ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ზოოლოგიის უნიკალური მუზეუმი თსუ-ში

ზოოლოგიის უნიკალური მუზეუმი თსუ-ში
12 ოქტომბერი, 2012
დღეს ადამიანები ამჯობინებენ მათთვის საჭირო ინფორმაცია კომპიუტერის მეშვეობით მოიპოვონ, მაგრამ ვიზუალური ეფექტი მაინც შეუცვლელი რჩება. ამიტომაც ანიჭებენ მთელ მსოფლიოში მუზეუმებს მნიშვნელოვან ფუნქციას. ასეთ უნიკალურ მუზეუმთა რიცხვს მიეკუთვნება თსუ-ს ზოოლოგიის მუზეუმი, რომელიც ცოტა ხანში საუკუნოვან ისტორიას დაითვლის.

აქ ფიტულის, ჩონჩხის თუ სველი სახით შენახულია ფაუნის თითქმის ყველა სახეობის 5000-ზე  მეტი ექსპონატი. მათ შორის დაცულია საერთაშორისო და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების და ფრინველების ფიტულები, რომელთა ნახვაც ბევრგან ნამდვილად შეუძლებელია. 
მუზეუმის შექმნის იდეა უნივერსიტეტის დაარსებიდან მალევე დაიბადა. 1923 წელს, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ჩამოყალიბების შემდეგ, ზოოლოგიის კათედრაზე საჭირო გახდა სასწავლო-სამეცნიერო თვალსაჩინოების არსებობა. ამიტომ უნივერიტეტის ხელმძღვანელობამ  სწავლებისთვის საჭირო ექსპონატების შეგროვება დაიწყო. პირველი შემოწირულობა თსუ-ს გერმანელმა მეცნიერმა გუსტავ რადემ "კავკასიური მუზეუმიდან" გადასცა, ნაწილი კი "საქართველოს მუზეუმმა" უსახსოვრა,  დანარჩენი _ სხვადასხვა წყაროდან შეივსო. სამუზეუმო ექსპონატებს ქმნიდნენ ნანადირევისგან, თუ ზოოპარკში დაცული ცხოველებისგან; საუცხოო ნიმუშები ჩამოჰქონდათ მუზეუმისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექსპედიციაში წასულ მეცნიერებს. მუზეუმის თანამშრომლები სამეცნიერო კატალოგებიდან იწერდნენ მნიშვნელოვან ნიმუშებს და ა.შ. ერთი სიტყვით, თსუ ზოოლოგიის მუზეუმში დაცულ ყველა ექსპონატს, სამეცნიერო დანიშნულების გარდა, თავისი ისტორია აქვს.
დღეს ბიოლოგიის მუზეუმი თსუ XI, ე.წ. ბიოლოგების კორპუსშია განთავსებული. ცოტა ხნის წინ მუზეუმსაც და ექსპონატებსაც რესტავრაცია ჩაუტარდა. დღეს დამთვალიერებელს უკვე განახლებული სახით შეუძლია იხილოს ქვეყნის და მსოფლიოს ფაუნის უნიკალური ნიმუშები.
მუზეუმში შესულ მნახველს კახურ ტახთან ერთად, ულამაზესი ჟირაფი ეგებება. ჟირაფი 1950 წელს ამსტერდამის ზოოპარკიდან მოხვდა თბილისის ზოოპარკში, თუმცა ცოტა ხანში გარდაიცვალა. ამის შემდეგ მისმა ფიტულმა სასწავლო ცენტრში დაიდო ბინა. დამთვალიერებელს ზოომუზეუმში ერთდროულად შეუძლია ნახოს კავკასიური თუ ქართული სახეობების ჯიხვის, ირმების, შვლების ფიტულები, რქები და ჩონჩხები; მუზეუმში ასევე დაცულია ბუს, მთის არწივის,  გველის მჭამელი არწივის, შევარდენის, მიმინოს, ფასკუნჯის (ზღაპრული პერსონაჟი არ გეგონოთ, იგი მძორისმჭამელთა ოჯახის წევრია) და სხვა უამრავ მტაცებელ თუ არამტაცებელ  ფრინველთა ფიტულებიც; მათ შორის არის მსოფლიოში ყველაზე პატარა ჩიტი კოლიბრი, რომელსაც საკუთარი სხეულის ტემპერატურა არ გააჩნია და თავდაყირა სძინავს, როგორც ღამურას. აქვეა ტურფა წერო და სრეტხი, რომელიც გადაშენების გზაზეა და დაახლოებით 1000-მდეა დარჩენილი. ფრინველთა კოლექციის მშვენებაა მანილას დოდოჩა. ფიტული დავით სარაჯიშვილის კოლექციიდან მოხვდა უნივერსიტეტში. ეს ულამაზესი ფრინველი ქალაქ მანილას სიმბოლოა და მას ტიბეტში, 2000 მეტრის სიმაღლეზე შეხვდებით. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ სიტყვა _ სნაიპერი პატარა ფრინველის სახელიდან წარმოიშვა. მას ქართულად ჩიბუხა ჰქვია, ლათინურად  კი სნიპე. თსუ-ში ამ ფრინველის ფიტულიც ინახება და "სნაიპერის" დაბადების ისტორიასაც დაწვრილებით მოისმენთ.
