ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ III კურსის სტუდენტის მასალები იმპაქტ-ფაქტორიან საერთაშორისო ჟურნალებში

თსუ III კურსის სტუდენტის მასალები იმპაქტ-ფაქტორიან საერთაშორისო ჟურნალებში
4 თებერვალი, 2020
20 წლის მაგდა რუხაძე თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მისი სტატიები უკვე დაიბეჭდა ორ იმპაქტფაქტორიან საერთაშორისო ჟურნალში, მაგდა რუხაძე ასევე გახდა სოციალურ მეცნიერებებში  რომის საერთაშორისო კონფერენციის გამარჯვებული. 
ახალგაზრდა მეცნიერის კვლევის ობიექტს თავად ახალგაზრდები წარმოადგენენ. ნაადრევი ქორწინება და ქართული რეალობა; როგორ აღიქვამენ ქართველი მოზარდები საკუთარ გარეგნობას? -  დაბალი თვითშეფასება ახალგაზრდებში და  გარეგნობასთან დაკავშირებული სტანდარტები -  უკვე ორი წელია მაგდა რუხაძე აქტიურად იკვლევს ამ თემებს. 
მომავალი სოციოლოგის აზრით, მეცნიერებსა და  სამეცნიერო კვლევებს, განსაკუთრებით კი სოციოლოგიურ კვლევებს, პოზიტიური სოციალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ. მაგდა რუხაძისთვის ეს გამოწვევა  დაწყებულია. 
 საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში „Journal of Advanced Research in Social Sciences and Humanities” და  „Journal of Advanced Research in Social Sciences“ უკვე დაიბეჭდა მისი ორი კვლევა “ადრეული ქორწინება როგორც ბარიერი ახალგაზრდების განათლებისა და კარიერული განვითარებისთვის“ (“Early marriage as a barrier to the career and educational opportunity for the youth in Georgia”) და „აკმაყოფილებთ თუ არა ქართველ მოზარდებს საკუთარი სხეულის ხატი“(Are Georgian adolescents satisfied with their body image?”).
ადრეული ქორწინების საკითხებით მაგდა დიდიხანია დაინტერესებულია. ამ თემასთან დაკავშირებული მისი კვლევის მიზანი იყო გაერკვია, თუ  რა გავლენას ახდენს ნაადრევი ქორწინება ახალგაზრდების განათლებასა და კარიერულ წინსვლაზე. ამისთვის,  ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩაატარა 45 ახალგაზრდასთან, რომელთაც ოჯახი 18 წლამდე შექმნეს.  
„კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდები ნანობენ თავიანთ გადაწყვეტილებას. ისინი ვერ აღმოჩნდნენ მზად ოჯახური ცხოვრებისათვის და ვალდებულებების შესასრულებლად.  ნაადრევმა ქორწინებამ ხელი შეუშალა განათლების მიღებაში. უმეტესობა მათგანი  ფიქრობს,  რომ მომავალში შეძლებს განათლების მიღებას და დასაქმებას. იმის გამო რომ ახალგაზრდები მშობლებისგან იღებენ ფინანსურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ისინი მშობლებზე დამოკიდეულებიც არიან. ნაადრევი ქორწინება კომპლექსური ფენომენია და  მრავალი ფაქტორითაა: ტრადიციები, გენდერული უთანასწორობა, ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. გამოწვეული“,- გვიყვება მაგდა. მისმა კვლევამ ასევე გამოკვეთა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება. 
„მნიშვნელოვანია ახალაგზრდების, მშობლების, ოჯახების, ზოგადად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეული ქორწინების რისკებთან დაკავშირებით.  ამისათვის უნდა არსებობდეს  საინფორმაციო და დახმარების სერვისები;  ქორწინებაში მყოფ ახალგაზრდებს  სჭირდებათ დახმარება განათლებაში დასაბრუნებლად რაც ხელს შეუწყობს მათ   დასაქმებას და ზოგადად, საზოგადოებაში ჩართულობას“.- ამბობს მაგდა.
მაგდას მეორე სტატია,რომელიც საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში დაიბეჭდა ქართველ მოზარდებში სხეულის ხატის აღქმისა და  იმ ფაქტორების შესწავლას ეხება, რომლებიც გავლენას  ახდენენ მოზარდების  სხეულის ხატის ჩამოყალიბებაზე. კვლევის პროცესში მაგდამ 13-დან 19 წლამდე 80 მოზარდი გამოკითხა. კვლევის შედეგად, აღმოჩნდა,რომ  მოზარდები, ზოგადად არ არიან საკუთარი გარეგნობით კმაყოფილები და გარეგნობასთან  დაკავშირებული სტანდარტების ჩამოყალიბებაზე მათზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ  შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, ინტერნეტი, მედია.  
„შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, გარკვეულ ცვლილებას შეიტანდნენ საკუთარ გარეგნობაში. გარეგნობა  მრავალხრივ გავლენას ახდებს ადამიანის ცხოვრებაზე,  მაგალითად  პროფესიის არჩევაზე,  დასაქმებაზე, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე, ოჯახის შექმნაზე, და ა.შ.  კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები რომელთაც  მაღალი თვითშეფასება აქვთ, უფრო კმაყოფილები არიან საკუთარი გარეგნობით, ვიდრე შედარებით დაბალი თვითშეფასების მქონე მოზარდები,“- გვეუბნება მაგდა.
ამ სტატიების ხილვა www.researchgate.net -სა  და  www.scholar.google.com -ზეა შესაძლებელი.   
ამბობს,რომ სამეცნიერო კვლევებს ამ მიმართულებით კიდევ გააგრძელებს,თან კვლევების პარალელურად, გამოყენებითი სოციოლოგიის მიმართულებით უნდა მუშაობა.  რაც იმას ნიშნავს, რომ მაგდა როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას,  არსებული სოციალური ჯგუფებისა და მათი ურთიერთობების შესახებ, საინტერესო კვლევებსა და შედეგებს ხშირად გაუზიარებს.
სხვა სტატიები »