ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები
16 ოქტომბერი, 2019

ისევე, როგორც გასულ წელს, თსუ-ში ჩარიცხულ პირველკურსელთა შორისაა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულის მქონე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტი დანიელ სტეპანენკო. დანიელმა თბილისის 72-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ბავშვობიდან დაინტერესებულია ფიზიკით და მომავალში თეორიული ფიზიკის, კერძოდ, ბიოფიზიკის განვითარებას გეგმავს. თავისუფალ დროს სამეცნიერო წიგნებს კითხულობს, მის საყვარელ ავტორებს შორისაა რიჩარდ ფეინმანი, რიჩარდ დოკინზი და კარლ საგანი.
“ფიზიკით დოკუმენტურმა ფილმმა “The physics of light” შთამაგონა. ძალიან მიყვარს ერთდროულად მათემატიკა და სამყაროს შესწავლა, ფიზიკა კი ორივეს აერთიანებს. გადავწყვიტე რომ ფიზიკის მიმართულებით მესწავლა, არჩევანი თსუ-ზე შევაჩერე. ეს უნივერსიტეტი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აღიარებული. ჩემი დიდი სურვილია, რომ უცხოელ მეცნიერებთან ერთად ვიმუშაო საზღვარგარეთ. იმედი მაქვს, რომ თსუ მომცემს ამის საშუალებას. ჩემთვის წარმატების მიღწევა დამოკიდებულია შრომაზე და რა თქმა უნდა, ცოტა იღბალზეც”, - ამბობს დანიელ სტეპანენკო.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტებს შორის მოხვდა გოჩა მაისურაძეც. გოჩა მომავალი პროგრამისტია. თავისუფალ დროს ვიდეო თამაშებს თამაშობს. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ მისი საყვარელი ჟანრი, როგორც ლიტერატურაში, ისე კინემატოგრაფიაში, ფენტეზია. გამოარჩევს ჯ. რ. რ. ტოლკინის წიგნს “სილმარილიონს” და მისსავე ნაწარმოებზე პიტერ ჯექსონის მიერ გადაღებულ ტრილოგიას “ბეჭდების მბრძანებელი”.
„მიყვარს მათემატიკა და ლოგიკა, ეს ერთ-ერთი რამაა, რის გამოც დავინტერესდი პროგრამირებით. ასევე ვიდეო თამაშების თამაშისას მაინტერესებდა, როგორ ქმნიდნენ ასეთ საოცარ სამყაროს და ვფიქრობდი, ოდესმე მეც თუ შევძლებდი რაიმე ასეთის გაკეთებას. თსუ-ში ვფიქრობ ხარისხიან განათლებას მივიღებ და მექნება დროც, რათა საკუთარ თავზე თვითონ ვიმუშაო (ვფიქრობ საკუთარ თავზე მუშაობა ამ საგნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია).
მინდა მუშაობა რაც შეიძლება მალე დავიწყო. ვფიქრობ ჩემს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკა და მსურს ის, რაც შეიძლება მალე მივიღო. დიდი იმედი მაქვს აქ მიღებული განათლება დამეხმარება გავხდე წარმატებული პროგრამისტი”, - ამბობს გოჩა.

სხვა სტატიები »