ზოომუზეუმის სიმდიდრეა ენტომოლოგიური კოლექციაც, სადაც უამრავი სახეობის მწერია დაცული. მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა პეპელა. აქ ნახავთ ატაკუს ატლასს, რომლის ფრთების დიამეტრი 260 მმ-ია და ფრთების ბოლოებზე გველის მსგავსად, თვალის გამოსახულება აქვს. ეს თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. ყველაზე მცირე  პეპელა კი ცისფრულაა _ 20 მმ. მსოფლიოში და საქართველოში გავრცელებული პეპლების გვერდით არის იაპონიის სიმბოლო სასკია ხარონდე. იაპონელთა ყველა ზეიმი, სწორედ ამ პეპლის სახელობის ცეკვით იხსნება. იქაურებს ჯერათ, რომ ეს უნაზესი მწერი  ქალის ბედნიერებას და ოჯახის სიმყუდროვეს განასახიერებს.
უამრავ ექსპონატთა შორის არის ცისფერი ვეშაპის ულვაში, ვეფხვისებრი პითონის, ჰალაპაგოსის კუს, (რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი), ნილოსის და ამაზონური ნიანგების, ღამურა-მფრინავი მელიას, სამხრეთ ამერიკული ჯავშნოსანის, ავსტრალიური იხვნისკარტას და სხვა იშვიათი და ეგზოტიკური არსებების ფიტულები; შთამბეჭდავია სხვადასხვა ფრინველის კვერცხების კოლექცია, რომელშიც 1412 ეგზემპლარია და მარჯნის პოლიპები ინდოეთისა და წყნარი ოკეანიდან. ეს მუზეუმის უკანასკნელი შენაძენია. მარჯნის კოლექცია მუზეუმის თანამშრომლებს სპეციალური კატალოგით ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოუწერიათ. მაგრამ, ცოტა ხანში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების გამო, ექსპონატების მიღების იმედი ყველას გადაეწურა. წლების შემდეგ, თბილისის სამოქალაქო ომის დროს, კოლექცია საქართველოში მაინც ჩამოვიდა და ადრესატამდეც მიაღწია. 
მუზეუმში ანომალური ცხოველების ექსპონატებიცაა დაცული: ორთავიანი ცხვარი, რომელიც 1947 წელს დუშეთში დაიბადა; მინის ქილაში ასევე მოთავსებულია გენეტიკური დარღვევის შედეგად ერთმანეთზე შეზრდილი ცხვრები და ოთხფეხა წიწილა.
ზოოლოგიით დაინტერესებულები, თუ უბრალოდ მოყვარულები, უნივერსიტეტის მუზეუმში ნახავენ ლომების, კენგურუს, აფთრების, კატების თუ კურდღლების ჩონჩხებს, ბეჰემოტის თავის ქალასაც; მინის  ქილაში ინახება პარაზიტი ჭიების, უხერხემლო ცხოველების, ამფიბიების და ქვეწარმავლების ნიმუშები. მათ შორის შეგიძლიათ დააკვირდეთ ცხოველთა სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი და ნერვიული სისტემის ნიმუშებს; აქ ნახავთ ქვეწარმავლების, ხერხემლიანი ცხოველების და ადამიანის ემბრიონის განვითარების სტადიებსაც. მეცნიერული თვალსაჩინოების მიზნით არის შექმნილი ფრინველების და ცხოველების ნიმუშები, რომელთა ერთი მხარე ბუნებრივი სახით არის შენარჩუნებული, მეორე კი ჩონჩხია.
თსუ-ს ზოომუზეუმი დღეს უნივერსიტეტის სამუზეუმო სამსახურის დაქვემდებარებაშია და ყველა თაობის დაინტერესებულ მნახველს ყოველდღიურად ელის.


სხვა სტატიები »