ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„შავი მამბა“ თსუ-დან

„შავი მამბა“ თსუ-დან
10 აგვისტო, 2020
წიგნების თაროს“ IV სტუდენტური სეზონის გამარჯვებულები

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „წიგნების თარო“ IV სტუდენტური სეზონის გამარჯვებული თსუ სტუდენტების გუნდი „შავი მამბა“ გახდა. სტუდენტებმა გიორგი მერკვილიშვილმა, ლაშა საცერაძემ და თორნიკე ჩოგოვაძემ ყველა ეტაპი წარმატებით დაძლიეს და ბოლო ტურში „თავისუფლების უნივერსიტეტის“ გუნდი „ექსელიც“ დაამარცხეს. ვინ არიან, რატომ შეიკრიბნენ, რატომ კითხულობენ - გუნდის წევრების გასაცნობად მათ კითხვები გავუგზავნეთ, რომლებზე პასუხებსაც დღეს მკითხველსაც წარმოგიდგენთ:    

- რატომ „შავი მამბა“? კალათბურთის ფანები ხართ თუ ველური ბუნების?

თორნიკე ჩოგოვაძე: გუნდის სახელის შერჩევისას ვფიქრობდით ისეთ რამეზე, რაც სამივეს გაგვაერთიანებდა. ეს აღმოჩნდა სიყვარული კობი ბრაიანტის მიმართ. თავად სახელს რაც შეეხება, ის ჩვენმა საერთო მეგობარმა გვირჩია, რომლის აზრითაც "შავი მამბა"(კობი ბრაიანტის მეტსახელი) უფრო საინტერესოდ ჟღერდა, ვიდრე ამ ლეგენდარულ კალათბურთელთან დაკავშირებული სხვა მეტსახელები. 

- როგორ შეიკრიბეთ ერთ გუნდში?

ლაშა საცერაძე: გუნდის ორივე წევრი ასე ვთქვათ ჩემი არჩეულია, გიორგისთან ერთად გამოსვლის იდეა ჯერ კიდევ წინა ზაფხულს მქონდა ხოლო თორნიკეს დამატების იდეა მესამე სტუდენტური სეზონის ფინალის შემდეგ გამიჩნდა.

- ამბობთ, რომ თქვენი თაობა უფრო გახსნილი და თავისუფალი თაობაა? რას ნიშავს თქვენთვის თავისუფლება?

გიორგი მერკვილიშვილი: დიახ, ვამბობთ, რომ ჩვენი თაობა უფრო გახსნილი და თავისუფალია იმ დოგმებისგან, რომლებიც ჩვენი მამების თაობაში იყო ჩამოყალიბებული. უფრო მეტი არსებითი წესრიგი და უფრომეტი სულიერი ქაოსი გვაქვს, თუმცა ასევე ყოველთვის ვცდილობთ, კომფორტი შევიქმნათ ყველგან და არ შეგვზღუდოს რაღაც გაბატონებულმა აზრმა. ეს ყველაფერი კი, ჩემი აზრით, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობებია. და ხო, თავისუფლება ჩემთვის არის ბევრი ყველის სოუსი. 

- კარგი მკითხველი ხართ? რას ქვია იყო კარგი მკითხველი? 

ლაშა: კარგი მკითხველის ცნება ძალიან სუბიექტურია, ჩემთვის ეს არის ადამიანი, რომელიც არაა შეზღუდული სხვისი შეხედულებით, თუნდაც საზოგადოებაში გაბატონებული აზრით, რომ ეს წიგნი აუცილებლად ცუდია, რადგან ეკუთვნის გარკვეულ პიროვნებას, რომლის სხვა წიგნებმაც საზოგადოების აღფრთოვანება ვერ გამოიწვია. ასევე, კარგ მკითხველს უნდა შეეძლოს იმ სათქმელის დაჭერა, რაც ავტორს სურდა ჩვენთვის ეჩვენებინა, კარგი მკითხველი წიგნს არ უნდა კითხულობდეს მხოლოდ კითხვისთვის, წიგნის წაკითხვა ჩემთვის მოიცავს პირველ რიგში შემეცნების და ახლის გაგების პროცესს. ასევე, კარგი მკითხველის პირადი ბიბლიოთეკა არ უნდა იყოს მოცული მხოლოდ ერთი ჟანრის წიგნებით და არ უნდა იყოს იმ მოსაზრებით, რომ გარკვეულ ჟანრში კარგი წიგნი არ არსებობს, ყველა ჟანრს აქვს კარგი და ცუდი წიგნები და კარგი მკითხველის ვალდებულებაც სწორედ, რომ მათი ერთმანეთისგან გარჩევაა.

