ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ანა მეგრელიშვილი და მაია გაბელია - გუნდი „100%“ თსუ მარკეტინგული კონკურსის გამარჯვებულია

ანა მეგრელიშვილი და მაია გაბელია - გუნდი „100%“ თსუ მარკეტინგული კონკურსის გამარჯვებულია
24 ივლისი, 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების ანა მეგრელიშვილისა და მაია გაბელიას პროექტმა „მაღალმთიან რეგიონებში ქალთა ფინანსური განათლების ხელშეწყობა ტურისტული ბიზნესის განსავითარებლად“ ჟიურის მოწონება ერთხმად დაიმსახურა და „მისია 2019“-ის გამარჯვებულის სტატუსიც მოიპოვა.
განათლების მხარდაჭერის მიმართულებით მომზადებული 5 პროექტიდან პროექტ მისია 2019-ის პარტნიორი კომპანიის „ბაზისბანკის“ მოთხოვნებს სრულად ანა მეგრელიშვილისა და მაია გაბელიას პროექტი აკმაყოფილებდა და როგორც ჩანს, კომპანიის სამომავლო გეგმებშიც ჯდებოდა. „ბაზისბანკმა“ გადაწყვიტა სტუდენტების შექმნილი პროექტი რეალურად განახორციელოს და, რა თქმა უნდა, მასში პროექტის ავტორებიც ჩართოს.
იდეის ავტორები ასე განმარტავენ პროექტის არსს: „დღეს საქართველოში მთიან რეგიონებში და არა მარტო, საკმაოდ აქტიურად ვითარდება საოჯახო ტიპის სასტუმროების ბიზნესი, რომელთა მფლობელებიც ქალები არიან. სამწუხაროდ, ამ ქალების კვალიფიკაცია ხშირად არ შეესაბამება იმ სტანდარტებსა და ბაზრის მოთხვნებს.   ამიტომ, პროექტის მიზანია ამ ადამიანებისთვის საბაზისო ფინანსური განათლების მიცემა და შედეგად ტურიზმის სფეროს განვითრებისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა“. 
სტუდენტებისთვის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. პროექტზე ერთი თვის განმავლობაში დიდი მონდომებით მუშაობდნენ და მონდომებამ სასურველი შედეგიც გამოიღო. „პროექტ „მისია“-ში უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას. გასულ წელს საპრიზო ადგილზე ვერ გავედი, ძალიან დამწყდა გული და გადავწყვიტე, ახალი ძალებითა და გამოცდილებით კიდევ ერთხელ მეცადა ბედი.  წინა წელს მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დამეხმარა „მისია 2019“-ის პროექტზე მუშაობაში და ჩვენმა მუშაობამ გამარჯვებაც მოგვიტანა,“ - ამბობს ანა.
ანასგან განსხვავებით „მისია“ სასიამოვნო სიახლე და მორიგი გამოწვევა აღმოჩნდა მაია გაბელიასთვის. პროექტში მონაწილეობა ანამ გადააწყვეტინა. „უნივერსიტეტში ყოფნის ბოლო წელია, ამიტომ მსურდა, ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამომეყენებინა. პროექტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პროექტის განმავლობაში ტრენინგები გვიტარდებოდა, სადაც პროფესიონალებისგან ვისწავლე, უნივერსიტეტში მიღებული თეორიულ ცოდნა პრაქტიკაში სწორად როგორ გამოვიყენო - როგორ წარვადგინო პროექტი, როგორ გავაკეთო ბიუჯეტირება, ძლიერი და სუსტი მხარეები სწორად როგორ შევაფასო, ჩვენი მენტორის ცოდნა ძალიან დაგვეხმარა პროექტის წარმატებულად მომზადებაში და საბოლოო ჯამში, დიდი გამოცდილება მივიღე,“ - ამბობს მაია. 
ანა მეგრელიშვილი და მაია გაბელია მეოთხე კურსის სტუდენტები არიან. ბაკალავრიატს ამ წარმატებით ასრულებენ, თუმცა წინ დიდი გეგმები აქვთ. მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას გეგმავენ. მაია, სამომავლოდ, ფინანსების კუთხით უნდა მოღვაწეობა, ანა კი საკუთარ თავს მარკეტინგის სფეროში ხედავს და იმედი აქვს, რომ მომავალში საკუთარი ბიზნესის დაწყებასაც შეძლებს.
პროექტი „მისია 2019“ კი მათ დიდ სამომავლო გეგმებში პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია.

სხვა სტატიები »