ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უმაღლესი განათლება - საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის

21 აპრილი, 2013
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი ახლო მომავალში, ამერიკელ პარტნიორთან თანამშრომლობით, ერთობლივი პროგრამების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, მუშავდება ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის პროექტი, რომლის თანახმად თსუ სტუდენტების განსწავლაში აქტიურ მონაწილეობას ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მიიღებს. ინსტიტუტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საუნივერსიტეტო სტატუსი შეიძინა, უკვე უზრუნველყოფს მაღალი დონის დიპლომირებული სპეციალისტების გამოშვებას, რასაც აქ მოხვედრის მსურველთა რაოდენობაც ადასტურებს. Aამ და სხვა სიახლეების შესახებ ჩვენ ინსტიტუტის დირექტორს, სრულ პროფესორს მაია მარგველაშვილს ვესაუბრეთ.

_ ჩვენ უკვე გვყავს ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული 1200 სტუდენტი და კიდევ 400-მდე „მაინორი“ ჩვენივე უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებიდან. 2012 წელს ტურიზმის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე 300 ადგილზე  1700-მდე განცხადება იყო შემოსული. გასულ წელს ასეთი კონკურსი არც ერთ სხვა მიმართულებაზე არ დაფიქსირებულა.  ზამთრის მობილობაზე 170 განაცხადი იყო და ადგილი კი სულ 30 გვქონდა. ასეთი კონკურსის პირობებში  შერჩევა ძალიან რთულია, თუმცა ამას მარტივი წესით ვახერხებთ _ ყველაზე მაღალი ქულებით ვიღებთ.
წელს სტუდენტთა უფრო მრავალფეროვან სპექტრს უნდა ველოდოთ, რადგან თუ მანამდე ტურიზმის სკოლის კურსადმთავრებულებს მხოლოდ სერტიფიკატის მიღება შეეძლოთ,  ახლა  ჩვენ უკვე  დიპლომირებული სპეციალისტების გამოშვება შეგვიძლია. წელს გვაქვს ამბიცია, რომ გამოვაცხადოთ მიღება სამ ერთწლიან სადიპლომო პროგრამაზე ტურიზმში. ვფიქრობთ ასევე  პროფესიული პროგრამების განხორციელებას ქუთაისის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ფილიალშიც.  
ადამიანები იგივე ტურიზმში მეცნიერული საქმიანობის გასაგრძელებლად პროფილს შემდგომ ირჩევენ.  ვფიქრობ,  უნდა მოხდეს რანჟირება, ცალკე უნდა გამოცხადდეს სასტუმრო ბიზნესზე პროგრამა. სპექტრი ძალიან დიდია, რადგან მთელს მსოფლიოში, სპორტის  და ავიაციის მენეჯმენტიც ტურიზმის ნაწილია. აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება ამ პროფილის ორგანიზაციების მენეჯმენტი და მართვა მომსახურების სფეროში.
_ რამდენადაც ვიცი თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით ამერიკელ პარტნიორებთან, თუმცა თქვენი გეგმები მხოლოდ ამით არ იფარგლება...
_ გრძელდება ადრე დაწყებული მუშაობა სამაგისტრო პროგრამაზე ამერიკელ პარტნიორებთან.  შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტთან ერთად ყველა საფეხურის პროგრამაზე, მათ შორის სადოქტოროზე, უკვე გაგვაჩნია ხელშეკრულება. რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამას, საუბარია სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტთან ერთობლივი დიპლომის მქონე სამაგისტრო პროგრამაზე. ამგვარი ერთობლივი დიპლომი საქართველოში იშვიათობაა. ამერიკელი პარტნიორის მხრიდან არსებობს გარკვეული პირობები, კერძოდ: ტურიზმის სკოლაში საქმიანობა მათი  აკადემიური პერსონალით უნდა წარიმართოს და პარალელურ რეჟიმში გადამზადდეს ჩვენი პერსონალი. ისინი განახორციელებენ მონიტორინგს და პერმანენტულად იზრუნებენ ხარისხის განვითარებაზე. მეორე, საბაკალავრო პროგრამასთან დაკაშირებული პროექტით, ბაკალავრები სამი წელი ისწავლიან საქართველოში, ამერიკული აკადემიური პერსონალის აქტიური მონაწილეობით და მეოთხე კურსს კი უკვე სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში გაივლიან, სადაც ერთობლივ დიპლომს აიღებენ.
_ რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელიც ტურიზმის სკოლაში განხორციელდა, რისი თქმა შეიძლება ამ კუთხით?
_ დღეისათვის ინსტიტუტი უკვე  სამ სტრუქტურულ დანაყოფს აერთიანებს.  ეს გახლავთ ტურიზმის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ბაკალავრიატის საფეხურით იფარგლება, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც მაგისტრანტების და დოქტორანტების  სამუშაო ადგილი იქნება და პროფესიული გადამზადების ცენტრის ფუნქციას შეასრულებს.  სამეცნიერო კვლევითი ცენტრი სამეცნიერო კვლევითი მიმართულების განსავითარებლად კვლევებს და ბიზნეს პროექტებს მოამზადებს. აქცენტი  ძირითადად პროექტების შექმნაზე და შემდეგ მათ მაქსიმალურ რეალიზებაზე, გრანტების მოძიებაზე გაკეთდება. მესამე სტრუქტურა, პროფესიული გადამზადების ე.წ ტრენინგ ცენტრია, რომელიც  საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ცალკე გამოგვეყო. იგი  სადიპლომო პროგრამებზე სტუდენტების  ეროვნული გამოცდიდან მიზიდვაზე იზრუნებს.  გვაქვს ასევე გეგმა,  უცხოეთიდან, იგივე შეერთებული შტატებიდან კონკრეტული პერიოდით ტურიზმის სფეროში მსოფლიოში  ცნობილი პიროვნებების მოწვევის თაობაზე. მას შემდეგ, რაც მსოფლიო დონის სპეციალისტი ჩამოვა და ტრენინგს ჩაატარებს, სტუდენტი მიიღებს იმის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომ  გადამზადების კურსი დარგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტორიტეტთან გაიარა.
დღეს საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ტურიზმში ადამიანური რესურსის სიმწირე ცხადზე ცხადია. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ტურიზმი ზოგადად  ახალი დარგია. ჩვენ ვაპირებთ მივეხმაროთ მთავრობას და სახელმწიფოს ტურიზმის დარგის განვითარებაში. კერძოდ, დღეს საქართველოში არ არის დანერგილი ეკონომიკური მაჩვენებლების მიღების მეთოდოლოგია.  პრაქტიკულად ამის გამო, საქართველო არ არის ტურიზმის ჭრილში წარმოდგენილი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში და სხვადასხვა რანჟირებებში. საქართველოს მონაცემებს უბრალოდ არ ღებულობენ, რადგან მონაცემების მოძიების ჩვენი წყარო მათ არ აკმაყოფილებთ.  ჩვენი მხრიდან არსებობს ინიციატივა, რომ ეს ეკონომიკური მომსახურების მაჩვენებლები  ჩვენი ინსტიტუტის სამეცნიერო გუნდმა  დაადგინოს.  ეს მონაცემები  გამყარებული იქნება იმ თანამედროვე მეთოდოლოგიით და  სისტემებით, რითაც ევროპაში და აშშ-ში სარგებლობენ. ვფიქრობთ, გამოვუშვათ  შესაბამისი ბიულეტენიც, სადაც ეს მონაცემები იქნება ასახული. ვფიქრობ მომსახურების მაჩვენებლების დათვლა შესაძლებელი იქნება წელიწადში ორჯერ.  მიმაჩნია, რომ სერიოზული გამოწვევა იქნება, თუ თსუ დღეს დაიწყებს ტურიზმში ეკონომიკური მაჩვენებლების მიღებას და მათი ანალიზის საფუძველზე კონკრეტული დასკვნების დადებას შეძლებს იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენას ახდენს ტურიზმი ეკონომიკაზე.

სხვა სტატიები »