- კეკელიძის ლობიანი თქვენც გიყვართ? 

ლაშა: ლობიანი არამარტო ჩემთვის, არამედ გუნდისთვისაც საკრალური რამაა, აქედან გამომდინარე კეკელიძის ლობიანსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია, თუმცა არც კეკელას ან თუნდაც კერიას ლობიანზე ვამბობთ უარს.

- რას კითხულობთ და რატომ?

თორნიკე: ვკითხულობთ ითქმის ნებისმიერი ჟანრის წიგნს. განსაკუთრებით მიზიდავს სამეცნიერო ფანტასტიკა, რადგან ხშირად ეხება ტექნოლოგიური პროგრესის ისეთ სახეებს, რომელთა მომსწრენიც შეიძლება თავად გავხდეთ უახლოეს მომავალში.

- როდის კითხულობთ უფრო მეტად?

გიორგი: უფრო მეტად ვკითხულობთ, როცა გრილა, დროის სასიამოვნოდ და პროდუქტიულად გატარება გვინდა, როცა არგვშია და როცა ვიღაცას ჩვენი დამარცხების სურვილი უჩნდება. 

- ნაბეჭდიწიგნითუციფრული? თუ სულ ერთია?

ლაშა: წიგნს და პერიოდს გააჩნია, არის მომენტები მხოლოდ ციფრულ ლიტერატურას ვკითხულობ, ზოგჯერ კი მხოლოდ წიგნს, ზოგადად, სქელტანიან ნაწარმოებებს ნაბეჭდ ვერსიებად ვკითხულობ, ხოლო მცირე ზომის ლიტერატურას, პიესების უმეტესობასა და პოეტურ კრებულებს კი ციფრული ფორმატით.

- გიფიქრიათ იმაზე, რაში შეიძლება გამოიყენოთ ბევრი წიგნების კითხვა, გარდა „წიგნების თაროში“ მონაწილეობისა? 

თორნიკე: წიგნის კითხვა ხშირად გვძენს ისეთ გამოცდილებას, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ჯერ არ გვქონია. რაც უფრო მეტს კითხულობს ადამიანი, მით უფრო ფართოა მისი თვალსაწიერი და იშვიათად თუ აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, რომლიდანაც გამოსავლის პოვნა გაუჭირდება.

- რა პროფესიების ხართ? და რატომ?

გიორგი: ჩემს პროფესიაზე ლაპარაკი ჯერ ალბათ ადრეა, იმიტომ, რომ ჯერ პირველ კურსზე ვარ. ისე ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ.

ლაშა: მომავალი პროფესია იურისტობაა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს სისხლის, საჯარო თუ კერძო სამართლის განხრით გავაგრძელებ სწავლას და შემდგომ მუშაობას.

თორნიკე: ამჟამად ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობ, რადგან ვფიქრობ ამ დარგის კარგად ცოდნა გადაგვადგმევინებს მომავალში უფრო სწორ და პროდუქტიულ ნაბიჯებს. ალბათ არ არსებობს იმაზე უკეთესი მასწავლებელი, ვიდრე წარსულში დაშვებული შეცდომებია. 

- ეტყოდით რამეს იმას, ვინც არ კითხულობს?

ლაშა: ვინც არ კითხულობს, მას ვერაფერს ვურჩევდი, ყველა ადამიანმა თავადვე უნდა იგრძნოს კითხვის სურვილი, წიგნის წაკითხვა ისეთი რამაა, ვფიქრობ, დაძალებით და მოწოდებით რომ აუცილებლად უნდა იკითხოს არაფერი გამოვა და იმ რეალურ შედეგს ვერმივიღებთ რაც გვსურს.

გიორგი: ვინც არ კითხულობს, ალბათ არასდროს აღმოუჩენია თავისი თავი ასოებს შორის და იმიტომ. არაფერს ვეტყოდი, მისთვის ასე უფრო კომფორტულია.

თორნიკე: მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ადამიანს თვითგანვითარებისა და სრულყოფის საკუთარი მეთოდი აქვს, მათ ვინც არ კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას მაინც ვურჩევდი დაიწყონ ეს კეთილი საქმე, რადგან გარდა შემდგომი პრაქტიკული გამოყენების საშუალებისა, კითხვა საოცარ სიამოვნებასაც გვანიჭებს. 

სხვა სტატიები »