ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები
16 ოქტომბერი, 2019
მარიამ ცუხიშვილი და მარიამ გუგეშაშვილი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულ პირველკურსელებს შორის არიან. მარიამ ცუხიშვილი თავს ყველაზე მშვიდად და ბედნიერად თავის ოთახში, სამეცადინო კუთხესთან გრძნობს. იქ რამდენიმე სამსახსოვრო ნივთი, წიგნები და კომპიუტერი დევს. სამეცადინო გარემო ოთახიდან უნივერსიტეტშიც გადმოინაცვლებს. უკვე მოინახულა თსუ მესამე კორპუსის ბიბლიოთეკა და იმედოვნებს,რომ იქაურობაც ისეთივე კომფორტული და ჰარმონიული გახდება, როგორც საკუთარი ოთახი.
„ყველაზე მეტად რაც ფსიქოლოგიაში, როგორც მეცნიერებაში, მომწონს, მისი ამოუწურავი, ამოუცნობი, მრავალფეროვანი და საინტერესო ბუნებაა. სფეროს მრავალმხრივობამ და პროგრესისა თუ თვითრეალიზაციის უზღვავმა შესაძლებლობებმა მიმიზიდა აღნიშნული ფაკულტეტისკენ. საგანმანათლებლო პროგრამისგან განსხვავებით, უნივერსიტეტის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. თსუ პირველია ამიერკავკასიაში და ქართული ფსიქოლოგიის ფესვებიც სწორედ აქაა. ვიცი, რომ მრავლისმომცემი ოთხი წელი მელის წინ. ჩემს მომავალს ჩემს სამშობლოს და განათლების სფეროს ვუკავშირებ, თუმცა კონკრეტულად სად და როგორ, ზუსტად არ მესახება”, - ამბობს მარიამ ცუხიშვილი. 
მარიამ გუგეშაშვილს ძალიან უყვარს ბუნება და მიზნად აქვს დასახული, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს შემოვლა. როგორც გვეუბნება, ძალიან გაუჭირდა პროფესიის არჩევა, ჰუმანიტარულ საგნებთან ერთად, ძალიან უყვარს ტექნიკური საგნებიც. 
“საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა იმაზე ფიქრი თუ რისი გაკეთება არ მომბეზრდებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში და ეს რაღაც ადამიანის შინაგან სამყაროზე დაკვირვება აღმოჩნდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მრავალი სფეროს მომცველი და საჭირო პროფესიაა, ხოლო მისი დაუფლება-დიდი უპირატესობა. ჩემი სურვილია საქართველოში ამ სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციაში გარკვეული წვლილი შევიტანო და დარწმუნებული ვარ ამაში თსუ დამეხმარება, რადგან მათი ეს ფაკულტეტი ერთ-ერთი უკონკურენტოა. ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტებს შორის მოხვედრა უდავოდ დიდი პატივია და ყველა აბიტურიენტს ვუსურვებდი ამ გრძნობის გამოცდას”, - გვეუბნება მარიამი.

სხვა სტატიები »