ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ენციკლოპედია "ანტიკური კავკასია"

ენციკლოპედია "ანტიკური კავკასია"
12 ოქტომბერი, 2012
"ყველა ადამიანის ოცნებაა, განახორციელოს ისეთი საქმე, რომელსაც, ფრთოსანი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ,  "განძი სამარადჟამო" შეიძლება ვუწოდოთ. მე და ჩემს კოლეგებს მოგვეცა შესაძლებლობა, შევჭიდებოდით სამეცნიერო პროექტს, რომელსაც ჩვეულებრივი სამეცნიერო მონოგრაფიებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ხანგრძლივი ცხოვრება უწერია. ეს არის ანტიკური კავკასიის პირველი ენციკლოპედია", _ ასე აფასებს  ენციკლოპედია "ანტიკური კავკასიის" მნიშვნელობას  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი.

ენციკლოპედიაზე ”ანტიკური კავკასია” მუშაობა 2010 წელს დაიწყო და პირველი ტომი უკვე გამოიცა. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ამ პროექტის განხორციელება რუსთაველის ფონდის სამეცნიერო გრანტის დაფინანსებით მოხერხდა. 
ენციკლოპედია სულ სამ ტომად გამოვა. პირველი ტომი დაეთმო ანტიკური ეპოქის ძველ აღმოსავლურ, ბერძნულ და ლათინურენოვან წყაროებს და ძველ აღთქმაში არსებულ ცნობებს. ამჟამად მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ მეორე ტომზე, რომელიც გამოვა 2012 წლის ბოლოს, ხოლო მესამე ტომი გამოიცემა 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის ივნისში. მეორე ტომში თავმოყრილი იქნება 3000-მდე სტატია, რომელიც მაქსიმალურად სრულად მოიცავს კავკასიასთან დაკავშირებულ ყველა ტერმინს.
მესამე ტომში განთავსდება საძიებლები პირველი ტომის, ანუ წყაროებისათვის, და სტატიებში დადასტურებული იმ საკუთარი სახელებისთვის, რომლებიც ვერ  აისახა ენციკლოპედიაში დამოუკიდებელი სტატიის სახით. მესამე ტომშივე წარმოდგენილი  იქნება მეცნიერების, თუ მკითხველის, მიერ გამოვლენილი მთელი ის ინფორმაცია, რომელიც წინა ტომებში მხედველობიდან გამორჩათ. მოხდება შემჩნეული შეცდომების შესწორება, ასევე მითითებული იქნება კავკასიისა და მის ფარგლებს გარეთ გამოვლენილი ის ეპიგრაფიკული წყაროები, რომლებიც საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. აქ განთავსდება შესაბამისი რუკები, სრული ბიბლიოგრაფიული ნუსხები, ცნობები წყაროთა მთარგმნელების შესახებ და ა.შ.
ენციკლოპედიის ქრონოლოგიური  საზღვრები შემოიფარგლება პერიოდით ძვ. წ-აღ. მეორე ათასწლეულიდან (ანუ კავკასიურ ტომთა წერილობით წყაროებში პირველად ფიქსაციის ხანიდან) ახ. წ-აღ. მეხუთე საუკუნემდე (გამონაკლის შემთხვევაში მეექვსე საუკუნის პირველი ნახევრამდე).
რაც შეეხება გეოგრაფიულ საზღვრებს _ ენციკლოპედიაში წარმოდგენილია ის არეალი, რასაც დღეს მოიცავს ცნება კავკასია; აგრეთვე მისი მიმდებარე ის ტერიტორიები, რომლებზეც კავკასიურ ტომთა გავრცელება ივარაუდებოდა ანტიკურობაში. ეს ეხება შავი ზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლს, სადაც მეტწილად ქართველური ტომების გავრცელება დასტურდებოდა; ცალკეულ შემთხვევაში ანატოლიის იმ რეგიონებს, რომელთაც ცნება არმენია სწვდებოდა და სამხრეთ-დასავლეთ კასპიისპირეთის რეგიონებს, რომლებიც კავკასიელი ალბანელების ტერიტორიებს მოიცავდა; ჩრდილოეთით ჩვენთვის ერთგვარ საზღვარს მდინარე ტანაისი (თანამედროვე დონი) წარმოადგენს.
როგორც  თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი რისმაგ გორდეზიანი განმარტავს, ენციკლოპედიაზე მუშაობისას, მეცნიერები შეეცადნენ მიწვდომოდნენ ბოსფოროსის სამეფოს რეგიონსაც. თუმცა, ყურადღება ძირითადად  მიმართული იყო ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიებისკენ.
"ცნობილია, რომ კავკასია, როგორც რეგიონი, რომელიც მსოფლიო რუკაზე ცალკე გამოყოფას იმსახურებს, პირველად ანტიკურ წყაროებში გამოიკვეთა და აქვე მიეცა მის განსაკუთრებულობას შეფასება. მისი აღწერის შემდეგ პლინიუს უფროსი დასძენს:  "ამგვარია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდებულესი კუთხე". ანტიკურობაშივე შეიქმნა ორი მარადიული სიმბოლო: არგონავტების ლაშქრობის მიზანი _ ლეგენდარული კოლხიდა და კავკასიის კლდეზე მიჯაჭვული პრომოთე. ისინი დანარჩენი მსოფლიოსთვის დღესაც კავკასიის უმთავრეს ორიენტირებს წარმოადგენენ. არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი ენციკლოპედიის გარეკანის დიზაინისათვის სწორედ პრომეთეს ტანჯვის ამსახველი გამოსახულება იქნა შერჩეული ძვ. წ. აღ. მეექვსე საუკუნის ლაკონიური კილიქსიდან. თითქოს პრომეთემ დაანათლა კავკასიას მუდმივი ტანჯვა, მაგრამ ამასთანავე გარდაუვალი განთავისუფლების მუდმივი იმედიც", _ ამბობს იგი.
