ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ - წამყვანი უნივერსიტეტი მიგრაციის კვლევასა და სწავლებაში

12 ოქტომბერი, 2012
2011 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის "მიგრაცია და უმაღლესი განათლება – უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის" განხორციელებას ჩაუდგა სათავეში. პროექტში ევროპისა და კავკასიის 15 უნივერსიტეტი და კავკასიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიებია ჩართული. თსუ-ზე, როგორც კოორდინატორზე, არჩევანი უნივერსიტეტში მიგრაციის საკითხების კვლევასთან დაკავშირებით დღემდე განხორციელებული საქმიანობის გამო შეჩერდა. უნივერსიტეტის სახელით პროექტის კოორდინირებას თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი წარმართავს. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში მიგრაციის ცენტრის შექმნაც იგეგმება.


ევროკავშირი 21-ე საუკუნეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიგრაციას ასახელებს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები – შეიარაღებული კონფლიქტები, განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებს შორის არსებული ცხოვრების დონის განსხვავებები და სხვა მრავალი ფაქტორი ხელს უწყობს მიგრანტთა ახალი ნაკადების შედინებას ევროპულ სახელმწიფოებში. ეს კი ახალი პრობლემის წყაროა მათთვის.  სწორედ ამიტომ, ევროპული სახელმწიფოები პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აქტიურად მუშაობენ მიგრაციის პროცესების მართვისა და პარალელურად, მიგრანტთა უფლებათა დასაცავად. მიგრაციის პროცესის მართვა კომპლექსური საკითხია.  სხვა საკითხებთან ერთად, ამ პროცესის ერთ-ერთი კომპონენტი ცოდნის გავრცელება, კვლევის წარმოება და კვლევის შედეგების პრაქტიკაში მაქსიმალური გამოყენებაა.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის თქმით, საქართველო ჯერჯერობით არ დგას მიგრანტთა გაზრდილი ნაკადების შემოდინებით გამოწვეული პრობლემების წინაშე. თუმცა, ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ფონზე, მძლავრი ინფრასტრუქტურული ცვლილებების წყალობით, საქართველო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის; ეს ხელს უწყობს ქვეყანაში მეტი კაპიტალის შემოდინებას და ცხოვრების დონის ამაღლებას. ყოველივე ეს კი მიგრანტთა ნაკადების მოსალოდნელი ზრდისა და ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევების წარმოშობის ინდიკატორია. იმისათვის, რომ საქართველო მზად დახვდეს ახალ გამოწვევებს, საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი ინტეგრირება შესაბამის უწყებებში. სწორედ ამ ახალ გამოწვევებზე პასუხია თსუ-ს პროექტი "მიგრაცია და უმაღლესი განათლება – უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის". ამ პროექტმა 2011 წელს გაიმარჯვა ევროკავშირის მიერ "საუნივერსიტეტო სწავლების ტრანსევროპული მობილობის პროგრამის" (TEMPUS)  ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში.
აღსანიშნავია, რომ TEMPUS ევროგაერთიანების  პროგრამაა, რომლის მიზანია  უმაღლესი განათლების  განვითარების ხელშეწყობა  პარტნიორ ქვეყნებში. ეს  პროგრამა საქართველოში 1995  წლიდან მოქმედებს. თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი TEMPUS პროექტების რაოდენობის  მხრივ ლიდერობს არა მარტო  საქართველოში, არამედ  სამხრეთ კავკასიაშიც (20  განხორციელებული, მათგან 9  მიმდინარე პროექტი). პროექტი  "მიგრაცია და უმაღლესი  განათლება"  ახალი,  აქამდე არარსებული  კურიკულუმის შექმნას ისახავს მიზნად.
“თსუ ახორციელებს  პროექტის ფინანსურ და  შინაარსობრივ მართვას.  საქართველოში ეს მეორე  შემთხვევაა. ორი მიმდინარე  პროექტის კოორდინირებით,  საქართველო პოსტ-საბჭოთა  ქვეყნებში პირველ ადგილზეა", _ ამბობს TEMPUS-ის ეროვნული ოფისის  კოორდინატორი ლიკა ღლონტი.
როგორც აღვნიშნეთ, თსუ პროექტს 15 პარტნიორთან ერთად ახორციელებს. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თსუ-სთან ერთად პროექტში მონაწილეობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პროექტის განსახორციელებლად მონაწილე პარტნიორების კოორდინირება, კონკრეტული საქმეების და ფინანსური სახსრების გადანაწილება,  უშუალოდ თსუ იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით განხორციელდა.
