ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ მაგისტრატურის საფეხურის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები

თსუ მაგისტრატურის საფეხურის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები
30 სექტემბერი, 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. წელს თსუ მაგისტრატურა 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1996 წლიდან დაიწყო. მაგისტრატურის პირველი გამოშვება თსუ-ს 1998 წელს ჰყავდა. მაგისტრის ხარისხი ამ ხნის განმავლობაში 15 500-ზე მეტ კურსდამთავრებულს მიენიჭა.
წლევანდელ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე შვიდი ფაკულტეტის მაღალრეიტინგულ მაგისტრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.  
ჩვენ თითოეულ მათგანს გაგაცნობთ.  ისინი განვლილ ორ წელიწადს იხსენებენ და  საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. 



***
მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების ყველაზე მაღალრეიტინგული კურსდამთავრებული  ნათია ასანიძე გახდა. მან  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა. ბაკალავრიატზე სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა. 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში ნათიას და მის კურსელებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა ტრენინგს, კონფერენციას, შეხვედროდნენ ამ დარგის უცხოელ სპეციალისტებს. 
„ჩემთვის ამ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა იყო ერთგვარი გამოწვევა, რადგან საბაკალავრო პროგრამა სხვა სპეციალობით დავამთავრე,  ვშიშობდი, რომ გამიჭირდებოდა სწავლა, თუმცა პროგრ
ამის ხელმძღვანელებისა და ლექტორების დახმარებით საბედნიეროდ ეს შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა,“ - იხსენებს ნათია, -„მინდოდა მაგისტრატურაზე ისეთ მიმართულებაზე მესწავლა, რომელიც იქნებოდა პირველ რიგში საინტერესო,  მოთხოვნადი და გამოყენებადი. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვა, როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და გაუმჯობესების, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებათა ერთობლიობა, მოიცავს გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციას, ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, გარემოს ჯანმრთელობას, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს და ყველა იმ ფაქტორის შესწავლასა და მონიტორინგს, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდება საზოგადოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ქვეყნის პროგრესს. თავისი მიზნისა და თემატიკიდან გამომდინარე სამაგისტრო პროგრამის განმავლობაში განხილული სალექციო კურსები იყო საინტერესო და ინფორმაციული. 
ამ ეტაპზე ვარ დასაქმებული და ვფიქრობ, რომ ჩემი ცოდნა მეტ-ნაკლებად რეალიზებულია, თუმცა ამვდროულად ვფიქრობ კვლავ სწავლის გაგრძელებას და უფრო მეტად განვითარებას. ფსიქიკური ჯანმრთელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, იგი საქართველოში მრავალი გამოწვევისა და პრობლემის წინაშეა და ჩემი დიდი სურვილია ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება და ამ სფეროში მოღვაწეობა"- ამბობს ნათია.


*** 
იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ყველაზე  მაღალრეიტინგული მაგისტრი მარიკა დუმბაძეა.მარიკა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატია. მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში ჰქონდა საშუალება თბილისის სკოლებში შეხვედროდა მოსწავლეებს და მათთან  სამართალისა და სამოქალაქო განათლების შესახებ ესაუბრა. 
„მაგისტრატურის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. იყო საუკეთესოთა შორის პირველი, ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ღირსეულად ატარო ეს ტვირთი. დავასრულე მაგისტრატურის საფეხური და ვრჩები იმ დიდი ოჯახის წევრად, რომელსაც თსუ ჰქვია. უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ შენობის კედლები, ესაა ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც საერთო საქმეს ვემსახურებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საერთო ღირებულებებითა და რეალიზებული შესაძლებლობებით დატვირთული 6 წელი მაკავშირებს. ეს ის პერიოდია, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში, როგორც პირადი, ისე პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით. პირველად, როდესაც ბაკალავრიატის საფეხურზე დავიწყე სწავლა, ერთ ჩემს ბავშვობის მეგობართან ერთად მივედი უნივერსიტეტის პირველკურსელთა მისაღებ ცერემონიალზე. მაშინ მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ჩემთვის ნაცნობი, დღეს, კი თსუ-მ შემძინა ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ჩემს ცხოვრებაში და დღეს ჩვენ ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ,“ - ამბობს მარიკა.  ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ დარწმუნებული იყო  რომ მაგისტრატურის ეტაპზე სწავლას  თსუ-ში გააგრძელებდა. 