რაც შეეხება უკვე გამოცემულ ენციკლოპედიას "ანტიკური კავკასიის" პირველ ტომს _ იგი მოიცავს 646 გვერდს და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეთმობა წყაროების პუბლიკაციას. პირველ განყოფილებაში წარმოდგენილია ძველი აღმოსავლური წყაროების ქართული თარგმანები: ხეთური (6 დოკუმენტი), ასურული (14 დოკუმენტი), ურარტული (43 დოკუმენტი), სპარსული (3 დოკუმენტი). აქ გამოყენებულია უკვე არსებული თარგმანები; მეორე, ყველაზე ვრცელი განყოფილება, ეთმობა ქართულ ენებზე თარგმნილ ბერძნულენოვანი წყაროების ორიგინალს. აქ წარმოდგენილია მიკენური _ ხაზოვანი წყაროები, ასევე ასზე მეტი ბერძენი ავტორი. მესამე განყოფილება წარმოგვიდგენს ლათინურენოვან ოთხმოცამდე ავტორს. მეოთხე განყოფილება ეთმობა ბიბლიურ ტექსტებს.
"ძველი წყაროების გამოცემის საკითხს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი ქართველმა სიძველეთმცოდნეებმა და ამისთვის სპეციალური სერიაც კი დაარსდა: "უცხოენოვანი წყაროები საქართველოს შესახებ", რომელშიც გამოვიდა ს. ყაუხჩიშვილის, თ. ყაუხჩიშვილის, ნ. კეჭაყმაძის, ა. ურუშაძის, თ. მიქელაძის, ა. გამყრელიძის, ნ. ლომოურის და სხვათა ამომწურავი სამეცნიერო კომენტარებით აღჭურვილი ორენოვანი გამოცემები. ეს წიგნები ამჟამად ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს.  ყველა ჩვენგანის დიდი ხნის ოცნება იყო, გვეხილა ერთად თავმოყრილი ყველა ეს წყარო ორიგინალ და ქართულ ენებზე და ამ წყაროებში დადასტურებულ თითოეულ ტერმინზე ენციკლოპედიურად განზოგადოებული მაქსიმალურად ამომწურავი, კვლევის თანამედროვე დონის გამთვალისწინებელი სტატიები, ოღონდ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის შესახებ", _ ამბობს რისმაგ გორდეზიანი.
მეცნიერის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა სწორედ ამ ოცნების განხორციელება დაისახეს მიზნად. იდეაზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაიწყეს.
"მახსოვს, როგორი ენთუზიაზმით ჩაერთო მაშინ ამ საქმეში ჩვენი სახელოვანი არქეოლოგი ოთარ Lლორთქიფანიძე. მისმა მხარდაჭერამ  განმიმტკიცა ამ საქმის განხორციელების რეალურობის რწმენა. მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ აღარ მოგვცა საშუალება გამოგვეყენებინა მისი შესაძლებლობები, გამოცდილება და ცოდნა. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ენციკლოპედიის კონცეფცია, მისი მომზადების მთელი ტვირთის საკუთარ თავზე აღება ჩვენს ინსტიტუტს მოუხდა", _ აცხადებს რისმაგ გორდეზიანი და მხარდაჭერისთვის არაერთ ქართველ ისტორიკოსს, არქეოლოგს, რუსთაველის ფონდს, კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და საგამომცემლო პროგრამა "ლოგოსს" მადლობას უხდის.
რისმაგ გორდეზიანი საგანგებოდ აღნიშნავს იმას, რომ ენციკლოპედიაზე მუშაობის პროცესმა მოამზადა ქართველ სიძველეთმცოდნეთა ახალგაზრდა თაობა, რომელსაც შეუძლია სერიოზული მუშაობა ანტიკურ კავკასიასთან დაკავშირებულ ყველაზე უფრო პრობლემატურ საკითხებზე.
"ახ. წ. აღ. მეორე საუკუნის რომაელ გრამატიკოსს ტერენციანუს მაურუსს ეკუთვნის ძალზე ცნობილი სენტენცია, პრო ცაპტუ ლეცტორის ჰაბენტ სუა ფატა ლიბელლი "წიგნებს აქვთ თავიანთი ბედი, იმის შესაბამისად, თუ როგორ იღებს მათ მკითხველი". გვინდა გვჯეროდეს, რომ ჩვენს ენციკლოპედიას კეთილი ბედი ექნება", _ ეს რისმაგ გორდეზიანის სურვილია ენციკლოპედია "ანტიკური კავკასიასთან" დაკავშირებით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად დიდი მასშტაბისა, ენციკლოპედია "ანტიკური კავკასია" მეცნიერთა ამ ჯგუფის მიერ განხორციელებული ერთადერთი პროექტი არ არის.  უკანასკნელ პერიოდში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი სალექსიკონო და საენციკლოპედიო პროექტები განახორციელა. 2009 წელს პროფესორ სოფიო შამანიდის ხელმძღვანელობით ინსტიტუტმა გამოსცა დიდი ბერძნულ-ქართული ლექსიკონი, რომელმაც უკვე გაითქვა სახელი, არა მარტო საქართველოში, არამედ საბერძნეთსა და კვიპროსზეც. ამჟამად ნეოგრეცისტები მუშაობენ დიდ ქართულ – ბერძნულ ლექსიკონზე, ხოლო კლასიკური ფილოლოგიის წარმომადგენლებმა რუსთაველის ფონდის გრანტის  ფარგლებში დაასრულეს მუშაობა ძველი ბერძნულისა და ლათინურის მულტიფუნქციურ ლექსიკონებზე.

სხვა სტატიები »