ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პროფესიული პროგრამები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

პროფესიული პროგრამები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
26 დეკემბერი, 2019
2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებს ახორციელებს, რომლებიც უკვე დიდი მოთხოვნით სარგებლობს - წელს, 8 პროგრამის 194 ვაკანტურ ადგილზე 1221 კანდიდატი დარეგისტრირდა. ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის 4 სპეციალური საჭიროების მქონე პირია.
2019 წლის შემოდგომის ნაკადზე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, საოფისე საქმე, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, შემფასებელი, მიიღო სტუდენტები. ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის არიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის კურსდამთავრებულები, ასევე უკვე დასაქმებულები, რომლებსაც სურთ ახალი ცოდნის მიღება. სხვადასხვა პროგრამებზე სტუდენტებს ლექციებს უკითხავენ თსუ პროფესორები და პრაქტიკოსი პროფესიული მასწავლებლები.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
შემოდგომის ნაკადზე შემფასებლის პროფესიული პროგრამის სტუდენტი გახდა ლუკა კაკიაშვილი, რომელმაც წარმატებით დაასრულა თსუ იურიდიული ფაკულტეტი და პარალელურად სამართლის სამაგისტრო პროგრამაზეც სწავლობს.
„მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ თსუ-ს ჰქონდა პროფესიული სასწავლებელი, გადავწყვიტე დამატებით პროფესიას დავუფლებოდი. არჩევანი შევაჩერე შემფასებლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგამაზე. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა უძრავ-მოძრავი ქონების შეფასებას, რომელიც შესაბამისი მეთოდებისა და სტანდარტების კვალიფიციურ ცოდნას მოითხოვს. ვფიქრობ, აქ სწავლა მომცემს შესაძლებლობას შევიძინო დამატებითი უნარ-ჩვევები, რაც ძირითად პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვნად დამეხმარება. პროგრამაზე ჩაბარებისათვის დამჭირდა საკანცელარიო უნარებისა და მათემატიკის ტესტირების გავლა. რეგისტრაციის დროს, მსგავსად ეროვნული გამოცდებისა, იყო რამდენიმე პროგრამის არჩევის შესაძლებლობაც. ამ ახალი გამოწვევით ძალიან კმაყოფილი ვარ, პირველ რიგში იმით, რომ ცენტრის ინფრასტრუქტურა მაღალი სტანდარტებითაა აღჭურვილი. ასევე, ცენტრში ასწავლიან ამ დარგში თეორიული ცოდნით და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ლექტორები, რომლებისთვისაც ეს პროფესია ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, სწავლისათვის უზრუნველყოფილია სრულად დამაკმაყოფილებელი გარემო“, - ამბობს ლუკა.
თსუ ტურიზმის სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ნინო წერეთელი მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიას ეუფლება თსუ პროფესიული განათლების კურსებზე. „ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება უკვე მაქვს, მსურს განვიმტკიცო ცოდნა და ვიმუშაო არა მარტო ტუროპერატორად, არამედ საქართველოს გიდად, წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა. პროგრამაზე სწავლის სტილი არის ძალიან ორგანიზებულად და სასიამოვნოდ გათვალისწინებული, ძირითადი მასალის შესწავლა ხდება ლექციის დროს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მიუხედავად ძალიან დიდი კონკურენციისა ამ მიმართულებაზე, მოსახვედრად წარმატებით ჩავაბარე ინგლისური და საბაზისო უნარჩვევები“, - გვეუბნება ნინო.
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ პირადობის მოწმობით საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წინაპირობები ინდივიდუალურია. სხვადასხვა მიმართულებებზე შესაბამისად ბარდება: საბაზისო აკადემიური უნარების, საკანცელარიო უნარების, ქართული ენის, მათემატიკისა და უცხო ენების ტესტები. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული აპლიკანტები როგორც თბილისში, ისე ქუთაისში ისწავლიან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალ "Save the Children International"-ის საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს, შ.პ.ს. „ეთნო-ტურსა“ და „ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანებასთან“.
უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი „Save the Children International“ თსუ-ს 5 ტრენინგ-მოდულს უსასყიდლოდ გადასცემს. ტრენინგ-მოდულები სტუდენტებს დაეხმარება გარდამავალი უნარების განვითარებაში მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. თსუ-ის მიერ შერჩეული 13 ტრენერი მომზადდება შემდეგ საკითხებში: კომუნიკაციის უნარები; გუნდური მუშაობის უნარები; მეწარმეობასთან დაკავშირებული უნარები; პრობლების გადაჭრა/გადაწყვეტილების მიღების უნარები; სწავლების სწავლა (Learning to Learn).
შ.პ.ს. „ეთნო-ტურთან“ (იგი ტურიზმის ბაზარზე ერთ-ერთი ცნობილ-ტუროპერატორია), გაფორმებული მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების დახმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, მათი დასაქმების ხელშეწყობა და კომპანიისთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნა, რაც გულისხმობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების დასაქმებას პროფესიული მიმართულებით. "ეთნო-ტურის" შეთავაზებაა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების და ისტორიის მიმართულების სტუდენტების დასაქმება მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე. "ეთნო-ტური" ტურიზმის ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე სტუდენტებს კარიერული განვითარების მიზნით ტრენინგებს შესთავაზებს.
„ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანებასთან“ გაფორმებული მემორანდუმის მიზანია სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობა, პრაქტიკის განმახორციელებლისთვის საკადრო რეზერვის შექმნა და მისი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რათა უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა: პრაქტიკაში გამოსცადონ მიღებული თეორიული ცოდნა და უნარები; პრაქტიკული უნარების განვითარების გზით უკეთ მოემზადონ მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის. 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ერთობლივ პროფესიულ და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. ამის შესახებ მემორანდუმს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა მოაწერეს ხელი.
თსუ-სა და ა(ა)იპ "ნიკე - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და "ნიკე - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“ პრეზიდენტმა ირინა კოხრეიძემ მოაწერეს. 
მემორანდუმის მიზანია ფონდის პროექტის ფარგლებში „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა კულტურის, ინკლუზიური განათლებისა და ხელოვნების სფეროში, კერძოდ, ინკლუზიური სპექტაკლების გამართვის ხელშეწყობის მიმართულებით.

სხვა სტატიები »