ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ კურსდამთავრებული აზერბაიჯანელ თანატოლებს ქართული ენის შესწავლაში ეხმარება

თსუ კურსდამთავრებული აზერბაიჯანელ თანატოლებს ქართული ენის შესწავლაში ეხმარება
4 მაისი, 2020

ბიჭი, რომელსაც ქართული ენა უყარს

თსუ კურსდამთავრებული აზერბაიჯანელ თანატოლებს ქართული ენის შესწავლაში ეხმარება

"ქართული ენის ცოდნა ჩვენი პრობლემების მოგვარებასა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაგვეხმარება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის ქართული მესწავლებინა," - თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს ხშირად სტუმრობდით, ყურადღების მიღმა არ დაგრჩებოდათ ყოველდღიურად, საღამოს საათებში, დერეფანში მაგიდასთან მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი რვეულებითა და საწერი კალმით ხელში. ალბათ ჩათვლიდით, რომ ეს ბიჭი ერთი ბეჯითი სტუდენტია, რომელიც თავისუფალ დროს უნივერსიტეტის კედლებში მეცადინეობაში ატარებს, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევაა. ფაშა ფაშაევი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რომელიც უკვე წლებია უნივერსიტეტის დერეფანსა თუ საკუთარ სახლში აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებს სრულიად უსასყიდლოდ ქართულ ენაში ამეცადინებს და ამით ცდილობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების განათლებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში თავისი, როგორც რიგითი მოქალაქის, წვლილი შეიტანოს.

ფაშა კახეთში, უფრო ზუსტად კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აზერბაიჯანულ ოჯახში დაიბადა. აზერბაიჯანულენოვან სკოლაში სწავლობდა, სადაც სხვა საგნებთან ერთად ქართულ ენასაც ასწავლიდნენ. სანამ პატარა იყო, ენის ცოდნის საჭიროებას დიდად ვერ ხედავდა და ხშირად აპროტესტებდა კიდეც. თუმცა სკოლაში მიღებულმა ცოდნამ იმხელა საფუძველი მაინც მისცა, რომ უმაღლესი განათლების მისაღებად საგარეჯოდან თბილისში წამოსულმა ქართული ენა საბაზისო დონეზე უკვე იცოდა. 2013 წელს ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე ჩააბარა, სადაც სტუდენტობის მსურველ არაქართულენოვან მოსწავლეებს ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას ასწავლიან. ეს ერთი წელი მხოლოდ ენის სწავლას დაუთმო და 2014 წელს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი გახდა.

"კურსის დასრულების შემდეგ ქართული იმაზე კარგად ვიცოდი, ვიდრე ახლა ვიცი, თუმცა მაინც მგონია, რომ ერთი წელი ენის და, მითუმეტეს, ქართული ენის სასწავლად საკმარისი არ არის. გარდა ამისა, აუცილებელია მოსამზადებელი ენის კურსზე საინფორმაციო ცენტრის არსებობა, რომელიც ფაკულტეტების შესახებ მომავალ სტუდენტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, რაც მათ პროფესიის არჩევას გაუადვილებს," - ამბობს ფაშა.

სწავლის პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროექტში "თსუ დესპანი" და, უკვე სტუდენტის როლში, მშობლიური სკოლის მოსწავლეებს საკუთარი უნივერსიტეტისა და სტუდენტობის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას აცნობდა.

"პროექტმა "თსუ დესპანი" ძალიან კარგი გამოცდილება მომცა. გარდა ამისა, სტუდენტობის დროს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტშიც ვიყავი ჩართული, რომელიც არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტრუქტურებში სტაჟირების პროგრამას ითვალისწინებდა. დღეს გარდაბნის ერთ-ერთ სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ვმუშაობ და საგაკვეთილო პროცესში მათ ჩართულობას უზრუნველვყოფ," - გვიყვება ფაშა.

