ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

მედიცინის ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები

მედიცინის ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები
16 ოქტომბერი, 2019
ბექა ჩიქოვანი და თამარ მანთიძე თსუ მედიცინის ფაკულტეტის მაღალრეიტინგული პირველკურსელები არიან. ბექა ჩიქოვანმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის 1-ლი საჯარო სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე. ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და თავისი მომავალი ექიმის პროფესიას დაუკავშირა. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს კითხვა, თევზაობა, ცურვა და ლაშქრობა. 
“გავიზარდე ექიმის ოჯახში. ბავშვობიდანვე მომწონდა ეს რთული და საინტერესო პროფესია, რამაც გავლენა იქონია ჩემს სამომავლო პროფესიის არჩევაში. ჩემი მომავალი მიზანია ვისწავლო წარჩინებით და მოკრძალებული წვლილი შევიტანო მედიცინის განვითარებაში. არჩევანი გავაკეთე თსუ მედიცინის ფაკულტეტზე, რადგან ჩემთვის დიდი პატივია ვისწავლო საქართველოს პირველ “ცოდნის ტაძარში”. ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტად აღიარება ჩემთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო. დეკანის მიერ პლანშეტით დაჯილდოება ერთგვარი სტიმულია სამომავლო წინსვლისა. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, წარმატებისათვის საჭიროა მონდომება და დაუღალავი მეცადინეობა. ჩემი წარმატების ფორმულაა: სწავლა, სწავლა და სწავლა. წინ მომავლისაკენ”, - ამბობს ბექა ჩიქოვანი. 
ბექას მსგავსად, თამარ მანთიძესაც ბავშვობიდან ჰქონდა გადაწყვეტილი ექიმობა. “პატარა ასაკიდან მინდოდა ადამიანების ჯანმრთელობაზე მეზრუნა. ამ მიმართულებაშიც სწორედ ადამიანების დახმარების შესაძლებლობა მიზიდავს. ვფიქრობ, მედიცინის სწავლის პროცესი იქნება უსაზღვროდ შემეცნებითი, საინტერესო და სიახლეებით სავსე, რადგან ყველა უჯრედი ჩვენს ორგანიზმში თავად საოცრებაა. დარწმუნებული ვარ თსუ ყველა იმ მოლოდინს გამიმართლებს, რომლის გამოც ის ავირჩიე. რაც მთავარია იმედი მაქვს მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს საქართველოში ექნებათ მეტი შესაძლებლობა, წარმატება და უამრავი თავისი საქმის “დიდოსტატი”, - გვეუბნება თამარი. თავისუფალ დროს ხატავს, მუსიკას უსმენს და კითხულობს. ძალიან უყვარს თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად სეირნობა”. ის ყოველთვის ახერხებს ჩემს პოზიტივით ავსებას. მეგობრებთან ერთად ფილმების ყურება და საუბარი ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემზე გავლენა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ნაწარმოებმა მოახდინა. გამორჩეულად კი მახსოვს ო. ჰენრის ,,უკანასკნელი ფოთოლი”, რომელიც ალბათ 10 წლისამ წავიკითხე და გავაცნობიერე რამხელა მნიშვნელობა აქვს საკუთარი თავის რწმენას. პროფესიისადმი ინტერესი კი კიდევ უფრო გამიღრმავა ყველასათვის ნაცნობმა ამერიკულმა სერიალმა - ,,გრეის ანატომიამ”. მასში ნაჩვენებია ნამდვილი ექიმის შესანიშნავი მაგალითი და გუნდური მუშაობის შედეგი”, - გვეუბნება თამარი.

სხვა სტატიები »