ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გამარჯვებულები თსუ-დან

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გამარჯვებულები თსუ-დან
30 ივლისი, 2019
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი  სოფიკო კვინიკაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტის გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის  გამარჯვებული გახდა. ფონდის მიერ დაფინანსებული 21 პროექტიდან 10 პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებს ეკუთვნით. სოფიკო კვინიკაძის პროექტი მოიცავს მეტად საინტერესო ორგანული ნივთიერეების მიღებას. კვლევის შედეგს ექნება პრაქტიკული ღირებულება ორგანული სინთეზის მეთოდების შემუშავება/მოდიფიცირების თვალსაზრისით. სინთეზურ ნაერთებს აღმოაჩნდათ მაღალი ბიოლოგიური აქტიურობა და მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ შესაძლებელი იქნება მათ პრაქტიკული გამოყენება მედიცინაში - მაგალითად კანის სხვადასვა დაავადების სამკურნალოდ, ოფთალმოლოგიასა ან სტომატოლოგიაში. 
“პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე, ორგანულ ნივთიერებათა სინთეზის ლაბორატორიაში. ვიყენებ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. ორგანული სინთეზის თითოეულ ეტაპზე მიღებული ნივთიერების სტრუქტურის კვლევისთვის ვიყენებთ ამავე უნივერსიტეტისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის–საქართველოში ფარგლებში ფიზიკური ქიმიის კათედრის სამეცნიერო ლაბორატორიას.
წინასწარი გათვლებით, ჩვენი ნივთიერებები ხასიათდებიან მაღალი პროცენტული ალბათობით ბიოლოგიური აქტიურობითა და ტოქსიკურობის დაბალი მაჩვენებლით (PASS Online), ამიტომ მნიშვნელოვნად შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითად, კანის სხვადასხვა დაავადების მკურნალობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დასინთეზირებული ნივთიერებები (ამ ეტაპზე შესწავლილია ორი) გამოირჩევიან ფოტოქრომული თვისებებით. ფოტოქრომული ნაერთების გამოყენების ძირითად სფეროს მათი შეფერილობის ინტენსიური ცვლილება განაპირობებს, რაც განსაკუთრებით პერსპექტიულია ოფთალმოლოგიური მზის საწინააღმდეგო მინების წარმოებაში. უნდა აღინიშნოს ამ მასალების გამოყენება სტომატოლოგიაში, როგორც კბილის შემავსებლები. ფოტოქრომული მასალები გამოიყენება ასევე სათამაშოებისა და კოსმეტიკური მასალების წარმოებაში. ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი კვლევები ტარდება მოლეკულური კომპიუტერის შექმნის თვალსაზრისით. სპიროპირანული ფოტოქრომული მასალები გამოიყენება ინფორმაციის შენახვის სფეროში. ინფორმაციის ჩაწერა, ისევე, როგორც წაკითხვა და წაშლა, მიმდინარეობს სინათლის საშუალებით. ამგვარად, მკვეთრად გამოხატული ფოტოქრომული თვისებების მქონე ახალი ნივთიერებების შექმნა მეტად პერსპექტიულია. ჩვენ ვცდილობთ, მივიღოთ ისეთი ნაერთები, რომლებსაც გაუმჯობესებული ხსნადობა ექნებათ ორგანულ გამხსნელებში, რაც ბუნებრივია, დადებითად აისახება მათ ფოტოქრომულ თვისებებზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პროექტი ინტერდისციპლინურია. მოიცავს ბევრ დარგს და შეიძლება გამოიყენებულ იქნას მრავალი მიმართულებით. გათვალისწინებულია 6 ახალი ნივთიერების მიღება. გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია პროექტი შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და იკვეთებოდეს მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება. იყოს საინტერესო და ტექნიკური თვალსაზრისით გამართული. ვფიქრობ, ჩემი პროექტი კარგად გადმოსცემდა კვლევის პროცესის მნიშვნელობასა და ღირებულებას და სწორედ ამან განაპირობა საგრანტო კონკურსში გამარჯვება. მნიშვნელოვანია სიახლისშემცველი, კონკურენტუნარიანი პროექტის დაწერა და ყველა საჭირო საორგანიზაციო საკითხების მოგვარება", - გვეუბნება სოფიკო. 
ამ ეტაპზე პროექტით გათვალისწინებული ყველა ნივთიერება მიღებულია დადასტურებული სტრუქტურით. ახლა მიმდინარეობს თვისებების კვლევა. ბიოლოგიური აქტიურობის შესაძლებლობა უკვე შეფასდა Pass-ის პროგრამის მეშვეობით. ახლა მიმდინარეობს (კიდევ ორი ნივთიერების) ფოტოქრომული თვისებების კვლევა ულტრაიისფერი სპექტრების მეშვეობით. ეს პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე მიმდინარე კვლევების ნაწილია.
“ჩემს შემთხვევაში, სირთულეს წარმოადგენდა ნივთიერებების შესყიდვებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი რეგულაციები, რის გამოც დაგვიანდა კვლევის პროცესში საჭირო ნივთიერებების შემოტანა. თუმცა ამას არ გამოუწვევია პროექტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის ცვლილება. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ორგანული სინთეზი ქიმიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და შრომატევადი მიმართულებაა, თუმცა პროექტის განმავლობაში არ შემქმნია ისეთი პრობლემა, რომ კვლევის პროცესი შეფერხებულიყო“, - ამბობს სოფიკო. 
იგი განმარტავს, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2019 წლის კონკურსმა დიდი ცოდნა და გამოცდილება შესძინა. მოუწია გარკვეულ იურიდიულ თუ ბუღალტრულ საკითხებში გარკვევაც და ამიტომ თვლის, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული მეცნიერებისკენ. 
„ამ ეტაპზეც ჩართული ვარ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ვაპირებ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას და ვგეგმავ სადოქტორო პროექტის შემუშავებასაც. ასევე დაინტერესებული ვარ მობილობის გრანტით, რომელიც აფინანსებს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას. იმისთვის რომ ჩამოყალიბდე კარგ მეცნიერად, ვფიქრობ, საჭიროა რაც შეიძლება მეტ კვლევით პროექტში იყო ჩართული. ეს მეტი განვითარების შესაძლებლობას იძლევა," - გვეუბნება სოფიკო კვინიკაძე.

სხვა სტატიები »