ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტები - ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე

თსუ სტუდენტები - ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე
11 მაისი, 2020
"დღეს სისუსტის გამოვლენის დრო ნამდვილად არ არის. ყველანაირი დაღლა გავიწყდება, როდესაც პაციენტის თვალებში შიშს ხედავ და ერთადერთ იმედს ის შენში ეძებს..." - უკვე ორ თვეზე მეტია, პაციენტების თვალებში დანახული შიში თუ იმედი მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს, ფიზიკური გადაღლისა თუ ემოციური სტრესის მიუხედავად, მოდუნების საშუალებას არ აძლევს. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, მათი ყოველდღიურობა ორი კვირის განმავლობაში კლინიკიდან გაუსვლელად ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებზე ზრუნვას, შემდეგ ორ კვირიან თვითიზოლაციასა და კვლავ კლინიკაში დაბრუნებას წარმოადგენს. ორ თვეზე მეტია, რაც ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფებს არც ოჯახის წევრები, არც ახლობლები და არც მეგობრები არ უნახავთ. მათთან ერთად ამ ბრძოლის წინა ხაზზე არიან თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებიც, რომელთა ცხოვრებაც, სხვებთან ერთად, ორი თვის წინ რადიკალურად შეიცვალა.

გურამ ამაღლობელი თსუ მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტია. ჯერ კიდევ 9 წლის იყო, როდესაც დედის ავადმყოფობამ ექიმობა გადააწყვეტინა და მას შემდეგ გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია. ბავშვობის სურვილი - დახმარებოდა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, გურამმა 18 წლის ასაკში აისრულა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და მალევე პროფესიული საქმიანობაც დაიწყო. დამღლელი სამუშაო დღეების მიუხედავად ყოველთვის ახერხებდა ლექციებს დასწრებოდა, პარალელურად კი გერმანული ენის სწავლით იყო დაკავებული.

გურამის მსგავსად, სხვა ადამიანების დახმარების სურვილმა გადააწყვეტინა თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ჩაბარება ლევან გელაშვილსაც, რომელიც, როგორც ამბობს, ამ საქმით უდიდეს სიამოვნებას, ენერგიასა და ადრენალინს იღებს.

2020 წლიდან ორივე მათგანმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიწყო მუშაობა, იმ პერიოდში საქართველოში ჯერ კიდევ სიმშვიდე იყო, თუმცა კლინიკამ თებერვლის ბოლოდან კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად დაიწყო მზადება. დღეს გურამი და ლევანი რეანიმაციულ განყოფილებაში, ყველაზე მძიმე პაციენტებთან მუშაობენ. მუშაობის პარალელურად ცდილობენ სასწავლო პროცესს არ ჩამორჩნენ, Online სწავლებაშიც მაქსიმალურად ერთვებიან და კლინიკიდან ლექციებზე დასწრებასაც მეტნაკლებად ახერხებენ.

"მსუბუქი გრაფიკი არასდროს მქონია, თუმცა ახალმა რეალობამ სულ სხვა გამოწვევების წინაშე დამაყენა. ყველაფერს დაემატა ისიც, რომ სახლში მარტო დავრჩი, ოჯახისგან შორს. ვერასდროს ვიფიქრებდი თუ უნიჭო მზარეულს საჭმელების გაკეთება და სახლის საქმეები ასე კარგად გამომივიდოდა," - ამბობს გურამი.

იმ ორი კვირის განმავლობაში კი, როდესაც ლევანსა და გურამს კლინიკაში უწევთ ყოფნა, ცდილობენ პროფესიული მოვალეობა პირნათლად შეასრულონ და, დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან ერთად, ისედაც სტრესის ქვეშ მყოფ პაციენტებს მორალურადაც გვერდში დაუდგნენ. რეანიმაციული განყოფილება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, აქამდეც სტრესული და უფრო მეტად დამღლელი იყო, დღეს ამ ყველაფერს ემატება სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც მოძრაობას, მხედველობასა და სუნთქვას ართულებს და რომლის ჩაცმა და გახდაც დღის განმავლობაში რამდენჯერმე უწევთ. გარდა ამისა, ახალმა რეალობამ თსუ სტუდენტებს ახალი საჭიროებები გაუჩინა.