„განათლების მიღების ახალ საფეხურზე გადასვლისას არჩევანის გაკეთების პროცესში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია თუ რას გთავაზობს უნივერსიტეტი. მოლოდინები, რომლებიც გამაჩნდა თსუ-მ სრულად გაამართლა და უფრო მეტიც, იმ შესაძლებლობებმა და გამოწვევებმა, რომელთა წინაშეც დავდექი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გავიარე უაღრესად საინტერესო სასწავლო დისციპლინები, კომუნიკაციის შესაძლებლობა მქონდა იმ პროფესორებთან, რომლებიც ქმნიდნენ დ
ა ქმნიან ქართულ კანონმდებლობასა და მართლმსაჯულებას. იუსტიციის სასწავლო ცენტრში ვატარებდი ტრენინგებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. საბოლოოდ კი, გავხდი იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი. გარდა ამისა, მთელი ორი წლის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე ვიღებდი ფულად ბენეფიტს თბილისის მერიისაგან. ეს ის მინიმუმია, რაც თსუ-მ მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში ჩემთვის გააკეთა და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდაც ნებისმიერი ჩემი პროფესიული წარმატების საფუძველი სწორედ, რომ დედა უნივერსიტეტი იქნება.სამომავლო გეგმების განხორციელებასა და ხორცშესხმას სჭირდება მუდმივი სწრაფვა წარმატებისკენ. კარიერაში პირველი ნაბიჯები სწორედ თსუ-ში გადავდგი და მასვე უკავშირდება ჩემი სამომავლო მიზნები და სწრაფვები. მუდმივად ვცდილობ, რომ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა სწორად გამოვიყენო და ამ გზით მივაღწიო წარმატებას ჩემს პროფესიაში, არ შევუშინდე არცერთ დაბრკოლებას და მზად ვიყო ნებისმიერი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოწვევისათვის.
უნივერსიტეტში სწავლა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. მუდმივად მიწევდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და ძლიერ სტუდენტებს შორის „საკუთარი სიტყვის თქმა“. ვფიქრობ, რომ მე ეს ეტაპი წარმატებით გავიარე და ამ შედეგის მიღწევისას მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ადამიანებს, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი შესაძლებლობების და მუდმივად იზიარებდნენ ჩემს წინსვლას. თსუ-ს მთელი გუნდი ყოველთვის მზად იყო ჩემი ინოვაციების, სიახლეების, შეხედულების თუ საჭიროებების მოსასმენად. არ შემიძლია განსაკუთრებით არ გამოვყო ქალბატონი თამარ ზარანდიას, ბატონი ბესარიონ ზოიძის, ბატონი ირაკლი ბურდულისა და ბატონი დემეტრე ეგნატაშვილის წვლილი ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ისინი მუდმივად მზად არიან მომისმინონ, დამეხმარონ და ითანამშრომლონ ჩემთან. ყოველთვის ვგრძნობდი მათგან მხარდაჭერას და გვერდში დგომას. აღნიშნული კი მაძლევდა შესაძლებლობას გაცილებით მეტი მომეთხოვა ჩემი თავისთვის და გამემართლებინა მათი იმედები,“- გვეუბნება მარიკა დუმბაძე.
მარიკამ მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში თსუ იურიდიულ ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალზე დაიწყო მუშაობა. სულ მალე ჟურნალის მეორე გამოცემა გამოვა,მარიკა დუმბაძე კი უკვე ჟურნალის მთავარი რედაქტორია. 
