და დანიშნულებას; ასევე, ნაშრომის სტრუქტურას და შემსწავლელთა საორიენტაციო ჯგუფს სათანადო მითითებებით წიგნით სარგებლობის შესახებ. ლინგვისტური შესავალი მოკლედ მიმოიხილავს გრამატიკის საგანს, მის მიმართებას ენისადმი, როგორც აღსაწერი ობიექტისადმი, განსაზღვრავს გრამატიკის ადგილს ენათმეცნიერულ დისციპლინათა შორის; განმარტავს ენის არსსა და ფუნქციებს, გამოყოფს ენობრივ დონეებსა და მათ ერთეულებს; იძლევა იმ ამოსავალ ტერმინთა დეფინიციას, რომლებიც ნაშრომის სამუშაო ერთეულებს ქმნის. I ტომის ძირითადი კორპუსი განიხილავს (მეტყველების ნაწილთა შესახებ მოძღვრების ფარგლებში) ზმნას, არსებით სახელსა და არტიკლს მათთვის სპეციფიკური ფორმალურ-კატეგორიული, ფუნქციურ-სემანტიკური და სინტაქსური პარამეტრების გათვალისწინებით.
მეორე ტომი (მორფოლოგია II) წარმოგვიდგენს მეტყველების დანარჩენ ნაწილებს _ ზედსართავ სახელს, რიცხვით სახელს, ნაცვალსახელს, ზმნი­ზედას, წინდებულს, კავშირს, ნაწილაკს, შორისდებულს _ მათი სიტყვაწარმოებითი სტრუქტურის, მორფოლოგიური მახასიათებლებისა და სინტაქსური პოტენციალის მიხედვით.
მესამე ტომი (სინტაქსი I) მარტივ წინადადებას ეძღვნება. ის განიხილავს მარტივი წინადადების სტრუქტურულ, საკომუნიკაციო და ფორმალურ ტიპებს; აღწერს სიტყვაფორმათა ურთიერთშეკავშირების გზებს შესიტყვებათა/სინტაგმათა და წინადადებათა მიღების მიზნით; გვაცნობს წინადადების წევრებსა და მათი განლაგების კანონზომიერებას წინადადების ფარგლებში  (წინაველში, შუაველსა და უკანაველში) სინტაქსურ-სტრუქტურული და საკომუნიკაციო-პრაგმატული ასპექტების გათვალისწინებით; წარმოაჩენს წინადადების თემა-რემატულ ორგანიზების არსს ტექსტის აგებასთან მიმართებაში; გვაცნობს წინადადების მოდელირების წესებსა და გერმანული ენისთვის სპეციფიკურ წინადადების მოდელებს; აღწერს თავისებური აგებულების წინადადებებს სტრუქტურულად, ისევე როგორც ტექსტის ჟანრებთან მიმართებაში.
მეოთხე ტომი (სინტაქსი II) რთულ წინადადებას ეძღვნება. იგი განიხილავს რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადებების/კომპლექსების პარალელურად ასევე მრავალგზის გართულებულ წინადადებებს – პერიოდებს როგორც სტრუქტურული, ისე ლოგიკურ-სემანტიკური და საკომუნიკაციო დანიშნულების კუთხით; მსჯელობს დამოკიდებულ წინადადებათა კლასიფიკაციის ზოგად (ფორმალურ, ტოპოლოგიურ, სტრუქტურულ, ლოგიკურ-სემანტიკურ) პრინციპებზე; აღწერს დამოკიდებულ წინადადებათა ცალკეულ სინტაქსურ-სემანტიკურ ტიპებს (წევრ-წინადადებას, წევრის ნაწილ-წინადადებასა და მირთულ წინადადებას; ვალენტობით შეპირობებულსა და ვალენტობისგან დამოუკიდებლად არსებულს, გარემოებითს და ა.შ.).
მეოთხე ტომს დართული აქვს ასევე მთელი ნაშრომის მიმართ შედგენილი დაწვრილებითი სამეცნიერო-ტექნიკური კორპუსი, რომელიც მოიცავს: ბოლოთქმას (გერმანულ ენაზე), გაერთიანებულ სარჩევს, ბიბლიოგრაფიასა და იერარქიული სტრუქტურის/სამსაფეხურიან (ქართველი მკითხველისთვის რამდენადმე უჩვეულო), ერთდროულად შიდაანბანური და თემატური პრინციპის დაცვით აგებულ სიტყვათ- და ტერმინთსაძიებლებს (ქართულსა და გერმანულ ენებზე).  
როგორც ზემოხსენებული ოთხტომეულის ავტორი აღნიშნავს, ნაშრომი აგებულია კლასიკური გრამატიკის მოდელზე. მის თეორიულ წანამძღვრებად სახელდება: ვალენტობის თეორია, უშუალო შემადგენელთა გრამატიკა, გენერატიული გრამატიკა, ფუნქციონალური გრამატიკა, ასევე ლოგიკური სინტაქსი და შინაარსზე ორიენტირებული გრამატიკა. ცალკეულ ენობრივ კანონზომიერებებში წვდომის მიზნით წიგნში შესაბამისად გამოყენებულია კვლევის თანამედროვე მეთოდები (სუბსტიტუციის, პერმუტაციის, ტრანსფორმაციის, პარადიგმის აღდგენის..., ისევე სემურ-კომპონენტური ანალიზის, სემანტიკური სელექციის, პე­რიფ­რაზირებისა და ა.შ. ტესტები). მასალის მიწოდების მორფოსინტაქსური ფორმით ავტორი აღწევს, ენობრივი მოვლენები წარუდგინოს მკითხველს პარალელურად პარადიგმატულსა და სინტაგმატურ განზომილებებში; ნაშრომის აგების ძირითადად დესკრიპტიული/აღწერილობითი ხასითი გარკვეულწილად დაქვემდებარებულია პრესკრიპტიულობის/ნორმატიულობის პრინციპებისადმი, რათა საშუალება მიეცეს ენის შემსწავლელს, სწორი/მისაღები/სასურველი ენობრივი ფორმები გამიჯნოს არასწორისა თუ ნაკლებსასურველისგან, გააცნობიეროს მათი სტილური სტატუსი და ადეკვატურად გამოიყენოს ისინი ტექსტში.
