ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

Online კურსები თსუ სტუდენტებისა და კურსდამავრებულთათვის

Online კურსები თსუ სტუდენტებისა და კურსდამავრებულთათვის
29 აპრილი, 2020
,,სწავლების ერთ სისტემას ვარ შეჩვეული და არ ველოდი, რომ დისტანციური კურსიც ისეთივე ეფექტური იქნებოდა, როგორც ჩვეულებრივი.“ - აცხადებს თსუ კარიერული მართვის სამსახურის მიერ ორგანიზებული კურსის სტუდენტი მარიამ მოდებაძე.
კარიერის განმავითარებელ უფასო კურსებსა და ტრენინგებს თსუ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი სთავაზობს. ეპიდემიის გამო, ფორმატი შეიცვალა. თუ ადრე აპლიკანტებს ცენტრში მისვლა და კონკრეტული დროის გამოყოფა უწევდათ, ახლა  უკვე სახლიდან შეუძლიათ მიიღონ ცოდნა, დასვან კითხვები და  მოუსმინონ  ლექციებს მათთვის ხელსაყრელ დროს, რაც არსებული ფორმატის ნაწილობრივ ან სრულად ელექტრონული ფორმატით, სინქრონულად zoom- ისა და ასინქრონულად MOODLE-ით ჩანაცვლება სგულისხმობს. 
კარიერის მართვის კურსი, online კონსულტაციათა პროგრამები თემებზე: პროფოროენტაცია, გასაუბრების ტექნიკები, შრომის ბაზრის მოთხოვნები, CV და სამოტივაციო წერილის შედგენა, ტრენინგები პროექტის წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების შესახებ - ეს იმ პროგრამების ჩამონათვალია, რომელსაც თსუ  სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი   მსურველებს სთავაზობს. კურსები, დარეგისტრირებული მსურველების მიხედვით, ყოველკვირეულად ტარდება.
,,სინქრონულის გარდა, რამდენიმე მეთოდს ვიყენებთ, ლექციებს ვიწერთ და ჩანაწერს ვდებთ საიტზე, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს სასურველ დროს მოისმინოს ლექცია და თუ კითხვა გაუჩნდება elearning-ზე  მოგვმართოს. მაგალითად, ერთი თემის განხილვისას ვიყენებთ რამდენიმე online პლატფორმას: MOODLE,  ZOOM  და PADLET (ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობისთვის), თვალსაჩინოებისთვის POWER POINT და Google doc კითხვარებს, ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ონლაინ სწავლებისას ცოდნის გადაცემა პრობლემას არ წარმოადგენს.“- აცხადებს  თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი.
შემოთავაზებულ კურსებს შორისაა ტემპუსის გრანტის ფარგლებში შემუშავებული კურსი ,,კარიერის მართვა“, რაც ახლაც მიმდინარეობს და მასში 70-მდე სტუდენტია ჩართული. ისინი რვა კვირის განმავლობაში მოუსმენენ ლექციებს ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. თითოეული თემის შემდეგ კურსის მონაწილეები შეასრულებენ დავალებებს, კურსის დასრულების შემდეგ კი წარმოადგენენ მათ პროფესიასა და კარიერასთან დაკავშირებულ პროექტს. 
მარიამ მოდებაძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტია, რომელმაც უკვე გაიარა პროფორიენტაციის კურსი, ახლა კი სწორედ კარიერის მართვის კურსის აპლიკანტია:
,,კურსი დამეხმარა, რომ რაღაცები უფრო ფართო კუთხით დამენახა და ახლებურად გამეაზრებინა ჩემი არჩევანი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კარიერის მართვის კურსში ჩართვაც, რამაც ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს. ერთი შეხედვით, ჩვენ, სტუდენტებმა თითქოს ვიცით რა გვინდა, ვიცით რომელია ჩვენი საოცნებო პოზიცია ჩვენს სფეროში, მაგრამ ახლა კურსმა დამანახა, რომ გარდა პროფესიონალური ცოდნისა, სხვა უნარებიც გჭირდება. ეს კურსი კი მეხმარება განვსაზღვრო და გავიგო რა უნარები მჭირდება მე ჩემი კარიერული მიზნის მიღწევისთვის და როგორ უნდა მივაღწიო მას. დავიწყე კარიერის დაგეგმვა და ალტერნატიული გზების შემუშავება, რაც ძალიან მომწონს. საკონტაქტოდ ბევრი სივრცე გვაქვს, სწრაფად ვცვლით ინფორმაციებს და ვზოგავ ძალიან ბევრ დროს, რაც, მაგალითად, მგზავრობისთვის უნდა დამეხარჯა.“
თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი ორი კვირის მანძილზე სატესტო რეჟიმში მუშაობდა, შედეგებმა და გამოხმაურებამ კი აჩვენა, რომ თსუ online კურსი წარმატებული აღმოჩნდა. ონლაინ კურსებსა და ტრენინგებზე დაინტერესება საკმაოდ მაღალია, მაგალითად online კონსულტაციაში 2 კვირის განმავლობაში 84 სტუდენტი ჩაერთო. გიორგი გრიგოლაშვილის თქმით ,,online კურსმა გაამართლა, უფრო ეფექტური აღმოჩნდა, სტუდენტებიც შეეჩვივნენ და პანდემიის შემდეგ შესაძლოა, რომ კურსები  Online რეჟიმში დარჩეს, საჭიროების შემთხვევაში კი მასში  უშუალო კონტაქტიც ჩაერთოს.“ 
27 აპრილიდან კი იწყება რეგისტრაცია 2 Online ტრენინგზე ,,პროექტის წერა“ და“ეფექტური კომუნიკაციის უნარები“, რასაც გიორგი გრიგოლაშვილი და სალომე თოფურია 4-8 მაისის ჩათვლით უხელმძღვანელებენ. ტრენინგების მიზანია სტუდენტთა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარება, დასაქმებისათვის საჭირო ზოგადი უნარებისა და კომპეტენციების განვითარება.
სხვა სტატიები »