„ამ ჟურნალზე მუშაობაც ჩემი ფაკულტეტის ხელშეწყობით დავიწყე და დღემდე აქტიურად ვახორციელებ. თსუ-ში მიღებულმა განათლებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მიღწევაზეც. ჯერ კიდევ ბაკალავრიატის სტუდენტობიდან მოყოლებული ვმუშაობ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადვოკატის პოზიციაზე. ეს არის ადგილი, სადაც მივიღე პრაქტიკული გამოცდილება და შევძელი იმ თეორიული ცოდნის გამოვლენა, რაც თსუ-სგან შევიძინე. 
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ თსუ-სთან ჩემმა ურთიერთობამ უკვე განსხვავებული სახეც მიიღო. ბედნიერი ვარ, რომ მიმდინარე სასწავლო წლიდან თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტს უკვე მოწვეული ლექტორის რანგში შევუერთდები. სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში წარვუძღვები სემინარს და ამჯერად მექნება შესაძლებლობა თსუ-ს ახალ თაობას, პირველკურსელებს, გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სტუდენტს სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების. თსუ ნამდვილად ის ადგილია, სადაც ხედავენ და აფასებენ შრომას.  ნამდვილად არ ყოფილა მარტივი მაგისტრატურის საფეხურის წარმატებით დასრულება. ამ შედეგისთვის ძალიან დიდი შრომა დამჭირდა. თითოეულ საგანს, დავალებას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ორი წლის განმავლობაში მაგისტრატურაზე სწავლებისას თითოეული სტუდენტისათვის მიცემული შესაძლებლობა მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტიულად იქნეს გამოყენებული. ამ პერიოდში სტუდენტი უნდა მოემზადოს იმ მნიშვნელოვანი დასასრულისთვის, რაც სამაგისტრო ნაშრომის მომზადებას უკავშირდება. ამ პროცესში სტუდენტი აუმჯობესებს კვლევის უნარებს, კონკრეტულ საკითხს სიღრმისეულად ეუფლება და იღებს იმ სამეცნიერო ხარისხს, რასაც სამართლის მაგისტრი ჰქვია.
საერთო ჯამში, წარმატების მიღწევა შეუძლებელია ყოველდღიური შრომის, მონდომებისა და კონკრეტული მიზნების გარეშე. ჩემთვის მიზანი პირველობა ნამდვილად არ ყოფილა და სიმართლე რომ გითხრათ, სასიამოვნო მოულოდნელობაც კი აღმოჩნდა,“ - ამბობს მარიკა დუმბაძე. 

***
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მაგისტრს (სამაგისტრო პროგრამა : „ახალი და უახლესი ისტორიის“)  ირაკლი ნოდიას  მკითხველი უკვე იცნობს. ის შოთა რუსთაველის ფონდის მაგისტრანტთა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. მისმა პროექტმა „პირველი მსოფლიო ომი ქართულ ნარატიულ წყაროებში“ ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან მიიღო უმაღლესი შეფასება და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში პირველ ადგილზე გავიდა. ირაკლი სამეცნიერო საქმიანობას უკვე,როგორც თსუ დოქტორანტი ისე აგრძელებს. 
„არჩევანი ამ სამაგისტრო პროგრამაზე თავიდანვე განსაზღვრული გვქონდა და რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. პირველ რიგში, ისტორიის საბაკალავრო პროგრამაც თსუ-ში მაქვს დამთავრებული. მეორე, ჩემი სადიპლომო ნაშრომის თემატიკაც ეხებოდა ახალ ისტორიას - აშშ-ის სამოქალაქო ომს და, მესამეც, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული სამაგისტრო პროგრამა სწორედ ეს იყო თავისი სასწავლო შინაარსითა და აკადემიური პერსონალით. ბაკალავრიატისაგან განსხვავებით, ამ ორი წლის განმავლობაში ორიენტირებულები ვიყავით ვიწრო სპეციალიზაციაზე და  ბევრი საინტერესო საგანი გავიარეთ. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ევროპული ისტორიოგრაფიის მიღწევების კიდევ უფრო ახლოდან გაცნობა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინა. ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა, გამართლდა, მაგრამ კარგი იქნება, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანებზე, რათა ის ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ასეც იქნება. პროგრამა წლიდან წლამდე კიდევ უფრო იხვეწება. გვაქვს „ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა“, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი დამხმარე ელექტრონული და ბეჭდური სამეცნიერო ლიტერატურით. მეტი რომ აღარ გავაგრძელოთ, ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს. ყველაზე მეტი სახელმწიფო და შიდა საუნივერსიტეტო გრანტის მფლობელი სწორედ ამ პროგრამაზე ირიცხება. მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროგრამის ყველა აკადემიურ პერსონალსა და განსაკუთრებით ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელებს პროფესორებს ბ-ნ თეიმურაზ პაპასქირსა და ბ-ნ მერაბ კალანდაძეს. 
