ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ დოქტორანტებისა და პროფესორის პუბლიკაცია სტუმართმოყვარეობის ტრანსფორმაციის შესახებ წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

თსუ დოქტორანტებისა და პროფესორის პუბლიკაცია სტუმართმოყვარეობის ტრანსფორმაციის შესახებ წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა
11 აგვისტო, 2020
მთიანი რეგიონების კვლევის თემატიკის კუთხით წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - Mountain Research and Development (MRD)(Impact Factor for 2020: 1.494)) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, იოსებ სალუქვაძისა და დოქტორანტების თემურ გუგუშვილის და გვანცა სალუქვაძის სტატია „Has Traditional Georgian Hospitality Been Sustained Under Tourism Development?” გამოქვეყნდა. 

პუბლიკაცია ასახავს ქართული მრავალსაუკუნოვანი სტუმართმოყვარეობის ტრადიციის ტრანსფორმაციას მთიან რეგიონებში ტურიზმის სწრაფი განვითარების ფონზე. კვლევამ საოჯახო სასტუმროების მომსახურებაში ქართული სტუმართმოყვარეობის ახალი ტიპები გამოავლინა, რომლებიც სტუმარ-მასპინძლის ურთიერთობის კომოდიფიკაციის პროცესში ჩამოყალიბდა.

მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო სასტუმროებში ტურისტების მომსახურება კომერციალიზებულია, მასპინძლის ღრმად ფესვგადგმულმა, ტრადიციულმა ქცევამ სერვისს უნიკალური ფორმა შესძინა, რაც ტურისტისათვის უნიკალური გამოცდილეობის მიღების წინაპირობას წარმოადგენს. ასევე, მთიანი რეგიონების მსგავსი კონკურენტული უპირატესობა ქმნის დამატებით სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს (მაგ. ლოიალური ვიზიტორები) და მყარ საფუძველს ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციის თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის.

ტრანსფორმირებული სტუმართმოყვარეობა საოჯახო სასტუმროებში ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 
1.ტურისტის საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებითი მომსახურებების უფასოდ შეთავაზება ხაზს უსვამს მასპინძელი ოჯახისა და ადგილობრივი თემის ღირსებას.
2.საოჯახო სასტუმროების ფუნქციონირებაში ძირითად როლს ასრულებენ შინამეურნეობის წევრები, რაც უზრუნველყოფს ოჯახური გარემოს შენარჩუნებას.
3.საოჯახო სასტუმროები მომსახურების შეთავაზებისას იყენებენ მასპინძლობის იმ გამოცდილებას, რაც მათ ტრადიციულად ჰქონდათ და აქვთ სტუმრების მიღებისას.

კვლევა ეყრდნობა ყაზბეგისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ორ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი-პროექტის ფარგლებში 2014 წლიდან 2019 წლამდე შეგროვებულ მონაცემებს. მონაცემები შეგროვდა სოციალური მეცნიერებების ტრადიციული ინფორმაციის შეგროვების მეთოდებისა (ინტერვიუ, დაკვირვება) და დიგიტალურ სივრცეში არსებული მონაცემების (booking.com) გამოყენებით.

პუბლიკაცია იხილეთ ვრცლად : http://bioone.postedthis.top/eq4Rk2

სხვა სტატიები »