ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტები - საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესზე

თსუ სტუდენტები - საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესზე
2 აპრილი, 2013
თსუ სტუდენტებმა ტრადიციისამებრ წელსაც გაიმარჯვეს ფილიპ ჯესაფის სახელობის საერთაშორისო საჯარო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნულ რაუნდში

2013 წლის მარტის ბოლოს ვაშინგტონში თსუ სტუდენტთა გუნდი საქართველოს სახელს საერთაშორისო შეჯიბრზე დაიცავს.  საუბარია ფილიპ ჯესაფის სახელობის საერთაშორისო საჯარო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე, რომელიც  გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სიმულაციას წარმოადგენს. შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბით 50 წელზე მეტია ტარდება და მასში 120 ქვეყნის 500-ზე მეტი უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობს. თსუ გუნდმა შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ეროვნულ რაუნდში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. ფინალი 2013 წლის თებერვალში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შედგა და მასში ერთმანეთს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის  გუნდები შეხვდნენ. იმიტირებული პროცესის მოსამართლეებმა არგუმენტების, დასკვნებისა და მსჯელობის საფუძველზე გამარჯვებულად  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაასახელეს. ოთხმოც ქულიანი უპირატესობის მოპოვებასთან ერთად, თსუ გუნდმა ასევე საუკეთესო ინდივიდუალური და  წერითი მოხსენებების ნომინაციებში გაიმარჯვა. შეჯიბრის საუკეთესო მომხსენებლად  თსუ გუნდის წევრი ნიკა გიგაშვილი დასახელდა, რომელიც სამართალმცოდნეობის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. გუნდის შემადგენლობაში არიან ასევე: ნათია ზოიძე – საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ელენე მებონია - სამართალმცოდნეობის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის  სტუდენტი, საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ანა რეხვიაშვილი და ქეთევან ცანავა.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტი-ტუტის მიერ საერთაშორისო საჯარო სამართლის იმიტირებული სასა-მართლო პროცესებისთვის სტუდენტების მოსამზადებლად სპეციალური კურსი 2010 წელს იქნა შემოღებული. კურსს თსუ სრული პროფესორი, სამართლის დოქტორი ქეთევან ხუციშვილი ხელმძღვანელობს. ფილიპ ჯესაფის სახელობის საერთაშორისო საჯარო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობისთვის ჯგუფს მწვრთნელის რანგში წელს ასევე საერთაშორისო სამართლის მიმართულების კურსდამთავრებული სოფიო წაქაძე დაეხმარა, რომელმაც თსუ სტუდენტების გუნდთან მოსამზადებელ პერიოდში ძალზე ინტენსიურად იმუშავა.
როგორც თსუ რექტორის მოადგილე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი Lლევან ალექსიძე აღნიშნავს: “ის ფაქტი, რომ 2013 წლის საქართველოს ეროვნულ შეჯიბრში თსუ სტუდენტები კვლავაც მომზადების მაღალი დონით გამოირჩეოდნენ, რაც  ორგანიზატორებისა და მსაჯების მხრიდანაც აღინიშნა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების მიერ შემუშავებული საერთაშორისო იმიტირებული პროცესების მოდულის წარმატებულობის დასტურია.  იმიტირებული სასამართლო პროცესების მოდულის ამოქმედების მთავარი იდეა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების  საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად მაღალ დონეზე მომზადებაში მდგომარეობს”.
ლევან ალექსიძის შეფასებით, სამართლის დარგში პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსები, როგორებიცაა  ჯესაფის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი (საერთაშორისო რაუნდი _ ვაშინგტონი), ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი (საერთაშორისო რაუნდი _ ჰააგა), სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის იმიტირებული პროცესი, პიქტეს სახელობის კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში თუ სხვა, სტუდენტებს ბევრ  შესაძლებლობას აძლევს. Kკონკრეტულად:  სამართლის მრავალ დარგში ცოდნის გაღრმავების, უცხოენოვან ლიტერატურასთან მუშაობის, იურისტისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების, კვლევითი საქმიანობის წარმოების და ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესების,  აშშ და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, ასევე ამ უნივერსიტეტების  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან ურთიერთობის დამყარების საშუალებას.
აღსანიშნავია, რომ თსუ გუნდები სისტემატურად იკავებენ საპრიზო ადგილებს ან სხვადასხვა ნომინაციებში იმარჯვებენ. 2011 წელს თსუ გუნდი ჯესაფის სახელობის იმიტირებულ პროცესში 500 გუნდიდან 25 საუკეთესოში დასახელდა. ამავდროულად გუნდის მიერ მომზადებული სარჩელი და შესაგებელი საუკეთესო წერით ნამუშევრებად იქნა აღიარებული. უფრო ადრე კი, კერძოდ 2009 წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ტაივანში გამართულ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის იმიტირებულ სასამართლო პროცესში საერთაშორისო წერით რაუნდში პირველი ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები »