ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები უნივერსიტეტში

4 ნოემბერი, 2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე ახალი ნაკადი მიიღო. 62 აბიტურიენტი სრულფასოვნად მოემზადება ახალი საგამოცდო სისტემით გათვალიწინებული პროგრამის მიხედვით 3 სავალდებულო საგანში - ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა; მათემატიკა ან ისტორია (მომავალი სპეციალობის მიხედვით) და მე-4, არჩევით საგანში.
მოსამზადებელი კურსები უკვე არაერთი აბიტურიენტისთვის გახდა წარმატების საფუძვლის შემქმნელი და წინაპირობა. სოფია-ანა კვარაცხელია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. დღის განმავლობაში ყველაზე მეტ დროს თსუ-ში ატარებს. გასული წელიც თსუ-ში გაატარა, თუმცა, როგორც აბიტურიენტმა. სოფია-ანა კვარაცხელია ერთ-ერთია ცენტრის კურსდამთავრებულებს შორის, რომელი სწავლების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. იგი ჩვენთან საუბარში თსუ-ში გატარებულ აბიტურიენტობის წელს იხსენებს.
„თსუ აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის აღმოჩენისას ჩემს სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი, რადგან ვიცოდი, რომ კვალიფიციური ლექტორები დამეხმარებოდნენ საუკეთესო შედეგის მიღწევაში. მართლაც, პედაგოგები თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პრეზენტაციების მეშვეობით უფრო მარტივად და სახალისოდ გვიხსნიდნენ ახალ, სრულიად უცხო, მასალას. ყველაზე მეტად მომწონდა სწავლების პერიოდი, უშუალოდ გაკვეთილების მსვლელობის პროცესი, როდესაც პედაგოგები ორიენტირებულნი იყვნენ იმაზე, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი გვესწავლა - არა მხოლოდ სასწავლო პროგრამიდან, არამედ ისეთ თემებსა და საკითხებზეც გვესსაუბრებოდნენ, რომლებიც ჩვენ ზოგად განათლებაში შეიტანდა წვლილს.
როდესაც დადგა დრო ამერჩია, თუ რა ფაკულტეტზე ჩავაბარებდი და რა განხრით წავსულიყავი, მოსამზადებელი ცენტრის პერსონალმა არ დაიზარა და ყველა მიმართულებაზე გვესაუბრა, ყველა ჩვენ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა და დაგვეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოსამზადებელი ცენტრი დამეხმარა ერთიან ეროვნულ გამოცდებში კარგი შედეგისათვის მიმეღწია და თსუ-ს სტუდენტი გავმხდარიყავი”, - ამბობს სოფია-ანა.
თსუ აბიტურიენტთა მომზადების ცენტრში ლექციები უკვე მიმდინარეობს. აბიტურიენტები მოსამზადებელ კურსზე პრეტესტის საფუძველზე შესაბამისი დონის ჯგუფებში ჩაირიცხნენ. მათი შეფასებები ყოველთვიური ინდივიდუალური ელექტრონული ჟურნალის მიხედვით (შეფასება, დასწრება, დავალება, აქტივობა) ხდება; 2 თვეში ერთხელ მათ ჩაუტარდებათ ტესტირება, დამატებით მაისი-ივნისის თვეში კი პროგრამას გადაიმეორებენ და საგამოცდო ფორმატის ტესტებზე იმუშავებენ. თსუ აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის სწავლებისა და ყოველდღიური სიახლეების შესახებ ინფორმაციას ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გაეცნობით https://www.facebook.com/TSUabiturientebi/.

სხვა სტატიები »