ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

იურიდიული ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები

 იურიდიული ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები
16 ოქტომბერი, 2019
იურიდიული ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი ანა ხურციძე გახდა. ფილმები და კლასიკური მუსიკა მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით გამოარჩევს მოცარტს. უყვარს აზიური კინო. ამბობს, რომ კიმ კი-დუკის ფილმმა „ცარიელი სახლი” (3-iron) მასზე წარუშლელი ემოციური კვალი დატოვა. წლების წინ სკოლაში ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლოზე ანა ხურციძე მიხვდა, რომ იურისტობა უნდოდა. 
“თუმცა პროფესია მხოლოდ ბავშვური გატაცების გამო არ ამირჩევია. ეს ის სფეროა, რომელიც განსაკუთრებით მაინტერესებსდა რომლის შესწავლაც მომცემს საშუალებას ჩემს ირგვლივ არსებული ბევრი უსამართლობა გამოვასწორო. ბუნებრივია სამართლის ძირეულად შესწავლის სურვილმა თსუ-ში მომიყვანა.” სამომავლო გეგმები ზუსტად ჩამოყალიბებული არ აქვს. უნდა,რომ უცხოეთში ისწავლოს და საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდეს. “ვეცდები ჩემი სიცოცხლე და საქმიანობა მაქსიმალურად ალტრუისტული იყოს”, - ამბობს ანა ხურციძე. 
მარიამ ბაწელაშვილი იურიდიული ფაკულტეტის მაღალრეიტინგულ სტუდენტებს შორისაა. მან და მისმა მეგობრებმა ქალაქ გურჯაანში არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსეს, რომლის მიზანიც თანატოლებში სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურებაა. მარიამი ასევე არის პლატფორმა ახალგაზრდული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი. 
“ყოველთვის ვცდილობ დიდი დრო დავუთმო თვითგანათლებას და სხვადასხვა სფეროებზე კითხვა, ონლაინ ლექციების ყურება ფაქტობრივად ჩემი ჰობია. ყველაზე მეტად ამ საკითხებზე კამათი მომწონს და ხშირად ვიღებ მონაწილეობას დებატებში თუ არაფორმალური განათლების სხვა პროექტებში. 
სამართლის შესწავლა მისი მნიშვნელობისა და საინტერესო თემატიკის გამო გადავწყვიტე. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი აზროვნება სახელმწიფოებრიობის, საზოგადოებრივი ღირებულებებისა თუ ცივილიზიის განვითარების ეტაპების 
საუკეთესო ანარეკლია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ ვფიქრობ, ფუნდამენტურ ცოდნას სწორედ აქ მივიღებ. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის ლექტორებს სფეროში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ და შესაბამისად თეორიულთან ერთად პრაქტიკული ინფორმაციის გაზიარებაც შეუძლიათ. ჩემი აზრით, საზოგადოება ზედმეტადაა ქულებზე ორიენტირებული, როდესაც მთავარი რეალური ცოდნა და ინდივიდუალური აზროვნებაა, ამას კი გამოცდები სრულყოფილად ვერ აფასებს. აბიტურიენტებს სწორედ ამას ვურჩევდი - ეცადეთ ეს ერთი წელი საინტერესო გამოცდილებად აქციოთ, საიდანაც ღირებული ცოდნა დაგრჩებათ, მართლაც გაიაზრებთ სხვადასხვა საკითხებს და არ იქნებით მხოლოდ შეფასებაზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა აუცილებელია, მაგრამ არა ქულისთვის, არამედ ცოდნისთვის”, - ამბობს მარიამი. 
საერთაშორისო სამართლის მიმართულებაზე ყველაზე რეიტინგულია ანა ჩხეიძე. ანას ბედნიერებას ანიჭებს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა და მოგზაურობა. საერთაშორისო სამართლითა და დიპლომატიით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. “ეს ფაქტორი, პროფესიის პრესტიჟულობასთან და პერსპექტიულობასთან ერთად, გადამწყვეტი აღმოჩნდა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის არჩევისას. იმის ფონზე, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული უამრავი გამოწვევის წინაშე დგას ამ ეტაპზე, ფართოვდება მისი საერთაშორისო ურთიერთობები და სულ უფრო მეტი სახელმწიფო ორგანო ერთვება ამ პროცესში, საერთაშორისო სამართლის სულ უფრო მეტი სპეციალისტია საჭირო. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ის სფეროა, სადაც მაქსიმალურად ბევრის გაკეთებას შევძლებ. ჩემთვის თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა-მთავარი ფასეულობებია და მინდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელშიც ყველა ადამიანს ექნება წვდომა ამ “სიკეთეებზე”, - ამბობს ანა ჩხეიძე.

სხვა სტატიები »