ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ჩინეთის მთავრობის 20 სტიპენდიიდან 5 თსუ სტუდენტებმა მოიპოვეს

ჩინეთის მთავრობის 20 სტიპენდიიდან 5 თსუ სტუდენტებმა მოიპოვეს
2 აგვისტო, 2019
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 2019 წელს ჩინეთის მთავრობამ გამოყო 20 სრული სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაგან 5 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. 
სასტიპენდიო პროგრამაში ჩართულია ჩინეთის 279 უნივერსიტეტი. ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები მოიცავს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სამეცნიერო პროგრამებს. მონაწილეებმა კონკურსის პირველ ეტაპზე წარადგინეს საჭირო დოკუმენტები, შემდეგ კი გაიარეს გასაუბრება. ჩინეთის საელჩოში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ნელი ახობაძე ჭძიანის უნივერსიტეტში, ხანჭოუში, ხოლო ოთარ ჭიღლაძე -პეკინის უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საფეხურზე ისწავლიან. ბაკალავრის საფეხურის სტუდენტები კი  ერთ წლიან ჩინური ენის შემსწავლელ კურსებს გაივლიან ჩინეთში, მარიამ ფაცურია - პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში, თამარ გოგსაძე და მარიამ გრძელიშვილი - ჭძიანის უნივერსიტეტში ქალაქ ხანჭოუში. 
„ეს პროექტი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან სწორედ მისი საშუალებით შევძლებდი ჩემი ოცნებების რეალობად გადაქცევა. ჩინური ენის სწავლას 2013 წელს შევუდექი, როდესაც მხოლოდ 15 წლის ვიყავი. ძალიან გამიტაცა ამ ენის განსხვავებულმა ჟღერადობამ, მრავალფეროვანმა იეროგლიფებმა, რომელთა წაკითხვა მუდამ სიამოვნებას მანიჭებს. ჩინური ენის ჩემი პირველი მასწავლებელი განუმეორებელი იყო,მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი „ჩინური გზის“ არჩევაში. სწავლის დაწყებიდან პირველივე წელს მონაწილეობა მივიღე სკოლის მოსწავლეების „ჩინური ენის ხიდის კონკურსში“, მოვიპოვე მეორე ადგილი და გავემგზავრე ჩინეთში ორი კვირით ფინალურ ეტაპზე საქართველოს წარსადგენად. ჩასვლისთანავე ვიგრძენი ადგილობრივთა თბილი დახვედრა, იქაურობა სავსე იყო მომღიმარი, გულღია და ყურადღებიანი ხალხით. ყველაფერი, რასაც იქ ორკვირიანი ყოფნის მანძილზე ვხვდებოდი, ჩემში აღტაცებას, გაოცებას იწვევდა. უამრავი ემოციით დატვირთული ჩავედი ჩინეთის დასავლეთ პროვინცია-იუნანში, სადაც გაიმართა „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსი. აქ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იყო და მე მეამაყებოდა, რომ მათ შორის საქართველოც გახლდათ და მას მე წარმოვადგენდი. 
წელს ასევე დამატებით მონაწლეობა მივიღე თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-10 სტუდენტურ „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსში და მოვიპოვე მეორე ადგილი. ამ კონკურსის დახმარებით ორი კვირით აგვისტოში გავემგზავრები ჩინეთში საზაფხულო ბანაკში  და დავესწრები „ჩინური ენის ხიდის“ ფინალურ ეტაპს. 
ერთი წლის განმავლობაში, რომელიც ჩინეთში უნდა გავატარო, ველი უდიდეს გამოცდილებას და, რა თქმა უნდა, ჩინურის ენის  ცოდნის გაუმჯობესებას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ყველანაირად ვეცდები ხელი შევუწყო ტურიზმის განვითარებას და ჩემი ცოდნა მაქსიმალურად მოვახმარო საქართველოს“, -ამბობს მარიამ ფაცურია. 