ახლა უკვე დოქტორანტი ვარ და ვაგრძელებ პროფესიული ცოდნის გაღრმავებას. დოქტორანტურაში სწავლის განმავლობაში ვგეგმავ არაერთ სამეცნიერო აქტივობას. ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ისევ რუსთაველის ფონდის სადოქტორო გრანტების კონკურსში.  გავაკეთოთ სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები და სამეცნიერო კრებულები. ასევე ჩემს კოლეგებთან ერთად ვგეგმავ რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის გამოცემას, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს.  სულ მალე გამოვა თსუ-ის ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომების კრებული, სადაც დაიბეჭდება ჩემი სტატიაც აშშ-ის სამოქალაქო ომის შესახებ,“ - ამბობს ირაკლი ნოდია. 

***
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული მაგისტრი თამარ მელაძე გახდა. მან პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა. ამ მიმართულებაზე თსუ-ში 6 წელი ისწავლა, თუმცა ამ ეტაპზე, სწავლას  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების სადოქტორო პროგრამაზე განაგრძობს. 
„სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ძალიან ბევრი კარგი სტუდენტი სწავლობს და რთულია ერთი სტუდენტის შერჩევა, თუმცა ვინაიდან მე მერგო პატივი რომ წარმომეჩინა ფაკულტეტი ვეცდები ეს სწორი და რეალური სურათი იყოს. მე გახლავართ პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი, ამ მიმართულებაზე უკვე 6 წელი ვისწავლე.  
მიმართულება არის დაკომპლექტებული ძალიან განათლებული, მშრომელი და პასუხისმგებლობით სავსე პროფესორებით, ადამიანებით რომლებთან მუშაობა ყოველთვის გიხსნის აზროვნების სრულიად ახალ საზღვრებს. სწორედ ამიტომ, მე კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას თითოეულ ლექტორს და ვფიქრობ, რომ თსუ-მ ძალიან უნდა იამაყოს ამ ადამიანებით. ნაწილობრივ ჩემი მოლოდინები გამართლდა, თუმცა დავამატებდი ერთ იმედგაცრუებას, რომელიც ვფიქრობ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებას ნამდვილად ახასიათებს, ეს არის სწავლების ნაკლებად პრაქტიკული მხარე, თუმცა ამასაც აქვს საკუთარი მიზეზი. დამეთანხმებით, ჩვენს სახელმწიფოში ჯერ საკმარისად არ არის განვითარებული ეს სფერო, თუმცა ეს ჯანსაღი პროტესტი სტუდენტების მხრიდან უფრო მეტად დახვეწავს არსებულ სისტემას, რადგან იქ სადაც ყველასთვის ყველაფერი მისაღებია განვითარების პერსპექტივა ნაკლებია, ამიტომ პრობლემებზე კონცენტრირება მათი გადაჭრის საშუალებას ნამდვილად მოგვცემს მომავალში. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა ნაბიჯ-ნაბიჯ იხვეწება და იმაზე უკეთესია ვიდრე იყო წინა წლებში და რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია შენარჩუნდება მომავალშიც. 
რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ მოვლენებს, ალბათ ის სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები შეიძლება იყოს, რომელიც ერთობლივი ძალებით შეიქმნა უნივერსიტეტში და რა თქმა უნდა 2 წლის შეჯამება და ის სიმბოლური საჩუქარი, რომელიც რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა გადმომცეს ვიტყოდი რომ ძალიან დასამახსოვრებელი მომენტია.