"დღევანდელ სიტუაციაში მუშაობა რამდენადაც ემოციურად და ფიზიკურად რთულია, ამავდროულად, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ყველაზე დიდ სირთულეს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან დაშორება წარმოადგენს. სოფელში ვცხოვრობ, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო გახდა თბილისში ოჯახისგან, ნათესავებისგან და მეგობრებისგან იზოლირებულად ცხოვრება," - აღნიშნავს ლევანი.

ახალმა კორონავირუსმა მთელი სამედიცინო პერსონალი ახალი რეალობის წინაშე დააყენა. ებრძვიან ვირუსს, რომლის შესაძლებლობები ჯერ კიდევ ბოლომდე ცნობილი არ არის. ამის პარალელურად კი მათ გარშემო ვირუსთან დაკავშირებული არაერთი მითი იქმნება, თუმცა არც გურამი და არც ლევანი ამ მითებს ყურადღებას არ აქცევენ. სამაგიეროდ მათში გაღიზიანებას იწვევს მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების შეუსრულებლობა და, საკუთართან ერთად, სხვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.

"ძალიან ვღიზიანდები, როცა ვიგებ, როგორ არღვევენ წესებს და არ უფრთხილდებიან არც საკუთარ და არც სხვების ჯანმრთელობას. გარდა ამისა, რამდენიმე ფაქტი იყო,  რომ ჯანმრთელი ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრსაც ვირუსი დაუდასტურდათ, ბულინგის მსხვერპლად იქცნენ. არ შეიძლება ისედაც სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანებთან ასე მოპყრობა. ბოლოს კი, ყველაზე მეტად იმ კადრებმა გამაღიზიანა, სადაც მოსახლეობა სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და პოლიციას დაუპირისპირდა. ექიმებს, რომლებიც შენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ,  ასე არ უნდა მოექცე," - ამბობს გურამი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი თვის განმავლობაში მოსახლეობამ ვირუსისგან არაერთი გამოჯანმრთელებული ნახა, სტიგმა, თითქოს ახალი კორონავირუსი აუცილებლად განაჩენია, საზოგადოებაში მეტნაკლებად დღემდე არსებობს. თსუ სტუდენტები დაინფიცირებულ პაციენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და მოსახლეობას ურჩევენ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართონ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რადგან ასეთ დროს ყველა წუთს მნიშვნელობა აქვს.
"პირველ რიგში, არ აყვნენ პანიკას, რადგან ამ დროს ემოციური ფონი მნიშვნელოვანია. შეინარჩუნონ სიმშვიდე, საკუთარ თავს არ მისცენ მოდუნების უფლება, იბრძოლონ და გაითვალისწინონ სამედიცინო პერსონალის მითითებები," - აღნიშნავს ლევანი.

ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, პირველი, რასაც ორივე მათგანი გააკეთებს, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების ნახვაა. სხვა მხრივ, განსაკუთრებული გეგმები არ აქვთ. ეპიდემია დასრულდება, თუმცა პროფესიიდან გამომდინარე, მათთვის სამუშაო რეჟიმის მხრივ ბევრი არაფერი იცვლება.

"მიუხედავად ბევრი სიძნელისა, ამ საქმის კეთებით დიდ სიამოვნებას ვიღებ. დიდი ბედნიერებაა, როდესაც სიკვდილზე იმარჯვებ და შენს პაციენტს გამოჯანმრთელებულს ხედავ," - აღნიშნავს გურამი.

ორივე მათგანი იმედს იტოვებს, რომ ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში - ახლაც, სანამ მსოფლიო ახალი ვირუსს ებრძვის და შემდგომ გზაზეც, სიკვდილზე ბევრჯერ გაიმარჯვებენ და ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენენ.

სხვა სტატიები »