მუშაობის პარალელურად კი, სრულიად უანგაროდ, ერთ ძალიან მნიშვნელოვან და სასიკეთო საქმეს აკეთებს, რომელიც ალბათ დიდ ენთუზიაზმთან ერთად, დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს - აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებს ქართული ენის სწავლაში ეხმარება. სწორედ ამისთვის, თითქმის ყოველ საღამოს, გული ისევ თსუ-სკენ მოუწევს. ფაშას სჯერა, რომ მისი გაკეთებული საქმე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს ნაწილობრივ მოაგვარებს, რადგან განათლება ყველა პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა.

"ენის ბარიერი ქართველებთან ურთიერთობაში ხელს ძალიან გვიშლის. ვერ ვაგებინებთ ჩვენს პრობლემებს. ამ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა კი ენის სწავლაა. გარდა ამისა, ჩემში ძალიან დიდ პროტესტს იწვევს, როდესაც აზერბაიჯანელები და ქართველები ერთმანეთს რუსულად ელაპარაკებიან. არ მესმის, საქართველოში ვცხოვრობთ და რუსულად რატომ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს,"- აღნიშნავს ფაშა.

დღეისთვის ათზე მეტი მოსწავლე ყავს, რომლებსაც ხან საკუთარ სახლში, ხანაც უნივერსიტეტის კედლებში ამეცადინებს. მეცადინეობის პროცესი მარტივი არ არის. უჭირთ, ისევე როგორც, თავად ფაშას უჭირდა საწყის ეტაპზე, მაგრამ შეძლო და დღეს გამართული ქართულით ლაპარაკობს. თუ საუბრისას გრამატიკულ შეცდომას უშვებს, ხვდება, უკან ბრუნდება და ასწორებს.

"ქართული ენა ძალიან რომ არ მიყვარდეს, ამას არც გავაკეთებდი, რადგან ასათვისებლად არც ისე მარტივი ენაა. მაგრამ თუ რაღაც რთულია, ე.ი. მასში არის რაღაც საინტერესოც. ძალიან მინდა, ისეთ გზას მივაგნო, რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტები სხვების დახმარების გარეშე, მარტივად ისწავლიან ქართულ ენას. გარკვეული მოდელი მაქვს, ასე ვთქვათ, სატესტო რეჟიმზეა. შეიძლება ძალიან ძლიერი არ არის, მაგრამ არც ძალიან სუსტია," - ამბობს ფაშა.

ქანან ალიევი და რავან ფაშაევი იმ სტუდენტების რიგს მიეკუთვნებიან, რომლებიც გასულ წელს ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე სწავლის პარალელურად, ფაშას დახმარებით ენაში დამატებით მეცადინეობდნენ. დღეს ორივე მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ქანანი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რავანი კი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც ამბობენ, მოსამზადებელმა კურსმა მათ ქართული ენა ასწავლა, ფაშა კი ამ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარა. რაში დაეხმარებათ მათ ქართული ენის ცოდნა, ორივეს ერთი და იგივე პასუხი აქვს...

"საქართველოში ვცხოვრობთ, ვსწავლობთ, ვმუშაობთ, შესაბამისად, ქართული ენა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. მოსამზადებელი კურსზე სწავლის დროს, ფაშამ შემოგვთავაზა დახმარება და, რა თქმა უნდა, უარი არ გვითქვამს. ქართული გრამატიკა გვიჭირდა, ამიტომ დამატებით მეცადინეობა სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენთვის," - ამბობენ სტუდენტები.

სირთულეების დაძლევის სურვილმა ფაშა ფაშაევს ჯერ ქართული ენა ასწავლა, შემდეგ კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი დაამთავრებინა და ქართულ ენასთან ერთად ინგლისური და სპარსული ენების ათვისებაში დაეხმარა. იმედია, სხვა სტუდენტებიც შეძლებენ იპოვონ საკუთარი გზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით და მისი კედლების დატოვების შემდეგაც, ისევე როგორც ფაშამ, შემდგომ გზაზე ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთონ.  

სხვა სტატიები »