ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ის სტუდენტების წარმატებული პროექტი

თსუ-ის სტუდენტების წარმატებული პროექტი
15 ივლისი, 2020
სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ კონვენციის პირველი თარგმანი საქართველოში თსუ -ის სტუდენტებს ეკუთვნის.

„ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაასრულა მნიშვნელოვანი პროექტი - მოხალისეობრივ საწყისებზე, ინგლისურიდან ქართულ ენაზე ვთარგმნეთ კონვენცია სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს კონვენცია საქართველოსთვის ძალაში 1992 წელს შევიდა და დღემდე ოფიციალური ქართულენოვანი ტექსტი არ იყო ხელმისაწვდომი.“ - აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებული სასამართლო პროცესების საზოგადოების გუნდის წევრი ნინო გოშხეთელიანი.

თსუ-ის იმიტირებული პროცესების საზოგადოება (Tbilisi State University Moot Court Society) 2018 წლის დეკემბერში დაარსდა. დამფუძნებლების მიზანი ისეთი ორგანიზაციის შექმნა იყო, სადაც იმიტირებული პროცესების ყოფილი, ამჟამინდელი და მომავალი მონაწილეები შეძლებდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ორგანიზაციის დირექტროთა საბჭოს წევრები  იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის მაგისტრი ნინო გოშხეთელიანი და იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრები ნანუკა ყრუაშვილი, გიორგი ბაიძე და რევაზ ტყემალაძე არიან. თსუ-ის სტუდენტებმა არაერთ იმიტირებულ პროცესში მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებაც მოიპოვეს.

კონვენციის თარგმნა და გამოქვეყნება მათი პირველი მასშტაბური პროექტია, იდეა კი თსუ-ის იმიტირებული პროცესების საზოგადოების თანადამფუძნებელს, ნინო გოშხეთელიანს ეკუთვნის.

„მივიჩნიეთ, რომ საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტის ქართულენოვანი ტექსტის არარსებობა დანაკლისი იყო, მათ შორის, აკადემიური სივრცისთვის. უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს  ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მათი მოზიდვა მეტწილად დამოკიდებულია სახელმწიფოში სტაბილურ სამართლებრივ გარემოსა და დავების მოგვარების ეფექტიანი მექანიზმების არსებობაზე, რის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტია საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის სპეციალისტების ჩართულობა. ვფიქრობთ, რომ ამ სფეროს განვითარებისკენ გადასადგმელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ კონვენციის ქართულ ენაზე თარგმნა იყო“ - ამბობს გიორგი ბაიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებული სასამართლო პროცესების საზოგადოების გუნდის წევრი.

გუნდის აზრით, სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ კონვენციის თარგმანი ხელს შეუწყობს ამ სფეროში ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვირდებასა და კონკრეტული დარგის პოპულარიზაციას,  წაახალისებს აკადემიურ საქმიანობას, იქნება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის და შეასრულებს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ფუნქციას. გუნდის ერთ-ერთი წევრი ნინო გოშხეთელიანი კი კონვენციის თარგმანზე მუშაობის პროცესს ხანგრძლივ, საინტერესო და შრომატევად საქმედ აღწერს:

„მოველოდით, რომ თარგმნის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, დავსახეთ სამუშაო გეგმა, დავინაწილეთ კონვენციის ინგლისურენოვანი ტექსტი და გავწერეთ გრაფიკი კონკრეტული მონაკვეთების თარგმნისთვის. შედეგად, პირველი სამუშაო ვერსია მალევე გვქონდა. თუმცა, შემდეგი ეტაპი მეტად შრომატევადი გახლდათ. გუნდის ოთხივე წევრი თითოეული მუხლის თარგმანს კრიტიკულად განვიხილავდით შეხვედრაზე ან საკონფერენციო ზარზე და ვასწორებდით, პირველ რიგში, კონვენციის სხვა ოფიციალურ ენებზე შესრულებული ტექსტის, მოსამზადებელი სამუშაოებისა და კომენტარების მიხედვით. დამატებით, ზუსტი ტერმინების გამოყენების მიზნით, ვეცნობოდით და, ზოგიერთ შემთხვევაში, ვეყრდნობოდით არბიტრაჟის სფეროში არსებულ ქართულენოვან ლიტერატურას. სამთვიანი მუშაობის შემდეგ, დოკუმენტი სამეცნიერო რედაქტორებს, მივანდეთ,  პარალელურად, მოვიძიეთ სპონსორები - UNDP და EU4Business, რომლებმაც ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწიეს. ვფიქრობთ, საკმაოდ შრომატევადი და ნაყოფიერი რამდენიმე თვე დავუთმეთ ამ პროექტს და შედეგით ნამდვილად მოხარულნი ვართ.“

თსუ-ის სტუდენტების მიერ შესრულებული კონვენციის ქართულენოვანი თარგმანის ელექტრონული ვერსია გაეროს განვითარების პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.  ასევე, დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის ბმული ხელმისაწვდომი  იქნება მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვებგვერდზე და სხვა ენებზე თარგმნილ დოკუმენტთა რიგებში უკვე ქართულენოვანი თარგმანის ნახვაც იქნება შესაძლებელი.

„მივიღეთ რამდენიმე შემოთავაზება კონვენციის ტექსტის სხვადასხვა ვებგვერდზე განთავსების თაობაზე. მოხარული ვართ, რომ დაინტერესება არის ჩვენი ნაშრომის მიმართ და ვგეგმავთ, რაც შეიძლება მეტ ორგანიზაციასთან ვითანამშრომლოთ საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, ამ ეტაპზე, დამატებით, კონვენციის ტექსტი ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალშიც გამოქვეყნდება.“ - ამბობს რევაზ ტყემალაძე.

