ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები
11 ოქტომბერი, 2019

გურანდუხტ ოსიძე და მარიამ თხინვალელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაღალრეიტინგულ პირველკურსელებს შორის არიან. გურანდუხტმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაბარება ფაკულტეტზე არსებული მიმართულებების მრავალფეროვანების გამო გადაწყვიტა. 

“თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტი ბევრ მიმართულებას მოიცავს, რაც დამეხმარება საკუთარი თავისა და დანიშნულების აღმოჩენაში. ჯერჯერობით, საკუთარი თავის ძიების პროცესში ვარ. რასაც ამ ეტაპზე ვგრძნობ არის პასუხისმგებლობა - მინდა რასაც ხელს მოვკიდებ, კარგად შევასრულო და საკუთარი საქმის სპეციალისტი გავხდე. მსიამოვნებს სწავლა და პროცესში უფრო კონკრეტული მიზნებიც გამიჩნდება. ყველას ვურჩევ, რომ სასურველი ფაკულტეტის არჩევისას კარგად დაფიქრდნენ, დაფიქრდნენ რისი კეთება უყვართ და მაშინ გამოცდებისთვის მომზადებისას მოვალეობასა და სტრესზე მეტად სიამოვნებას იგრძნობენ. როცა რაღაცას სიყვარულით აკეთებ, ნერვიულობა და შიშიც ნაკლებია, ყველაფერი ძალიან ბუნებრივად გამოდის”, - ამბობს გურანდუხტი. 

მარიამ თხინვალელს ფაკულტეტის საუკეთესო ქულების მქონე პირველკურსელებს შორის საკუთარი თავის აღმოჩენა ძალიან გაუხარდა. როგორც ამბობს, ქართული ლიტერატურისა და ენის სიყვარულმა გადააწყვეტინა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქართული ფილოლოგიის პროგრამაზე სწავლა. 

“ლიტერატურა ვრცელი და დიდი სამყაროა, წარსული, აწმყო და მომავალი თითქოს ერთშია სინთეზირებული, ეცნობი ძველ ტექსტებს,მუშაობ აწმყოში და თავადაც ცდილობ, რაიმე შექმნა მომავლისთვის. ის კითხვები, რომლებიც მკითხველებს გვებადება, პასუხების ძიება, აღმოჩენები, ჯაჭვური კავშირები. მიხარია, რომ პროფესია “ლოგოსს” ანუ სიტყვას დავუკავშირე. ქართულ ენას დღესდღებით მოფრთხილება და დაცვა სჭირდება. გულდასაწყვეტია, როცა ქართულ ლამაზ სიტყვებს ბარბარიზმებით ანაცვლებენ. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ენის დაცვასა და განვიათარებაშიც. როცა დავრწმუნდი ჩემს გადაწყვეტილებაში, თსუ-ს გარდა არცერთ უნივერსიტეტზე არ მიფიქრია, რადგან საქართველოში ჰუმანიტარული განათლების მშობლად, სწორედ თსუ მიმაჩნია”, - ამბობს მარიამი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, აბიტურიენტებს, მომავალ სტუდენტებს და ადამიანებს,რომლებსაც სურთ წარმატების მიღწევა, ურჩევს რომ ბევრი იშრომონ. “შესაძლოა მათ დაბრკოლებებიც შეხვდეთ, მაგრამ არ დაივიწყონ, რომ “ბედნიერება შეიძლება იპოვო ყველაზე ბნელ ადგილასაც კი, თუ არ დაგავიწყდება სინათლის ანთება”. აანთონ გონების ნათელი და წინ, შემართებით მიზნებისაკენ!” - ამბობს მარიამ თხინვალელი.

* * * 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ეროვნული უნივერსიტეტია კავკასიაში, რომელიც ევროპული განათლებისა და ღირებულებების მატარებელი ქართველი ინტელექტუალების მიერ დაარსდა. ის პირველია არამარტო საუკუნოვანი ისტორიით, არამედ გამოცდილებით და შესაძლებლობებით. 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2% შედის (The U.S.News&World Report). ამასთან, თსუ წელსაც მოხვდა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings). უკვე მეოთხე წელია თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია კავკასიის რეგიონიდან, რომელიც მოხვდა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში.



სხვა სტატიები »