ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ლიტერატურული მოგზაურობა - ლიტჰაიკერი

ლიტერატურული მოგზაურობა - ლიტჰაიკერი
5 ივნისი, 2020
აღმოაჩინე #ახალისამყაროები ჩვენთან ერთად - მხატვრული ლიტერატურის მოყვარულები ახალი სამყაროების აღმოსაჩენად სტუდენტურ პროექტში "ლიტჰაიკერი" ჩაერთნენ და უკვე მესამე კვირაა, რაც ლიტერატურულ სამყაროებში მოგზაურობენ. ამ სამი კვირის განმავლობაში უკვე მოასწრეს სამი მწერლის - დაგლას ადამსის - „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში,“ ბექა ადამაშვილის - „ამ რომანში ყველა კვდება“, არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“, შემოქმედებას გაცნობოდნენ, თუმცა წინ კიდევ შვიდი ტური, უამრავი საინტერესო და შთამბეჭდავი ისტორია ელოდებათ. ალბათ ყველა მხატვრული ლიტერატურის მოყვარულისთვის საინტერესოა, წაიკითხოს წიგნები და ამასთან ერთად მოიგოს პრიზები. "ლიტჰაიკერი" კი სტუდენტებს სწორედ ამ შანსს აძლევს. 
სტუდენტური პროექტი, რომლის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით, უკვე ხუთი წელია წარმატებით ხორციელდება. წელს პროექტს   უნივერსიტეტი და "სულაკაურის გამომცემლობა" ერთობლივად ახორციელებენ. სტუდენტური პროექტის ფარგლებში კონკურსანტები 10 ტურის განმავლობაში პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და თითოეული წიგნის შესახებ სპეციალურად მომზადებულ ტესტებს დაწერენ. პროექტის ბოლოს 3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც "სულაკაურის გამომცემლობის" მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. თითოეული ტურის გამარჯვებული კი სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდება. 
სტუდენტური პროექტი "ლიტჰაიკერი" 16 მაისს დაიწყო. როგორც თსუ პროექტების მენეჯერი მარიამ სეხნიაშვილი ამბობს, წელს პროექტს გარკვეული სიახლეები აქვს.
"წელს პროექტი, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. კონკურსში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ხუთი რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუძლიათ. სტუდენტების მხრიდან ინტერესი დიდია და კონკურსი საინტერესოდ მიმდინარეობს," - აღნიშნავს მარიამ სეხნიაშვილი.
პროექტის ფარგლებში სამი ტური უკვე ჩატარდა, გამოვლენილია თითოეული ტურის ლიდერიც, თუმცა ფინალურ ტურში გადასულ მონაწილეებს ქულები გაუნულდებათ, მხოლოდ ჯამური ქულით პირველ ადგილზე მყოფ მონაწილეს ექნება 1 ქულა. მონაწილეები ფინალურ ტურში 2 ტესტს დაწერენ: მე-10 წიგნის და კონკურსის 10-ვე წიგნის საერთო ტესტებს.
"თითოეული ტესტი 30 ქულიანია და რამდენიმე ნაწილისგან შედგება - შეიცავს ღია და დახურულ კითხვებს, კროსვორდებს, არტემისებს და ა.შ. ყველა სეზონზე ვცდილობთ წიგნების სია იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს სხვადასხვა ჟანრის, თემატიკის, როგორც ნაცნობი, ისე უცნობი ავტორების წიგნებს," - ამბობს პროექტის კოორდინატორი ანანო ასპანიძე. 
საკონკურსო წიგნები პროექტის რედაქტორებმა და "სულაკაურის გამომცემლობამ" ერთობლივად შეარჩიეს. თითოეული წიგნი ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ვერსიით. საკონკურსო წიგნებზე "სულაკაურის გამომცემლობამ" კონკურსანტებისთვის 25%-იანი ფასდაკლება დააწესა. 
"დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შემოთავაზებისთვის, რომ ვყოფილიყავით "ლიტჰაიკერის" პარტნიორები. პროექტის დახმარებით მეტი სტუდენტი გაეცნობა იმ თანამედროვე თუ კლასიკურ ნაწარმოებებს, რომელიც “სულაკაურის გამომცემლობამ” ბოლო წლებში გამოსცა. გვჯერა, რომ კონკურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები კიდევ უფრო მეტად შეიყვარებენ კითხვას," - აღნიშნავს "სულაკაურის გამომცემლობის" მარკეტინგის მენეჯერი ანა სულაკაური.
ლიტერატურული მოგზაურობა ახალი სამყაროების აღმოსაჩენად გრძელდება. სტუდენტური პროექტი "ლიტჰაიკერი" კი სტუდენტებს ამ საინტერესო და მრავალფეროვანი მოგზაურობის საუკეთესო შანსს აძლევს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით მათთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

სხვა სტატიები »