ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულები

9 ოქტომბერი, 2019
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაღალრეიტინგულ სტუდენტებს შორის პირველი ლუკა კუპრაშვილია. ლუკას მათემატიკა და ტექნიკური საგნები იზიდავს, განსაკუთრებით უყვარს ინგლისური. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩაბარება. მეცადინეობის გარდა, თავისუფალ დროს კითხულობს. “განსაკუთრებით მიყვარს “დორიან გრეის პორტრეტი”, მართლაც დიდი გავლენა მოახდინა ამ წიგნმა მთელ ჩემს ცხოვრებაზე, იმაზე, თუ როგორ აღვიქვამ სამყაროს. კითხვის გარდა, სპორტიც მიტაცებს, მაგრამ ყურება ნაკლებად, თამაშით გაცილებით დიდ სიამოვნებას ვიღებ”, - გვეუბნება ლუკა, - “ჩემი აზრით, ეროვნული გამოცდების შედეგებით არ განისაზღვრება არაფერი, მთავარია უნივერსიტეტში რას ვაკეთებ. ამიტომ აბიტურიენტებს ერთ რამეს ვურჩევდი, მაქსიმალურად დაიხარჯონ, მაგრამ პროდუქტიულად. რუტინული სამუშაო საჭიროა, თუმცა არის საზღვარი, სადამდეც ასეთ სწავლებას შეუძლია სარგებელი მოგიტანოს. ამის შემდეგ კი, სჯობს სხვანაირად მიუდგე სწავლას, რათა განვითარება შეძლო”, - ამბობს ლუკა კუპრაშვილი. 
ლუკასთან ერთად ამავე მიმართულებაზე ისწავლის ანასტასია ცირეკიძეც. ანასტასიამ ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის ან. რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლა. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს ფიქრი, ანალიზი, ადამიანებზე, მათ გარემომცველ საგნებსა და სამყაროზე დაკვირვება. 
“გადაწყვეტილების მიღებისას, ცხადია, რომ ხარისხიანი განათლების მიღებაზე ვფოკუსირდი, ქართულ ბაზარზე კი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. ჩემი აზრით, მედიცინა და ეკონომიკა ის ორი სფეროა, რომელთა პროგრესის გარეშე კაცობრიობა დაღუპვისთვისაა განწირული. სწორედ ამიტომ, ჩემი არჩევანი ამ უკანასკნელზე შევაჩერე. მაღალკვალიფიციური ლექტორების ცოდნა და გამოცდილება, დასავლური ყაიდის გარემო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობები და გაცვლითი პროგრამები კარიერული წინსვლისა და რეალური წარმატების გარანტიაა. ტექნიკური სფეროთი დაინტერესება სულაც არ მიშლის ხელს, თავისუფალ დროს ხელოვნებითა თუ ლიტერატურით ვისიამოვნო. განსაკუთრებით მიყვარს ჯაზი, რადგანაც მისთვის დამახასიათებელია გახსნილობა, სპონტანურობა და იმპროვიზირება. ეს ერთგვარი გათავისუფლებაა არსებული დოგმებისა თუ შაბლონებისგან”, - ამბობს ანასტასია ცირეკიძე. 
მარიამ გიორგაძე ეკონომიკისა და ბიზნესის მაღალრეიტინგულ სტუდენტებს შორისაა. “ბავშვობიდან მიყვარს მათემატიკა და ყოველთვის ვიცოდი რომ ავირჩევდი ისეთ მიმართულებას, რომელიც მათემატიკური უნარების გამოყენების საშუალებას მომცემდა. ავირჩიე ეკონომიკა, რომელიც დამატებით ლოგიკური და ანალიტიკური უნარების განვითარებაში დამეხმარება. ვფიქრობ, ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ცხოვრებაში ნებისმიერ სირთულესა თუ პრობლემას განსხვავებული, პროფესიული თვალით შევხედავ და რისკებს უფრო სწორად გავთვლი. თსუ მაძლევს საშუალებას შევისწავლო ეკონომიკა საერთაშორისო სტანდარტებით. ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოში გავაგრძელებ ცხოვრებას და ყველანაირად ვეცდები, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით ქვეყანას განვითარებაში დავეხმარო.
წლევანდელ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ სირთულეები მათაც შეხვდებათ და, მთავარია, მათ მტკიცედ დაუდგნენ. საბოლოო გამოცდები არაფერია გარდა შეჯამება იმ ყველაფრისა, რაზეც მთელი წლის განმავლობაში ექნებათ ნამუშევარი. და კიდევ ერთი, არ დაავიწყდეთ, რომ მუშაობისგან თავის გადაწვა არ შეიძლება, განტვირთვა აუცილებელია”, - ამბობს მარიამ გიორგაძე.

სხვა სტატიები »