ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

თსუ ზოოლოგიის მუზეუმი

17 თებერვალი, 2020
“მე დღეს მოვხვდი საოცარ სამყაროში. ვიგრძენი, რა საოცრებებს იტევს ბუნება… მუზეუმი თაობებს აღზრდის, ათას საიდუმლოს აზიარებს, ათას საფიქრალს გაუჩენს. მათი მადლობებით კი მალე გაივსება შთაბეჭდილებათა წიგნი,“ –თსუ ზოოლოგიის მუზეუმის შთაბეჭდილებათა წიგნში გაკეთებული ამ ჩანაწერის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მუზეუმით მოხიბლული დამთვალიერებლების ემოციებმა კი მართლაც გაავსო შთაბეჭდილებათა არაერთი წიგნი.
თსუ მეთერთმეტე კორპუსში არსებულ ზოოლოგიის მუზეუმში დაცული 5000-ზე მეტი ექსპონატი თითქმის მთელ ფაუნას აერთიანებს. მუზეუმის მრავალფეროვნება შესვლისთანავე დაგაბნევთ და ალბათ დახმარების გარეშე ვერ გადაწყვეტთ რომელი კუთხიდან დაიწყოთ დათვალიერება. ერთ სივრცეში შეხვდებით ცხოველების, ფრინველების, ქვეწარმავლების თუ მწერების სხვადასხვა სახეობას. თაროებზე ჩიტებს, პეპლებს, ხოჭოებს, მოლუსკებს, ამფიბიებს, უნიკალურ მარჯნის პოლიპებს აქვთ ბინა დადებული, კედლებზე სხვადასხვა სახეობის ქვეწარმავლებს, ამა თუ იმ ცხოველის რქებსა და ლურჯი ვეშაპის უზარმაზარ ულვაშსაც დაინახავთ, მუზეუმის დარჩენილ სივრცეში კი ჟირაფის, ბეჰემოთის, ლომის, კენგურუს, ტახის ფიტულები ბინადრობენ. აქვე შეძლებთ სხვადასხვა ანომალიით დაბადებული ცხოველისა თუ ფრინველის ნახვას, როგორიც არის ორთავიანი ცხვარი, ოთხფეხა წიწილა... მუზეუმის ექსპონატებიდან ბევრი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ბუნებაში მათი პოვნა ან ძალიან იშვიათია, ან საერთოდაც შეუძლებელი.
5000-ზე მეტი ექსპონატიდან ყველას თავისი ისტორია აქვს, მათგან რამდენიმე მართლაც გამორჩეული და ალბათ ბევრისთვის უცნობია. თუმცა მუზეუმში სტუმრობისას თითოეულ ამ ისტორიას მუზეუმის ხელმძღვანელი მზია ჯაველიძე აუცილებლად გიამბობთ.
ალბათ ბევრმა არ იცის საიდან მოდის სისხლის ფაქტორის სახელწოდება „რეზუსი“. როგორც მუზეუმის ხელმძღვანელი ამბობს, ეს სახელწოდება მაიმუნის ერთ-ერთ სახეობას - რეზუსს უკავშირდება. „პირველი მსოფლიო ომის დროს, ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა რომ მსუბუქად დაჭრილი ადამიანი, სისხლის გადასხმის შემდეგ გარდაიცვალა. დაიწყეს გამოკვლევა რეზუსის სახეობის მაიმუნზე, რადგან ყველაზე ამტანი სახეობაა და პარამეტრებით ადამიანის ორგანიზმთან არის ახლოს. სწორედ ამის შემდეგ დაერქვა სისხლის ფაქტორს რეზუსი,“ - ამბობს მზია ჯაველიძე.
ასეთივე უცნობი და უწყინარ ჩიტ ჩიბუხასთან დაკავშირებულია სიტყვა „სნაიპერის“ წარმოშობის ისტორიაც. ჩიბუხას სხვა ჩიტებისგან ერთი შეხედვით ვერაფრით განასხვავებ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა სხვებისგან განსხვავებულად დაფრინავს. „ჩიბუხა სპორტული ნადირობის ობიექტია, ზიგზაგისებურად ფრენს და მისი მიზანში ამოღება ყველა მონადირისთვის სირთულეს წარმოადგენს. ინგლისურად ჩიბუხას snipe-ს ეძახიან, ადამიანს, კი რომელიც მის ჩამოგდებას შეძლებს სნაიპერი შეარქვეს,“ - ამბობს მუზეუმის ხელმძღვანელი.
ამ უცნობ ისტორიებთან ერთად ბევრ სხვა ისტორიასა და არაერთ საინტერესო ექსპონატს ინახავს თსუ ზოოლოგიის მუზეუმი 1946 წლიდან დღემდე. თითქმის საუკუნეა მუზეუმს სხვადასხვა თაობის დამთვალიერებლები სტუმრობენ და საუკუნეების მანძილზე სხვადასხვანაირად შეცვლილ ფაუნას ახლა ფიტულების მეშვეობით ეცნობიან. მუზეუმი ახლა უნივერსიტეტის ქუჩის N11-ში მდებარეობს და სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სხვა სტატიები »