ვინაიდან 6 წელი პოლიტიკის მეცნიერების შესწავლით ვიყავი დაკავებული, ბუნებრივია ეს დარგი ძალიან მიყვარს, თუმცა გადავწყვიტე რომ დოქტორანტურაზე ცოტა სხვა მიმართულებით გავაგრძელო. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს სრულიად კავშირის გაწყვეტას მშობლიურ პროფესიასთან, მაგრამ სურვილი გამიჩნდა ახალი სფერო შევისწავლო და სამეცნიერო მოღვაწეობა ისევ საყვარელ უნივერსიტეტში განვაგრძო,“ - ამბობს თამარ მელაძე. 

***
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ყველაზე მაღალრეიტინგული მაგისტრი ანი ჯალაბაძეა. ანიმ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა წარმატებით დაასრულა. სამომავლოდ სწავლის გაგრძელება გადაწყვეტილი აქვს. ამბობს,რომ ძალიან უყვარს სამეცნიერო საქმიანობა და 2-3 წელიწადში  თსუ-ში  შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩააბარებს. 
„სხვა უნივერსიტეტში ჩაბარებას არც განვიხილავდი, ეს კი გაამყარა იმ ფაქტმა, რომ შრომისა  და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მხოლოდ თსუ-შია. აქ ქვეყნის წამყვანი HR-ები (როგორებიც არიან ქალბატონები: ია კუტალაძე, სოფო დოლიძე, მაია რობაქიძე დასხვა.) გასწავლიან და გიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ხელს უწყობენ თითოეული სტუდენტის პროფესიულად ზრდას. 
ორგანიზაციის ფსიქოლოგია უდიდესი სამეცნიერო და ამავდროულად პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელი დარგია. რომლის მიზანია მკვლევრებისა და პრაქტიკოსი ფსიქოლოგების მომზადება შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში, რომელთაც, სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით, შეეძლებათ ორგანიზაციაში ადამიანის ქცევის განმაპირობებელი ფაქტორების, ადამიანსა და ორგანიზაციას შორის ურთიერთქმედების სისტემური ანალიზი და ადამიანური რესურსის ეფექტურობის პროექტირება.
ბაკალავრიატის პერიოდის განმავლობაში უკვე გადაწყვეტილი მქონდა ფსიქოლოგიის რომელ განხრას ავირჩევდი, რაც განაპირობა ადამიანური რესურსის მენეჯმენტის მიმართულებით გავლილმა სხვადასხვა სასწავლო კურსმა და ამავე პერიოდში რამდენიმე კომპანიაში სტაჟიორად მუშაობის გამოცდილებამ. 
მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში ჩემი პროფესიით (ადამიანური რესურსის მენეჯმენტის მიმართულებით - HR) მუშაობა დავიწყე ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში -  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“. მიღებული ცოდნა  კი მუდამ მეხმარება საკუთარი საქმის კარგად კეთებაში.  
 ამ ეტაპზე  ვაპირებ კარიერულ ზრდას და ჩემი პროფესიით  უფრო მეტი გამოცდილების დაგროვებას, რაშიც სამსახური (GWP) ნამდვილად მეხმარება. მაქვს კომუნიკაცია უამრავ ადამიანთან და ვაკეთებ საქმეს, რაც მაბედნიერებს; ალბათ, ეს ყველაზე კარგია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ, მაქსიმალისტი ვარ და შესაბამისად საკუთარი თავისგანაც ყოველთვის მეტს ველი. მინდა ისე წარვმართო ჩემი ცხოვრება და კარიერა, რომ წლების შემდეგ, წარსულს რომ გადავხედავ, რაიმე არ მქონდს სანანებელი და არ ვთქვა „ნეტა ეს რატომ არ გავაკეთე... ხომ შემეძლო ამის გაკეთება...“. მჯერა, შრომითა და მონდომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.
