ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნგრული ენის სალექციო კურსი თსუ სტუდენტებისთვის

უნგრული ენის სალექციო კურსი თსუ სტუდენტებისთვის
29 ნოემბერი, 2019
თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში უნგრული ენის სწავლა უკვე დაიწყო. კვირაში ორჯერ ორი საათის განმავლობაში ახალი ინიციატივით დაინტერესებული სტუდენტები უნგრული ენის სპეციალისტის გაკვეთილებს ესწრებიან და საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად გავრცელებულ ენას ნელ-ნელა სწავლობენ. თუ უნგრული ენა სტუდენტების ინტერესს ბოლომდე შეინარჩუნებს, მაშინ 42 საათიანი სალექციო კურსის შემდეგ მათ უნგრული საბაზისო დონეზე ეცოდინებათ. სტუდენტების მხრიდან კი ინტერესი რომ მოსალოდნელზე დიდია, ამას გაკვეთილებზე მათი რაოდენობაც ადასტურებს. უნგრული ენის კურსზე შეხვდებით სხვადასხვა ფაკულტეტის, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მიმართულებების სტუდენტებს.
მაკა ხაჭაპურიძე ერთ-ერთი მათგანია. ის თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების მეორე კურსზე სწავლობს. უნგრული ენის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქამდე არასდროს ქონია, მეტიც, უნგრული ენის სალექციო კურსის შესახებ ზაფხულში შემთხვევით გაიგო და დაინტერესდა.
„სიახლეა, გარდა ამისა მასშტაბური ნამდვილად არ არის, განსხვავებული ენაა. საქართველოში უნგრული ალბათ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. როდესაც სალექციო კურსის შესახებ შევიტყვე, ინტერნეტში მასალები მოვიძიე, გადავხედე და დამაინტერესა“, - ამბობს მაკა.
იმედები გაუმართლდა. ჯერ სულ რამდენიმე გაკვეთილი ჩაუტარდათ. მცირე, მაგრამ გარკვეული ცოდნა კი უკვე მიიღეს. იმდენი, რომ ცოტა ხანში გრამატიკულ ნაწილთან ერთად უნგრული კულტურის შესწავლასაც დაიწყებენ.
„ანბანი, გარკვეული სიტყვები, მისალმება, პატარ-პატარა დიალოგები ვისწავლეთ. ანბანში 46 ასო აქვთ, თითოეულ მათგანს თავის გამოთქმის სტილი და მანერა აქვს, რაც საკმაოდ რთულია. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთი რთული თუ აღმოჩნდებოდა. ყველაზე მეტად იაპონურ ენას ვამსგავსებ. თუმცა უფრო მგონია, რომ ბევრი ენის ნაზავია. ზოგჯერ ძალიან სასაცილოც არის, გარკვეული სიტყვების წარმოთქმა ძალიან გვიჭირს და ეს გაკვეთილზე მხიარულებას ხშირად იწვევს. საერთო ჯამში საგაკვეთილო პროცესი ძალიან საინტერესოა“.
საინტერესოა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციებიც მაკოს ახალ გამოწვევასთან დაკავშირებით.
„როგორც ჩანს, ბევრი დრო გაქვს“, „მოცლილი ხარ?“ - თითქმის ყველამ ერთი და იგივე მითხრა, ვისაც ვუთხარი, რომ უნგრული ენის სწავლა დავიწყე, არადა რა არის ამაში სასაცილო, ნამდვილად ვერ ვხვდები, თუმცა კარგია, თუ ჩემი ნათქვამი მათში პოზიტივს იწვევს“.
სამომავლოდ რაში გამოიყენებს ქიმიის მიმართულების სტუდენტი უნგრულ ენას, მაკომ ჯერჯერობით არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ საინტერესო გამოცდილებას ნამდვილად მიიღებს. კურსის დასრულების შემდეგ კი, თუ შანსი მიეცემა ცოდნას აუცილებლად გაიღრმავებს. 
„იმედია, უნგრულის ცოდნა გარკვეულ პლიუსებს დამიწერს ცხოვრებაში. გააჩნია რამდენად საფუძვლიანად ვისწავლი. ჯერ ბევრი არაფერი ვიცი. თუმცა, ჩემს ახალ ინტერესს რაღაცით ქიმიას ვამსგავსებ. რაღაც ახალი აღმოვაჩინე, ცდას ვატარებ და რა გამოვა, ვნახოთ“, - ასე ასრულებს საუბარს მაკო ხაჭაპურიძე.

სხვა სტატიები »