ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ევროპიდან თსუ-ში

ევროპიდან თსუ-ში
28 ივნისი, 2019
ჩაირიცხა. სულ მალე საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლის შესაძლებლობა გაჩნდა და როგორც თვითონ ამბობს, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. 
“სლოვაკეთი საქართველოს ჰგავს, პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ქვეყანაა. საქართველოში ვარ და მაქვს განცდა, რომ სახლში ვარ.
ყოველთვის მაინტერესებდა ეს ქვეყანა. მეცადინეობის გარდა, თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს სირბილი, ლაშქრობებისა და ტურების მოწყობა ბუნებასა და მთებში. საქართველოში კი ამის დიდი შესაძლებლობა მაქვს და მეც ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი და მეტი მოვინახულო.
როცა მასარიკის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ჩავირიცხე, უკვე ვიცოდი რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად ისევ აუცილებლად წავიდოდი. უცხო გარემოსა და ქვეყანაში სწავლა ყოველთვის დიდი გამოცდილებაა. ბაკალავრიატის პერიოდში ერთი სემესტრი ავსტრიაში ვისწავლე და ეს იყო ჩემთვის საუკეთესო სემესტრი, რადგან ბრნოში ცოტა მოწყენილად ვგრძნობდი თავს, ვერ ვერთვებოდი ჩემთვის საინტერესო აქტივობებში, სწავლის პარალელურად, არ მქონდა საშუალება არაფორმალური განათლების ნაწილი გავმხდარიყავი, მემუშავა მოხალისედ ან  მესარგებლა სტუდენტური სამსახურით.
ვფიქრობდი, რომ გერმანიაში ან იტალიაში წავიდოდი სასწავლებლად, მქონდა ასევე სამხრეთ აფრიკაში წასვლის გეგმაც, მინდოდა ისეთ ქვეყანაში მესწავლა, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცოდი. თუმცა, ჩემი არჩევანი მოულოდნელად საქართველოზე შევაჩერე.
საქართველოში ერთხელ უკვე ვიყავი ნამყოფი, სამი წლის წინ და მაშინვე შემიყვარდა ეს ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოგზაურობის გამოცდილება უკვე მქონდა და ვიცოდი ამ ქვეყნის ულამაზესი ლანდშაფტი და ბუნება, მაინტერესებდა როგორი იქნებოდა საქართველოს კულტურა, პოლიტიკა და რაც მთავარია, სწავლა ამ ქვეყანაში. ასევე ვიცოდი, რომ მოსახლეობის შედარებით  ასაკოვანი ნაწილი რუსულად კარგად საუბრობს და ვფიქრობდი, რომ ამ მხრივ, პრაქტიკაც მექნებოდა. მოგვიანებით, უკვე გადავწყვიტე რომ  ჩემი სამაგისტრო თემა სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე დამეწერა და თემად საქართველო და ევროპეიზაციის პროცესი ავარჩიე.
სანამ აქ ჩამოვიდოდი, მქონდა მოლოდინი, რომ კეთილ და მეგობრულ ადამიანებს შევხვდებოდი აქ, მათი ნაწილი ჩემი მეგობარი გახდებოდა, მექნებოდა დრო ჩემი სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად და რაც მთავარია, წერის პროცესი არ იქნებოდა სტრესული. ველოდი ასევე თავისუფალი დროის ისე გამოყენებას, როგორც მე მიყვარს და იმ სიმშვიდეს, რაც საშუალებას მომცემდა  მეფიქრა ჩემს სამომავლო გეგმებზე. რა თქმა უნდა, ყველა ჩემი მოლოდინი გამართლდა და არასდროს მინანია საქართველოში ჩამოსვლა. 
სასიხარულო ამბავია ისიც, რომ ჩემი მეგობარი ბიჭი თბილისში ჩამოვიდა EVS-ის პროგრამით ჟურნალისტად. ძალიან მიხარია კიდევ რომ მიხანგრძლივდება საქართველოში ყოფნის დრო, თან, როგორც ვთქვი, სლოვაკეთი, როგორც სილამაზით, ისე ტრანსფორმაციით, ძალიან ჰგავს თქვენს ქვეყანას. ბევრ მსგავსებას ვპოულობ და ალბათ, სწორედ ამიტომ ვგრძნობ საქართველოში თავს კარგად.
ძალიან მომწონს ქართული კულტურა და ხალხი, რომელიც  ჰუმანური, თბილია და მუდმივად ცდილობს დაგეხმაროს და გასიამოვნოს. თბილისში ვგრძნობ, რომ დრო შენელებულია. ალბათ ამის მიზეზი, არამარტო კულტურა, არამედ ეკონომიკური მდგომარეობაცაა. მაგალითად, ადგილობრივ მაღაზიებში არ აქვთ პრობლემა, თუ ფული დაგაკლდება, შეგიძლია მეორე დღეს მიუტანო. არ ბრაზდებიან იმაზე, თუ რაიმე დაგავიწყდა, ან თუ დააგვიანე. მეორე მხრივ, დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვანია და მას ძალიან დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია. იგივე შემიძლია ვთქვა  საჯარო ტრანსპორტზე, ხანდახან პროფესორებიც აგვიანებენ ლექციებზე. 
საქართველოში რაც განსაკუთრებით მიყვარს, სამზარეულოა.  კულტურა, თუ როგორ უნდა მოამზადო და მიირთვა გემრიელი კერძები და თან საუკეთესო დრო გაატარო მეგობრებთან, ნამდვილად აქვთ ქართველებს. 
მომწონს ქართველების ცნობისმოყვარეობაც, ისინი  სულ სვამენ კითხვებს და აინტერესებს სხვა ქვეყნები, მათი ცხოვრების სტილი და შემდეგ ადარებენ ქართულ კულტურას.  მომწონს ისიც, რომ მხოლოდ მომხმარებლური კულტურა არ აქვთ ქართველებს, ხალხი ცდილობს შეაკეთოს და ხელახლა გამოიყენოს ძველი ნივთები, მისცეს მათ ახალი სიცოცხლე და დანიშნულება. თუმცა, ძალიან მტკინვეულია, როდესაც ვერ ხედავ  სეპარაციისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას ქალაქში. მაღაზიებში კვლავ იყიდება პოლიეთილენის პარკები და ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა მოძრაობს, რაც  საზიანოა გარემოსთვის. 
ქალაქის ცხოვრებისგან განსხვავებით, ძალიან მომწონს ის, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი სოფლებში და განსაკუთრებით მთიან სოფლებში.

