ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა მორიგი წარმატება

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა მორიგი წარმატება
26 ივლისი, 2019
თსუ იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა ზვიად ონიანმა და ჯივან მკრტჩიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი განვითარებისა და სამართლის ცენტრის” მიერ  განახორციელებულ პროექტში  “იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის განხილვები” საპრიზო პირველი ადგილი დაიკავეს. პროექტი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან (ცესკო) და ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდა. 
კონკურსში მონაწილეობას საქართველოს  კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები  და კურსდამთავრებულები იღებდნენ. მათ პროექტის ფარგლებში უნდა შეექმნათ გუნდები და შეემუშავებინათ საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზების გამოსასწორებელი კანონპროექტი. 
პროექტი სამ ნაწილად მიმდინარეობდა.  პირველი ნაწილი მოიცავდა ტრენინგებს შემდეგ თემებზე: საარჩევნო კოდექსის მიმოხილვა და მასში არსებული ხარვეზები; საჯარო გამოსვლის ტექნიკა და კანონპროექტის წერა. 
"ფინალურ ეტაპზე საქართველოს პარლამენტის შენობაში კომისიის წინაშე წარვადგინეთ ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც მიმართული იყო საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზული ნორმების დასარედაქტირებლად ან ახალი რედაქციის მისაღებად," - იხსენებს ზვიადი,-"მე და ჩემმა თანაგუნდელმა, ჯივან მკრტჩიანმა, მოვახერხეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. მადლობას ვუხდით თავისუფალი განვითარებისა და სამართლის ცენტრს, ასეთი ნაყოფიერი და ბრწყინვალე პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრ პროექტში მიგვიღია მონაწილეობა, მაგრამ ამ ტიპის პროექტში პირველად ჩავერთეთ. ამ სფეროში შესაბამისი პრაქტიკული ცოდნა არ გვქონდა და  ჩვენი მიზანი იყო, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება აგვემაღლებინა. თსუ-ში მიღებული ცოდნა, ზუსტადაც რომ იყო ფუნდამენტი ამ პროექტში და იგი იმდენად საფუძვლიანი იყო, რომ თეორიულ მხარესთან პრობლემა არ გვქონდა, ცოტა სირთულეები, რომელმაც თავი იჩინა, დაკავშირებული იყო პრაქტიკულ ნაწილთან. უფრო რომ დავაკონკრეტო - თსუ-ში ვისწავლეთ: რა არის სამართალი, რა არის კანონი, რას ემსახურება იგი, რა არის კანონთა იერარქია, კანონის განმარტება და მისი ხერხები, კანონის მიღების ეტაპები და რაც ყველაზე მნიშვნელვანია - ლოგიკური აზროვნება. წარმოგიდგენიათ ამ ცოდნის გარეშე კანონპროექტის წერა? თუ არ იცი რა არის საარჩევნო კოდექი, არჩევნების მექანიზმი, სისტემურად რომელ კანონებთან არის დაკავშირებული, როგორ იკითხება და ხორციელდება შესაბამისი კანონი, გავიგებთ რა ხარვეზი არის ამ კანონში? რა თქმა უნდა ვერა. შესაბამისად ეს ყველაფერი ვისწავლეთ თსუ-ში და აი ამ ცოდნის საფუძველზე უფრო გავიღრმავეთ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა," - ამბობს ზვიად ონიანი. 
 კონკურსში მონაწილეობას  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების გუნდები იღებდნენ.  ამ გუნდებს შორის იყო  თსუ-ის რამდენიმე გუნდი.  ჯივან მკრტჩიანის თქმით,  ვისაც მსგავსი ტიპის კონკურსებში მონაწილეობის მიღება სურს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:
"ამ კონკურსის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის იყო, რომ ჩვენ, ყველა გუნდის წევრები, მეგობრები ვიყავით და ყველა გუნდი ძლიერი იყო, მაგრამ ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, სიძლიერეში მოიაზრება რამდენიმე ფაქტორი - ცოდნა, საჯარო გამოსვლის ტექნიკა, კანონპროექტის ფორმა, კითხვების დასმისა და კითხვებზე პასუხის, სწორი მითითებებისა და შენიშვნების უნარი, ასევე პასუხისმგებლობის ფაქტორი, თუ რამდენად სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდათ გუნდებს კონკრეტული პროექტისადმი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აი ამ კრიტერიუმების მიხედვით და ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ დავიკავეთ პირველი ადგილი“. - იხსენებს ჯივანი. მისი და ზვიად ონიანის მოწინააღმდეგე გუნდი  ნახევარ ფინალზე ევროპის უნივერსიტეტი, ხოლო ფინალურ ეტაპზე გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი გახდა. 
„რადგან წარმოვადგენდით უნივერსიტეტს, რომელიც რეგიონში სწავლის ხარისხითა და  რეიტინგებით რიგით პირველი უნივერსიტეტია,  ჩვენთვის  ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, გამარჯვებაც გახდა ჩვენი ერთ-ერთი მიზანი. აქვე მინდა შეგაახსენოთ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი მატერიალისტის- ლუდვიგ ანდრეას ფონ ფოიერბახის აფორიზმი „ადამიანი მხოლოდ იქ აღწევს თავის მიზანს, სადაც მას სჯერა, რომ აქვს საამისო ძალა“. შესაბამისად ჩვენთვის ყველაზე  მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო შედეგების გამოცხადების მომენტი, როცა  ჟიურიმ საუკეთესო პროექტად შეაფასა ჩვენი კანონპროექტი და დავიკავეთ პირველი ადგილი. ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ რომ შევასრულეთ ის შინაგანი დაპირება, რომელი ყველა სტუდენტს აქვს თავისი უნივერსიტეტის წინაშე და ამასთან ერთად, ვიპოვეთ საარჩევნო სფეროში ხარვეზები, რომლებსაც ესაჭიროებათ გამოსწორება.
მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს, ყველა გუნდს და თსუ-ს, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის მენტორს -ქალბატონ ლაურა შუბითიძეს, რომელიც თავდაუზოგავად გვეხმარებოდა თავისი რჩევებითა და გამოცდილებით და განსაკუთრებული მადლობა-ჩემს მეგობარს-თანაჯგუფელს ზვიად  ონიანს, რადგან ეს შედეგი დადგა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის, ურთიერთდახმარებისა და ურთიერთპატივისცემის შედეგად," - გვეუბნება ჯივანი.

სხვა სტატიები »