ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები
15 ოქტომბერი, 2019
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაღალრეიტინგულ სტუდენტებს შორისაა საერთაშორისო მიმართულების სტუდენტი, ანა აბრამიძე. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თსუ-ში ჩაბარება გადაწყვიტა, გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანია.
“ზოგადად, ძალიან მომწონს თვითგანვითარების პროცესზე დაკვირვება, ვცდილობ არასდროს დავკმაყოფილდე მიღწეულით და ყოველი დღის ბოლოს იმაზე მეტი ვიცოდე, ვიდრე აქამდე ვიცოდი. მაღალი ქულები მქონდა და გრანტსაც ველოდი, თუმცა თუ ფაკულტეტზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი მექნებოდა, არ წარმომედგინა. როცა ეს გავიგე, ძალიან გახარებული და ამაყი ვიყავი და ახლაც ვარ, რადგან ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადავლახე. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, დრო სწორად გადაანაწილონ და ნაყოფიერად იმუშაონ. ამაში არ იგულისხმება ღამეების თენება და ერთ დღეში მთელი თვის მასალის დაზეპირება. ყოველ დღე შედარებით მცირე მოცულობის ინფორმაციის გააზრებით სწავლაც საკმარისია. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია პოლიტიკურ ერთეულებს შორის სხვადასხვა სახის ურთიერთობების გარეშე. შეძენილი ცოდნა კი საშუალებას მომცემს სიღრმისეულად გავიაზრო მსოფლიოსა თუ საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები”,- გვეუბნება ანა აბრამიძე. 
ანასთან ერთად, მაღალრეიტინგულ სტუდენტებს შორის არიან ჩანგელია გვანცა და მარიამ ნიგურიანი. მარიამმა კიბერსაერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება აირჩია. თავისუფალ დროს თხილამურებზე სრიალებს და წიგნებს კითხულობს, მწერლებიდან განსაკუთრებით უყვარს დოჩანაშვილი, გამსახურდია და ამირეჯიბი. 
“ძალიან მინდა, რამდენიმე სემესტრის შემდეგ გავემგზავრო რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, სადაც შევძლებ გავიღრმავო ცოდნა და შევიძინო ახალი უნარჩვევები ჩემი პროფესიისთვის, რასაც სამომავლოდ აუცილებლად ჩემს ქვეყანას მოვახმარ. ძალიან მესიამოვნა, როდესაც გავიაზრე, რომ ის შრომა, რაც გასული წლის განმავლობაში გავწიე, დამიფასდა. რა თქმა უნდა ველოდი მაღალ ქულებს, თუმცა ორმაგად გამიხარდა, როდესაც უმაღლესქულიან აბიტურიენტებს შორის აღმოვჩნდი”, - ამბობს მარიამი.
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ისწავლის გვანცა ჩანგელიაც. “ყოველთვის მიყვარდა ხალხთან ურთიერთობა და ვთვლი, რომ ეს არის სფერო, რომელიც საშუალებას მომცემს მათი ცხოვრება ოდნავ მაინც შევცვალო უკეთესობისაკენ. ქვეყნის პირველი და ამავდროულად ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტობა ალბათ აბიტურიენტთა უმრავლესობის სურვილია და მეც ერთი მათგანი ვიყავი. მჯერა, რომ თსუ მომცემს ისეთ ცოდნას, რომლითაც შემეძლება ჩემს ქვეყანასა და ხალხს ღირსეულად ვემსხურო”, - გვეუბნება გვანცა. 

სხვა სტატიები »