ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას „ტურიზმი“ აკრედიტაცია მიენიჭა

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას „ტურიზმი“ აკრედიტაცია მიენიჭა
26 დეკემბერი, 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები ორმაგი ხარისხის დიპლომს აიღებენ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და საფრანგეთის ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას „ტურიზმი“ სრული უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა. 
სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ პირველი აკრედიტებული პროგრამაა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებით დაარსებულ ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფარგლებში. 
მომავალი სასწავლო წლიდან პროგრამაზე სწავლა სრულიად უფასოდ 20 მაგისტრანტს შეეძლება.
 პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება ორმაგი ხარისხი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან-ტურიზმის მაგისტრი, ხოლო ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის მხრიდან - ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრი.
პროგრამა ითვალისწინებს ორწლიან სწავლებას, რაც გულისხმობს 120 კრედიტის დაგროვებას 4 სემესტრის განმავლობაში. სწავლება იქნება ქართულ ენაზე,ფრანგული ენის კომპონენტებით. 
პირველი სამი სემესტრი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის მიერ განხორციელდება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ხოლო მეოთხე სემესტრში, სტუდენტები სწავლას ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტში, ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტში გააგრძელებენ, სადაც დაიცავენ სამაგისტრო ნაშრომს. 
პროგრამა ითვალისწინებს ფრანგული ენის გაძლიერებულ სწავლებასაც, რათა სტუდენტები მოემზადონ საფრანგეთის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სწავლებისა და 4-5 თვიანი სტაჟირებისთვის მოქმედ ტურისტულ კომპანიაში. ამასთან, პროგრამის კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული მუშაობის ნებართვა საფრანგეთში. 
მიღების წინაპირობებია: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, საერთო სამაგისტრო გამოცდა, მისაღები გამოცდა საგანში „ტურიზმი“ და ფრანგული ენა B1.
საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სტუდენტთა დაფინანსებას, ფრანგული მხარე კი უზრუნველყოფს სტუდენტთა სტაჟირებას საფრანგეთში და ფრანგი პროფესორების ვიზიტს საქართველოში. 

***
სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ მიზნად ისახავს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მატარებელი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.


სხვა სტატიები »