ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

გასტრონომიული კულტურა და კულინარიული ტურიზმი

გასტრონომიული კულტურა და კულინარიული ტურიზმი
27 თებერვალი, 2020

უნივერსიტეტი მსმენელებს სასერტიფიკატო კურსს ,,კულინარიული ტურიზმი“ სთავაზობს.

გასტრონომია კუჭის მოვლის პროცესს ნიშნავს, იგი კულტურისა და ზოგადად კვების პროცესის ურთიერთშესაბამისობაა. თვითონ გასტრონომიული (კულინარიული) ტურიზმი კი თემატური ტურიზმის  თანამედროვე მიმართულებაა, სადაც ტურისტი იკვლევს ქვეყნის რეგიონალურ ავთენტურ გემოებსა და ავთენტურ კერძებს.  მათ შორის აინტერესებს რა როლი აქვს ამ კერძს, ზოგადად, მის ეთნოკულტურაში, რიტუალებში, ადათებში, წესებში, ტრადიციებში.

მაგალითად ტურისტს სურს მონაწილეობა მიიღოს მასტერკლასში, რითაც იგი სწავლობს და შედის რიტუალში -  მაგალითად სწორედ საწნახელის ხის ჭრისას შეიქმნა გურიაში პოლიფონია ,,ელესა“ და გურიაში ჩასული ადამიანისთვის ამ რიტუალის გაცნობა უდაოდ საინტერესო გამოცდილებაა; 

ავთენტური გემოს გასაგებად მოგზაური ხინკლისთვის - ფასანაურში, იმერული ხაჭაპურისთვის -  მაგალითად ქუთაისში, ხოლო კახური მწვადისთვის - კახეთში ჩადის. თითქოს რა არის განსაკუთრეული კახურ მწვადში, თუმცა, რეალურად, განსხვავებით „შაშლიკისგან“,  ის ერთადერთია მსოფლიოში, მზადდება საგემოვნო თვისებებით გამორჩეული, ლაგოდეხის ტყის ღორისგან, რომელიც ტყავის გახდის შემდეგ არ ირეცხება და შედგება 5 ნაჭერი ხორცისგან და ა.შ. 

გასტრონომიულ (კულინარიულ) ტურიზმს დიდი ეკონომიკური პერსპექტივა აქვს საქართველოში, რადგან  აქ ყველა რეგიონში არის ერთი კერძი მაინც, რაც შეიძლება მისი საიმიჯო რესურსი გახდეს. ხოლო რახან  გასტრონომიული ტურისტი უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ამ სფეროში დასაქმება ახალგაზრდებს სოფელში  დამკვიდრების შესაძლებლობას მისცემს, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის განვითარებაზე.

,, ჩვენ გვაქვს ყველეული, ხორცეული, თავისებური კერძები, რაც  სწორი მარკეტინგული პოზიციონირებით, შეიძლება რეგიონისთვის ფულის მომტანი საიმიჯო რესურსი გახდეს, როგორც მოხდა იტალიური ყველის, პარმეზანის შემთხვევაში, მას პარმის რეგიონში ბანკში ტოვებენ გირაოდ, წლების გასვლასთან ერთად კი ფასიც ემატება. მსგავსად შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ჩვენი მესხური ტენილი ყველის შემთხვევაშიც, რომლის დამზადებასაც ერთი კვირა, ხოლო საბოლოო რეზულტატს 2 თვე სჭირდება. თუმცა დღეს ჯერ საქართველოში კარგად არ აქვთ წარმოდგენილი, როგორ შეიძლება იგი ფულის მომტანი გახდეს და მას სწორი მარკეტინგული პოზიციონირება სჭირდება ’’- აცხადებს დალილა ცატავა, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი.

ამ მიმართულებით ცდილობს იმუშაოს  საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ, რომლის მიზანია გააცოცხლოს ძველი ქართული კერძები, თავისი რიტუალებით. ამ კერძებს შორისაა, მაგალითად, ქერის ვეგანური წვნიანი ,,ლუცფექ’’, რიტუალური ქელეხის კერძი, რომელსაც ადრე კანაფის თესლისგან, დღეს კი გოგრისგან ამზადებენ და ეს  მხოლოდ ორმა ქალმა იცის სვანეთში. ასევე ,,ზისხორა’’, რიტუალური კერძი, რომელიც ღორის სისხლისა და სვანური სუნელებისგან მზადდება და იზილება მანამ, სანამ პურის ცომის კონსისტენციას არ მიიღებენ, შემდეგ კი იხარშება. ამ კერძების გაცოცხლება მოხდა ქალბატონი დალილა ცატავას ხელმძღვანელობით, რომელიც თსუ სასერტიფიკატო კურსის ,,კულინარიული ტურიზმი“ ტრენერია და მსმენელებისთვის საკუთარი და მსოფლიო გამოცდილების გაზიარებას  ცდილობს.   

დალილა ცატავა ამბობს, რომ გლობალიზაციის პროცესში, ტურიზმის ფილოსოფია შეიცვალა, იგი ეძებს ისეთ რაღაცას, რაც არავის აქვს,  პატარა ერები კი ამ იდენტობას ებღაუჭებიან, შესაბამისად, გასტრონომიული (კულინარიული) ტურიზმის განვითარება ქართველებს  ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში დაგვეხმება.

,,იმისთვის, რომ ამ სფეროში წარმატებული მეწარმე გავხდეთ, უნდა შევიძინოთ ცოდნა, უნდა ვიცოდეთ იმ სოფლის ისტორია, რომელშიც ჩავდივართ, მისი ადათები, კულტურა  და  რიტუალები. შემდეგ უნდა  დაიგეგმოს თუ  ვის ჩამოვიყვანთ, როგორი პროდუქტი გვექნება, რა ფასს დავადებთ,  შემდეგ უკვე იწყება მარკეტინგული კომპანია, გასტრონომიულ ფესტივალებზე წარდგენა და ა.შ.“ 

მათ, ვისაც აინტერესებს ეს თემა, მათ შორის გიდებს, ტუროპერატორებს, კვებითი მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს და იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ საოჯახო სასტუმრო ჰქონდეთ მომავალში, უნივერსიტეტი სთავაზობს სასერტიფიკატო კურსს ,,კულინარიული ტურიზმი“, რომლის ხელმძღვანელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  გასტრონომიული კულტურის მკვლევარი და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი დალილა ცატავაა. კურსის მანძილზე მსმენელები შეისწავლიან კვების კულტურის საკითხებს, კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის ინსტრუმენტებს, მის სეგმენტაციასა და სახეებს, კულინარიული ტურიზმის ტიპოლოგიასა და ქართულ გასტრონომიულ კულტურას. 

კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით  ბმულზე.

სხვა სტატიები »