ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტური ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთში - მრავალწლიანი ტრადიცია გრძელდება

სტუდენტური ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთში - მრავალწლიანი ტრადიცია გრძელდება
26 ივნისი, 2019
საჯარო ლექციები, ექსკურსიები და ფილმების ჩვენება - სტუდენტებს შორის ურთიერთკავშირის გამყარებისა და გაღრმავების მიზნით, ერთი თვის განმავლობაში 30-მდე თსუ სტუდენტი სამცხე-ჯავახეთში იცხოვრებს. 
სტუდენტები ერთობლივად დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას, ერთ თვის მანძილზე თსუ პროფესორები სამცხე-ჯავახეთში ჩავლენ და ექსპედიციის მონაწილებს სხვადასხვა თემაზე საჯარო ლექციებს წაუკითხავენ. 
მომავალი ექსპედიციისთვის 30-მდე სტუდენტმა სამზადისი ფოკადან, ფარავნის ტბიდან დაიწყო, სადაც ადაპტაციის მიზნით რამდენიმე დღის განმავლობაში კარვებით დაბანაკდნენ.სტუდენტების წინასაექსპედიციო სამზადისს თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილიც შეუერთდა. რექტორის მოადგილე ფოკაში სტუდენტებს ესტუმრა, მათ გეგმებს გაეცნო და მათთან ერთად წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრო.
სტუდენტური ექსპედიცია სათავეს 2001 წლიდან იღებს. წლევანდელი ექსპედიცია 14 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.
თსუ სტუდენტი სოფიო ნიშნიანიძე ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის აქტიური მონაწილეა. ჩვენთან საუბარში ჯავახეთში ექსპედიციის მნიშვნელობის შესახებ გვიყვება, 2018 წლის ექსპედიციას იხსნებს და ამბობს, რომ წელს განსაკუთრებით გაზრდილია სტუდენტების ინტერესი.
“ყველასათვის კარგადაა ცნობილი ჯავახეთის, როგორც საქართველოს უძველესი მხარის მნიშვნელობა; ექსპედიცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით ხორციელდება. ჩვენი უნივერსიტეტი მეცხრამეტე წელია აქტიურად უდგას მხარში ექსპედიციას, როგორც ფინანსურად ასევე მორალურად. ექსპედიცია საგანმანათლებლო-კულტურულ-კვლევითი ხასიათისაა და გულისხმობს ჯავახეთის გაცნობას: ისტორიული, გეოგრაფიული, ეთნოლოგიური, ფოლკლორული თვალსაზრისით, ტრადიციებისა და ადათ-წესების, ორი ერის თანაცხოვრების ორსაუკუნოვანი ისტორიის და გამოცდილების კვლევით და დაკვირვებით, ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის მიზნით.
პატრიარქი ბრძანებს: „ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს,როცა ბოროტება ებრძვის სიკეთეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიკეთის მხარეს ვიყოთ, სიკეთე შევიყვაროთ.“ ვფიქრობთ, ეს და მრავალი მსგავსი პროექტი, სწორედ რომ სიკეთეს ემსახურება.ექსპედიციაში, პირველივე წლიდან დღემდე მოყოლებული ჩართულნი არიან თსუ-ს სტუდენტები. ყოველწლიურად იზრდება დაინტერესება ექსპედიციის მიმართ და მეტი და მეტი სტუდენტი ცდილობს ჩართვას, არის შემთხვევა როდესაც გვთხოვენ თუნდაც ერთი კვირით შემოგვიერთდნენ. ჩვენ კი - უარს არავის ვეუბნებით”, - ამბობს სოფიო.
ექსპედიციაში მონაწილეობის მიღება სამივე საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. სოფიოს თქმით, უპირატესობა ენიჭებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ესწრებიან ექსპედიციასთან დაკავშირებულ წინასწარ შეხვედრებს. აუცილებელია ყველა მონაწილემ გაიაროს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი. სოფიო 2018 წლის ექპსედიციას იხსენებს. 
“2018 წელს მოწყობილი ექსპედიციის ფარგლებში ვიმოგზაურეთ ჯავახეთის სოფლებში, გავეცანით ადგილობრივ მოსახლეობას, დაბინავებულები ვიყავით მასპინძელ ოჯახებში, რიგ შემთხვევაში კი სკოლის შენობაში. სოფლის მოსახლეობასთან ერთად ვმართავდით კინოჩვენებებს და შემდგომ განვიხილავდით, მხატვრულ ფილმებთან ერთად შერჩეული იყო დოკუმენტურ-საგანმანათლებლო ფილმები. ვაწყობდით სპორტულ აქტივობებს, ვმართავდით პოეზიის საღამოებს, ჩატარდა ხალხური ცეკვის და სიმღერის კონცერტი. თითქმის ყველა სოფელში,სადაც სტუდენტები იმყოფებოდნენ, ადგილობრივ ახალგაზრდებს უმეგობრდებოდნენ, იმართებოდა დისკუსიები და აზრთა გაზიარება. ექსპედიციის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით გამართულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ხშირ კომუნიკაციას,რაც მათი სოციალური ინტეგრაციის წინაპირობაა. ექსპედიცია,განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იმ ადამიანებისთვის ვინც პირველად იყო ჯავახეთში.აქაური ბუნება მოხიბლულს ტოვებს ყველა სტუმარს,თავის სიდიადით და მშვენიერებით. თითოეული დღე თავისებურად განსხვავეული და დასამახსოვრებებლი იყო. 
პროექტი რომელშიც სტუდენტები არიან ჩართულნი, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში ტარდება და უცვლელად და საინტერესოდ ხორციელდება უკვე განსაკუთრებულია. ექსპედიციის შესახებ ციებ-ცხელებას ადრიანად ვიწყებთ, ფაქტობრივად მეორე სემესტრის დასაწყისიდან. მაგ დროისათვის ეგზავნებათ სტუდენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები სტუდენტის პორტალზე. შემდეგ კი უკვე ვიწყებთ შეხვედრების ჩატარებას სტუდენტებთან,რათა მათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ექსპედიციასთან დაკავშირებით. აქამდე ვინც არ იცოდა ექსპედიციის შესახებ და სურვილი გაუჩნდა დაგვიმეგობრდეს, სიამოვნებით მივიღებთ ჩვენს დიდ ოჯახში”, - ამბობს სოფიო ნიშნიანიძე.

სხვა სტატიები »