* * *
სამწუხაროდ, ძალიან შორს არის სტუდენტური საცხოვრებელი უნივერსიტეტისგან. დაახლოებით 1 საათი გვჭირდება რომ ქალაქის ცენტრში აღმოვჩნდეთ და კიდევ 1 საათი, რომ უკან დავბრუნდეთ. 2 საათი ტრანსპორტში დღის განმავლობაში ნამდვილად ბევრია. ასევე, ხანდახან თუ გვიანობამდე ვართ ქალაქის ცენტრში და უკან დაბრუნება გვიწევს, ტაქსით მგზავრობა ძალიან ძვირი ჯდება. 
მეორე მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი ბევრად უკეთესია ბრნოს საცხოვრებელზე.  საცხოვრებელი ახალი, სუფთა და ძალიან ლამაზია.  გარდა ინფრასტრუქტურისა,  სასიამოვნოა ქართველ და უცხოელ სტუდენტებთან ერთად ცხოვრება. ქართველები ყოველთვის აქტიურობენ, გეგმავენ მოგზაურობებს, სადღესასწაულო სუფრებსა და ყოველთვის გვეპატიჟებიან დაბადების დღეებზე. თბილისში ჩემი განსაკუთრებულად საყვარელი ადგილი ლისის ტბაა, იქ ხშირად ვარ, დავრბივარ და სასიამოვნო დროს ვატარებ მეგობრებთან ერთად”, - გვეუბნება დანა. 
დანას ხშირად ნახავთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. მისთვის თსუ ბიბლიოთეკა ძალიან კომფორტული ადგილია და  ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი. სამაგისტრო ნაშრომში თვისებრივ კვლევის მეთოდებს იყენებს, რაც ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სიღრმისეული ინტერვიუების ჩატარებას ითვალისწინებს. როგორც კი დაასრულებს სამაგისტრო ნაშრომის წერას ზაფხულში დიდი მოგზაურობისთვის ემზადება. ლოკაცია რა თქმა უნდა, საქართველოს მთიანი რეგიონები იქნება.

სხვა სტატიები »