ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნგრული ენა ყველა მსურველისთვის

უნგრული ენა ყველა მსურველისთვის
28 ოქტომბერი, 2019
ოქტომბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრული ენის შესწავლის მსურველებს უნგრულის საბაზისო კურსის გავლა შეუძლიათ. კურსი უფასოა და მისი მიზანი მსმენელებისთვის  უნგრული ენის და კულტურის შესახებ საბაზისო ცოდნის მიცემაა. გარდა ამისა, მსმენელს საშუალება აქვს შეისწავლოს ყოველდღიური სიტყვიერი ფრაზები, ძირითადი გრამატიკული ფორმები. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელი უნგრულ ენაზე საუბრის, კითხვის, მოისმენის უნარ-ჩვევებს შეიძენს.   შეძლებს მარტივი დიალოგების წარმოებას, წაკითხული და მოსმენილი ტექსტის გაგებას. ამ ყველაფერში მათ უნგრელი მასწავლებელი, არპად ელეში დაეხმარება, რომელიც ახლა თსუ-ში მოღვაწეობს.
არპად ელეში ბუდაპეშტში დაიბადა და გაიზარდა. დოქტორის ხარისხი შედარებითი ლიტერატურის სფეროში სეგედის უნივერსიტეტში დაიცვა,. როგორც ამბობს, “თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მისთვის ყოველთვის საინტერესო იყო, თუ როგორ შეიძლება გადალახოს ადამიანმა კულტურათა შორის არსებული ენობრივი საზღვრები ლიტერატურისა და ხელოვნების გავლით“. 
საქართველოში დაახლოებით ორ წლის წინ ოჯახის გამო ჩამოვიდა. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს, თუმცა ცოტა დრო სოფელშიც გაატარა - როგორც განმარტავს, ქართულის შესასწავლად. ამ წლის გაზაფხულზე საკუთარი სპეციალობით მუშაობა გადაწყვიტა. ამიტომ ბალაშის ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ (Balassi Institute, MFA Hungary) კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წარმატებით გაიარა. ახლა უნგრეთის ლექტორთა ქსელის (Visiting Lecturer Network, Hungary) მოწვეული  თანამშრომელია და, ამავე დროს, თსუ-ში საქმიანობს. ცნობისათვის, აღნიშნული ქსელიდან დღესდღეობით 50 მასწავლებელია მივლინებული მსოფლოს 26 ქვეყანაში. 
საქართველოს და უნგრეთს შორის  უმაღლესი განათლების სფეროში აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ყოველწლიურად 80-მდე ქართველი სტუდენტი მიდის უნგრეთის სხვადასხვა უნივესიტეტში სასწავლად, უნგრეთის მთავრობის დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა უნგრული ენის კურსიც სახელმწიფო უნივერსიტეტში. საბაზისო უნგრულის შესწავლის მსურველებს განცხადების წარდგენა თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრში შეუძლიათ.
„უკვე ორი წელია, რაც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. უნგრული ენა   აქამდე არ ისწავლებოდა, ამიტომ დიდი პატივია, რომ ამ ისტორიულ უნივერსიტეტში მე შემიძლია ვიყო პირველი უნგრული ენისა და კულტურის ლექტორი, სხვა უცხოელ მასწავლებელებს შორის. აქამდე ჩემი გამოცდილება სამეცნიერო სფეროს მოიცავდა, თუმცა, ამავე დროს, კერძო სწავლების პრაქტიკაც მაქვს - უნგრულ ენას ვასწავლიდი უცხოელებს. ვთვლი, რომ ჯგუფური სწავლება ძალიან საინტერესო იქნება.  ძალიან მოხარული ვარ, რომ იმ უნივერსიტეტში შემიძლია დავიწყო მუშაობა, სადაც ბევრი მნიშნელოვანი ქართველი ინტელექტუალი სწავლობდა და მუშაობდა, და რომელიც უძველესი და უდიდესია საქართველოს უნივერსიტეტებს შორის“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში არპად ელეში. 
 არპადს იმედი აქვს, რომ მისი კურსით ბევრი დაინტერესდება. უცხო ენის ცოდნის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი საშუალებით  „სტუდენტებს  შეუძლიათ თავისთვის ახალი  ქვეყანა, კულტურა, ლიტერატურა და ტრადიციები აღმოაჩინონ. ეს შეიძლება იყოს შორეული კულტურები, ან ზოგიერთიც ისეთი, რომელთა შესახებაც  მათ  გარკვეულწილად  იციან. მაგალითად, შანდორ პეტეფი საქართველოში საკმაოდ ცნობილია, თან ქართველების გულთან და აზროვნებასთან ახლოს არის. ჩემი ოცნებაა, უფრო მეტი უნგრული ლიტერატურა გადაითარგმნოს ქართულად. ამისთვის აუცილებელ პირობას ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა წარმოადგენს.  და პირიქით, უნგრულ ენაზე უფრო მეტი ქართული ლიტერატურა გვჭირდება. გარდა ამისა, ენის შესწავლა სავარაუდოდ სასარგებლო იქნება სტუდენტებისთვის, რომლებიც უნგრეთში მიდიან სხვადასხვა ფაკულტეტებზე სასწავლად“, - მიიჩნევს უნგრელი ლექტორი.  
თავად უნგრეთში ყოფნისას ყოველთვის უყვება ოჯახს და მეგობრებს იმ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებაზე, რაც საქართველოში ყოფნისას მიიღო. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნიკალური ადგილები, მრავალფეროვანი ბუნება აქვს საქართველოს, თუ რამდენად გემრიელია აქაური სამზარულო ყველა რეგიონში, როგორი მრავალფეროვანი ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა გამოარჩევს ამ ქვეყანას.

სხვა სტატიები »