ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-დან ჩინეთის სასწავლებლებში - საინტერესო გზა აღმოსავლეთისკენ

თსუ-დან ჩინეთის სასწავლებლებში - საინტერესო გზა აღმოსავლეთისკენ
31 ივლისი, 2019
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული შაკო ჩიხლაძე ჩინეთის ჟენმინ (სახალხო) უნივერსიტეტში ჩაირიცხა. შაკო თანამედროვე ჩინეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. სწავლის პარალელურად კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გადის სტაჟირებას. 
შაკო ამბობს, რომ აღმოსავლეთ აზია ბავშვობიდან აინტერესებდა, პოლიტიკის მეცნიერის სპეციალობის გარდა, გადაწყვიტა სინოლოგიაც შეესწავლა. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის პროგრამას გაეცნო და სინოლოგიისა და იაპონისტიკის მოდულებს შორის, სინოლოგიის მიმართულება აირჩია. სინოლოგიის მოდულზე ჩინურ ენასთან ერთად ჩინური კულტურის, ისტორიის, აღმოსავლეთ აზიის რელიგიებისა და სხვა დისციპლინებს სწავლობდა.
„თსუ-ში 2013 წელს ჩავაბარე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კერძოდ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. მაშინდელი ეს გადაწყვეტილება არც მოულოდნელი იყო და არც დაუგეგმავი, რადგან ბავშვობიდან მქონდა ისტორიული და პოლიტიკური მეცნიერებისადმი ინტერესი. აბიტურიენტობისას რამდენიმე ვარიანტს შორის ბოლოს მაინც თსუ ავირჩიე და დავიწყე ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნივერსიტეტმა შემძინა, იყო საინტერესო ჯგუფელები, კურსელები თუ თანაუნივერსიტეტელები, რომლებთანაც კომუნიკაცია როგორც სასწავლო, ისე სხვადასხვა სოციალურ პროცესებში მართლაც კარგად დამამახსოვრდა. თსუ არ არის ადგილი, სადაც გარკვეულ ცოდნას იძენ, ის ასევე არის ადგილი, სადაც ბევრ ახალს სწავლობ - უნივერსიტეტის ბაღში საუბრებითაც, შენი თანატოლებისგან თუ უფროსი თაობისგან.
პოლიტიკის მეცნიერებაზე სწავლის პარალელურად, გადავწყვიტე, რომ მჭირდებოდა გარკვეული რეგიონისა და საზოგადოების უფრო უკეთ შესწავლა, რათა შემდგომ უფრო დეტალური და სრულყოფილი ანალიზი შემძლებოდა კონკრეტული მიმართულებით. თავიდან ვფიქრობდი რამდენიმე ენასა და რეგიონზე, ბოლოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მივაგენი საკმაოდ საინტერესო - შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის პროგრამას, რომელსაც ორი მოდული ჰქონდა - სინოლოგიისა და იაპონისტიკის. ბავშვობიდან მქონდა აღმოსავლეთ აზიისადმი ინტერესი, შესაბამისად გადავწყვიტე სინოლოგიის მიმართულება ამერჩია. სინოლოგიის მოდულზე ჩინურ ენასთან ერთად დავიწყე ჩინური კულტურის, ისტორიის, აღმოსავლეთ აზიის რელიგიებისა და სხვა დისციპლინების შესწავლა, რაც პოლიტიკის მეცნიერებასთან ერთად, საკმაოდ კარგ კომბინაციას იძლეოდა“, - გვიყვება შაკო. ამის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ერთობლივ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ჩინეთის მთავრობის სტიპენდია მოიპოვა. 
„სტიპენდია ფარავდა ერთი წლის განმავლობაში ჩინური ენისა და კულტურის ინტენსიურ კურსს. სტიპენდიის მოპოვების შემდეგ ჩავირიცხე ჭეძიანგის უნივერსიტეტში, რომელიც მთლიანი ქვეყნის მასშტაბით მესამე პოზიციაზეა და იქ გავატარე მთელი სასწავლო წელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ჩინური ენის გაუმჯობესების კუთხით. ერთწლიანი სასწავლო კურსის შემდეგ, დავბრუნდი თსუ-ში და დავასრულე ბაკალავრიატის საფეხური. საბაკალავრო თეზისზე მუშაობისას გამოვიყენე მეიჯორისა და მაინორის სინთეზი და ავირჩიე თემა „სამხრეთ კავკასიის როლი „სარტყელი და გზა“ ინიციატივის ფარგლებში“, რომლის დაცვის შემდეგ მომენიჭა პოლიტიკის მეცნიერებისა და შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნის ბაკალავრის ხარისხი.“
შაკომ თსუ-ში საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა მაგისტრატურაზე სწავლა ისევ ჩინეთში გაეგრძელებინა. 