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით ნაშრომი კონტრასტული ლინგვისტიკის პრინციპებს ეფუძნება, კერძოდ კი უშუალოდ ქართუ­ლი და გერმა­ნული ენების შეპირისპირებითი კვლევისას გამოვლე­ნილ ენობრივი ინტერფერენციისა და ტრანსფერენციის მომენტებს, მაგრამ გარკ­ვეულ მოსაზრებათა გამო, შეგნებულად არიდებს თავს ენობრივ მოვ­ლე­ნათა პარალელურ აღწერას. ნაცვლად ამისა ის ახდენს _ შემსწავლელი კოლექტივის  მშობ­ლიური ენის სისტემისა და შემსწავლელთა მიერ სკოლაში ენების (ქარ­თულის, რუსულის, ინგლისურის, ფრანგულის) შესწავლისას დაგროვებულ პრაქტიკულ ენათმეცნიერულ გამოცდილებაზე დაყრდნობით _ ქართულენოვან აუდიტორიაში მოსალოდნელ შეცდომათა პროგნოსტიცირება-დიაგნოსტიცირებას და პოულობს მათი დაძლევის პრაქტიკულ გზებს.
მკითხველისთვის თავისთავად, უკვე სიახლეა „გერმანული ენის გრამატიკის” ოთხტომეული, რადგან ანალოგიურად სრულყოფილი ნაშრომი აქამდე არ არსებობდა, მითუმეტეს, თუ იმასაც ვიტყვით, რომ წიგნი შედგენილია თანამედროვე გერმანისტული ლინგვისტიკის უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით. ნაშრომის ინოვაციურობის განმაპირობებელია ასევე მისი მეთოდოლოგიური საფუძველი, ანუ, აგება კონტრასტული ლინგვისტიკის პრინციპებზე ენობრივი ინტერფერენციისა და ტრანსფერენციის მომენტების გათვალისწინებით; სიახლეა ისიც, რომ ნაშრომში წარმოდგენილი ბევრი საკითხი (მაგ.: თავისებური აგებულების წინადადებების ფუნქციონირების დახასიათება ტექსტის ჟანრებთან მიმართებაში; ნაწილაკებისა და შორისდებულების სემანტიკურ-სტილური ნიუანსების წარმოჩენა მათი ურთიერთგადაკვეთის სფეროების გათვალისწინებით და ა.შ.) უცხოელთათვის შედგენილ ანალოგიური ტიპის გრამატიკებში, როგორც წესი, მხოლოდ გაკვრით, არაექსპლიციტურად არის მოწოდებული, თუ არ ვიტყვით, რომ მეტწილად იგნორირებულია.
ნაშრომი ასევე პირველად გვთავაზობს საკუთრივ გერმანულ ენობრივ მოვლენათა აღმნიშვნელი ტერმინებისთვის ზუსტად მისადაგებულ ქართულ ეკვივალენტებს, რომელთა გადმოსაცემადაც ქართული გერმანისტიკა მანამდე აღწერილობით ფორმებს მიმართავდა; და ეს გაკეთებულია არა გერმანულ ტერმინთა ძალდატანებითი, სიტყვასიტყვითი გადმოქართულების ხარჯზე, არამედ მეტწილად მათი რეფერენციალური მნიშვნელობიდან ამოსვლის გზით.
ახალია საილუსტრაციო მასალის ბლოკებად დალაგებისა და სირთულის პროგრესირების გათვალისწინებით მიწოდების ფორმაც, ისევე როგორც (მკითხველისთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით) თვით ნიმუშთა თემატურ-ჟანრობრივი მრავალფეროვნება და ინფორმაციული სისავსე გერმანულენოვანი სამყაროს რეალიებთან მიმართებაში.
ნაშრომი, მისი ფუნქციური დატვირთულობიდან _ მონოგრაფიული, საცნობარო და სახელმძღვანელო ხასიათიდან _ გამომდინარე, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ენის თეორიულ ასპექტებზე მომუშავე მკვლევართა, ისე გრამატიკული ცოდნის პრაქტიკულად დაუფლება-სრულყოფის მსურველთა მიერ. უშუალო მიზნობრივ ჯგუფად მოიაზრებიან უმაღლეს სასწავლებელთა სპეციალური ანუ გერმანისტიკის განხრის სტუდენტები, თუმცა ის ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს არასპეციალური (ჰუმანიტარული, სოციალური, საბუნებისმეტყველო...) განხრის სტუდენტების მიერ სწავლების ყველა დონეზე, თარჯიმან-მთარგმნელებისა და საზოგადოდ, ენით დაინტერესებული მოზრდილი ასაკის არადამწყები ნებისმიერი შემსწავლელის მიერ.

სხვა სტატიები »