"ექსპერტებმა მოიწონეს თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ მიგრაციის კვლევის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები. სწორედ ამ მიღწევების გამო დაეკისრა თსუ-ს მთავარი როლი ამ პროექტის განხორციელებაში. ინსტიტუტი პარტნიორ სამთავრობო უწყებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, წლების მანძილზე სისტემატურად ატარებს საჯარო ლექციებს, სემინარებს, იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, სტატიათა კონკურსებს. სტუდენტებს კი მიგრაციის მართვის საკითხებთან დაკავშირებით სთავაზობს საკმაოდ მრავალფეროვან სალექციო კურსებს", _ აღნიშნავს ევროპული კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი მდივანი ნინო ფარსადანიშვილი.
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ მიგრაციაზე ამგვარი ყურადღების გამახვილებას თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, "მიგრაცია და უმაღლესი განათლება _ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის" პროექტის ხელმძღვანელი ლევან ალექსიძე შემდეგი მიზეზით ხსნის: ევროკავშირი სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მიგრაციის საკითხებს და პარტნიორ სახელმწიფოთა პოლიტიკის ფორმირებას ამ მიმართულებით. საქართველოს ევროინტეგრაციის ფონზე კი არსებითი მნიშვნელობა აქვს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და მათ ჩართვას შესაბამისი პროფილით მომუშავე საჯარო უწყებებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ 2010 წლიდან ერთ-ერთ პოლიტიკურ პრიორიტეტად დასახა მიგრაციის მართვის ახალ ეტაპზე გადაყვანა.  ამ საქმიანობის უკეთ კოორდინირების მიზნით კი მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია შექმნა.  შექმნის ეტაპიდან ამ კომისიასთან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი.
"ჩვენ ვაპირებთ აქტიურად ვითანამშრომლოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიგრაციის კვლევის ცენტრთან პროფესორ მირიან თუხაშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ნაყოფიერი კვლევითი საქმიანობა ძალზე წაადგება სასწავლო პროგრამების შედგენის პროცესს" (ლევან ალექსიძე).
"მიგრაციასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების ირგვლივ ცალკეული კურსის შეთავაზებით სტუდენტებს უჩნდებათ საბაზისო ცოდნა და უყალიბდებათ შესაბამისი უნარ-ჩვევები. მაგრამ პრაქტიკაში ეფექტიანად სამუშაოდ აუცილებელია, რომ მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს როგორც კვლევისთვის აუცილებელი წყაროები, ასევე  _ ახალი კონტაქტები. სწორედ ამ მიზნების გათვალისწინებით მოხდა "მიგრაცია და უმაღლესი განათლება _ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის" პროექტის შემუშავება", _ ამბობს ლევან ალექსიძე.
"მიგრაცია და უმაღლესი განათლება _ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში  თსუ-ში იგეგმება მიგრაციის კვლევის ცენტრის გახსნა. ამასთან, პროექტის ფარგლებში თსუ-ს ბაზაზე დაგეგმილია მიგრაციის შესახებ სპეციალური ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბება, სადაც გათვალისწინებულია წელიწადში 5-დან 25-მდე სტუდენტის მომზადება. თსუ რექტორის მოადგილის ლევან ალექსიძის თქმით,   პროექტში თავიდანვე გაესვა ხაზი იმას, რომ მიგრაციის კვლევისადმი აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და პრობლემის ანალიზი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი და სხვა ასპექტების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, სამაგისტრო პროგრამა მოიცავს  ინტერდისციპლინურ სფეროებს (საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები, კულტურათშორისი ურთიერთობები, კონფლიქტის მენეჯმენტი, გენდერული მეცნიერებები და ა.შ.). პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება.
"მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების _ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ფარგლებში ინტერდისციპლინური, აკადემიური სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურების შექმნა.  ამ გზით შესაძლებელი უნდა გახდეს მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ეფექტიანი გადაწყვეტა. ამასთან, პროექტის მიზანია, რეგიონში გააძლიეროს და გაამყაროს თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევით და საჯარო დაწესებულებებს შორის, როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით", _ აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი ლევან ალექსიძე.


სხვა სტატიები »