ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ახალგაზრდა მთარგმნელი თსუ-დან გიორგი ხულორდავა

ახალგაზრდა მთარგმნელი თსუ-დან გიორგი ხულორდავა
26 ნოემბერი, 2019
ახალგაზრდა მთარგმნელი გიორგი ხულორდავა ჯერ მხოლოდ 23 წლის არის, მისი თარგმანები კი უკვე ორ წიგნად არსებობს, მათ შორის ერთი გასულ წელს დაიბეჭდა, მეორე კი ბეჭდვის პროცესშია. გიორგიმ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულება წელს დაამთავრა. სპარსული ლიტერატურით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა. ამ დროისთვის უკვე იცოდა, რომ ჰუმანიტარულ მიმართულებას გაჰყვებოდა, თუმცა ალბათ არ წარმოედგინა, რომ 23 წლის ასაკში უკვე ცნობილი და წარმატებული მთარგმნელი იქნებოდა.
„მე ვარ თანასოფლელი დიდი ქართველი მთარგმნელის მაგალი თოდუასი, რომელმაც სპარსულიდან ქართულად ლირიკის თარგმნის ტრადიცია შექმნა. 14-15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გავეცანი სპარსული პოეზიის ნიმუშებს და მისმა არაჩვეულებრივმა ქართულმა თარგმანებმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ დამამთავრებელ კლასში გადავწყვიტე სწორედ სპარსულის მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა“, - ამბობს გიორგი.
2015 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებაზე ჩაირიცხა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო სპარსულის სწავლა, მოკლევადიანი სასწავლო კურსით რამდენიმეჯერ ირანშიც იმყოფებოდა, მესამე კურსზე კი უკვე იმ დონეზე იცოდა ენა, რომ მისმა თარგმანებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, გამომცემლობა „ინტელექტმა“ ამ თარგმანების სადებიუტო კრებული „ცვალებადობა“ გამოსცა. ახლა თარგმანების მეორე კრებულის გამოსაცემად ემზადება, გარდა ამისა, კონსტანტინე გამსახურდიას 126 წლისთავთან დაკავშირებით, გიორგი არის შემდგენელი წიგნისა, სადაც შეტანილია 126 მოგონება კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ. 
„უნივერსიტეტში კარგი სპეციალისტების ხელში მქონდა საშუალება მესწავლა სპარსული ენა და ლიტერატურა. ჩემი თარგმანები ძირითადად მოიაზრებს სპარსულ კლასიკურ პოეზიას, შუა საუკუნეების სპარსულ პოეზიას, ასევე თანამედროვე სპარსული პოეზიის მე-20-21-ე საუკუნეების ავტორებს. წიგნში, რომელსაც ახლა ვამზადებ გამოსაცემად, მკითხველს საშუალება ექნება ისეთი ავტორების შემოქმედებასაც გაეცნოს, რომელიც პირველად ითარგმნა.“
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მთარგმნელისთვის მუშაობის პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა, გარკვეული სირთულეები, რა თქმა უნდა, აქაც არსებობს. გიორგის მიაჩნია, რომ ზედმეტი სირთულეების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, ყველა დამწყებმა მთარგმნელმა ის მთარგმნელობითი ლიტერატურა და მრავალსაუკუნოვანი ისტორია იცოდეს, რაც საქართველოში არსებობს. სწორედ ამ მეთოდებს მიჰყვება თვითონაც, ცდილობს თავის თარგმანებში ავტორის ნამუშევარი რაც შეიძლება მეტი სიზუსტით გადმოიტანოს, თუმცა, როგორც აღნიშნავს გარკვეული დანაკარგები ყოველთვის იქნება. 
„სპარსული ენა ძალიან ხატოვანი და მდიდარია, ქართული ენის დიდი შესაძლებლობები კი საშუალებას მაძლევს ურთულესი ტექსტიც კი ჩვენს ენაზე გამართულად გადმოვცე. ბევრი პოეტის შემოქმედება მაქვს ნათარგმნი, თუმცა სპარსულ ლიტერატურაში, ჩემთვის გამორჩეულია ომარ ხაიამი, მისი შემოქმედება მსოფლიოშია ცნობილი. გარდა ამისა, თუ ასე შეიძლება ითქვას, მისი რობაიები გენიალური უბრალოების თვალსაჩინო მაგალითია. ერთ პატარა ლექსში, ოთხად ოთხ სტრიქონში მას შეუძლია ჩაატიოს უამრავი რამ - ამაოება, საწუთროს სწრაფწარმავლობა, ჟამთა სვლის მიერ მოგვრილი მწუხარება“.
ახალგაზრდა მთარგმნელს ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პოეტური თარგმანისთვის ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია გადასცა. თავად გიორგის მიაჩნია, რომ ჯერ ღირებული ბევრი არაფერი შეუქმნია, სურს პროფესიას რაც შეიძლება კარგად დაეუფლოს. სამომავლოდ, თსუ-ში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას აპირებს, შემდეგ დოქტორანტურაზე. თვლის, რომ მიზნამდე ჯერ დიდი გზა აქვს. 
„მინდა რაიმე ღირებული შევქმნა, შევძლებ თუ არა ამას, დრო გვიჩვენებს“, - ამბობს ის.

სხვა სტატიები »