ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

,,წერის არქიტექტურა“ - არც ერთი დღე სტრიქონის გარეშე

,,წერის არქიტექტურა“ - არც ერთი დღე სტრიქონის გარეშე
23 მაისი, 2020
,,კარგად წერისთვის ნიჭზე უფრო მნიშვნელოვანი მარტივი ინსტრუქციაა: „არც ერთი დღე სტრიქონის  გარეშე“. იმისათვის, რომ დაფიქრდეთ წერასა და ლიტერატურაზე, პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით განავითაროთ წერის ტექნიკა და ზოგადად, მიხვდეთ, რამდენად არის ლიტერატურა ის სფერო, რომელშიც შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელება გსურთ, მასტერკლასში ,,წერის არქიტექტურა“ უნდა მიიღოთ მონაწილეობა“ - ამბობს თანამედროვე ქართველი მწერალი ბექა ადამაშვილი.
,,წერის არქიტექტურა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ,,სილქნეტის“ ერთობლივი პროექტის "შემოდგომის ლეგენდა" დისტანციური მასტერკლასია. აქ მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ თანამედროვე ლიტერატურაში მოღვაწე ადამიანები და მათგან მიიღონ უკუკავშირი, გაანალიზონ საკუთარი ნამუშევრები და დახვეწონ ხელწერა.
,,წერისთვის მთავარია ასოების ცოდნა და კარგად წერისთვის - ასოების კარგად ცოდნა. რაც შეეხება მწერალს, რასაკვირველია მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი, მწერალი რომ გახდე, ნიჭის გარდა, ცოდნა და განათლებაც გჭირდება, რასაკვირველია შრომის უნარიც. წიგნის დაწერას დიდი ენერგია ესაჭიროება და მარტივად რომ ვთქვა, ადამიანმა ერთი კარგი წიგნი რომ დაწეროს, ძალიან ბევრი კარგი წიგნი უნდა წაიკითხოს.“ - ამბობს დათო ტურაშვილი.
,,სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის ლიკა მეტრეველის თქმით, „ „შემოდგომის ლეგენდა“ წერის მოყვარული სტუდენტებისთვის მწერლობაში პირველი ნაბიჯების გადადგმის მცდელობის საუკეთესო საშუალებაა. „წერის არქიტექტურა“ კი მისი შემადგენელი ნაწილია.  ამ პროექტმა წლების განმავლობაში არაერთ ნიჭიერ დამწყებ ახალგაზრდა მწერალს გაუკვალა გზა. საქართველოში არ არსებობს კურსი, რომელიც წერას გვასწავლის. ასე, რომ, „წერის არქიტექტურა“ პროექტის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება. პირველად გასულ წელს ჩატარდა და ძალიან კარგი შედეგები მოიტანა. მასტერკლასი ასწავლის წერის მოყვარულებს, თუ რა არის მთავარი იმისათვის, რომ მკითხველი დააინტერესონ.  ურჩევს მათ, როგორ იყვნენ ინდივიდუალურები, ესაუბრება მათ მწერლობის გამოწვევებსა და სირთულეებზე“. 
 ,,ყოველი ადამიანი იმას წერს, რაც მან ყველაზე კარგად იცის. ამიტომ სწავლება იმისა, თუ როგორ უნდა დაწეროს, რთულია. ეს მასტერკლასი კი საკუთარი გამოცდილების გაზიარებაა,  ცოდნის გაზიარება იმის შესახებ, თუ  რა არ უნდა გააკეთონ. კარგად წერისთვის ნიჭი არის აბსოლუტურად აუცილებელი, ელემენტარულად წიგნიერი უნდა იყო, რომ გაიგო რა დაწერო, მაგრამ ეს არასაკმარისია.  აუცილებლად ჩავეწერებოდი ამ მასტერკლასზე იმის გამო, რომ საშინლად მაინტერესებს დღესაც როგორ მუშაობენ სხვები, ეს სულ მაინტერესებს“- ამბობს მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი.
დისტანციურ მასტერკლასში ,,წერის არქიტექტურა“ თქვენ მოისმენთ 7 ტრენინგს წერის სტრუქტურის შესახებ. მწერალი ზვიად კვარაცხელია გესაუბრებათ თემაზე: ,,მწერლის ლაბორატორია“, დათო ტურაშვილი გეტყვით, თუ რას ნიშნავს- ,,რეალური და არარეალური ლიტერატურაში“, გიორგი კეკელიძე წარმოგიდგენთ თემას: ,,პერსონაჟის დაბადება“, ზაალ ჩხეიძე აგიხსნით, თუ რას ნიშნავს ,,სიმართლე ლიტერატურაში“, დათო გაბუნია ისაუბრებს ,,თვითრედაქტირებაზე“. იმას, თუ რა არის „ტექსტის შესაფუთად საჭირო ელემენტები“,  ბექა ადამაშვილი მოგიყვებათ. და რას მოიცავს თემა ,,ყველაზე ძნელად დასაწერი“? ამ კითხვაზე პასუხს  ანა კორძაია-სამადაშვილი გაგცემთ. ტრენინგის ბოლოს გამოცხადდება მინი კონკურსი, რომელიც  მონაწილეების მიერ ახალი ნაშრომების შექმნას და საუკეთესო ავტორის პრიზით დაჯილდოებას გულისხმობს.
შემოსული აპლიკაციების საფუძველზე ტრენინგისთვის შეირჩევა 20 მონაწილე. როგორ უნდა მოხვდეთ მასტერკლასში? ეს თქვენს პასუხებზეა დამოკიდებული. 18-24 მაისის ჩათვლით, შეავსეთ  აპლიკაცია, რომელშიც შემდეგ წინადადებებს ამოიკითხავთ: 
,,ერთი წინადადებით აღწერეთ სიუჟეტი / სამყარო, რომლის შესახებაც პროზაულ ნაწარმოებს დაწერდით.“ 
,,დაწერეთ პირველი წინადადება თქვენი ამ ჰიპოთეტური პროზაული ნაწარმოებიდან.“ 
კრეატიული პასუხები კი მოგცემთ შესაძლებლობას გაიზიაროთ თანამედროვე მწერალთა და ლიტერატურათმცოდნეთა გამოცდილება, მიიღოთ სასარგებლო და საინტერესო მასტერკლასი.
სხვა სტატიები »