„სასტიპენდიო კონკურსი მოიცავდა გასაუბრებას (ჩინურ და ინგლისურ ენებზე), ასევე აკადემიურ მოსწრების ამონაწერს, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილებსა და სასწავლო გეგმას. საბედნიეროდ, მეორედაც მოვიპოვე ჩინეთის მთავრობის სტიპენდია და ამჟამად ვსწავლობ ჩინეთის ჟენმინ (სახალხო) უნივერსიტეტის თანამედროვე ჩინეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე. როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობ, ძირითადად მახსენდება ჩინეთში პირველი ჩასვლა. ენის ბარიერი მაინც არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დონე უნივერსიტეტში უკვე გავლილი მქონდა; პირველი თვეები მაინც იყო გარკვეული სირთულეები, დანარჩენ პირობებს კარგად შევეგუე“, - იხსენებს შაკო და თსუ-სა და ჩინეთის უნივერსიტეტებში სწავლების მეთოდებს ადარებს. 
„მეთოდებში გარკვეული სხვაობა არის, თუმცა რაიმე განსაკუთრებული ან დაუძლეველი არ შემხვედრია. ჩემი ჯგუფელები მთელი მსოფლიოდან არიან, ასევე, რა თქმა უნდა, გვყავს ადგილობრივი ჯგუფელებიც. გულწრფელად რომ გითხრა, რადგან თანამედროვე ჩინეთის კვლევების პროგრამაზე ვსწავლობ, უშუალოდ ჩინეთზე ინფორმაციულობის კუთხით არათუ არ ჩამოვუვარდებით, ზოგ შემთხვევაში მეტი ვიცით ხოლმე უცხოელ სტუდენტებთან შედარებით, რაც სასიამოვნო ფაქტია.
ამჟამად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გავდივარ სტაჟირებას, რაც სწავლის პარალელურად, საინტერესო გამოცდილებაა. საელჩოში ყოფნა, უნივერსიტეტის თეორიულ ცოდნასთან ერთად, მეხმარება უკეთ აღვიქვა გადაწყვეტილების მიღების თანმდევი პროცესი უშუალოდ ჩინეთში და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო-პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები“, - ამბობს შაკო. 
სამომავლოდ, თსუ-სთან ერთობლივად, „ერთი საინტერესო პროექტის“ განხორციელებას გეგმავს. ჯერ პროექტის შინაარს არ გვიმხელს, თუმცა გვეუბნება, რომ პროექტი კავშირში იქნება ჩინეთმცოდნეობის დარგის განვითარებასთან.
„როგორც ბევრ უნივერსიტეტელს, მეც მაქვს თსუ-სთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები. ამჟამად სინოლოგთა ასოციაციაციის წევრები, თსუ შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის მიმართულების კურსდამთავრებულები, პროგრამის ხელმძღვანელთან და თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად ვმუშაობთ ერთ საინტერესო პროექტზე, რომელსაც შემდეგ გაგიმხელთ. რაც უშუალოდ კავშირშია აკადემიასთან და ჩინეთმცოდნეობის დარგის გარნვითარებასთან. სამწუხაროდ, ჩინეთმცოდნეობა, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, ახალგაზრდა დარგია საქართველოში და ბევრი გამოწვევაა, უშუალოდ სახელმძღვანელობისა და ლიტერატურის კუთხით, თუმცა მაქვს პოზიტიური მოლოდინები და მეც ვაპირებ ჩემს მეგობრებთან ერთად გარკვეული წვლილი შევიტანო აღნიშნული სტატუს ქვოს შეცვლაში“, - ამბობს შაკო ჩიხლაძე.

სხვა სტატიები »