ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
26 თებერვალი, 2020
თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მომზადებულ აბიტურიენტებს სამაგისტრო პროგრამებზე 100%-იანი ჩარიცხვის მაჩვენებელი აქვთ,  თითქმის 50% კი, სრული დაფინანსებით არის ჩარიცხული. 
უწყვეტი განათლების ცენტრი აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსზე მიღებას წელიწადში ერთხელ - გაზაფხულზე აცხადებს, მეცადინეობები კი ზაფხულამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე გრძელდება. სამი თვის მანძილზე, კვირაში ორჯერ, ორი საათის განმავლობაში აბიტურიენტები გამოცდისთვის უნარების ოთხივე კომპონენტში (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) ემზადებიან. 
საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა და დარეგისტრირებული აბიტურიენტების რიცხვიც დღითიდღე იმატებს. როგორც თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი გია მამულაშვილი აღნიშნავს, აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსი მომავალ მაგისტრანტებში პოპულარობით სარგებლობს. „რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული თსუ ოფიციალურ გვერდზე დევს. აბიტურიენტებს ერთ თვეზე მეტი აქვთ კურსზე დასარეგისტრირებლად. მოდიან არა მხოლოდ თსუ-ში სწავლის გაგრძელების მსურველები, არამედ ისინიც, ვინც სხვა უნივერსიტეტში აბარებენ, თუმცა ძირითადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველი აბიტურიენტები გვყავს,“ - ამბობს გია მამულაშვილი.
ცენტრის ხელმძღვანელი გასულ წლებში მომზადებულ აბიტურიენტებზე, ახლა უკვე მაგისტრანტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თითოეულმა აბიტურიენტმა, ვინც კურსი სრულად გაიარა, სამაგისტრო გამოცდაზე საკმაოდ კარგი შედეგები მიიღო. „მეცადინეობები ჯგუფურად მიმდინარეობს, თუმცა მცირე ჯგუფები გვყავს, ამიტომ პედაგოგებს უყურადღებოდ არავინ რჩებათ. აბიტურიენტებს მაღალი დონის პროფესიონალები ამზადებენ, რაც გასულ წლებში საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მიღებულმა შედეგებმაც აჩვენა,“ - აღნიშნავს გია მამულაშვილი.
ლიანა მარქარიანი ერთ-ერთია, ვინც საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი გაიარა და დღეს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის „მედია ფსიქოლოგია და კომუნიკაციები“ სტუდენტია. 
მოსამზადებელი კურსის შესახებ თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის Facebook გვერდიდან შეიტყო, მეგობრებში გაიკითხა და დადებითი შეფასებების მოსმენის შემდეგ, გადაწყვიტა სამაგისტრო გამოცდისთვის სწორედ ამ კურსის მეშვეობით მომზადებულიყო. „პირველ რიგში, ტერიტორიულად ძალიან მაწყობდა, მეცადინეობები უნივერსიტეტში იყო და ლექციების მერე პირდაპირ მოვდიოდი. გარდა ამისა, ფასი იყო ძალიან მისაღები, მითუმეტეს, რომ თსუ სტუდენტებისთვის კიდევ ნახევრდებოდა. ამ ფასში სხვაგან ვერ მოვემზადებოდი. ყველაფერთან ერთად, მეგობრებისგან ვიცოდი, რომ ძალიან მაღალი ხარისხის სწავლება იყო,“ - ამბობს ლიანა. 
ლიანა ჩვენთან საუბარში კურსზე გავლილ სამთვიან სასწავლო პროცესს აღწერს და აღნიშნავს, რომ ამ სამი თვის განმავლობაში მიღებული ცოდნა სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგაც ბევრჯერ გამოადგა. თუმცა, დადებით შეფასებებთან ერთად, ლიანა უარყოფით მხარეზეც საუბრობს.  „მოსამზადებელი პროცესი ძალიან გავს თვითონ გამოცდას. ძალიან ძლიერი პედაგოგები გასწავლიან, განსაკუთრებით მინდა გამოვყო სოფო ორმოცაძე, რომელიც თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ძალიან კარგად გიხსნიან, რა როგორ უნდა დაწერო და გააკეთო. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტში უმაღლესი მათემატიკის სწავლებაა, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. თუმცა, საბოლოო ჯამში, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელმა კურსმა მომამზადა არა მხოლოდ გამოცდისთვის, არამედ იმისთვისაც, რაც მაგისტრატურაზე დამხვდებოდა,“ - ამბობს ლიანა.
ლიანას მარქარიანის მსგავსად, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის უწყვეტი განათლების ცენტრში მოემზადა ნათია ბოღოჩაძეც. ნათია დღეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, პარალელურად კი ინგლისურ ენაში მოსწავლეებს ამზადებს. 
ნათიამ კურსის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდიდან შეიტყო, გადამწყვეტი მისთვისაც მოსამზადებელი კურსის საფასური და მეგობრებისგან მოსმენილი დადებითი შეფასებები აღმოჩნდა. სამთვიან სასწავლო პროცესში ყველაზე მეტად სწავლების პრინციპი მოწონდა, თუმცა ცვლილებებსაც შეიტანდა. „ძალიან კარგი პედაგოგები გვასწავლიდნენ. ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენთვის საჭირო ცოდნა მოეცათ. სამუშაო პროცესში ჯგუფის ყველაზე წევრი აქტიურად ვიყავით ჩართული. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი - სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილ საათებს დავამატებდი,“ - აღნიშნავს ნათია.
საბოლოო ჯამში კი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს ასე აფასებს: „აბიტურიენტებზე ორიენტირებული მოსამზადებელი კურსია როგორც ფინანსური, ისე საჭირო განათლების მიღების კუთხით.“
თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია 25 მარტამდე გაგრძელდება. სრული კურსის ღირებულება 650 ლარია, თუმცა თსუ სტუდენტებისთვის კურსის საფასური ნახევრდება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა თსუ ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებულ ბმულზე შეუძლიათ.
სხვა სტატიები »