თითოეული სტუდენტი, რომელიც მაგისტრატურაში ჩაბარებას გადაწყვეტს, უნდა იყოს მზად, იმისათვის, რომ ბევრი შრომა მოუწევს (შეიძლება ღამეების გათენებაც კი). თუმცა როცა ადამიანი მიზანზეა ორიენტირებული და გულით აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს, ეს პროცესი ერთგვარ ადრენალინად იქცევა, რადგან „ვნების სიმძაფრე შენებაშია“, „აშენებულით“ კი გვიანი მოზრდილობის ჟამს, მიღწევათა მწვერვალზე,  შეუძლია დატკბეს,“- გვეუბნება ანა. 

 
***
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული თამარ ბაზარაშვილი ყველაზე მაღალრეიტინგული მაგისტრია.  
„დავამთავრე ბაკალავრიატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის მიმართულებით, გადავწყვიტე მაგისტრატურაც ამავე უნივერსიტეტში გამეგრძელებინა გეომორფოლოგია, კარტოგრაფია ლანდშაფტური დაგეგმარების მიმართულებით, რადგან ზუსტად ვიცოდი რამდენად მაღალკვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებლებთან მექნებოდა ურთიერთობა.  ვისურვებდი გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტებს უფრო მეტი საველე  კვლევების ჩატარების საშუალბა ჰქონდეთ, სადაც შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას. აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები  ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას. მიუხედავად ამისა წლების განმავლობაში უნივერსიტეტმა მომცა ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ ჩემს პროფესიაში ვიყო წარმატებული. ჩემთვის დიდი მოტივაციაა ფაკულტეტზე ყველაზე წარჩინებლლი სტუდენტის სტატუსი,  მომავალში დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებისათვის.   მომავალ მაგისტრანტებს ვურჩევ ეს ორი წელი რაც შეიძლება ნაყოფიერად გამოიყენონ, მიიღონ მონაწილეობა კონფერენციებში, ჩაერთონ სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში, ეს ყველაფერი დაეხმარება მათ ცოდნის გაღრმავებაში და გამოცდილების დაგროვებაში. 


***
ილია კოჟორიძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების მაღალრეიტინგული მაგისტრია. ჩვენთან საუბარისას მაღლივში სწავლის ორ წელიწადს იხსენებს. 
„ვამაყობ იმით რომ გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საუკეთესო მაგისტრი აკადემიური მოსწრებით. ბაკალავრიატის დასრულების  შემდეგ ბევრი არ მიფიქრია თუ სად უნდა გამეგრძელებინა მაგისტრატურაში სწავლა და გადავწყვიტე ისევ თსუ-ში იმავე მიმართულებასა და მოდულზე ჩამებარებინა. გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინე განათლების ხარისხი და ზოგადად გარემო. მაღლივის სტუდენტები დამეთანხმებიან, რომ აქ არის განსაკუთრებული, თბილი, მეგობრული ატმოსფერო, რომელსაც ერთობლივად ქმნის მაღალკვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებელთა და მეგობრულ სტუდენტთა წრე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო 6 წელი, რომელიც მაღლივში გავატარე, რადგან შევიძინე მეგობრები, გავიცანი პროფესიონალი, სტუდენტზე ორიენტირებული პროფესორები, რომლებიც ძალღონეს არ იშურებენ რომ ასწავლონ სტუდენტებს.
აქ ვისწავლე რას ნიშნავს გუნდური მუშაობა. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და ჩემს ჯგუფელებს, რომლებსაც არანაკლები წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში. მინდა მივულოცო მომავალ თსუ-ს მაგისტრანტებს, რომლებმაც ნამდვილად საუკეთესო არჩევანი გააკეთეს. ისინი მოხვდებიან გარემოში სადაც მიიღებენ უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და რაც მთავარია ცოდნას. ჩემი რჩევა მომავალი მაგისტრანტებისთვის იქნება, რომ იშრომონ, მოინდომონ და ყველაფერი გამოუვათ. აქ შრომა და მონდომება ფასდება. ეს ორი წელი იქნება მათთვის წარმატებული კარიერის და მომავლის საწინდარი,“ - ამბობს ილია კოჟორიძე. 


სხვა სტატიები »