„პროფესიით ისტორიკოსი ვარ. ჯერ კიდევ პირველ კურსზე დამაინტერესა შორეული აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი ჩინეთის ისტორიამ, რამდენადაც ჩინეთის ისტორია ძალიან ხანგრძლივი და ეგზოტიკურია. შეუძლებელია ამ უძველესი კულტურის ქვეყნის შეცნობა მისი ენის, იეოროგლიფების შესწავლის გარეშე. ჩინეთში სწავლა კი საუკეთესო გარემოს ქმნის ჩინეთის ისტორიისა და ჩინური ენის შესწავლისათვის.
ჩემი სამაგისტრო მიმართულება არის ჩინეთისა და გარესამყაროს ურთიერთობა მე-19 საუკუნემდე. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ჩემს საკვლევ მიმართულებაზე მინდა მივაღწიო შედეგებს და მჯერა პეკინის უნივერსიტეტს შეუძლია დამეხმაროს მიზნის მიწევაში. ამავდროულად, მჯერა რომ სამწლიანი ცხოვრება ჩინეთში დამეხმარება კიდევ უფრო ახლოს გავიცნო ჩინელი ხალხი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ერთმანეთს შევადარო ისტორია და აწმყო. სწავლის დასრულების შემდეგ ჩემი მიზანია მიღებული ცოდნა საქართველოში გამოვიყენო და ჩვენს ქვეყანაში ჩინეთის შესახებ არსებული ცოდნა გავზარდო“, - გვეუბნება ოთარი.
„ვფიქრობ, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა საუკეთესო შანსია მათთვის, ვისი სამომავლო მიზნებიც ჩინეთს უკავშირდება. პროექტში გამარჯვებულებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიონ უნივერსიტეტი, სადაც მათ სურთ მომავალში სწავლის გაგრძელება სრული დაფინანსებით. ვიმედოვნებ ჩინეთში გატარებული მთელი წელი თავგადასავლებით იქნება სავსე. ვაპირებ რაც შეიძლება მეტ ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა, რათა უკეთ წარმოვაჩინო საკუთარი ქვეყანა და ამავდროულად უფრო სიღრმისეულად გავეცნო  ჩინეთის კულტურას და ისტორიას, პარალელურად კი გავიუმჯობესო ჩინური ენის დონე. სამომავლოდ ვაპირებ , რომ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანაში გამოვიყენო“, - ამბობს მარიამ გრძელიშვილი.
„იქიდან გამომდინარე,რომ უკვე ორი წელი ვსწავლობდი ჩინეთში,ზუსტად ვიცი რას ველი და რას მივიღებ. მინდა კარგად შევისწავლო ჩინეთის ისტორია, გამოვიკვლიო ძველი აბრეშუმის გზის კავშირი ახლო აღმოსავლეთთან და საქართველოსთან.  პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ მინდოდა მაგისტრატურაზე ჩინეთის ისტორიის მიმართულებით სწავლის გაგრძელება,საქართველოში კი ამის შესაძლებლობა არ მქონდა,რადგანაც არც ერთი უნივერსიტეტი არ სთავაზობს სტუდენტებს მსგავს სამაგისტრო პროგრამას“ -ამბობს ნელი ახობაძე, რომელიც მაგისტრატურაზე ჭეძიანის უნივერსიტეტში ჩინეთის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 
„ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი აზიური ქვეყნებითა და მათი კულტურით, განსაკუთრებით კი ჩინეთით.  ჩინეთი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, გამორჩეული და საინტერესო ქვეყანა, რომელსაც უსაზღვრო პოტენციალი გააჩნია. 2015 წელს მონაწილეობა მივიღე ჩინური ენის კონკურსში სახელად „ჩინური ენის ხიდი“ და ორი კვირის განმავლობაში ვიმოგზაურე ჩინეთში. ის, რის შესახებაც მანამდე მხოლოდ წიგნებში მქონდა წაკითხული, საკუთარი თვალით ვნახე და რეალობამ ნამდვილად გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი ჩინეთში სწავლის გასაგრძელებლად. ამ პროექტში მონაწილეობა ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის. ჩინეთიდან ველი ახალი გამოცდილების, თავგადასავლებისა და იდეების მიღებას“, -ამბობს თამარ გოგსაძე.

სხვა სტატიები »