ასევე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, თამარ ზარანდიას რეკომენდაციის გათვალისწინებით, გუნდი გეგმავს თარგმანის ბეჭდური ვერსიის რამდენიმე ეგზემპლარის სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის სკოლების ბიბლიოთეკებში დარიგებას.

კონკრეტული პროექტის გარდა თსუ-ის იმიტირებული პროცესების საზოგადოება მრავალ აქტივობას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მათი ინიციატივით, საქართველოში პირველად, თსუ-ის გუნდი მონაწილეობას იღებს ნელსონ მანდელას სახელობის ადამიანის უფლებების იმიტირებულ პროცესში, რომელიც ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრებაა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სფეროში. იმიტირებული პროცესის ფინალი კი 2020 წელს ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში გაიმართება. თსუ-ის იმიტირებული პროცესების საზოგადოების გუნდი დასაწყისიდანვე აქტიურად ეკონტაქტებოდა მსგავს ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი დაუკავშირდნენ რიო დე ჟანეიროს კათოლიკურ უნივერსიტეტს ბრაზილიაში, რომლებთან ერთადაც უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე მუშაობენ. ასევე, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობის შედეგად, გუნდის ერთ-ერთი წევრი საზაფხულო სკოლაში ტრენერად და ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მოსამართლედ მიიწვიეს.

მათივე ინიციატივით ჩაიწერა და გამოქვეყნდა ვიდეო ინტერვიუების სერია პიქტეს კონკურსის მონაწილეებთან, მწვრთნელთან, საორგანიზაციო კომისიის წევრ და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის წარმომადგენელთან.

თსუ-ის იმიტირებული სასამართლო პროცესების საზოგადოების გუნდის წევრი რევაზ ტყემალაძე კი საუბრობს უნივერსიტეტის როლზე მათ წარმატებაში:

„ჩვენ სწორედ უნივერსიტეტის სახელით იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შემდეგ გავერთიანდით საერთო იდეის ირგვლივ, გამოგვეყენებინა ამ კონკურსებში შეძენილი ცოდნა და გაგვეზიარებინა სხვა სტუდენტებისათვის. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ლექტორებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, დონორ ორგანიზაციებსა და ყველა პირს, ვინც უზრუნველყო ჩვენი წარმატებული მონაწილეობა საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. იმიტირებულმა სასამართლო პროცესებმა მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეღრმავებინა ჩვენი თეორიული ცოდნა სამართლის კონკრეტულ დარგებში და გვემუშავა მათ პრაქტიკაში გამოყენებაზე. შევხვდით უამრავ ცნობილ პროფესიონალსა და ექსპერტს, საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეებსა და სტუდენტებს სხვა მონაწილე ქვეყნებიდან. ამ პირებთან კავშირების დამყარებამ ხელი შეუწყო ბევრი საინტერესო პროექტის, იდეისა თუ პროფესიული შესაძლებლობების გაჩენას. იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მიღებული გამოცდილება ძალიან გვეხმარება ჩვენს ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.“

დღეს კი თსუ-ის იმიტირებული პროცესების საზოგადოების ძირითად მიზნებს წარმოადგენს საერთაშორისო და ეროვნული იმიტირებული სასამართლო პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლება და  პოპულარიზაცია, იმიტირებული სასამართლო პროცესების შერჩეული მონაწილე სტუდენტებისათვის ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარება, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, სამართლის და მომიჯნავე დისციპლინების სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული იურიდიული განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნა, სტუდენტთა დახმარება პროფესიულ ჩამოყალიბებაში, კარიერული შესაძლებლობების აღმოჩენასა და პროფესიულ წრეებში ინტეგრაციაში, დაბოლოს, სხვადასხვა ქვეყანაში იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილე სტუდენტთა კომუნიკაციის წახალისება, მათ შორის, ურთიერთთანამშრომლობისა და იდეათა გაცვლის ხელშეწყობა.

„უახლოეს მომავალში იგეგმება ელექტრონულ რეჟიმში სტუდენტებისათვის აკადემიური წერის უნარ-ჩვევებსა და ზეპირი გამოსვლის ტექნიკებში ტრენინგის ჩატარება, რაც მნიშნველოვანი კომპონენტებია კონკურსში წარმატებულად ასპარეზობისათვის. ასევე ვგეგმავთ საქართველოში ახალი საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესების დანერგვას და ქართველი სტუდენტების წახალისებას, მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში. ამასთან, გვსურს, ხელი შევუწყოთ საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას ტრენინგების, იმიტირებული სასამართლო პროცესებისა და  სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებით. ვგეგმავთ საერთაშორისო სასამართლოების მნიშვნელოვანი პრეცედენტების კრებულის ქართულ ენაზე გამოცემას და  სამართლებრივი ბლოგის შექმნას“ - ამბობს ნანუკა ყრუაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებული სასამართლო პროცესების საზოგადოების გუნდისწევრი.

თსუ-ის იმიტირებული პროცესების საზოგადოება ღიაა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამჟამად ან წარსულში წარმოადგენდნენ თსუ-ს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში გუნდის წევრის, მწვრთნელის ან მრჩევლის ამპლუაში, ასევე, თსუ-ის იმ პროფესორებისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან იმიტირებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებულ აქტივობებში.


სხვა სტატიები »